ბიძინა ივანიშვილმა ახლა აბასთუმნის ცა მიიტაცაო
სააკაცუკეთში ახალი სასკანდალო ამბავი „გაიჩითა“, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის ცა მიითვისა, ფრენები აქეთ-იქით გადასწია, ფაქტობრივად, დაკეტაო. ეს უკვე კატასტროფაა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ვინმეს, თუნდაც დიქტატორს, თუნდაც ტირანს ცაზე თვითმფრინავების ტრასა მიეთვისებინოსო. მიითვისაო, მიიტაცაო, ახლა დაჯდება და ფულს გააკეთებსო, ვისაც უნდა, იმას გაატარებსო.
ამათ ვიღაცამ საზღვრებს გარედან რომ შეხედოს, გულუბრყვილოები ეგონება, არადა, კრეტინი ვირეშმაკები არიან, საკუთარ თავებსაც იბითურებენ და თავიანთ მომხრეებსაც აბითურებენ. თავიანთი ჭკუით, ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან, მას ამხელენ და სახელს უტეხენ. გემახსოვრებათ, რა ამბავში იყვნენ, როცა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებდა და ხეები გადმოჰქონდა, ან ბაობაბებს ყიდულობდა _ ყველაფერი მიითვისა, აღარც ხე დატოვა, აღარც ზღვა, ეგეც თავისკენ გადაიგდოო. კახეთში იციან ხოლმე ვენახებში მომიჯნეებმა, ერთმანეთს სარწყავ წყალს პარავენ - ერთი რწყავს, მეორე მივა, თავისკენ გადაუგდებს, მერე მესამე მივა, ის კიდევ თავისკენ გადაუგდებს და ხმალაობენ მერე ერთმანეთში თოხებით. თითქმის იგივე ვარიანტია - აბასთუმნის ცა მიიგდო, დაეპატრონაო.
როგორც თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, აბასთუმნის ობსერვატორიაში მომუშავე მეცნიერებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, შესაბამისად, მოხდა კორექტირება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”. ამ ცვლილებით, აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცეში აიკრძალა თვითმფრინავების შესვლა. ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს.
რა არის ამაში ცუდი? თუკი თვითმფრინავების გამონაბოლქვი ხელს უშლიდა ჩვენს მეცნიერებს, ასეც უნდა მომხდარიყო და, სხვათა შორის, თუ კახეთის თავზეც ჩაკეტავენ საჰაერო სივრცეს, ეგეც მაგარი იქნება. იცით, რატომ? რამდენიმე წლის წინათ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებიდან სწორედ მაშინ არ ისროდნენ, როცა საშინელი სეტყვა იყო მოსალოდნელი. მაშინ სხვა გაზეთში ვმუშაობდი, დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება და მაშინვე წავაწყდი ფაქტებს, რომ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლე იყო. შევხვდი ყველა კომპეტენტურ ადამიანს, ვესაუბრე სპეციალისტებს და აღმოჩნდა, რომ ხშირად, როცა სეტყვას ველოდებით, კახეთის ცაზე თვითმფრინავები მოძრაობენ. როგორი სეტყვაც უნდა მოვიდეს, ვერ ესვრი, ადამიანებს ვერ გაწირავ. მაშინ მე ვკითხე ნავიგაციის სამსახურს, შესაძლებელი თუ იყო საჰაერო ტრასის შეცვლა. მიპასუხეს, რომ ეს იყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IKAO) პრეროგატივა. სხვათა შორის, მაშინ ასე გადატვირთული არ იყო კახეთის ცა, როგორც ახლაა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის დაბომბვა დაიწყეს, საქართველო გახდა ერთ-ერთი მთავარი საჰაერო გამტარი. როდესაც მოწმენდილია, მაშინ უნდა ნახოთ, როგორი დასერილია კახეთის ცა. ახლა სეტყვის სეზონი დგება, ყვარელი და ლაგოდეხი უკვე დაისეტყვა. როდესაც ასეთი რამ ხდება, როგორ გინდა, სპეციალური დანადგარები გამოიყენო? როგორ გინდა, სროლა ატეხო? თუკი მოხერხდება, რომ კახეთი ამ პრობლემისგან გათავისუფლდეს, მაგაზე უკეთესი არაფერი იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, აკაცუკები ისევ ბიძინა ივანიშვილს დაადანაშაულებენ _ კახეთის ცა გადაიფორმა, თავის ვენახებს უფრთხილდებაო.
ისე, საინტერესოა, თუკი ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის ცას იტაცებს, თუკი ეს შეუძლია, მაშინ რატომ არ იტაცებს სოლოლაკის, შეკვეთილის და ჭორვილის ცებს? ამაზე, ალბათ, აკაცუკები მიპასუხებენ, რომ თუ აბასთუმნის ცის მიტაცებას ვაპატიებთ, სოლოლაკის, შეკვეთილისა და ჭორვილის ცებსაც მიიტაცებს. შეიძლება უკვე მიიტაცა კიდევაც, მაგას შავნოდარას გამომძიებელი დედაკაცები გაარკვევენ და შაბათს ვნახავთ, რა ჩაიდინა კიდევ ბიძინა ივანიშვილმა, როგორ დაისაკუთრა მოსახლეობის კუთვნილი ცა და როგორ კრეფს დაუკითხავად ვარსკვლავებს. ეს თქვენი ვარსკვლავებია, მეგობრებო, თუ გავუტარეთ, მთვარესაც მოგვპარავს, მზესაც და ყველაფერს სახლში წაიღებს.
ხომ ამტკიცებდნენ თავის დროზე აკაცუკები, ხეები სახლში მიაქვსო? ხომ იფიცებდნენ, შავი ზღვა ბიძინა ივანიშვილმა თავის სახლში გადაუგდოო? ხომ გვარწმუნებდნენ, ხოხბები იმიტომ მოაშენეს და გაუშვეს ბუნებაში, რომ ტყეებისა და მინდვრების მიტაცება უნდაო? ბოლო-ბოლო, საქართველო რომ მიიტაცა, მგონი, ეგ დაავიწყდათ, აღარ ლაპარაკობენ.
ხუმრობა იქით იყოს, მე სხვა რამ მაინტერესებს: აკაცუკების ავადმყოფურ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს? ვფიქრობ, არ გააჩნია, მაგრამ რაღაც ზღვარი მაინც ხომ უნდა არსებობდეს, რაღაც ლოგიკასთან მიახლოებული პოზა მაინც ხომ უნდა არსებობდეს? აი, ვინმე რიგითი, შემთხვევითი რამე აბდლობას რომ იტყვის, ეგ გასაგებია, ყველა მოაზროვნე ვერ იქნება, გარკვეულ წრეებში ჭკუა-გონების დეფიციტი ყველგან არსებობს, მაგრამ როცა ექს-პრეზიდენტი ასეთ რამეს დაგიწერს, ხომ უნდა შეგეშინდეს, რომ ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) როდისღაც მთავარსარდალი იყო და ასე თუ ისე, ქვეყნის ბედ-იღბალი ებარა? ნახეთ, რას წერს (სტილი დაცულია): „ცაც მისია, ხმელეთიც და ასეთ გადაწყვეტილების მიღებისთვის არავის აზრი თუ თანხმობა არ სჭირდება… მთავრობის დადგენილებითო… და რომელ მთავრობის წევრმა ვისთან გაიარა კონსულტაცია? შიში რომ გეუბნებით ოცნების მხარეს გადაინაცვლათქო, ამას ვგულისხმობ: ვის ეშინია მადუროს თუ აიატოლას თუ სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს, ვის ეშინია სიკვდილის და გონია რომ მას გადაურჩება, ან კიდევ იმისი რომ მილიარდებს შესაძლოა რამდენიმე დააკლდეს… სხვებს კი ეშინიათ კორუფციის ბრალდებით მილიონები არ მიატანინონ და შემდეგ მაინც დააპატიმრონ, ან კიდევ რომ ტენდერებს სხვაზე გადაანაწილებენ… შიშობენ ქონებას ჩამოართმევენ, ეშინიათ ქუჩაში გასვლის, დუბაიში თუ მონაკოში რომ გადაუღონ სურათები, ტანსაცმელის და ჩანთების ღირებულება დაუდგინონ… შიში, შიში, შიში ყველასი და ყველაფრის: ევროპის, ამერიკის და თუნდაც რუსეთის (რომელიც როცა მის ინტერესში აღარ იქნები სხვისით მარტივად ჩაგანაცვლებს). შიში მათ მხარეს არის და იზრდება დღითიდღე. შიში გარდაუვალი დასასრულისა“!
ეს ქალი დროს, სივრცეს და რეალობას არის აცდენილი _ ცაც მისია, ხმელეთიც და ზღვაცო, თან ამტკიცებს, „ოცნებას“ ეშინიაო, შიშმა მის მხარეს გადაინაცვლაო... შიში, შიში და შიში ყველაფრისაო. ეგ რანაირად, თუკი ცაც, ზღვაც, ხმელეთიც და მიწის ქვეშ რაც არის, ისიც მისია? ფაქტობრივად, ზებუნებრივი მმართველი ყოფილა, ვიღასი უნდა ეშინოდეს, დაფახფახებული ე.წ. ოპოზიციონრებისა? ეს უკვე ილუზიაა, უფრო ზუსტად, ფსიქიკური გადახრა და მოჩვენებებია. ესენი ცხოვრობენ არა რეალურ სამყაროში, არამედ ისე და იქ, როგორც უნდათ და სადაც უნდათ, რომ ცხოვრობდნენ. კი, ბატონო, იცხოვრონ, ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ცას კი არა, ვარსკვლავებსა და მთვარესაც იტაცებს თუ იპარავს.
გელა ზედელაშვილი

