ალი ბაბაევი: არავის მივცემთ უფლებას, თითი გვიქნიოს!
გვესაუბრება „საქართველოს
აზერბაიჯანელთა ეროვნული
კონგრესის“ თავმჯდომარე,
პოლიტოლოგი ალი ბაბაევი:
_ ბატონო ალი, რეგიონში დაძაბული ვითარებაა. ამ გადმოსახედიდან, საქართველო რა რისკების წინაშე დგას?
_ დღეს საქართველოში მშვიდობაა, მაგრამ ირანში მიმდინარე პროცესები სტაბილურობას მთელ რეგიონში აფერხებს. შიდა არეულობას გარე ძალების ინტერესებიც ემატება. რეგიონში დაძაბული ვითარებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს. ჩვენც ამ საფრთხის წინაშე ვიდექით, როცა ევრობიუროკრატები თავიანთი ინტერესების გამო, მშვიდობიან ხალხს ომისკენ გვიბიძგებდნენ. თუ ვიბრძოლებდით, ხალხი დაიხოცებოდა, მერე სამადლოდ გრანტებს მოგვიგდებდნენ და ყველაფერი ამით დასრულდებოდა. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების კურსს განაგრძობს. ირანში არსებული ვითარება მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული კრიზისია. სასურველია, ყველგან _ უკრაინაში, ირანში, ისრაელში, ღაზაში სტაბილურობა დამყარდეს. ამ კუთხით, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მშვიდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. დიახ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს მშვიდობას, განვითარებას უჭერს.
_ ხელისუფლება ბი-ბი-სის ცრუ ბრალდებებზე ბოდიშის მოხდას ითხოვს. პაპაუაშვილის თქმით, შესაძლოა, საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გასაჩივრდეს.
_ მე ვარ ადამიანი, რომელიც 2007 წლიდან ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამ დროიდან მოყოლებული, აქციებზეც აქტიურად გამოვდიოდი, 7 ნოემბრის დარბევის მსხვერპლიც ვიყავი. ჩვენ მშვიდობაზე ორიენტირებული ხალხი ვიყავით, საქართველოს არ ვანგრევდით, ყველაფერს ვუფრთხილდებოდით, მაღაზიებს, სახელმწიფო დაწესებულებებს. იარაღი არასდროს გაგვისვრია, პირიქით, აქით გვცემდნენ, გვარბევდნენ, თვალებს გვთხრიდნენ. 9-წლიანი რეჟიმის მემკვიდრეებმა უკვე მერამდენედ სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რამდენი ობიექტი გაანადგურეს, ადამიანები დაასახიჩრეს, ქონება ჩამოართვეს. ის ავბედითი წლები არასდროს დაგვავიწყდება. ადამიანები, რომლებიც დღეს დემოკრატიაზე საუბრობენ, ახალგაზრდებს ქუჩებში კლავდნენ, ასახიჩრებდნენ და ახლა საჯაროდ მორალს გვიკითხავენ.
დემოკრატია ქვეყნის წინააღმდეგო ცრუ ინფორმაციების გავრცელებას არ ნიშნავს. ამას ბი-ბი-სის გასაგონად ვამბობ. რადიკალები ყველაფერს კადრულობენ, ბი-ბი-სი-საც რომ თავი დავანებოთ, თავად როგორ იქცეოდნენ _ ევრობიუროკრატების კაბინეტებში დარბოდნენ და იხვეწებოდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ბი-ბი-სი-მ გამოძიება ცალმხრივად რომ ჩაატარა, იმას რატომ არ ამბობენ, რა საშუალებებს იყენებდნენ აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე. პირადად ვნახე სავადმყოფოში პოლიციის ოფიცრები, რომელთაც სახე გადაგლეჯილი ჰქონდათ. ეს რატომ ავიწყდებათ?! ამ ახალგაზრდებს ისე ატრენინგებენ, მშობლის წინააღმდეგაც კი განაწყობენ. ეს ცრუ ბრალდებები, რასაც ბი-ბი-სი და სხვები ავრცელებენ, აქაური გამყიდველი, მტრული ძალის და ევრობიუროკრატი ქალაჩუნების მოგონილია. ისიც იკადრეს და ივანიშვილს ახალგაზრდების მოწამვლა დააბრალეს, _ კაცს, რომელმაც სამშობლოს საკეთილდღეოდ ყველაფერი გააკეთა და ქვეყანაში წლებია, მშვიდობას ინარჩუნებს. ბი-ბი-სი-მ, უპირველესად, ბოდიში ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს ერის წინამძღოლის უსამართლოდ დადანაშაულების გამო. ეს ქართველი საზოგადოების დიდი გამარჯვება იქნება. დროა, ევრობიუროკრატია ჭეშმარიტი დემოკრატიის, სამართლიანობისკენ შემობრუნდეს. მათ სურთ, აქ დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი მთავრობა მოიყვანონ. საქართველო დამოუკიდებელი, ტრადიციებზე ორიენტირებული ქვეყანაა. აქ ეროვნული უმცირესობების 700 ათასზე მეტი წარმომადგენელი ცხოვრობს, რომლებიც, ასევე, თავიანთ ტრადიციებს, კულტურას, ადათ-წესებს იცავენ. საუკუნეებია, ერთად მოვდივართ და ერთად განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას. არავის მივცემთ უფლებას, თითი გვიქნიოს.
_ თქვენ ახსენეთ, ახალგაზრდებს ტრენინგებს უტარებენ, სადაც ძალადობას ასწავლიანო. შემაშფოთებელია ისიც, რომ ეს ტრენინგები უნივერსიტეტების ეგიდით ტარდება.
_ მეტიც, ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ლექტორები ლექციაზე შესვლის ნაცვლად, სტუდენტებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ. ამის სანაცვლოდ, ჩათვლას ჰპირდებიან. ამ ნაძირლებს არ უნდა მივცეთ საშუალება ეს თაობა წაგვართვას. ახალგაზრდების ნაწილი გონს მოეგო და სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. მადლობა უფალს, ამ დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლება, ქვეყანაში ინვესტორების მოძიებას, ეკონომიკური აღმავლობის, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს.
საქართველო ის ქვეყანაა, რომლის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვა დიდ როლს თამაშობს. მინდა, „საერთო გაზეთის“ მკითხველის ყურადღება არაბულ 6,5-მილიარდიან ინვესტიციაზე გავამახვილო. რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ და საქართველოს ბიზნესგარემოში დიდ ნდობას მოიპოვებს. ხალხი, რომელიც დღეს არაბიზაციაზე საუბრობს, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. რატომ იმას არ იხსენებენ, სააკაშვილმა 37 სტრატეგიული ობიექტი რუსებს რომ გადასცა?! ადამიანებმა, ვინც არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ილაშქრებს, გვაჩვენონ პროექტი, თავად როგორ ესახებათ ქვეყნის განვითარება ინვესტიციის მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე. არავითარი არაბიზაცია არ იქნება. ქვეყნის შიდა და გარე მტრებს არ სურთ, საქართველოს მოსახლეობას უკეთესი მომავალი ჰქონდეს, უნდათ, აქ უკრაინის მოვლენები გადმოიტანონ და ზელენსკისავით ხელგაწვდილებმა ვიმათხოვროთ: არიქა ფული, იარაღი მოგვეცითო. ამას ვერ ეღირსებიან. საქართველოში თითოეულმა ოჯახმა, თითოეული ეროვნების წარმომადგენელმა თავისუფლად უნდა ისუნთქოს. ჩვენი სამშობლო აგრესიისგან უნდა დავიცვათ. საქართველოში რაც მეტი ინვესტიცია განხორციელდება, მით მეტ სიკეთეს მივიღებთ. ელჩები რადიკალებს დაფარულად ხვდებიან და ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმის წინააღმდეგ აქეზებენ. „არაბიზაციის საფრთხეზე“ პროპაგანდისტულ განცხადებებს რადიკალები სწორედ მათი დავალებით ავრცელებენ.
_ სხვათა შორის, ახლახან რადიკალები საიდუმლოდ შეხვდნენ გერმანიის ელჩს, სადაც ფიშერი მათ რადიკალიზმის, მსხვერპლის აუცილებლობაზე ესაუბრა.
_ ესენი ელჩები კი არა, აგენტები არიან, რომლებიც ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე როდი ფიქრობენ. მათ ევრობიუროკრატებისგან დავალება აქვთ, რომ ის პოლიტიკა გაატარონ, რასაც თვალს ვადევნებთ. ელჩი, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგება და დესტაბილიზაციას ითხოვს, ქვეყნიდან გასაძევებელია. ელჩები რადიკალებს ფარულად ხვდებიან, აფინანსებენ და ქვეყანაში ვითარების დაძაბვას ხელს უწყობენ. დიახ, მათ რადიკალური პროცესების გამოსაწვევად მსხვერპლი სჭირდებათ. აღარ იციან რა ქნან, რადგან 13 წელია, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, აქციებზე ერთი ადამიანიც არ მოუკლავთ. სამაგიეროდ, მათმა ნაქებმა „დემოკრატიის შუქურამ“ 9 წლის განმავლობაში სისხლის კალოები დააყენა. ჩემი აზრით, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებმა საქართველო უნდა დატოვონ.
ნახეთ, რა ხდება: უკრაინაში ამდენი ხალხი იხოცება, რუსეთს სანქციებს უწესებენ და ამ დროს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს არ წყვეტენ. მაკრონის მერე, ახლა მერცმა თქვა, პუტინთან პირდაპირი ურთიერთობა უნდა დავამყაროთო. ამ დროს, ეს ქვეყნები ჩვენ გვიბიძგებდნენ, მოძმე აფხაზებთან და ოსებთან ომი გაგვეჩაღებინა.
აქვე, მინდა, ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით მაღალჩინოსნების დაჭერების შესახებ. ზოგ მათგანს, ვინც დღეს ციხეშია, პირადად ვიცნობ. განა, რა აკლდათ, ხელფასით უზრუნველად შეეძლოთ ეცხოვრათ და მოპოვებული ნდობა არ დაეკარგათ. მე ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით შექმნილი სათათბიროს წევრი ვიყავი, შუშის სასახლეში ხშირად ვიკრიბებოდით და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს ვიხილავდით. ასევე, როცა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვიყავი, ბატონმა ბიძინამ რამდენჯერმე ხაზგასმით თქვა: არ გაბედოთ სახელმწიფო ბიუჯეტზე თითის დაკარება, ან კორუფციულ გარიგებებში შესვლა. თუ გაგიჭირდებათ, მომმართეთ და მე დაგეხმარებითო. ამის შესახებ ყველა მკაცრად იყო გაფრთხილებული. მაგრამ დღეს ამ ადამიანებმა _ ნდობით აღჭურვილმა პირებმა, მას ზურგში ხანჯალი ჩაარტყეს, უღალატეს. რაც დაემართათ, მაგალითი უნდა იყოს, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების ჩინოვნიკებისთვის. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, კანონი პრემიერის, პრეზიდენტისთვის და რიგითი მოქალაქისთვისაც ერთია. ყველამ ქვეყნის კანონს და იმიჯს პატივი უნდა ვცეთ. მხოლოდ საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრი სამშობლოს სიყვარულს არ ნიშნავს.
„საერთო გაზეთის“ ფურცლებიდან მინდა განვაცხადო: მე ჩემი სამშობლოს _ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ვარ. არავინ დაიტრაბახოს, რომ ქვეყნისთვის ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული. 1989 წლიდან ქვეყნის სადრაჯოზე ვარ, სადაც ვიყავი, ყველგან ჩემს ქვეყანას _ საქართველოს ვიცავდი და დავიცავ. ჩემნაირი უანგაროდ ერთგული ადამიანი ცოტა როდია, რომლებიც ბატონ ბიძინასთან ერთად ტირანი სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ღირსეულად გავიმარჯვეთ. ეს ადამიანები გმირები არიან. ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის კი არ იბრძოდნენ, არამედ ქვეყნისთვის. დღემდე უმუშევრები არიან, მაგრამ ამ გუნდის, იდეის ერთგულნი დარჩნენ. ეს ადამიანები და მათი ღვაწლი აუცილებლად უნდა დაფასდეს.
თამარ შველიძე

