ცვლილებები მთავრობაში და ზეიმი აკაცუკეთში

ცვლილებები მთავრობაში და ზეიმი აკაცუკეთში

გასულ კვირას საქართველოს მთავრობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეცვალა, გეკა გელაძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ხოლო თამაზაშვილი - აზერბაიჯანში ჩვენმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. ამ შემთხვევაში მთავარი ინტრიგა მაინც მამუკა მდინარაძის გარშემო დატრიალდა - რატომ ჩამოალაბორანტეს? რა ხდება? ბიძინა ივანიშვილს სანდო აღარავინ დარჩა? ვეღარავის ენდობა? კაცს დილით გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს და საღამოს მოხსნეს, „ქართული ოცნება“ გაკოტრდა. „ნაციონალებმა“ და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ძალზედ გაიხარეს, ქუდები ჭერში აჰყარეს. ამათ სულ ეგრე იციან, ვინმეს რომ მოხსნიან, ან სადმე გადაიყვანენ, ისე უხარიათ, გეგონება, „ავრორამ“ გაისროლა და თანაც მაგათთვის. არადა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, რომან გოცირიძისთვის, სუს-ის უფროსი პავლე იქნება პეტრიაშვილი თუ პეტრე იქნება პავლიაშვილი? ამით მათთვის რამე იცვლება? მე მგონი, პირიქით, სუს-ის უფროსად დაინიშნა კაცი, რომელმაც „ნარკობარიგები“ საშინელ დღეში ჩაყარა და საქართველოში ლამის გადაშენების პირას მიიყვანა. მე მგონი, პირიქით, სუს-ში გელაძის გადაყვანა ამათ უნდა სწყენოდათ, რადგან შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები უფრო გამკაცრდეს და მოღალატეებს შავი დღეები დაუდგეთ. არა, მათ შავი დღეები ისედაც უდგათ, მაგრამ შეიძლება უფრო გამუქდეს. სხვათა შორის, „ნაცთა“ არეალში გამოჩნდნენ ისეთი პროპაგანდისტები, რომლებიც ადრე „ოცნების“ თავგადაკლული მომხრეები იყვნენ და ახლა „გახლეჩილი“ პოზიცია დაიკავეს, - „ბიძინა ივანიშვილი კარგია, დანარჩენი ყველა ცუდია“! ამით ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ ივანიშვილს, ხოლო „ოცნება“ არ ვარგა. გამოჩნდა ვირეშმაკების საშიში პოზიცია - კობახიძე უვარგისია, მას მალე გააგდებენ, ხოლო მდინარაძე კობახიძის შეცდომა იყო და ამიტომაც „დააპაშოლეს“. ალბათ, ოდესღაც კობახიძეც დატოვებს პრემიერის თანამდებობას და მერე ივანიშვილის ასეთი „მომხრეები“ იტყვიან - აჰა, ხომ ვამბობდითო? ისე, მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას რატომ თვლიან ჩამოლაბორანტებად, მაინც ვერ გავიგე - ის იქნება ძალოვანი უწყებების კურატორი, ერქმევა სახელმწიფო მინისტრი და იქნება ვიცე-პრემიერი. თანამდებობრივად ეს უფრო მაღალი რანგია, თან ისიც ემატება, რომ პროპაგანდის თვალსაზრისით, უფრო მეტი გასაქანი ეძლევა. ვგულისხმობ ბრიფინგების გამართვას და სატელევიზიო გამოსვლებს. რა უხარიათ „ნაცებს“ და მათთან გათანაბრებულ პირებს? მე მგონი, პირიქით უნდა იყოს, ორი აგური ეჭიროთ და მესამეს ეძებდნენ. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ალბათ, ერთი წელიწადი იმუშავა ამ თანამდებობაზე, მანამდე გავლილი აქვს მთელი პოლიციური იერარქია და ჯერ მასზე აუგი არავის დასცდენია, მას ყველა კარგ ადამიანად ახასიათებს. 
თქვენ წარმოიდგინეთ, „ოპოზიციის ალიანსის“ ე. წ. ლიდერებმა სპეციალური ბრიფინგიც კი მიუძღვნეს ამ ამბავს, საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებააო. როგორც ამ დასაშლელეად გამზადებულთა განცხადებაშია აღნიშნული: „სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს“.
ხომ მაგარი ქართულია? ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი აღარავის ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს. მეტიც, თურმე ამ მდგომარეობამდე „ავტოკრატი“ ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა, არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს, „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება“. 
მეტიც, თურმე „ოპოზიციის ალიანსი“ გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოაცლის და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დააბრუნებს. ხედავთ, როგორი „სერიოზული“ გეგმები აქვთ დასაშლელად გამზადებულ ე. წ. ოპოზიციონრებს? მიტაცებული სახელმწიფო უნდა დაიბრუნონ, მათ ეკუთვნოდათ, ისინი გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ნებას და ახლა ეს სახელმწიფო უკან უნდა ჩაიბარონ. არა, ეს ყველაფერი რომ სასაცილოა, თვითონაც ხედავთ, მაგრამ, ერთი მხრივ „სასატირლოც“ რომ არის, ალბათ, ამასაც ამჩნევთ - ამდენი ავადმყოფის მოვლა არ გინდა? ამდენი აწყვეტილი გიჟის დაბმა არ გინდა? სანამ ესენი აიწყვეტდნენ, მანამდე უნდა დაგვება, მაგრამ კოჰაბიტაციაო, თანაცხოვრებაო, ესენიც ჩვენი მოქალაქეები არიანო, უნდა მოვაქციოთო, უნდა დავუყვავოთო... აჰა, დავუყვავეთ, ლაყე თავებზე ხელი გადავუსვით - მერე? არაფერი, ისე გაბრიყვდნენ, ისე გათავხედდნენ, აქეთ გვიტევენ და ხელისუფლებაში დაბრუნებასაც კი გეგმავენ. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრებაო, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენაო, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზეო. ეს მოხდება 26 მაისს, 19:00 საათზეო. 
გაიგონეთ? 26 მაისს საღამოს 7 საათზეო. ესე იგი, დილით აღლუმს ჩაგვატარებინებენ, საღამოს დაგვამხობენ, თოფებს მოგვიშვერენ, სახელმწიფოს დაიბრუნებენ და ეგრევე იქმნება ნათელი, როგორც 1992-ში და შემდეგ 2003-ში იქმნა. ეს კიდევ არაფერი! _ ნიკა გვარამიამ ისეთი ზღაპარი შექმნა, საქართველოში მივარდნილი სოფლებიც კი აალაპარაკა. იცით, სინამდვილეში რატომ მოხსნეს მამუკა მდინარაძე სუს-ის თავმჯდომარეობიდან? თურმე თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ერთმანეთს დასცხეს ბერა ივანიშვილისა და კახა კალაძის საძმოებმა. უცებ მივიდნენ იქ „სუსელები“ და დაიჭირეს ბერას ძმაკაცები. გაბრაზდა ბერა და ეგრევე მოხსნა მამუკა მდინარაძე. აბა, რა ეგონა? იცით, ეს ინფორმაცია ვინ მიაწოდა ნიკა გვარამიას? არც მეტი, არც ნაკლები, „ოცნების“ წყარომ. როგორც ჩანს, ნაპროკურორალი გვარამია ძალოვნების ფუნქციებშიც ვერ ერკვევა, ჯერ ერთი, სუს-ი ასეთ ოპერატიულ გამოძახებებზე არ დადის და მეორეც - ხომ შეიძლება, „ოცნების“ ე. წ. წყარომ ასეთი „ტრუხა“ ინფორმაცია განგებ გაგიჩალიჩოს, რატომ ავრცელებ გადაუმოწმებლად და რატომ იგდებ ისედაც სასაცილოდ აგდებულ თავს სასაცილოდ? ან კი ე. წ. წყარო არსებობს? კარგი, ამას დავანებოთ თავი _ რატომ არიან ე. წ. „ალიანსელები“ დასაშლელად გამზადებულები და, ფაქტობრივად, დაშლილები? როცა ესენი „გაერთიანდნენ“ (ვგულისხმობ გვარამიას, ჩერგოლეიშვილს, ბოკუჩავას, გირჩ ზურაბას, ხოშტარიას და ჭიჭე ვაშაძეს), მაშინვე დავწერე, რამდენიმე თვეში ერთმანეთს დასცხებენ და დაიშლებიან-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ერთი-ორჯერაც არ შეკრებილან, უკვე ერთმანეთს დაუწყეს კბენა. საქმის არსი კი შემდგომში მდგომარეობს: გაიგო რა „ტუსაღმა“ სააკაშვილმა, „ოპოზიციონრები“ გაერთიანდნენო, ციხიდან ეგრევე დაიწყო დირექტივების გამოშვება - ასე მოიქეცით, ისე მოიქეცით, მე დამიჯერეთ, ერთპიროვნული ლიდერი გახლავართ, მთელი საქართველო მხარს მე მიჭერსო, ჩემს პოსტებს „ფეისბუკში“ მილიონობით ნახვები აქვსო, 3 მილიონი დავითვალეო, ეს კი საქართველოს მთლიანი მოსახლეობააო. გასაგებია, რომ სააკაშვილი სოციალური ქსელების სპეციფიკაში ვერ ერკვევა და 3 მილიონი მნახველი თავისი ამომრჩეველი ჰგონია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვები მიშას დირექტივებს მოითმენდნენ? ხოშტარიას „პადელნიკმა“, ვინმე გიგა ლემონჯავამ ეგრევე აჯახა - შენა, ძმაო, ერთპიროვნულ ლიდერად რომ აცხადებ თავსა, ეგრე სად არიო? სააკაშვილმა „სატუსაღოდან“ უპასუხა, მარტო „მოლაპარაკე თავობის“ ფუნქცია რომ გაქვს, სიცრუეს რატომ ავრცელებო? ამას მოჰყვა განცხადებები აქედან - შენა, ბიჭო, ხომ არაფერი გეშლებაო? მიშას მომხრეები ჯერ მხოლოდ იბღვირებიან, ხმას არ იღებენ. ვიღაცები ბოკუჩავას უკიჟინებენ - ქალო, რას გაჩუმებულხარ, სააკაშვილს არ უნდა გამოექომაგოო? ალბათ, გამოექომაგება და საბოლოოდ დაიშლებიან კიდევაც. ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ დაშლილები მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნებაზე ოცნებობენ. ვნახოთ, 26 მაისიც მალე მოვა, საღამოს 7 საათიც მალე შესრულდება, ესენი კი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან „რაზგონს“ აიღებენ, პარლამენტის წინ „დაატორმუზებენ“, ცოტა ხანს იბოდიალებენ და ამით დასრულდება. თუმცა, აუცილებლად გამოაცხადებენ, რომ მათ უკვე გაიმარჯვეს.

გელა ზედელაშვილი