ღმერთებს მიწაში არ ეძებენ!

ღმერთებს მიწაში არ ეძებენ!

„საერთო გაზეთის“ სტუმარია საოცარი ადამიანი, ჭეშმარიტი მამულიშვილი,  ქუთაისის  დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ექიმი, პოეტი, ქველმოქმედი,  მწერალი, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „ გულანის” აკადემიკოსი, თურქეთის რესპუბლიკის მენეჯმენტის, აუდიტის და ფინანსების დოქტორი,  ისრაელის საერთაშორისო საქველოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ ვიცე- პრეზიდენტი; ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი, დავით აღმაშენებლისა და იაკობ გოგებაშვილის პრემიების ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე,  მერაბ კვიცარიძე.
– ბატონო მერაბ, მე მხოლოდ მშრალი ინფორმაციის დონეზე ვიცი ბატონი გური ოტობაიასგან თქვენ მიერ გაწეული იმ გარჯის შესახებ, რასაც თქვენ, ექიმი კაცი, ადამიანთა მკურნალობისა და გამოჯანმრთელებაზე ზრუნვის პარალელურად ეწევით. მესმის, რომ უსაზღვრო თემაა, მაგრამ მინდა, რომ მკითხველი მცირედად მაინც დავაკვალიანო, რადგან თქვენს მამულიშვილურ ძალისხმევას მასმედიაში ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს, ვეჭვობ, ამის შესახებ ფართო საზოგადოება ინფორმირებული იყოს. ამჯერად რუსთაველზე გვესაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სასიამოვნო და საგულისხმო ამბავს გვიამბობთ. გაფაციცებული მოგისმენთ!
– დღეს რუსთაველის საფლავს ეძებენ – ზოგს ჰგონია რომ გელათში იქნება, ზოგს – სამხრეთ საქართველოში, ისრაელში და ზოგს კიდევ სად. სანამ კაცობრიობა იარსებებს, რაგინდ ეძებონ, მის საფლავს ვერავინ ნახავს, რადგან ის ჩამოვიდა ციდან, ფეხი არ დაუდგამს მიწაზე, დაწერა „ვეფხისტყაოსანი“ და დაბრუნდა ზეცაში – ღმერთებს მიწაში არ ეძებენ!
რატომ არის რუსთაველი, ჩემეული ხედვით, ღმერთი?
თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანის თვალი აღიქვამს სამასამდე ფერს. ისეთი გამოჩენილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ: გოია, ტინტორენტო, კარავაჯო, რემბრანდტი, გუდიაშვილი, ველასკესი, ახვლედიანი, კაკაბაძე და სხვები, მხოლოდ ოთხასამდე ფერს აღიქვამდნენ, ხოლო რუსთველმა თქვა: „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ – უთვალავ ფერს მხოლოდ ღმერთები ხედავენ! 
ეს არის ჩემი მოკლე განმარტება რუსთაველზე. იგი ჩვენი სავიზიტო ბარათია ჩვენი გალაქტიკის გარეთ და არა ჩვენს გალაქტიკაში, რაც საამაყოა ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვის.
ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ მეხუთე სახარებაა და ამ ხუთში პირველი!
უპირველესად, აღვნიშნავ პროექტს, რომელიც 2012 წელს დაიწყო. 2012 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, დილას აივანზე გავედი და თეთრ ჩოხაში გამოწყობილი რუსთველი გამომეცხადა. ჩემდა უნებურად, „ავთანდილის ანდერძი“ ვთქვი ზეპირად, რასაც იდეა მოჰყვა, რომ ხელნაწერი „ვეფხისტყოსანი“ გამეკეთებინა. პროექტს პირობითად დავარქვი – „ვეფხისტყაოსანს“ წერს საქართველო!“
გადავწყვიტე, რომ 1957 წლის „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე სრულყოფილი საიუბილეო გამოცემა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ: აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე და ალექსანდრე ბარამიძე, გადამეწერინებინა სხვადასხვა პროფესიისა და აღმსარებლების ადამიანებისთვის – მინდოდა, რომ სახალხო პროექტი ყოფილიყო. უწმიდესსა და უნეტარსთან ილია II-სთან რომ მივედი და ჩემი განზრახვის შესახებ ვამცნე, გაოცდა – რამ მოგაფიქრა ამის წამოწყებაო, ძალზე გაუხარდა და დამლოცა...
უცბად რაც გამახსენდა – პირველი სტროფი ჭაბუა ამირეჯიბმა გადაწერა, უკვე ბერმა დავითმა; მესამე – ბაჩანა ბრეგვაძემ; მეექვსე – რეზო ჭეიშვილმა; მეთორმეტე სტროფი – პაატა კურტანიძემ და ასე შემდეგ. მაგალითად, გადაწერილი აქვს იცხაკ დავითს ისრაელიდან, ენათმეცნიერს, რომელმაც თვრამეტი ენა იცის – ოცდაცხრამეტი ე. წ. ქართველი ებრაელია ჩართული ამ პროექტში, ანუ გადაწერილი აქვთ თითო სტროფი. ასევე, გადაწერილი აქვთ: ხვიჩა კვარაცხელიას, თემურ წიკლაურს, ტარიელ ფუტკარაძეს და ა. შ. ყველას ვერ ჩამოვთვლი – ჩვენს მოჭადრაკეებს, დალაქს, ექიმებს, პრეზიდენტს (გიორგი მარგველაშვილი) და ა. შ. ხუთი სტროფიღა დარჩა დასაწერი.
უკვე მთავრდება პროექტი, სადაც 1669 ადამიანის ხელნაწერი მოიყრის თავს. ბოლო სტროფს ჩემი შვილი დაწერს, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც საკმაოდ ცნობილი ნეიროქირურგი გახლავთ. ხელნაწერის პირველი პირი და ფოტო-ვიდეო მასალა ჩემს შვილს დარჩება სამემკვიდრეოდ. ასე მაქვს ჩაფიქრებული – წიგნი გამოვა. მას მოჰყვება სპეციალური ჩიპი, რომელზეც აღბეჭდილი იქნება გადამწერთა წერის პროცესი და მათი ინტერვიუები.
– როგორც ვიცი, ქუთაისის ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში რუსთაველის ძეგლი აჩუქეთ ქუთაისს და არა მხოლოდ ქუთაისს, საქართველოს ფარგლებსაც გასცდით...
– რამდენიმე წლის წინათ ვიყავი ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც თაბაშირისგან დამზადებული რუსთაველის დაზიანებული ბიუსტი ვნახე. რა თქმა უნდა, წამოვიღე, გავამთელე და კვლავ სკოლას დავუბრუნე.
მაშინ ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდით საკრებულოში – საკუთარი ხარჯებით ცარიელი და სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული ტერიტორია გავწმინდე, ნამდვილად ყოველმხრივ მოსაწონი სკვერი გავაკეთე თავის განათებიანად საკუთარი ხარჯებით და პარალელურად, რკინა-ბეტონში ჩამოვასხი რუსთაველი ბიუსტი თავისი პიედესტალიანად. ეს არის რუსთაველის პირველი და ერთადერთი ბიუსტი, რომელიც ქუთაისში დგას. იქვე განთავსდა წმინდა ნინოს ჯვარი. ძალიან დიდ ლოდზე გაკეთდა ქართული ანბანი (ჩემი იდეა იყო), ხოლო მეორე ლოდზე მარმარილოს „ვეფხისტყაოსანი“ განთავსდა. 
2018 წელს გაიხსნა ჩემი დამსახურებითა და ჩემ მიერ განხორციელებული, ჩემივე იდეით შექმნილი სკვერი ქვაში გაცოცხლებული რუსთაველის ბიუსტით ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე, ახლანდელი სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარედ. იმავე დროს, ქუთაისის სკოლებში ვაფინანსებდი რუსთაველის კაბინეტების გახსნას. ყველა ამ სკოლას საჩუქრად გადავეცი „ვეფხისტყაოსანი“ და ასევე, რუსთაველის თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე მხატვრის ტილო.
როგორც თქვენ თქვით, საქართველოს ფარგლებსაც გავცდი. თურქეთში ცხოვრობს თურქეთელი ქართველი ბიზნესმენი, დიდი სიმდიდრის მფლობელი, „აჭარკენტის“ მეპატრონე, ისმეთ აჯარი, ჩემი უფროსი მეგობარი და მას ვაჩუქე რუსთაველის ბიუსტი, რომელიც „აჭარკენტის“ ტერიტორიაზე განთავსდა. 
კვლავ თურქეთში – რუსთაველის ბიუსტი გადავეცი რიზეში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ!
ასევე, რუსთაველის ბიუსტი დაიდგა ჩემი დაფინანსებით, სამსუნის ქართულ სათვისტომოსა და უნივერსიტეტში;
ასევე, რუსთაველის ბიუსტი საჩუქარად გადავეცი ორხანგაზის ქართულ სათვისტომოს, სადაც ჩემი მეგობარმა ადემ თურანმა (შავაძე) ჭეშმარიტმა ქართველმა, ეს საშვილიშვილო საქმე მოაწესრიგა. ორხანგაზი არის თურქეთის ქალაქი და რაიონი (ილჩე) ბურსას პროვინციაში. 
ასევე, უკვე ჩატანილია სტამბოლში და 28 ივლისს დაიდგმება რუსთაველის ბიუსტი სტამბოლის შოთა რუსთაველის ასოციაციაში.
ასე რომ, რუსთაველის ოთხი მომცრო და ერთი დიდი ბიუსტი იქნება თურქეთში.
საქართველოში – დიდი ზომის ბიუსტი, რომელიც ქუჩაში განთავსდა, საჩუქრად გადავეცი საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს, ბატონ დავით შემოქმედელს. აქვე გვეტყვით, რომ მე რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე ვარ.
ასევე, რუსთაველის დიდი ბიუსტი საჩუქრად გადავეცი „ავერსის“ გენერალურ დირექტორს პაატა კურტანიძეს და განთავსებულია თბილისში;
ორი წელია, ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ სავარაუდოდ, ოზურგეთშიც დაიდგმება რუსთაველის ბიუსტი;
რუსთაველის კიდევ ერთი ბიუსტი მაქვს გეგმაში, რომელიც ქობულეთში დაიდგმება (გადავეცი ჩემს მეგობარს ბიზნესმენ რატი მეგრელიძეს). 
ასევე, პირველი ბიუსტი, რომელიც ქუჩაში დაიდგა, გაიგზავნა ისრაელში და მომდევნო წელს დაიდგა ისრაელის ქალაქ კირიათ-ბიალიკში, ცურ შალომის დასახლებაში. ამ საშვილიშვილი საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა დიდმა მეგობარმა, ქართველმა ებრაელმა, ფოთისა და საჩხერის საპატიო მოქალაქემ, ღირსების ორდენის კავალერმა, ქორეოგრაფმა შოთა წვენიაშვილმა, რომელიც იმ ქალაქში ცხოვრობს. რადგან ბატონი შოთა ზეტაფონში ცხოვრობდა, მოახერხა და დაამეგრობრა ზესტაფონი და კირიათ-ბიალიკი, რომლის მერი ჩემი მეგობარი ბატონი ელი დუკოლსკი გახლავთ. ჩვენ სამმა შევძელით და ელი დუკოლსკის თაოსნობით, შოთა რუსთაველის ბიუსტი ისრაელშიც დაიდგა. რა თქმა უნდა, ყველა ხარჯი მე გავწიე, მათ მხოლოდ პიედესტალი დაგვახვედრეს, სადაც განთავსდა რუსთაველის ბიუსტი ქართულ და ივრითულ ენებზე წარწერით. ბიუსტი სინაგოგის მახლობლად არის განთავსებული, რომლის მრევლი, ძირითადად, ქართველი ებრაელები არიან. მერმა, ელი დუკოლსკიმ საჩუქრად გადმომცა ქალაქის საპატიო გასაღები, რამაც ძალიან გამახარა. ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება. 
ისრაელში ცხოვრობს ჩემი უფროსი მეგობარი მერაბ მიხაილი, რომელიც საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ჯვრის მონასტრის გასაღები (სადაც რუსთაველის ფრესკაა), სამ ადამიანს აქვს: ერთი – იერუსალიმის პატრიარქს, მეორე – იერუსალიმის მერს და მესამე – ქართველ ებრაელს მერაბ მიხაილს.
ისრაელში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი ჩასვლისას მერაბმა შემახვედრა და გამაცნო იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III. რა თქმა უნდა, მოკრძალებით შევხვდი, ერთმანეთი გავიცანით, საჩუქრები გავცვალეთ, ვისაუბრეთ და იგი შემპირდა, რომ ჯვრის მონასტრის ეზოში დაიდგმებოდა რუსთაველის ბიუსტი. შემდგომ ჩასვლაზე კი მითხრა, რომ ეს ვერ მოხერხდებოდა, თუმცა, თვითონვე მოიფიქრა ჩემთან ერთად და რუსთაველის ბრინჯაოს ბიუსტის დადგმა გადაწყდა მაცხოვრის საფლავის სიახლოვეს, დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში, იერუსალიმის პატრიარქის რეზიდენციის შესასვლელთან – გარდამოხსნის ადგილთან, იქვე. იქ იყო მაცხოვრის ქანდაკება. შესაბამისი პროპორციით ბრიჯაოში ჩამოვასხი რუსთაველის ბიუსტი, რომლის ავტორია ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ჩემი უმცროსი მეგობარი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, ქუთაისში ექვთიმეს, ტიციანის, პაოლოსა და სხვათა ძეგლების შემქმნელი. 
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი გულითადი მეგობარი რობერტ ადარი (აჯიაშვილი) – ისრაელის საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ პრეზიდენტი. ფონდს ორი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, მერაბ მიხაილი და მე, თქვენი მონა-მორჩილი. ასევე, ისრაელში ცხოვრობს ჩემი ახლო მეგობარი, ბიზნესმენი, მათემატიკოსი შალომ ფიჩხაძე, რომელიც გვერდზე დამიდგა.
ბიუსტი რომ ჩავიტანეთ მე და გიორგიმ, ჩვენთან ერთად იყო ასევე ბიზნესმენი, ჩემი უმცროსი მეგობარი შოთა ჟღამაია. აკურთხა ბიუსტი თეოფილოს III-მ და დაიდგა მაცხოვრის ქანდაკების წინ, სადაც უნდა გაკეთებულიყო წარწერა ოთხ ენაზე, იმის შესახებ, რომ ბიუსტი მე საჩუქრად გადავეცი იერუსალიმის პატრიარქსა და საპატრიარქოს. წარწერა უნდა ყოფილიყო ივრითზე, ქართულად, ბერძნულად და ინგლისურად.
ქვა წავიღე სნოდან, ჩვენი პატრიარქის, აწ ზეცად აღვლენილი უწმიდესის სოფლიდან, მინდოდა, რომ ქვაც საქართველოდან ყოფილიყო. იერუსალიმის პატრიარქმა მე და გიორგი ოქროს ჯვრებით დაგვაჯილდოვა და ასე რომ ვთქვათ, საპატრიარქოს მედლით...
ქუთაისში არის თემურ შალიკიანი, ცნობილი ხატმწერი, რომლის დაწერილი ხატი „წმინდა ნინო“ და „მოსეს ხატი“ – უფრო, ნახატი, მეორე და მესამე შეხვედრაზე გადავეცით საჩუქრად. ასე რომ, იერუსალიმის პატრიარქის რეზიდენციაში წმინდა ნინოს ქართული ხატია განთავსებული...
– მაშასადამე, ისრაელში შოთა რუსთაველის ორი ბიუსტია...
– დიახ. ერთი – კირიათ-ბიალიკში და მეორე, შედარებით მომცრო, საპატრიარქოს შესასვლელში, მაცხოვრის ქადაკების წინ.
– ყური მოვკარი, მეგობრებთან ერთად კიდევ ერთი კარგი საქმე წამოგიწყიათ...
– დიახ. 26 მაისს იყო პრეზენტაცია. ჩვენ: მე, ბატონმა ლაშა გვასალიამ და ლადო კვარაცხელიამ გამოვაცხადეთ ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ჩატარდა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კონკურსში მონაწილეობდა სამასამდე მონაწილე. ჩვენი, აფხაზეთის მთავრობისა და სოხუმის უნივერსიტეტის თანადგომით, გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები, ფულადი ჯილდოები და ვაუჩერები. საკმაოდ საინტერესო იყო სამშობლოს მოწყვეტილი ჩვენი თანამემამულეების ჩართულობა. პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ თურქეთელი ქართველები და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები. პროექტი ყოველწლიურად ჩატარდება და კალიგრაფიის საერთაშორისო დღე შესაბამისი პომპეზურობით აღინიშნება.
ასევე, იდეა მქონდა და დავიწყე კიდეც მისი განხორციელება. 218 „ვეფხისტყაოსანი“ მაქვს – სერიოზული კოლექციაა. ბევრ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ მაქვს კოლექციაში და მათ შორისაა ქართული ასოებით აფხაზურად ნათარგმნიც. გადავწყვიტეთ, რომ გადაიწეროს ისიც და დავიწყეთ ამ საქმის აღსრულება ზუგდიდში. როგორც ამ პროექტის ავტორმა, პირველი სტროფი გადავწერე მე; მეორე სტროფი გადაწერა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ფაცაციამ; მესამე სტროფი გადაწერა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. ასე დაიწყო და ნელ-ნელა აიკრეფს ძალას. ზუგდიდში იმიტომ განვათავსე, რომ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზები და ქართველები მიიღებენ მონაწილეობას ამ შესანიშნავ პროექტში...
– იდეალური რამ მოგიფიქრებიათ...
– იმდენი რამ მაქვს გაკეთებული, მხოლოდ ერთი თემატიკით არ მახსენდება უცბად... 
ეს კი აუცილებლად უნდა ითქვას!
როდესაც დავიწყე პროექტი „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“ და მივედი 55-ე სტროფთან, 2012 წელი იყო. შემთხვევით გავიგე, რომ ორპირში ცხოვრობს ქალბატონი ანრო ცირეკიძე, რომელმაც ზეპირად იცის „ვეფხისტყაოსანი“. ჩავაკითხე მას, გადავაწერინე ერთი სტროფი და დღემდე ვძმაკაცობთ, მარტოხელა ქალბატონია და ყოველმხრივ გვერდზე ვუდგავარ – ყოველი წლის 1-ელ იანვარს მისი გამომცხვარი მჭადი უნდა ვჭამო, ისე წელწადს ვერ დავიწყებ. ეს ქალბატონი 7-გზის გამარჯვებულია „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირმცოდნეთა შორის.
საქართველოში ოთხმა ადამიანმა იცის ზეპირად „ვეფხისტყაოსანი“. ესენი არიან: ანრო ცირეკიძე (ტყიბული), ნათელა ლანჩავა (ტყიბული), თემურ ხუციშვილი (ახალციხე) და მანანა ნესუაშვილი. ამ ოთხიდან სამს მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩემს პროექტში, სამწუხაროდ, ქალბატონ მანანასთან ვერ მოვახერხე შეხვედრა. ზეპირმოცოდნე არის ნინო ჯიქიაც, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და, სულ ახლახან აღმოვაჩინე ბაღდათის რაიონის სოფელ წყალთაშუაში ახალგაზრდა ბიჭი, ვაჟა მაშალეიშვილი, რომელმაც თითქმის ზეპირად იცის „ვეფხისტყაოსანი“.
ბევრი რამ მაქვს გაკეთებული რუსთაველთან დაკავშირებით და ბევრსაც გავაკეთებ, რადგან ჩემთვის რუსთაველით თენდება და რუსთაველით ღამდება... 
– პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს თქვენი ლექსების წიგნიც ჰქონდა...
– დიახ. მე გენიალური პოეტის, ზურაბ გორგილაძის პირველი პრემიის ლაურეატი ვარ. მეამაყება, რომ პატრიარქის ბიბლიოთეკაში ჩემი ლექსების წიგნი და გენიალური პოეტის ზურაბ გორგილაძის წიგნი ერთად დევს, რომელიც პატრიარქს ვუსახსოვრე. იქამდე მივიდა ჩვენი მეგობრობა, რომ ჩემი შვილის ქორწილში მან ხატი გამოაგზავნა საჩუქრად, სპეციალური წერილი და ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება (არ ვიცი, რამდენად ჩათვლით საჭიროდ ამის დაწერას), რომელიც შევასრულეთ კიდეც – ჩემი შვილიშვილი, გოგონა, რომელიც შეგვეძინა, მოვნათლეთ ისრაელში, წმინდა გიორგის საფლავზე და ეს აკურთხა იერუსალიმის პატრიარქმა...
– ორგზის მადლობას გიხდით, ბატონო მერაბ! პირველი – თქვენი ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე დრო რომ გამონახეთ ჩემთან სასაუბროდ და მეორე მადლობა იმისთვის, რომ ასეთი სამაგალითო ქართველი ბრძანდებით!
თქვენ იმდენი რამ გაქვთ მკითხველისთვის საამბობი, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ მოგიწევთ ბევრი რამის გახსენება და ჩემთან საუბარი.
– მადლობა თქვენ! არ დაგზარდებით! 

ესაუბრა 
მაია ჭელიძე