ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე

ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „სგ“ N29

როგორც მრავალგზის აღვნიშნე, რომ დღეს და არა მხოლოდ დღეს ჟურნალ-გაზეთები ჰაერივით არის საჭირო! 
კი, ბატონო, ე.წ. ონლაინ საინფორმაციო საშუალებებმა აშკარად შეავიწროვეს ბეჭდური მედია, მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც წიგნსა და ტელევიზორს შორის, წიგნსა და ფილმს შორის. 
ჩემი დაკვირვებით, საქართველოს მოსახლეობაში არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს შენი კომპიუტერი, ინტერნეტი და ონლაინ მედია, მისთვის მთავარია წიგნი და გაზეთი. 
ადრე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ასაკის, სიბერის, ცხოვრების ბრალი, თითქოს ჟურნალ-გაზეთებს მარტო რეგიონებში, ანუ სოფლებში კითხულობდნენ, სადაც ინტერნეტი მიუწვდომელი იყო. არა, არ დაიჯეროთ, ახლა ინტერნეტი ყველა რეგიონში, თითქმის ყველა სოფელშია შეყვანილი, მაგრამ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, ჭკვიანი ხალხი ისევ წიგნსა და გაზეთზეა მიჯაჭვული. 
ბოლო დროს უფრო ახლო შეხება მაქვს სოფელთან, ამ საკითხს უფრო ყურადღებით ვაკვირდები და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ რამეს არც ველოდი - გაზეთი აქ ძალიან მოთხოვნადია. 
მაშ, რა მოხდა? 
მოხდა ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რაც კი რამ გავრცელების სამსახური იყო საქართველოში უცებ ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერავინ გაიგო და მეორეც - თვითონ ბეჭდურმა მედიამაც გაინადგურა თავი. იყო, როგორ არა, ნამდვილად იყო აღმავლობის ხანა, შემდეგ კი დაიწყო დეკადანსი. ალბათ გახსოვთ, საქართველოში წამყვან პოზიციებზე იდგა გაზეთები: „კვირის პალიტრა“, „ალია“, „კვირის ქრონიკა“, „საქართველო და მსოფლიო“, „ასავალ-დასავალი“, შემდეგ საგაზეთო ბაზარზე გამოჩნდა „საერთო გაზეთი“ და შემდეგ რა? რა მოხდა? სად გაქრა „კვირის პალიტრა“? თუ გამოდის, რატომ აღარ არის ისეთი კონკურენტუნარიანი, როგორიც ადრე იყო? სად გაქრა „ალია“? თუ გამოდის კანტიკუნტად, რატომ აღარ ქუხს, როგორც ადრე? რატომ დაიხურა „კვირის ქრონიკა“, ვინ ჩაიგდო ხელში და მიხურა? რატომ გაქრა „საქართველო და მსოფლიო“? ვის მობეზრდა მისი გამოცემა? რომელი გაზეთები დარჩა დღეს ბაზარზე? „ასავალ-დასავალი“, რომლის რედაქტორსაც (ლაშა ნადარეიშვილს) ნამდვილად ეკუთვნის მადლობა, რომ თავისი სტილით დღემდე შემოინახა თავი და ასევე - „საერთო გაზეთი“, რომელიც ცხონებულ ვახტანგ ხარჩილავას დათესილს იმკის და ცდილობს, მკითხველებს სიცარიელე არ აგრძნობინოს. სხვათა შორის, საქართველოში არის კიდევ ერთი ტრადიციული გაზეთი („საქართველოს რესპუბლიკა“), რომელსაც აუცილებლად სჭირდება ძირეული რეფორმა და გადახალისება. იმედია, ამ გაზეთის მუშაკები არ მიწყენენ, შეიძლება რეფორმასა და გადახალისებაზე მათაც უფიქრიათ, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამთ. არის 1990-იან წლებში დაარსებული „რეზონანსიც“, რომელიც მხოლოდ გრანტებზეა ჩამოკიდებული და ვერანაირ ამინდს ვერ ქმნის. 
და მაინც, რა დაემართა ქართულ პრესას, რატომ ჩამოქვეითდა ოდესღაც დღის წესრიგის დამგეგმავ-განმკარგავი? ეგებ ის დაემართა, რაც დაემართა ფრანგულ პრესას მე-19 საუკუნეში? როგორც ნიკო ნიკოლაძე წერდა, არაფერი დაუზოგავთ, რათა გაეხრწნათ ფრანგული პრესა და მისთვის პირი აეკრათო. გახრწნაზე რა მოგახსენოთ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, შეიძლება არც უმაგისობა იყო, მაგრამ პირის აკვრის მცდელობა კი ნამდვილად გახლდათ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზიით გამოაცხადა, გაზეთებს არ ვკითხულობ და არც გამოწერა მჭირდებაო. 
რასაც ახლა ვიტყვი, არასდროს დამიწერია, ადრე არ იყო ამის დრო, ახლა უკვე შეიძლება: როდესაც სააკაშვილის გაცოფებული ხროვა „იმედში“ შევარდა, იმ ღამეს გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „ალიასა“ და „ასავალ-დასავალშიც“ უნდა შემოცვივნილიყვნენ, მაშინ მე არ ვიყავი რედაქციაში, რედაქტორს დავურეკე და მთხოვა, არ მოხვიდე, თუ დაგვაპატიმრეს, გარეთ ვინმე ხომ უნდა დარჩესო? იმ ღამემ „იმედის“ დარბევაზე გადაიარა, მერე გავიგეთ, რომ სააკაშვილს ჩვენი დარბევის ბრძანებაც ჰქონდა გაცემული, მაგრამ გადააფიქრებინეს, ეს უკვე ნამეტანი იქნებაო. გავიდა ცოტა დრო, ალბათ ერთი-ორი კვირა, შეიძლება ცოტა მეტიც და გვირეკავენ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სამდივნოდან, ბატონი დავითი გიწვევთ თავისთანო. უნდა ვაღიარო, ბაქრაძე იყო იმ ხელისუფლებიდან ერთადერთი, ვისთანაც კონტაქტი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს. მივედით მასთან მთელი რედაქცია, წითელი ღვინით გაგვიმასპინძლდა. ჩვენ გვქონდა ერთადერთი შეკითხვა: როდის გვხურავთ? პასუხი იყო - არ გხურავთ. სიმართლე გითხრათ, დღესაც არ ვიცი, რა იყო ჩვენი მიწვევის მიზეზი - გაგვაფრთხილეს? პირადად გვითხრეს, არ გხურავთო? დაგვამშვიდეს? თითი დაგვიქნიეს? არ ვიცი, ალბათ ეს იყო ყველაფერი ერთად. ამის შემდეგ მიგვიწვიეს საპატრიარქოში მის უწმინდესობასთან. მივედით, პატრიარქმა დაგვლოცა, გვესაუბრა, გვითხრა, რომ ჩვენ სიმართლეს ვემსახურებოდით და ასევე უნდა გაგვეგრძელებინა. სხვათა შორის, ამას წინ უძღვოდა სკანდალი საპატრიარქოსთან დაკავშირებით, რომელსაც პირადად მე და ერთი ჩემი კოლეგა ვაშუქებდით. პრინციპში, ეს ეხებოდა არა საპატრიარქოს, არამედ სააკაშვილის მაღალჩინოსნებსა და გოგირდის აბანოებს. ამ აბანოების ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის ნომერში თანამდებობის პირებს კარგი გასამრჯელოს სანაცვლოდ შეჰყავდათ ქალები და თან მკრეხელობდნენ, ასე უფრო ღვთის მადლი გადმოდისო. წავედით გადასამოწმებლად, მანამდე არც ვიცოდით, პატრიარქს თუ იქ ნომერი ჰქონდა. ინფორმაცია დადასტურდა, თუ 300 ლარს გადავიხდიდით, ვისაც გვინდოდა იმათ შევიყვანდით. ფარულად გადავიღეთ, ჩავიწერეთ და გამოვაქვეყნეთ. 
...აი, ასეთი „ღვაწლმოსილი“ და „ღვთისმოშიში“ ხელქვეითები ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს, მაგ წერა-კითხვის უცოდინრებს რა გაზეთი და რომელი ჟურნალი უნდა სდომებოდათ? რაც მეტი გაქრებოდა და დაიხურებოდა, მაგათი ხეირი იყო. სხვას რომ მოეყოლა, გოგირდის აბანოებში ასეთი რამ ხდებაო, ვერ დავიჯერებდი, შეიძლება ახლა თქვენც არ დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და გადავამოწმე, მე და დიმიტრი ტიკარაძე ნამდვილად არ ვიყავით თანამდებობის პირები, მაგრამ თუ 300-300 ლარს გადავიხდიდით, ქალებსაც თვითონ გამოიძახებდნენ. ჩვენ სასაცილო მდგომარეობაში მაშინ აღმოვჩნდით, როცა „ზადნით“ გამოსვლა დაგვჭირდა, მართლა ხომ არ შევიდოდით პატრიარქის ნომერში? თავის მართლება დავიწყეთ, ერთი მეგობარი ამა და ამ ადგილზე გველოდება, იმასაც მოვიყვანთ და მოვალთო, ვუთხარით მომსახურე ქალბატონს და იქ რაღა მიგვიყვანდა? ეგრევე მოვცოცხეთ. ამ ფაქტით იმის თქმა მინდა, რომ იმჟამინდელი პრესას სააკაშვილის ხროვის მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის და დიდად ანგარიშგასაწევი ძალაც იყო და ამიტომაც აწყობდათ ამ სფეროს დასუსტება. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მას ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტი ჰქონდა ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმავე ბეჭდურმა მედიამ არც ერთი არ მიიღო. ალბათ გახსოვთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, სწორედ ამ არასამთავრობოს ეგიდით უნდა განხორციელებულიყო საინტერესო პროექტები. ასევე ჩაფიქრებული იყო ანალიტიკოსებისა თუ პოლიტოლოგების გადამზადება-მომზადება, ამ მხრივ თითქოს მოძრაობა დაიწყო, მაგრამ ესეც გაჩერდა. ჟურნალისტების მომზადება-გადამზადებაზე ფიქრი ხომ საერთოდ აღარ შეიძლებოდა, ეს თემა ლამის სასაცილო გახდა. არადა, გვჭირდება, ახლა უფრო ძალიან გვჭირდება, ალბათ თავადაც ხედავთ, როგორ წალეკა ელექტრონული მედია უწიგნურობამ, უვიცობამ და თავხედობამ. ამ ფონზე დასუსტებული ბეჭდური მედია ვეღარ უწევს წინააღმდეგობას უვიცობის ნიაღვარს. საბედნიეროდ, ჩვენ გვქონდა ძალიან მდიდარი და სახელოვანი ჟურნალისტური სკოლა, იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ ასწავლიდნენ როგორც ისტორიას, ასევე თეორიას და პრაქტიკას. აბა, შეიძლება, ადამიანს, ახალგაზრდას პრეტენზია ჰქონდეს ჟურნალისტობაზე და წარმოდგენა არ ჰქონდეს ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, სერგეი მესხისა და სხვათა პუბლიცისტიკაზე? 1990-იანი წლების ბოლოს მე ქართული ჟურნალისტიკის თეორიას, პრაქტიკას და ისტორიას ვასწავლიდი ორ კერძო უნივერსიტეტში. როდესაც ლექციების კითხვა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი, გარდა იმისა, რომ ფინანსური დაინტერესებაც მქონდა, ვიფიქრე, სამშობლოს მომავალ ჟურნალისტებს აღვუზრდი-მეთქი. ისე ვიყავი აჟიტირებული, სულ გულის ფიცარზე ვიბრაგუნებდი მუშტებს. პირველ ყრუ კედელს მაშინ წავაწყდი, როცა 20-კაციან ჯგუფში ერთმაც ვერ დამისახელა ილია ჭავჭავაძის ერთი ნაწარმოებიც კი. ვეხვეწე, მხოლოდ ერთი, მარტო ერთი-მეთქი. ვფიქრობდი, ნუთუ „კაცია ადამიანი“ მაინც არ ეცოდინებათ? ხან საიდან მოვუარე, ხან საიდან, ხან როგორ მივანიშნე, ხან როგორ, მაინც ვერა, ვერავინ ვერაფერი გაიხსენა. ლექციიდან გამოსული შევვარდი კანცელარიაში, გადმოვიღე ამ ბავშვების ატესტატები და ჰოი, საოცრებავ, თითქმის ყველა ატესტატი 5-ბით და 4-ებით იყო გაძეძგილი, მაშინ 10-ბალიანი შეფასების სისტემა ჯერ კიდევ არ გახლდათ დანერგილი. მაშინ ვიგრძენი, რომ ქართულ ჟურნალისტიკას კარგი დღეები არ ელოდებოდა. ერთი-ორი ლექცია კიდევ ჩავატარე, სათითაოდ ყველას გამოვკითხე, რატომ შემოვიდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რა მიზანი ჰქონდათ და რას აპირებდნენ. უმეტესაობამ მითხრა, რომ მათ სულაც არ უნდოდათ ეს სპეციალობა, მაგრამ მშობლებმა აიძულეს, მოდური პროფესიააო. როდესაც რომელიმე უნივერსიტეტს ისე ამთავრებ, რომ ჟურნალისტიკის ჟანრების შესახებ არაფერი გსმენია, სურათი იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. 
იცით, თავს ჯერ კიდევ რით ვიმშვიდებ? უვიცები მხოლოდ საქართველოში არ პარპაშებენ, ამ მხრივ სიტუაცია თითქმის მთელ მსოფლიოში გაფუჭდა. 2023 წლის ნოემბერში მედიატერორისტი ნიკა გვარამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა, გავიდა დაახლოებით წელიწადნახევარი და დონალდ ტრამპი აცხადებს: „თაღლითური ჟურნალისტიკა არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს, მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები“.

გელა ზედელაშვილი

(გაგრძელება იქნება)