სოსო შატბერაშვილი: ოპოზიცია ნადირივითაა - სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ წყნარდება
გვესაუბრება პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი:
_ ბატონო სოსო, ოპოზიციური ალიანსი გაერთიანების მთავარ მიზეზად საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას ასახელებს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ეს საქართველოზე როგორ აისახება?
_ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, რაც საქართველომ დამოუკიდებლობისკენ სვლა დაიწყო, ოპოზიცია სულ მცირე, ოცდაათჯერ მაინც გაერთიანდა და დაიშალა. რეალურად, ქართული ოპოზიციის გაერთიანება არასდროს მოხდება, რადგან მათ განსხვავებული მიმართულებები და დაფინანსების სხვადასხვა წყაროები ჰყავთ. ამჟამად შექმნილი ოპოზიციური ალიანსიც ილუზიაა და სხვა არაფერი. თავად ამბობენ, ოპოზიციის გაერთიანება ხალხის მოთხოვნააო, მაგრამ ყველა ალიანსი, საბოლოოდ, სამარცხვინოდ იშლება. თავის დროზე მეც ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში, თუმცა იმ გაერთიანებებმაც კრახი განიცადა.
ოპოზიციური ალიანსისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ დესტაბილიზაციურ პროცესებს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ ვინ ვისი აგენტია. ზოგი აშშ-ს სთხოვს, დაგვბომბეთო, ზოგიც ირანს ეხვეწება _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ამერიკის საელჩო დაბომბეთო. ოპოზიცია გარეული ნადირივითაა _ სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ წყნარდება. დიახ, სანამ ნგრევას, ომს, უბედურებას არ დაინახავენ, არ დაწყნარდებიან. როცა ბავშვობაში ქართულ გენიალურ ფილმებს: „გიორგი სააკაძეს“, „მაია წყნეთელს“, ან „ბაში აჩუკს“ ვუყურებდი და საქართველოს მოღალატეებს ვხედავდი, მეგონა, ღალატი წარსულს ჩაბარდა. თურმე, ვცდებოდი, ამ საქართველოშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის უბედურებას ნატრობენ.
ოპოზიციურმა ალიანსმა საპროტესტო ტალღის გაძლიერება კი დაგვიანონსა, მაგრამ არ მგონია, შედეგს მიაღწიონ. ჩვენ უკვე ვიხილეთ ოთხი ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე მათი რესურსი, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს თავს დაესხნენ და საკუთარი მარცხი, გაფარჩაკება არა თავიანთ უთავბოლობას, არამედ ღობეს დააბრალეს!
_ ოპოზიციური ალიანსი ზურაბიშვილის დაწყებულ კამპანიას აგრძელებს და მოღალატეების ძებნით არის დაკავებული. მან გახარიას პარტიას სასარგებლო იდიოტები უწოდა.
_ საქმე ის არის, რომ ამ ახალ „ერთობაში“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ და დოლიძის პარტია არ შედის. ანუ, თავიდანვე განხეთქილებაა, მეტიც, მათ ერთმანეთი სძულთ. დიახ, მათ ერთმანეთი უფრო სძულთ, ვიდრე „ქართული ოცნება“. შეიძლება სიყვარულმა, პატივისცემამ გაგაერთიანოს, მაგრამ, როცა სიძულვილით ერთიანდები, ასეთი „ერთობა“ ყოველთვის განწირულია. ამ „ერთობის“ წევრებს, ყველას შესანიშნავად ვიცნობ და ვიცი, პირად საუბრებში ერთმანეთი სასტიკად ჰყავთ გამოლანძღული. ეს მერე საქმითაც გამოჩნდა _ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ათასნაირ დოკუმენტს აწერდნენ ხელს, პარლამენტში არ შევალთ, ვინც შევა მოღალატე იქნებაო და მერე იქ, ისე შეცვივდებოდნენ, ვითომც არაფერი. აგერ, გახარიას პარტია წამოსკუპდა, დანარჩენები კი ნანობენ, რატომ ჩვენც არ შევედითო. მათი ერთი სიტყვაც არ დაიჯერება. მერყევი ადამიანები, რომლებიც პოზიციებს წარამარა იცვლიან, პოლიტიკაში წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ.
_ სააკაშვილმა ციხიდან ირანის სცენარის გამეორების სურვილი გამოთქვა.
_ გავიხსენოთ, ნეპალში გადატრიალება რომ მოხდა და ხელისუფლება დაამხეს, საქართველოშიც იგივეს გამეორებას ნატრობდნენ. მერე ტრამპმა მადურო და მისი ცოლი რომ დააპატიმრა, ისურვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ივანიშვილი და მისი მეუღლეც უნდა დააპატიმროს და გაასამართლოსო. ახლა ირანში განვითარებული მოვლენების საქართველოში გადმოტანაზე ოცნებობენ. ეს ადამიანები არ ისვენებენ, უნდათ აქ სისხლისღვრა მოხდეს. მე ყოველთვის ოპოზიციაში ვიყავი და მართებულად ყოველთვის მხოლოდ პოლიტიკური გზით ბრძოლა მიმაჩნდა, რისგანაც ოპოზიციური ალიანსი შორს დგას. მათი განზრახვა, საქართველო დაიბომბოს, სისხლისღვრა მოხდეს, ხალხი დაიხოცოს, გამოცხადებული ღალატია. ირანში 160 ბავშვი დაიღუპა და სამძიმრის გამოთქმის ნაცვლად, ამით ხარობენ, გაბოროტებულ არსებებად ჩამოყალიბდნენ. სამწუხაროდ, სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოღებულია. ვიცი, რომ ხელისუფლება მის აღდგენას აპირებს. დიახ, ეს მუხლი უნდა აღდგეს და სამშობლოს მოღალატეები გასამართლდნენ.
_ როგორც აღნიშნეთ, ოპოზიცია ცდილობს, საქართველოში რყევები გამოიწვიოს _ ხან ნეპალიზაცია უნდა, ხან ომში ჩართვა, რასაც ხიდაშელის განცხადებაც დაემატა: საქართველოში არსებობს უნივერსიტეტები, სადაც ტერორისტებს ამზადებენო.
_ ხიდაშელის განცხადება პირდაპირ ნიშნავს, საქართველო სამიზნეში ამოიღეთო. მთელი მსოფლიო ტერორიზმს ებრძვის. როცა ამერიკის სპეცრაზმმა ბინ ლადენი მოკლა, ტერორისტის განადგურებაზე ხმა არავის ამოუღია. ამ დროს ხიდაშელი ამბობს, საქართველო ტერორისტების სამჭედლოაო, ანუ, ღიად აცხადებს: ჩემი ქვეყანა დაბომბეთო. ახლახან ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გამოაცხადა, რუსეთიდან სამხედრო ტვირთით დატვირთული თვითმფრინავი საქართველოს გავლით ირანში ჩაფრინდაო. ესეც ხომ იგივეს ნიშნავს _ მოდით და დაგვბომბეთ, ქვეყანა ძირფესვიანად მოთხარეთო. თუ დავაკვირდებით, საქართველოში დიდი უბედურება ტრიალებს. მართალია, ირანის და უკრაინის მოვლენების მსგავსი არა, მაგრამ არანაკლები _ ეროვნებით ქართველები მტრებს ლამის მუხლმოდრეკილი ევედრებიან: მოდით, დაგვბომბეთ, ქართველები დახოცეთ, ოღონდ, ჩვენ უვნებლად გადაგვარჩინეთ, დანარჩენი საქართველო გაჟლიტეთო.
ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად მე ხომ არ დამინიშნავს?! ეს ქალბატონი სეპარატისტული ტაივანის აგენტია და ამ დროს საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლად ნიშნავენ. იმ ადამიანებმა, ვინც ხიდაშელი უმაღლეს ხელისუფალთ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურად შესთავაზა, პასუხი მორალურად მაინც არ უნდა აგონ?! ქართველ საზოგადოებას ბოდიში მაინც მოუხადონ, ქართული შეიარაღებული ძალები უცხოეთიდან დაფინანსებულ ადამიანს რომ ჩააბარეს. მიკვირს, პროკურატურა მას მერე, რაც ხიდაშელმა განაცხადა, საქართველოში ტერორისტებს ამზადებენო, დღესვე ხელბორკილებს რატომ არ ადებს და არ აპატიმრებს?! ასევე, კანდელაკს და სხვებს, ვინც ირანს, აშშ-ს, საქართველოს წინააღმდეგ აქეზებენ და ქვეყნის დაღუპვაზე ხელს აწერენ.
_ ჟურნალ „ჰილსში“ სტატია გამოქვეყნდა _ საქართველო ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის ჰაბიაო. გიგაური ამ სტატიას სოციალური ქსელებით აქტიურად ავრცელებს.
_ მხოლოდ სოციალური ქსელებით რომ ავრცელებდნენ, რა გვიჭირდა _ ევროკავშირში აშშ-ის კონგრესში, ე. წ. ჰელსინკის ჯგუფში და ევროპარლამენტარების კაბინეტებში დაბრძანდებიან და საქართველოს პირდაპირ აბეზღებენ. განსაკუთრებით კანდელაკი გამოირჩევა ანტიქართული ქმედებებით, რომელიც ევროკომისიის წევრებს პირდაპირ ეხვეწებოდა: საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმეთო.
_ პარლამენტი გრანტების კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს იხილავს, რის ამოქმედებასაც ბრიუსელი დიქტატურის დამყარებას უწოდებს.
_ ვინ ლაპარაკობს დიქტატურის დამყარებაზე _ ევროკავშირი?! რომლის წევრ ქვეყნებში სოციალურ ქსელში მთავრობა რომ გააკრიტიკო, დაგაპატიმრებენ, განსაკუთრებით, ბრიტანეთში. დიქტატურაზე ის ხალხი გვესაუბრება, ვინც ბრიუსელის პროკურატურამ რამდენიმე წლის წინათ ერთმანეთის მიყოლებით დააპატიმრა. მაშინდელი კორუფციული სქემები ახლაც გრძელდება. მთელი ევრობიუროკრატია კორუფციაშია ჩაფლული. მაღალჩინოსნები რუსეთთან ვაჭრობით არიან დაკავებულნი. ბალტიის ქვეყნები რუსეთთან ღვინით ვაჭრობენ, არადა, ამ პროდუქტს თავად არ აწარმოებენ. ქართველ ხალხს კი ყველაფერი ეკრძალება.
_ ბატონო სოსო, ევროკავშირმა ქართველ ჩინოვნიკებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ოპოზიცია ხარობს: „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვიზებისთვის რიგში დგომა მოუწევთო.
_ მერე, რა. მეც ვიდექი რიგში, როცა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა მინდოდა. ნახევარ საათსაც არ მიწევდა ლოდინი, კონსული ვიზას დაუბრკოლებლად მირტყამდა. განსაკუთრებით, იტალიის კონსული იყო კეთილგანწყობილი. ზოგადად, ქართველების მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ერთხელ სამთვიანი ვიზა ვითხოვე და ერთწლიანი ჩამირტყეს. ბრიტანეთში სტაჟირებაზე რომ მივდიოდი, რიგშიც არ ვმდგარვარ _ საელჩოში პირდაპირ მითხრეს, რა დროს მივსულიყავი. მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და დიპლომატიური პასპორტი მქონდა.
რაც შეეხება, ევროკავშირის ამჟამინდელ გადაწყვეტილებას ჩინოვნიკებისთვის ვიზების შეჩერებაზე, არ მგონია, ამან იმუშაოს. ევრობიუროკრატია ასე მოსყიდული ოპოზიციის დასანახად იქცევა: აი, ნახეთ, ჩვენ ვმოქმედებთ, ტყუილად არ ვართო. იცით, რა მიკვირს _ როგორ იცლიან საქართველოსთვის მაშინ, როცა ევროპის შუაგული, ახლო აღმოსავლეთი ინგრევა, ვენესუელაში პრეზიდენტი დააპატიმრეს, აშშ კანადას და გრენლანდიას ეპოტინება. მსოფლიოში ასეთი მძიმე მდგომარეობაა და ევროკავშირი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დიპლომატიური პასპორტების შესაჩერებლად იცლის!
აგერ, აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენი უშუალო მეზობელია, დაიბომბა, მისი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან და შესაძლოა, ომში ჩაერთონ. ევრობიუროკრატები კი ამ დროს ვიზებისთვის იცლიან?! ევროჩინოვნიკების საქციელი მაკვირვებს. მესმის, რომ მტრულად არიან განწყობილნი, მაგრამ სხვა პრობლემა ცოტა აქვთ?! უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის გადასაცემი 90 მილიარდი დოლარი დაბლოკა. ზელენსკი მოსაპარი 90 მილიარდის გარეშე რჩება. იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ, უკრაინაში ომი როგორ დამთავრდეს და მშვიდობამ დაისადგუროს, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გასაუქმებლად იცლიან! უვიზოდ ვყოფილვართ და ახლაც გავძლებთ. ზოგს ჰგონია, უვიზო მიმოსვლის გაუქმება აქედან მიგრაციას შეაჩერებს. არადა, ყველაზე დიდი მიგრაცია მაშინ გვქონდა, როცა სავიზო რეჟიმი იყო. სავიზო რეჟიმის დროს სხვა ქვეყანაში გადადიან და უკან დაუბრკოლებლად ბრუნდებიან. უვიზო რეჟიმის დროს კი არალეგალურად მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან.
ესაუბრა
თამარ შველიძე

