რომან რურუა: „მე“ „ჩვენ“-ით უნდა შევცვალოთ!
განვაგრძობთ საუბარს ოთხგზის მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რომან რურუასთან:
_ ბატონო რომან, წინა ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ბუნებრივი რესურსი საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის, რომელიც საერთო სარგებლობაში უნდა მოექცეს და მოქალაქეებზე თანაბრად გადანაწილდეს.
_ ამაზე უფრო რეალური სიმდიდრე ქართველებს არ გაგვაჩნია. ჩვენ ის გვაქვს, რაც სხვა ერებს არ აქვთ. მეტიც, საქართველო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება, რათა ბუნებრივი რესურსი შეუფერხებლად მივაწოდოთ. ეს არის წყალი, რისი მსოფლიოსთვის მიწოდებაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქართველო კონკურენტუნარიანი, წიაღისეული სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანის უპირატესობის მქონე მსოფლიო მნიშვნელობის, ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უნდა გახდეს. მეცნიერთა გათვლებით, საექსპლუატაციოდ დასაშვები მარაგების მხოლოდ 0,75% იქნება გამოყენებული, რადგან საქართველოში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მეტ ტვირთს ვერ გაატარებს, ხოლო დარჩენილ სასმელი წყლის მარაგზე ავტორს საკმაოდ ჭკვიანური მოდელი აქვს მოფიქრებული, რაც გადაყვანილია ქვეყნის მატერიალურ სიმდიდრეში და ეს შესაბამისი ფასების ინდექსაციით, უზარმაზარ ქონებას წარმოადგენს. პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში, სასმელი წყლის ინდუსტრიის სააქციო საზოგადოების წევრი გახდება საქართველოს მკვიდრი ყველა მოქალაქე, რომელსაც უფასოდ გადაეცემა ასეულ ათასობით აშშ დოლარის „მატერიალური ღირებულებების“ ერთი აქცია საკუთრების უფლებით. იგივე უფლება მიენიჭება ყოველ ახალდაბადებულ ბავშვს. აქცია მემკვიდრეობით არ გადადის, რადგან ეს არათანაბარ გადანაწილებას გამოიწვევს.
_ საკმაოდ შთამბეჭდავი პროექტია, მაგრამ რამდენად რეალურია მისი განხორციელება?
_ ამ თემაზე მეცნიერები წლებია, მუშაობენ. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ ნებას გამოხატავს და მხარს დაგვიჭერს. მეტი თვალსაჩინოებისთვის თუ რასთან გვაქვს საქმე, პროგრამის კონცეფციის ძირითად დეტალებზე მოგახსენებთ. პირველ რიგში, საქართველოს მუნიციპალურ ერთეულებში 190-მდე სასმელი წყლის ჩამოსასხმელ-დამფასოებელი ქარხანა უნდა აშენდეს. დასაწყისისთვის 80-100 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ კონცეფცია-პროგრამის რეალიზაციით საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი ჩაირიცხება. გარდა ამისა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, პორტებისა და ტერმინალების ტვირთბრუნვა გაიზრდება. ინდუსტრიული მშენებლობის დასრულებისთანავე მიწისქვეშა სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსების კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური მოდელის გამოყენება ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ფორმირებას უზრუნველყოფს, რაც მსოფლიოს უმაღლესი კლასის საბანკო გარანტიაა დარგობრივ-ეკონომიკური პროექტებისთვის საჭირო გრძელვადიანი მცირეპროცენტიანი ფულადი რესურსების მოსაზიდად. ასევე, შეიქმნება მრავალმილიონიანი ფონდი ბუნების აღდგენისა და განვითარებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მიღებული შემოსავლების რეინვესტირებით მეათე წელს საქართველოში მაღალი ანაზღაურებით დასაქმდება 450 ათასამდე ადამიანი, ხოლო ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება და ათეულობით მილიარდ დოლარს მიაღწევს, რასაც ფინანსური ნაკადების ბრუნვის ბიზნესგეგმა ადასტურებს.
_ რა უშლის ამ დრომდე ხელს მის განხორციელებას?
_ ხელისშემშლელ მიზეზებს ადამიანის იმ მისწრაფებაში ვხედავ, რაც მის ბუნებაში ყველაზე მეტად არსებობს და ეს არის მისი „მე“! ჩვენი მიზანია როგორმე „მე“, წყლის სარგებლობასთან მიმართებაში, “ჩვენ“-ით შევცვალოთ. მაშინ ამ რეალობას ხელს ვერავინ შეუშლის, რაც ერთად და მშვიდობიანად ცხოვრებას შეგვაძლებინებს. სხვა შემთხვევაში, გაჩნდებიან „ისინი“ და ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ.
წყალი ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. საქართველო ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა უნდა გახდეს. სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგები უნდა დაკანონდეს ქვეყნის სტრატეგიულ რესურსად, მისი განკარგვის უფლებით ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.
_ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის წყალი, რომელსაც ვსვამთ?
_ კარგი შეკითხვაა, მინდა გითხრათ, რომ ხუთი წლის წინათ სხვა ყველა ადამიანის მსგავსად, მეც ონკანის წყალს ვსვამდი. დავსვათ შეკითხვა: ონკანის წყალი რატომ იქლორება? _ მავნე ელემენტები რომ მოკლას, ხომ. მაგრამ წყალში ხომ მავნე ელემენტებიც არის და სასარგებლოც. თუ სასარგებლოსაც ვკლავთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მკვდარ წყალს ვსვამთ. რატომ მალევინებ ასეთ წყალს?! დიახ, ხუთი წელია, წყალს პლასტმასის ბოთლიდან ვსვამ, მაგრამ განა ის უკეთესია? _ ათასგვარ სიმსივნეებს იწვევს. მაშ, რა დავლიოთ?! აი, ისევ მთავარ სათქმელთან მივედით. თუ იმას არ გავაკეთებთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს სიმდიდრეს _ მთავარ ბუნებრივ რესურსს წაგვართმევენ. მერე აქაც მადუროსავით ჩვენს პრეზიდენტს კი არ დაიჭერენ, ქონებას წაგვართმევენ! ეს ქონება ყველაზე ძლიერი საშუალებაა ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ჯანმრთელობის, ფინანსური სიძლიერის, განვითარების, გამრავლების, ომის გარეშეEცხოვრებისთვის. ვერცერთი ქვეყანა ომს ვერ დაგიწყებს, თუ ამ ქონებას სწორად გამოვიყენებთ. ეს კი როგორც მოგახსენეთ, არის წყალი, რომელიც ღმერთმა ჩვენ მოგვაკუთვნა და რომელიც უაღრესად უზომო გვაქვს _ ეს არის მიწისქვეშა სასმელი წყალი, რა მიმართულებითაც მუშაობა ჩვენმა მეცნიერებმა 80 წლის წინათ დაიწყეს. არსებობს ჭაბურღილები, საიდანაც შეგვიძლია წამში 573მ-კუბი წყალი მივიღოთ.
სამწუხაროდ, ამ პროგრამით არავინ ინტერესდება.
დააკვირდით, როგორი აქტუალურია დღეს გაერო-ში წყლის საკითხებზე ყურადღების გამახვილება. რას სვამს ხალხი მსოფლიოს რიგ გაჭირვებულ ქვეყნებში? _ მე ვნახე მოსახლეობა, რომელიც ჭურჭელში წვიმის მღვრიე წყალს ქაფჩით აგროვებდა და სვამდა. ინდოეთში რაც ვიხილე, იქ, ალბათ, ვერც წავალ _ წყალს თბილისიდან ხომ არ წავიღებ. ინდოელები რომ გაიგებენ საქართველოში არსებულ წყლის რესურსზე, ხომ დაინტერესდებიან?! კი ბატონო, რუსეთს საქართველოზე დიდი წყლის რესურსი აქვს, მაგრამ იქაურ წყლებს ხარისხი არ უვარგა. 573მ-კუბი წამში, რაც ზემოთ ვახსენე, ჩვენი შესაძლებლობების, რაც შესწავლილია, 10%-ია. უფრო ქვემოთ სიღრმეში ჩასვლა ვერ შეძლეს, ანუ 90% შეუსწავლელია. ამ რესურსს ქმნის თრიალეთისა და კავკასიონის ქედებიდან ჩამონაჟონი წყლები, რომლებიც ოკეანეში გაედინება.
აქვე ერთ სასწაულს გეტყვით: ქსნის მინის ტარის ქარხანა, რომელიც რუსებმა საკუთარი ფულით ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიისთვის ააშენეს, რომელიც სოფლის მეურნეობაში ნომერ პირველი საშუალებაა ღვინო, არაყი, კონსერვი, ყველაფერი მინაში მოათავსო, შევარდნაძემ ეს 400-მილიონიანი ქონება, დემირელს ოთხ მილიონად მიჰყიდა იმ მოტივით, ჩვენ ვერ ავამუშავებთო. აი, ამას ვუწოდებ გაუნათლებლობას, სხვა კი არაფერს. ხომ უნდა იცოდე, შუშას რა დატვირთვა აქვს პროდუქციის გასაგზავნად?! წყალი საექსპორტოდ რაში უნდა ჩამოვასხათ? _ შუშაში. ეს ადვილი ხომ არ გგონიათ. ამ ქარხნის დახმარებით თურქებმა ჩრდილოეთ კავკასიის და სამხრეთ კავკასიის ბაზარი დაიპყრეს. ქარხანა მათი საკუთრებაა _ გინდ აამუშავებენ, გინდ _ არა. რომ ვამბობთ, პლასტმასის ბოთლები უნდა ავკრძალოთო, მერე რა უნდა ვქნათთ?! ანუ, ქსნის მინის ტარის ქარხანა დასაბრუნებელი გვაქვს, რადგან თავის ფუნქციას არ ასრულებს. ბოთლებში რომ ჩამოასხა პროდუქცია, თურქებს უნდა ეხვეწო, შეუთანხმო, დაიანგარიშო, რა რაოდენობა გინდა და ა. შ.
წყლის პროგრამა, რაზეც წლებია, ნაფიქრი და ნამუშევარი მაქვს, მინდა მთავრობასთან შევათანხმო და პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების გაანალიზებაზე, ახლის დანერგვაზე ვიმსჯელოთ. მთავარია, სწორი პოლიტიკური მიდგომა, ტაქტიკა ავირჩიოთ. დიახ, ამ საკითხზე ხელისუფლებასთან შეხვედრა უნდა შედგეს. თუ ეს პროექტი ამუშავდა, ეს ქვეყნისთვის დიდი საქმე იქნება. რა შედეგებსაც მივიღებთ, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ვიმეორებ, აუცილებელია, ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი, მოკლევადიანი პროგრამა ჰქონდეს და განვითარების სწორ გზას მიჰყვეს.
თამარ შველიძე

