ნოდარ კაპანაძე: მსოფლიო ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება

ნოდარ კაპანაძე: მსოფლიო ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება

სად აღმოჩნდება საქართველო?

გვესაუბრება სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე:

_ ბატონო ნოდარ, ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?
_ საპარლამენტო კომისიის დასკვნას გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ იდეა, რისთვისაც ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნა, ჯერ არ განხორციელებულა, მხოლოდ ზოგადი საუბრები გვესმის. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამის ერთბაშად მიღწევა ვერ მოხდება. ბუნებრივია, ეს სწორია _ ერთი თათბირის დონეზე ფასების რეგულირება შეუძლებელია. თუმცა, ფასების დაკლების ადმინისტრაციული მეთოდებით მიღწევა რთული, სახიფათო საქმეა. როგორ გაგრძელდება მუშაობა, მომავალი გვიჩვენებს. ამ შემთხვევაში არც სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების მოსაზრებაა ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება, არც ადმინისტრაციული ორგანოების, გადამწყვეტი ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობაა, რაც ფასწარმოქმნის რეალური სტრუქტურის შესწავლას გულისხმობს.
საქმე ის არის, რომ ფასების ზრდა შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდეს. არსებობს ობიექტური მიზეზები, რაზეც საქართველოს მთავრობას გავლენა თითქმის არ აქვს. მაგალითად, ავიღოთ ახლო აღმოსავლეთში ორმუზის სრუტის დაკეტვა. რატომღაც, არავინ საუბრობს ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, კერძოდ იმაზე, რომ ამ ნაბიჯით ირანმა მინერალური სასუქების მიწოდების მნიშვნელოვანი არხი დაკეტა. არადა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხვნა-თესვის სეზონი სწორედ ახლაა. თუ ამ სეზონზე სასუქების მიწოდება შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ნაკლები მოსავალი იქნება, რაც კვების პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. მოგვწონს თუ არა, კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა აუცილებლად იქნება და ეს ჩვენი მთავრობის კი არა, არამედ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის შედეგი იქნება. ამდენად, ამ გარემოებაზე ხელისუფლებას ვერანაირი ზემოქმედება ვერ ექნება და ამ პროცესს თავიდან ვერ აიცილებს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ფასნამატი ზღვარსგადასულია, რადგან სახეზეა მონოპოლიური ფასები, ეს უკვე სხვა სახის ზრდაა. ფასწარმოქმნაში ამ ორი მიზეზის ერთმანეთისგან განცალკევება მნიშვნელოვანია. ზოგადად, ფასების დარეგულირების კუთხით, უფრო ანალიტიკური სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე ადმინისტრაციული. კომისიის მუშაობა თუ გაგრძელდება, ჩემი რჩევა მეტი ანალიტიკა და ნაკლები ადმინისტრირება იქნება.
_ კარტელურ გარიგებებზე რას იტყვით? 
_ კარტელური გარიგებები სერიოზული თემაა. არსებობს შემთხვევები, როცა ოლიგოპოლიასთან გვაქვს საქმე, ანუ, ბაზარზე მოთამაშეების მცირე რაოდენობაა, რომლებიც ერთმანეთთან საფასო პოლიტიკაზე თანხმდებიან. კარტელური გარიგება ბეჭედდასმული, ხელმოწერილი დოკუმენტით არ არის გამყარებული. შესაძლებელია ორი სუბიექტი, პირობითად, სახინკლეში შეხვდნენ და გარკვეულ პროცენტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული ოფიციალურად არსად ფორმდება, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ სახინკლეში მიღწეულ შეთანხმებას ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე ბეჭედდასმულ, ხელმოწერილ კონტრაქტს. კარტელური გარიგებები იდენტიფიცირდება არა ადმინისტრაციული მეთოდებით, ჯვარედინი დაკითხვებით და ა. შ. არამედ ანალიტიკით. სწორედ ანალიტიკა აჩვენებს, ბაზარზე არსებული მოთამაშეების რაოდენობას, ფასწარმოქმნის სტრუქტურას, რითაც შესაძლო კარტელური გარიგების შესახებ ვარაუდობენ. ამის შემდეგ შეიძლება საქმეში ადმინისტრაციული ორგანოები ჩაერთონ. მანამდე კი ფასწარმოქმნის შესწავლა და ნაკლები ჩარევის გარეშე ფასების მონიტორინგი უნდა მოხდეს.
ფასწარმოქმნას, მოგების მარჟას რაც შეეხება, ზოგადად, ადამიანის სიხარბე უსაზღვროა. მაგალითად, თუ ფასების ძალიან მაღალი მოგების მარჟა შავ ხიზილალაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე მაინცდამაინც უარყოფითად არ აისახება, რადგან ის ფართო მოხმარების პროდუქტი არ არის, სამაგიეროდ, პურზე თუნდაც 5%-იანი დამატებითი ზრდა განსაკუთრებით მწვავედ აისახება, რადგან პური პირველადი მოხმარების პროდუქტია. ამდენად, ფასწარმოქმნაზე როცა ვლაპარაკობთ, არსებობს სასაქონლო ჯგუფები, რასაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ზოგ ჯგუფს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირველადი მოხმარების მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს და სხვას, დიდი წონა და ზეგავლენა აქვს. 
_ მაღალ ფასებთან ბრძოლის დაწყების პერიოდში პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართულ და ევროპულ ფასებს შორის დიდი სხვაობაა...
_ დიახ, პრემიერმა ფასების შედარება გაცვლითი კურსის მიხედვით მოახდინა, რაც ცოტა სახიფათო თემაა. ევროპაში გაცილებით მაღალი ფასებია, რაც ბუნებრივია, რადგან იქ ფასწარმოქმნა, დაბეგვრა სხვანაირად ხდება. პრემიერი მართალია, როცა ამბობს, რომ პროდუქტზე ფასნამატი ევროპაში ჩვენთან არსებულზე ნაკლებია. ჯერჯერობით, რასაც პრემიერი დაგვპირდა, დასკვნა იმასთან შესაბამისობაში არ არის. ალბათ, ფასების შემცირების თემაზე მუშაობა გაგრძელდება. დაველოდოთ შედეგს. 
_ ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი სტრატეგია ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასაც მოიცავს.
_ ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას რაც შეეხება, სადისტრიბუციო კომპანიების, იმპორტიორების და საცალო სავაჭრო ობიექტების ქსელებში სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების ჩარევა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სასურველია. არ მგონია, ბერეკაშვილი ამას გულისხმობდეს. თუ ყოველივე ხელისუფლების გრძელვადიანი ამოცანაა, ამაში ვეთანხმები. ეს იოლი საქმე არ არის. ფასების შემცირება, ასე უცებ, თითის გატკაცუნებით ვერ მოხდება _ არსებობს ობიექტური გარემოებები, რაც, გვინდა თუ არა, ფასების ზრდას იწვევს და ამაზე მთავრობას გავლენა ვერ ექნება. საქართველოში შეიძლება ფასები ნაკლებადაც კი გაიზარდოს, რადგან უშუალოდ მომწოდებლებთან გვაქვს ურთიერთობა და ნაკლებად ვართ მიბმული იმ არხებზე, რომლებზეც ახლო აღმოსავლეთის კომპლექსს პირდაპირი გავლენა აქვს.
_ მარკეტებში ქართული პროდუქცია ნაკლებად გვხვდება, 70% იმპორტირებულია. როგორ განვავითაროთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება?
_ სამწუხაროდ, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა რომ ვართ, ფაქტია. ამ კუთხით მთავარი ინსტრუმენტი სწორედ განვითარების ათწლიანი პროგრამა უნდა იყოს _ ამას მე სიმეტრიული განვითარების პროგრამას ვუწოდებ, რაც განვითარების სიმძიმის ცენტრის პერიფერიებში გადატანას ნიშნავს. ამას აუცილებლად დეურბანიზაცია უნდა მოჰყვეს, რადგან ეს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა. ამის მთავარი ინსტრუმენტი სწორედ დამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის, ანუ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაა, რადგან სწორედ ეს არის ის შემაგუბებელი კაშხალი, რომელიც საქართველოში შექმნილ დამატებით ღირებულებას ქვეყანაში დატოვებს და გარეთ არ გაუშვებს.
ეროვნული ბანკის საიტზე გამოქვეყნებულია საგადამხდელო ბალანსის დეტალური მონაცემები: 1996 წლიდან დღემდე საქართველოს საგადამხდელო ბალანსი ქრონიკულად უარყოფითია. ჯამური ბალანსი მინუს 30,4 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს ხარკია, რაც საქართველომ ამ ხნის განმავლობაში გადაიხადა. საგადამხდელო ბალანსის დროს ამ ნაკადების შემაგუბებელი ერთადერთი საშუალება სწორედ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდაა, რაც ეკონომიკის ბენდუქიძური აზროვნების პარადიგმაში შეუძლებელია. ამას პროექტული დაფინანსება, ინდუსტრიალიზაცია, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა სჭირდება, რაც ურთულესი ამოცანაა. ამიტომ განვითარების ათწლიანი პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო იდეაა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მთავრობებისგან მომისმენია. 
_ ბატონო ნოდარ, კომისიის სხდომებზე მიწვეული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ფასებს ვერ გაანახევრებენ... 
_ ჩემი აზრით, მათთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, კომისიის ფარგლებში. ეს იგივეა, მელას მოსთხოვო ქათამი არ შეჭამოს. არადა, მელა ისეთი „გნიდაა“, დაგისაბუთებს, რომ ქათამი აუცილებლად უნდა შეჭამოს. ნიანგი იმიტომ კი არ ჭამს ანტილოპას, რომ დედამ შესაბამისი დოქტრინა არ ასწავლა, უბრალოდ, არ იცის, სხვანაირად როგორ მოიქცეს. აბა, როგორ გაანახევრებენ კომპანიები ფასს, როცა ამხელა მოგება რჩებათ. რა თქმა უნდა, არ გაანახევრებენ. ამიტომ კომისიამ ფასწარმოქმნა უნდა შეისწავლოს და მათ უთხრას: პატივცემულებო, აქ 700%-იანი ფასნამატი რომ გაქვთ, კეთილი ინებეთ და გარკვეულ პროდუქტებზე ფასნამატის შეზღუდვა დააწესეთო. ასეთი გამოთქმა არსებობს: ერთხელ შეყვარების ყველაზე საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არის, შეხედო მეორედ და უფრო დაკვირვებით. აქაც ასეა: გგონია, რომ ფასების შემცირების რესურსი არსებობს, მაგრამ შეიძლება ცდები, ან პირიქით. ამისთვის რეალურ მონაცემებში გარკვევაა საჭირო.
_ პრემიერმა განაცხადა, კომპანიები ფასების შემცირებაზე თუ არ დაგვთანხმდებიან, სახელმწიფო მარკეტებს გავხსნით და ფასებს მაინც დავარეგულირებთო. ეს რამდენად შესაძლებელია?
_ თეორიულად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფასების შემცირების ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფო ბიზნესმენის დათანხმების იმდეზე იყოს. კაპიტალისტისგან ალტრუიზმის მოთხოვნა იგივეა ნიანგს მოსთხოვო, ანტილოპა არ შეჭამოს. მე კაპიტალისტების კეთილშობილების იმედი არ მაქვს.

თამარ შველიძე