კანადის პრემიერის „ჩადრასტებამ“ გადარია ქართველები
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო პროგნოზირებადი და საიმედო პარტნიორი, ვიდრე აშშ, კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.
ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კანადა ჩინურ ელექტროავტომობილებზე ტარიფებს შეამსუბუქებს, რომლებიც მან აშშ-სთან ერთად 2024 წელს დააწესა. სანაცვლოდ, ჩინეთი შეამცირებს საბაჟო გადასახადებს კანადის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
გარდა ამისა, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს ჩინური ინვესტიციების განხორციელებას კანადის ენერგეტიკასა და სამომხმარებლო საქონლის სექტორში. თავის მხრივ, კანადა გეგმავს ინვესტიციებს ჩინეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიასა და მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში.
მოკლედ, კანადის პრემიერმა სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზა ჩინეთს და სი ძინპინს „ჩაესდრასტა“. შეიძლება ჩაეკონა კიდეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ჩვენს „განათლებულ აკაცუკებზე“ ვნაღვლობ _ ეს რა გავიგე!
სწორედ რომ ძალიან დაიბნევა რიგითი აკაცუკი, _ ნაღვლობენ ჩემნაირი კეთილშობილი „პუტინის მონები“ და „კრემლის აგენტი ქოცები“. მე არც ერთი ვარ და არც მეორე, მაგრამ კანადა ბრიტანეთის სამეფოს დომინიონია. ბრიტანეთი აფინანსებს აკაცუკს. თინა ხიდაშელმა ასწავლა აკაცუკს, რომ ჩინეთი ცუდია, იმიტომ, რომ თინას ტაივანი აფინანსებს.
წარმოიდგინეთ, ამ საინფორმაციო ტექსტს რომ წაიკითხავს რიგითი აკაცუკი, მისი აზროვნება შავ-თეთრი სამყაროს პარადიგმიდან როგორ ამოვარდება, ფიქრს დაიწყებს და თავი ასტკივდებაო, მაგრამ საღამოს ჯამაგირი დაერიცხება, დოლ-საყვირა მარშის მერე „ლატეს“ დალევს და ცოტა დამშვიდდება, თუმცა თავის ტკივილი რომ მაინც არ გაუვლის, ამ დროს მიხვდება, რომ ფიქრი მისი საქმე არ არისო.
დიდი ეჭვი მაქვს იმისა, რომ ამ დოლ-ფანდურა აკაცუკებმა ან რუკის კითხვა იცოდნენ, ან გლობუსი დახატული ბურთი არ ეგონოთ, მით უმეტეს, თუ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწავლელი ნივთიერება აქვთ შესუნთქული რუსთაველის პროსპექტზე.
კიდევ უფრო უარესი! თუ მას ენაგატლეკილი თუთიყუშიც ჰყავდა, რომელიც სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ დღემდე ბუმბულგაცვენილი დახტის და დედას აგინებს ამ მთავრობას, ხოლო ძაღლი დღემდე გაბუტული ჰყავს და ნაძალადევად ჭამს „კორმს“.
ამ ხელის ჩამორთმევაზე ისეთი ამბავი ატყდა, შემცივნებული რომ არ ვყოფილიყავი, გავირბენდი მარკეტში მზეუჭვრიტეს ან ბატიბუტის საყიდლად.
დონალდ მშვიდობაძეს არ მოეწონებოდა ეს ამბავიო;
ეჰ, წაიღო კანადაც ტრამპმა. როგორც რუსეთი ნატო-ს გამო გადაირია და ეცა უკრაინას, ტრამპიც ჩინეთის გამო იერთებს ყველაფერს და მიიერთებს კიდეცო;
კანადა და, შესაბამისად, ბრიტანეთი ამერიკის გასაბრაზებლად და სამაგიეროს გადასახდელად აკეთებს ამას და ეს კარგია, რადგან, როცა დიდები ერთმანეთში ჭიდაობენ, პატარებისთვის ვეღარ იცლიანო;
რა ნავთობიც აქვს ვენესუელას (ე. წ. მძიმე, მისი გაზავება ხდება), ზუსტად იგივე აქვს კანადას. აშშ ყიდულობდა ნავთობს კანადისგან, ახლა ვენესუელას გამოიყენებს კანადაზე ეკონომიკური ზეწოლისთვის, ნავთობს აღარ იყიდის. ამიტომ კანადას სჭირდებოდა ნავთობის ახალი მყიდველი, ჩინეთს კი - ნავთობი. აქ გაბრაზებაზე და ბანალურ შურისძიებაზე უკეთ ეკონომიკური ინტერესების გადაკვეთა მუშაობსო;
კანადას თხელი ნავთობიც აქვს საკმაოდ და ისედაც, ვენესუელა ვერ ჩაანაცვლებს კანადას იმ მიზეზით, რომ აშშ ძალიან იაფად ყიდულობს ამ ნავთობს, რადგან არავის უშვებს და შეუშვებს საალტერნატივოდ, ეს არის ფაქტი. გრელანდიის დაკავებით სრულიად იზოლაციაში მოაქცევს კანადას, უფრო სწორად, ბრიტანეთს და აიძულებს, დატოვოს კანადა. ეს არის ამერიკის უპირველესი ამოცანა, ჩინეთი კი ამ მომენტში ამერიკასთან არ შევა კონფრონტაციაშიო;
ხალხი ვართ, მთელ მსოფლიოს მარტო ჩვენ ვეჩხირებით ყელშიო;
ვცდილობთ ყველანაირად, რომ გავეჩხიროთ, მაგრამ ღმერთის წყალობით, ჩვენთვის არავის არ სცხელაო;
არა, ჩვენ გვეჩხირება მთელი მსოფლიო ყელში და ერთი რამ გვინდა მსოფლიოსაგან, ყველას გვაჩუქონ მილიონი დოლარი და ჩვენ ქეიფის მეტი არაფერი ვაკეთოთო;
ჰოდა, თუ ვეჩხირებით, ,,დაადგებათ” კიდეც ყელზე ლუკმაო;
ამ წარმატებულ ქვეყნებსაც სჭირდებათ თურმე ძლიერი ზურგი და ეს არის ან ამერიკა, ან რუსეთი( ჩინეთი და რუსეთი მაინც ერთად მოიაზრება)- ისინიც ან ერთს ირჩევენ, ან - მეორეს. ჩვენნაირმა პატარა ქვეყანამ რა უნდა ქნას. ღმერთო, შენ უშველე ჩემს ქვეყანასო;
ტრიუდო მოიშორეს და როგორც ჩანს, ნორმალური პრემიერი ეღირსათო...
ე. ი. რუსეთისკენ გაქანება ნებადართულია და ერთმნიშვნელოვნად ევროპისკენ გაქანებას ნიშნავსო?!
მხოლოდ მერცი კი არა, მთელი ევროკავშირი მაგ აზრზეა, მერცის პირით თქმული განცხადებაა ეგ. გერმანია და საფრანგეთი რომ ამ ჭკუაზეა, დანარჩენი „ჭ“ კლასის ქვეყნებს არავინ არაფერს აღარ ჰკითხავსო;
ამათი ევრობულბული შუბა დავხიე მეო;
ხალხი ვერ აზროვნებს. რა გვეშველება, არ ვიცი. ჩვენ ისეთ სისულელეებს ვიჯერებთ, ვერც ბიძინა გვიშველის და ვერც მიშიკო. ასეთი აზროვნებით ევროპა კი არა, რუსეთიც არ მიგვიერთებსო;
კანადის საძაგელი პრემიერი. ეს რა ქნა! სი ძინპინს ხელი ჩამოართვა და საქართველოში ერთმანეთს ლანძღავენ _ მაგარი სასეიროა...
ზურა ოშხერელი

