ზაურ (ზურაბ) ლომთათიძე: მარსზე შესაძლებელია მცენარეული კულტურების მოყვანა

ზაურ (ზურაბ) ლომთათიძე: მარსზე შესაძლებელია მცენარეული კულტურების მოყვანა

2020 წელს, ქართველ ასტრობიოლოგთა გვარ-სახელები მარსზე გაიგზავნა. თვით NASA-მ მოიძია და ჩართო იმ ასტრობიოლოგთა სიაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაურ ლომთათიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნუგზარ ალექსიძე და დოქტორანტი მარიამ ტარასაშვილი, რადგან დაინტერესდნენ მათი კვლევებით, რომლებიც არც თუ შორეულ მომავლისთვის არის გამიზნული. 
ჩვენმა ქართველებმა დამაჯერებლად დაადასტურეს, რომ შესაძლებელია მზის სისტემაში ჩვენი მეზობლის გრუნტის იმგვარი ტერაფორმირება, რომ იქ განსახლებულ ასტრონავტებს შეეძლებათ მოახდინონ ნებისმიერი მცენარის კულტივირება და „დედამიწური“ მოსავალის მიღება.
გარდა ამისა, მკვლევარებმა იზრუნეს მომავალში მარსზე გაგზავნილ დედამიწელთა სამშენებლო მასალებით უზრუნველსაყოფად და მარსის გრუნტის ნიადაგიდან ქიმიკოსებთან ერთად დაამზადეს სამშენებლო ბლოკები, რომლებიც გამძლე აღმოჩნდა დაბალ ტემპერატურაზე.
სიმღერა „ჩაკრულოს“ შემდეგ, კოსმოსში ამჯერად ქართველ ასტრობიოლოგთა ვინაობა გაიგზავნა, რაც საამაყოა, ზოგადად, საქართველოსთვის, კონკრეტულად კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვისაც, ფართო საზოგადოებამ კი არაფერი იცის ასეთი საამაყო და საინტერესო ამბის შესახებ!
პროფესორ ზაურ (ზურაბ) ლომთათიძეს გამოქვეყნებული აქვს 250-მდე სამეცნიერო სტატია, აქვს 10 საავტორო, 4 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო თანაავტორობით; მიღებული აქვს 10  გამოგონებაზე საავტორო მოწმობა. არის მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
ზ. ლომთათიძე ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ როგორც პროფესორი, შემდეგ მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის კათედრის გამგე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტში. იგი 1994 წლიდან დღემდე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და წლების მანძილზე იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრი. პროფესორი ზ. ლომთათიძე აქტიურად მოღვაწეობს საზოგადოებრივ ასპარეზზეც. იგი არჩეულია საქართველოს მიკრობიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარედ.
2010 წელს პროფესორი ზ. ლომთათიძე არჩეული იქნა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად.
როგორ და რატომ მოხვდა ჩვენი ქართველების გვარ-სახელები მარსზე?
„საერთო გაზეთი“ გთავაზობთ საინტერესო საუბრის არასრულ ჩანაწერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზაურ (ზურაბ) ლომთათიძესთან.
_ მიკრობიოლოგი ვარ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. შემდეგ ვსწავლობდი მოსკოვში. დავიცავი საკანდიდატო სადოქტორო დისერტაცია, შემდეგ კი შევიცვალე პროფესია, უფრო სწორად, შემაცვლევინეს. ჩემი დისერტაცია არ ეხებოდა კოსმოსს, ეს იყო ფუნდამენტური, წმინდა მიკრობიოლოგიური თემა, მაგრამ შემდეგ გადავედი ნიადაგის მიკრობიოლოგიის კვლევაზე. სამაგისტორო პროგრამა გვაქვს მიკრობიოლოგიაში და ვარ ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. ახლა უკვე სხვა კონცეფციაა უნივერსიტეტებში, სპეციფიკური ხდება გარკვეული უნივერსიტეტი, შესაბამისად, ბიოტექნოლოგიის სპეციალობა შემოდის ჩვენთან და ამ მიმართულების ხელმძღვანელი ვიქნები.
ნიადაგის მიკრობილოგიის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა ეროდირებული (განადგურებული) ნიადაგების აღდგენა. ვთქვათ, მეწყერული პროცესები რომ იწყება, ან ხანგრძლივი ძლიერი წვიმებია, ის რეცხავს ნიადაგს და ნიადაგის ფენები იშლება. ნიადაგი არის სიცოცხლს ერთ-ერთი ძლიერი აკვანი, რადგან მიკროორგანიზმები გარდაქმნიან ორგანულ და არაორგანულ ნაერთებს, შლიან რთულ ნაერთებს _ მცენარეულ და ცხოველურ ნაშთებს უფრო მარტივ ნაერთებად შლიან, შემდეგ მცენარე ამას ითვისებს და იქმნება ჰუმუსი, ანუ ნიადაგის 20-30 სანტიმეტრი სიმაღლის ზედა ფენა _ სიღრმეში ნაყოფიერება აღარ არის. როდესაც ეს ფენა მიზეზთა გამო იკარგება, ის უნდა აღდგეს და აღმდგენის ფუქციას ის მიკრორგანიზმები ასრულებენ, რომლებიც ატმოსფერულ აზოტს გარდაქმნიან ორგანულ ნაერთებად და სასარგებლოა როგორც მცენარისთვის, ისე ნიადაგში არსებული სხვა ორგანიზმების მკვებავია _ ეს მთელი პროცესი ერთობლიობაა.
_ ნიადაგის ის ფენა რომ წარმოიქმნას, ხომ საუკუნეები სჭირდება...
_ რა თქმა უნდა! ნაყოფიერება რომ მოგვცეს, საუკუნეები სჭირდება. მაგალითად, უდაბნო ნაყოფიერი არ არის. 
_ ბუნებრივ დაზიანებებს ვერ გავექცევით, მაგრამ 2014 წელს ტურში ვიყავი წალკის რაიონში და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი რამდენიმე ადგილზე, გზის პირზე, წასაღებად დაწყობილი ოთხკუთხედებად მოჭრილი ნიადაგის ნაჭრები. რომ ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი, მითხრეს, რომ ეს ბრიტანელებისთვის გამზადებული ჰუმუსი იყო წასაღებად. ცხადია, ბრიტანეთში წაიღებდნენ, ან მათ მიერ განსაზღვრულ გაპარტახებულ ადგილზე... ახლა, წალკაში, ის რომ ბუნებრივად აღდგეს, საუკუნეები უნდა გავიდეს... პირდაპირ გზაზე კი არა, მეორეხარისხოვან სავალ ნაწილზე, სადაც იშვიათად გაივლის მგზავრი, ისეთ მონაკვეთში იყო...
_ ეს დიდი მავნებლობაა! ეს დანაშაულია! სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს აყვანილი თითოეული გოჯი ჰუმუსის დაცვა! ამას გერმანელები აკეთებდნენ სამამულო ომის დროს _ უკრაინა რომ დაიკავეს, ნიადაგის ამ ფენას აჭრიდნენ და ეშელონებით გაჰქონდათ... ამ ზედა ფენას რომ მოაჭრი, შეგიძლია, სახლის სახურავზე აიტანო და იქ ბაღები გააშენო. 
_ ალბათ, ასე აშენებენ არაბულ ქვეყნებში წალკოტებს და ასე გაამწვანეს ხრიოკი ისრაელიც...
_ რა თქმა უნდა, სწორედ ასე ხდება. სწორედ ნიადაგის იმ ფენაში მიმდინარეობს მიკრობიოლოგიური პროცესები. მაგალითად, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია _ მასში ყოველთვის ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს...
როდესაც მარსზე დაიწყო საუბრები, მარიამი, ჩვენი დოქტორანტი დაინტერესდა და მოვიდა ჩვენთან, მარსის კოლონიზაციას რომ აპირებს ელონ მასკი, ისე რომ იქ ადამიანებისთვის თვითკმარობის პროცესი შეიქმნას, მაინტერესებს ეს თემაო.
მარსზე თვითკმარობის პროცესი როგორ უნდა დაიწყოს _ უნდა მოხდეს გრუნტის გაკეთილშობილება. ატმოსფერო ცნობილია გაზების რაოდენობით. ჩვენ მოვიფიქრეთ გრუნტის იმიტაცია, რომ შეგვევსო გრუნტი იმ ელემენტებით, რომელიც გრუნტშია და ჩაგვეთესა შიგ ის მიკროორგანიზმები, ვთქვათ, თავისუფლად მცხოვრები აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიები და კოჟრის ბაქტერიები _ პარკოსნების ფესვებზე იკეთებს კოჟრებს. ერთადერთი, ვისაც შეუძლია მოლეკულური აზოტის ფიქსაცია, ეს არის მიკროორგანიზმები, რომლებიც მცენარეების ფესვებში იკეთებენ ბუდეს კოჟრის სახით _ ატმოსფერულ მოლეკულურ აზოტს გარდაქმნიან ორგანულ ნაერთად და ამ პარკოსნებს აწვდიან. გადავწყვიტეთ პარკოსნების დათესვა, რადგან, გარდა იმისა, რომ კოჟრის ბაქტერიებს იკეთებენ ფესვზე, პარკოსნები მცენარეული ცილების წყაროს წარმოადგენენ. 
სოფელში, ჭკვიანი ფერმერი სიმინდს რომ დათესავს, მომდევნო წელს სიმინდის ნაცვლად ლობიოს, ან სხვა რომელიმე პარკოსანს თესავს _ გურული ვარ და დანამდვილებით გეუბნებით, რომ გურულები აკეთებდნენ ამას. სოიოს ცოცხალ ბაქტერიას რიზობიუმ იაპონიკუმ ჰქვია. სრული სახელი ვერ და არ დაიხსომეს და გაგრძელდა ასე _ გლეხს რომ ჰკითხავდნენ, საით გაგიწევიაო, უპასუხებდა _ იაპონიის ასაღებადო, ანუ სოიოს მოსავლის ასაღებად (ჩემი თუში ბებო ვენახში ყოველ წელს თესავდა ლობიოს ვაზის კვლებში _ მ. ჭ.).
_ მარსის გრუნტის იმიტაცია როგორ შექმენით, მარსის გრუნტის მონაცემები ნასა-მ მოგცათ?
_ დიახ. გრუნტი რომ ჩამოიტანეს და შემადგენლობა ცნობილი გახდა, ბიოქიმიკოსებმა შექმნეს იდენტური შემადგენლობის გრუნტი და ჩვენ დავიწყეთ მასზე მიკროორგანიზმების შეყვანა. ჩვენმა საქმიანობამ დიდი გამოძახილი ჰპოვა ნასა-ში.
ჩვენ დაგვაინტერესა ბორჯომში მომხდარმა დიდმა ხანძარმა _ ხანძარი აღწევს ამ 20-30 სანტიმეტრის სიღრმეზე, სპობს ყველაფერ ცოცხალს და ანადგურებს ორგანიკასაც. არაორგანული – ნაცარია დარჩენილი, მაგრამ პირველი, ის რომელიც სიცოცხლეს სძენს და ჰუმუსიც ცოცხალი ორგანიზმია, ამ დროს მიმდინარეობს პროცესი _ კოლონიზაცია სხვადასხვაგვარი მიკროორგანიზმებით. ადამიანი რომ არ ჩაერიოს, აღდგება, მაგრამ დიდი დრო უნდა... 
ჩვენ გავაკეთეთ გრანტი _ ხელოვნურად ვახდენდით ამ მიკროორგანიზმების კულტივაციას, ვახდენდით მათ ჩათესვას, შემდეგ ვუმატებდით სხვა მიკროორგანიზმებს და ა. შ. ხდება ნიადაგის აღდგენა.
ვთქვათ, მარსზე გაკეთდება სათბურები _ მასკი ასე ფიქრობს _ აშენდება იქ თავისი ყველაფრით და დათესავს ყველაფერს...
_ ჟანგბადი?!
_ მიკროორგანიზმების ბიოლოგიური ცხოველქმედების დროს ჟანგბადი გამოიყოფა, ადამიანებისთვის კი შეკუმშული ფორმით წაიღებენ.
მაგალითად, როცა ნიადაგი სავარგულებში შეგვაქვს, სასუქები და სხვა, ის სასუქები მოქმედებენ გარკვეულ მიკროორგანიზმებზე. ამ დროს ჩნდება დომინანტი მიკროორგანიზმები. მაშინ, როცა უკონტროლოდ შეგვაქვს სასუქი, ვთქვათ, პესტიციდები ან ჰერბიციდები, ისინი მოქმედებენ ამ მიკროორგანიზმებზე. ამ დროს ზოგი უძლებს და რეზისტენტული შტამები ჩნდება. ის დომინანტია, და შეიძლება ნიადაგში ნახშირორჟანგი ინტენსიურად გამოიყოფოდეს. ამიტომ, ის სავარგულები, სადაც უკონტროლოდ არის შეტანილი სასუქები, საშიშია.
მაგალითად, დისბაქტერიოზი რომ არის, დიარეა, რის გამოც ანტიბაქტერიებს ვიღებთ _ ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არიან სასარგებლლო მიკროორგანიზმები, რომლებიც გვეხმარებიან და როდესაც ანტიბიოტიკს მივიღებთ იმის საწინააღმდეგოდ, რომელიც ამათ შეერია იმ „ასოციაციაში“, ზოგი გადარჩება და ხდება ამ ანტიბიოტიკისადმი მდგრადი. ამიტომ არის, რომ ამბობენ, ვთქვათ, სოკო გამიჩნდაო.
_ ეს იგი, კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა დაირღვა და ვეღარ ვართ მთლად ჯანმრთელად...
_ როგორ არის, იცით, ვთქვათ, ბაცილუსი უნდა იყოს 3% და ა. შ. ესენი, როგორც ნიადაგში, კუჭ-ნაწლავშიც გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში, ანუ ცხიმების, ფრუქტოზას, პოლუსაქარიდების დაშლაში, რათა სისხლში გადავიდეს, მოამარაგოს და ა. შ. დომინანტი რომ ჩნდება, ის მხოლოდ ერთ აგრესიულ პროდუქტს გამოყოფს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს...
_ ესე იგი, დიარეის დროს ცუდია ანტიბიოტიკი...
_ ანტიბიოტიკების მოხმარება არ შეიძლება საერთოდ!
გაგონილი გექნებათ „პოსტქირურგიული ინფექციები“. რას ნიშნავს ეს? გაგიკეთებენ ოპერაციას და თან გაგიკეთებენ ანტიბიოტიკს. ასტერილებენ ყველაფერს, მაგრამ მაინც, ამავდროულად, იქ ტრიალებს ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი არიან და ვითარდება მერე, ვთქვათ, პერიტონიტი.
_ მე ვიცი, რომ ზოგი ამ ობმოკიდებულ პურს მიირთმევს, ზოგადად კი დაძველებულ, დაობებისკენ მიმავალ პურს, ჯანმრთელობისთვის კარგიაო...
_ ადრე, როცა პური დაობდებოდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჭრილობებს შველოდა და იყენებდნენ, ზოგი ჭამდა კიდეც, სად იყო გადასაყრელი პური. ამ ობს რომ მოაცილებ, სპორები აქვს და კუჭ-ნაწლავში რომ მოხვდება, გაღვივდება _ ცხოველქმედებაა და ამ დროს გამოყოფს ამ ანტიბიოტიკს. რატომ გამოჰყოფს? იმიტომ, რომ იქ სხვა მიკროორგანიზმები დათრგუნოს. რადგან თვითონ მტაცებელია, ის არეალი, სადაც სხვებიც არიან, თავდასაცავად წარმოქმნის ამ ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ბრძოლაა იქაც, ანტაგონიზმია მიკროორგანიზმებში!
ინფექციური დაავადების დროს, _ მაგალითად, ეშერიხია კოლი ცხოვრობს ადამიანებისა და ცხოველების ნაწლავებში, მაგრამ მომრავლდა. საჭიროა მისი საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი. ჯერ უნდა განისაზღვროს, ნახველში რომელი ინფექციური საწყისია და მერე ინიშნება ანტიბიოტიკი. ამ ანტიბიოტიკს კი იღებ, მაგრამ ერთი, რომ არაკეთილსასურველად მოქმედებს სხვაზე, მეორეა ის, რომ მილიონს კი მოკლავს, მაგრამ ერთიც რომ გადარჩეს, ის უკვე მდგრადი იქნება ამ ანტიბიოტიკის მიმართ და იქნება დიარეა და უამრავი გართულება _ რეზისტენტული შტამი ჰქვია ასეთს.
კი, გაიკეთა ადამიანმა ოპერაცია, გაიკეთა ანტიბიოტიკი, სტერილურია ყველაფერი, ულტრაისფერი სხივებიც არის, მაგრამ, როცა, ვთქვათ, მუცელი გაიჭრება, ჭრილობაში ერთი გადარჩენილი რეზისტენტული შტამის მოხვედრა საკმარისია, იქ კი იდეალური პირობებია გასამრავლებლად: ტემპერატურა, ლიმფა და ა. შ. ანტიბიოტიკი უკვე აღარ შველის და ვითარდება პერიტონიტი. იგივე სისტემაა პირის ღრუშიც _ ასე ჩნდება კარიესი, ღრძილის ანთება და სხვა.
_ მე ისევ ობიან პურთან ვარ _ ის პენიცილინი ხომ ბუნებრივად წარმოქმნილია და ისიც ისეთივე ცუდია, როგორც სხვა ანტიბიოტიკები, „ქიმიას“ რომ ვუწოდებთ მთლიანობაში?
_ ახლა, როგორც ამბობენ, ატიბიოტიკების ხანა გავიდა. ყველაფერზე ნაირ-ნაირ ანტიბიოტიკს რომ უნიშნავდნენ _ მიკროორგანიზმს გენომი აქვს და ხდება მასში ცვლილება, მდგრადობას იძენს ანტიბიოტიკისადმი. როდესაც ექიმთან გაქვთ საქმე, ექიმმა აუცილებლად უნდა გკითხოთ, თუ ანტიბიოტიკთან ჰქონია თქვენს ორგნიზმს შეეხება, რომელი ანტიბიოტიკი იყო, რა დოზით, როდის და ა. შ. 
არის კიდევ ვირუსები, არაუჯრედოვანი სიცოცხლის ფორმა. არის ცნება „პარაზიტიზმი“, რომლებიც შედიან ორგანიზმში უჯრედს შლიან, მის შიგთავსს იყენებენ და მრავლდებიან. ინფექციური რაც არის, პარაზიტები არიან.
ადამიანი რომ ლაპარაკობს, 20-30 სანტიმეტრზე მიკროორგანიზმებით გაჯერებული უხილავი ორთქლი გამოდის _ თუ შენ დაავადებული ხარ, მოსაუბრის ცხვირში, პირის ღრუში ან თვალში ხვდება ინფექციური პარაზიტი შენგან და მოსაუბრეც ავადდება...
_ თვალის სითხე ხომ მომლაშოა და, ასეთ გარემოში როგორ ცოცხლობს...
_ არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი მათგანი ძლებს, ჰალოფილებია ესენი _ „ჰალოფილი“ ნიშნავს მარილის მოყვარულს; ზოგი _ გეიზერებში ცხოვრობს, ზოგი _ ყინულებში. დგება დედამიწაზე ექსტრემალური პირობები, რომლისთვისაც სიცოცხლის ფორმა მზად არის. მაგალითად, ზამთარში ბაიკალის სიღრმეში (არა მხოლოდ) თევზები იყინებიან, მაგრამ კი არ იხოცებიან, ყინული რომ დადნება, თევზებიც ცოცხლდებიან. სიცოცხლის ფორმა ნებისმიერი პირობისთვის ისე შეიქმნა, რომ მზად არის. მაგალითად, კუმისის ტბაში უამრავი მიკროორგანიზმებია _ ექსტრემალური მიკროორგანიზმები ჰქვია მათ; მაგალითად, ყველი ზოგჯერ წითლდება _ ესეც მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული, მაგრამ არ არის მაინცდამაინც პათოგენური.
სასარგებლო მიკროორგანიზმები მონაწილეობენ, მაგალითად, პურის ცხობაში _ საფუარი შლის სახამებელს გლუკოზამდე და ამ დროს წარმოიქმნება CO2 და აფუებს ცომს; ღვინო რომ დუღდება, იქაც იგივე ხდება, გლუკოზა გადადის სპირტში, გამოიყოფა CO2 და გამოიყოფა სითბო _ ხელი რომ ჩაყო, ღვინო თბილია. ამიტომ არის ნიადაგიც თბილი.
_ მარსს მივუბრუნდეთ _ წავიღეთ ყველაფერი, რას ვაპირებთ, ნელ-ნელა მარსზე დედამიწური ბუნების შექმნას?
_ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მარსზე შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მოყვანა. მაგალითად, ახლა მიფრინავენ კოსმონავტები და საკვებად მიაქვთ პასტასავით „საკვები“, ჩაისხამს პირში და დანაყრებულია. წლობით უნდა იყოს კოსმოსში, იქ რომ სათბურები იქნება, გადავა და მოწყვეტს რაც უნდა...
მარსის კოლონიზაცია უნდა მოხდეს, რადგან მოვა დრო და, დედამიწა დაიშლება. მარსი დედამიწასთან შედარებით ახალგაზრდაა. მარსზე აღმოაჩინეს ყინული, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის წყარო არის. ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, ისეთი მიკროორგანიზმები უნდა წავიყვანოთ აქედან, რომლებიც არაპათოგენური და არაპარაზიტია.
წარმოიდგინეთ განვითარების ხუთი სამეფო: უმარტივესები, რომლის საფუძველზე წარმოიქმნა სოკოები, შემდეგ მცენარე და ცხოვველები. ისენი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან კვებითი ჯაჭვით _ ერთი წარმოქმნის, მეორე ჭამს, ამ ჯაჭვიდან ერთი თუ ამოვარდა, მთლიანად მოისპობა სიცოცხლე. სიცოცხლე არის ის, რომ გარე უჯრედი გარე არესთან იმყოფება მუდმივ ნივთიერებათა ცვლაში _ ჩვენში შემოდის ნივთიერება, იშლება, სინთეზირდება და გადის.
ეს იგულისხმება რეინკარნაციაში _ ადამიანი გადადის ცხოველში ან მცენარეში და ეს ბუნებრივად ხდება. მიწაში ჩვენი ორგანიკის ნაწილი გადადის მცენარეში, ანუ არ იკარგება ადამიანი...
_ ჩვენც კარგი საჭმელი ვართ ნიადაგში...
_ ჩვენ განვევრცობით, ვთქვათ, ბაქტერიაში, მცენარეში, ბაყაყში და ა. შ. შეიძლება, იაროს, იაროს და ისევ, როგორც ვიყავით, ერთად მოიყაროს თავი. მაგალითად, ქრომოსომები _ სვანეთი ხომ ლოკალური მცირე ეთნოსია. ვთქვათ, საუკუნის წინათ, არსად გადიოდნენ, განყენებულად არსებობდნენ. ეს ქრომოსები დადიოდა ერთ ეთნოსში და უცბად, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილის ზუსტი ასლი ჩნდებოდა. ასეთი ინდივიდის შემეცნებაში ყოველთვის არის „აქ მე ნამყოფი ვარ!“
_ საინტერესოა, ასეთ ბუნებრივ კლონს ისეთივე მავნე ჩვევებიც ექნება, რაც შორეულ წინაპარს ჰქონდა? 
_ რა თქმა უნდა! 
_ ერთი შეკითხვა მაქვს: როგორც თქვენ წაიღებთ ლობიოს პლანეტა მარსზე, დათესავთ და გამრავლდება, ასე ხომ არ დაგვთესეს ადამიანები პლანეტა დედამიწაზე? _ ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია...
_ სავსებით შესაძლებელია! უკვე აფიქსირებენ გარკვეულ სიგნალებს, რომლებიც ლოგიკურია და პერმანენტულად განმეორებადი.
_ მასკმა რომ თქვა რომელიღაც სიგნალიზე შეშფოთებულმა, „ვფიქრობ, იმას შევეხე, რასაც არ უნდა შევხებოდიო“...
_ ზღაპრებში რომ გვაქვს ჯადოსნური სარკე, ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულები... რა არის ეს? _ ის, რომ ცივილიზაცია სპირალურად ვითარდება.
ახლა მიმდინარეობს გამალებული ამოტუმბვა გაზისა და ნავთობისა _ ნავთობი მიკროორგანიზმების ნახელავია _ საიდანაც ტუმბავენ, იქ რა რჩება? სიცარიელე!
მილიონი ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, შეიძლება, დიდი ხნის წინათ ჩამქრალია, მაგრამ დროში ჩვენ ახლა ვხედავთ ჩაქრობამდე არსებულს... ასე რომ, დედამიწა გამოიფიტება და შეწყვეტს არსებობას...
_ ჩემი ინტერესი მაქვს კოსმოსის მიმართ და მარსზე მინდა გკითხოთ: არავის გამოუთქვამს მოსაზრება მარსზე აღმოჩენლი არტეფაქტების შესახებ, რომლებიც შემთხვევითობას კი არა, გონიერი არსების ნამუშევარს ჰგავს? ან რაღაც ხვრელებსა და კარის მსგავს მოხაზულობაზე, მარსის ე. წ. კლდეებზე? ეჭვი გამიჩნდა, რომ მარსზე კი არა, მარსში ცხოვრობენ...
_ ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, მარსის ზედაპირზე იყო წყალი და ასე მიიღო რაღაც ფორმები... ან, მეტეორიტების ბომბარდირება ხდება და ასე იქმნება... სიცოცხლის ფორმა კი, რადგან იქ წყალი და ყინულია, მიკროორგანიზმების სახით იქნება და არის. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან აქედან იწყება დნმ-ის ფორმირება.
_ მოკლედ, ბატონო ზურაბ, გამოდის, რომ სიცოცხლის არსებული ფორმისთვის საჭირო მოლაპარაკე და მოაზროვნე მიკროორგანიზმების დიდი ხურჯინი ვართ, სხვა არაფერი...

ესაუბრა 
მაია ჭელიძე