დიპლომატია საომარმა მოქმედებებმა ჩაანაცვლა

დიპლომატია საომარმა მოქმედებებმა ჩაანაცვლა

ახალი ტენდენცია დამკვიდრდა დღეს მსოფლიო პოლიტიკაში – ვისაც ძალა აქვს, მათთვის ყველაფერი დასაშვებია. ცოტა ხნის წინათ დიდი ქვეყნები თავიანთ ეკონომიკურ მდგომარეობას სხვა, შედარებით სუსტი სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებდნენ, ახლა უკვე ღია სამხედრო მოქმედებებს, რეალურად კი ომის დაწყებას ვხედავთ.
სამწუხარო ფაქტია, რომ დიპლომატიამ თავისი უშუალო ფუნქცია დაკარგა – ის, რომ ქვეყნებმა წარმოქმნილი პრობლემები დიალოგისა და მოლაპარაკებების მეშვეობით მოაგვარონ, წარსულს ჩაბარდა. ამის ნათელი დადასტურებაა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სპარსეთის ყურეში განვითარებული მოვლენები. გასულ შაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივი შეიარაღებული შეტევა განახორციელეს ირანზე!
ერთი შეხედვით, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ისლამურ სახელმწიფოზე თავდასხმა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანელებს სამხედრო ოპერაციის დაწყებით. თუმცა, ბოლო მომენტამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აშშ-ისა და ირანის დიპლომატები; გაჩნდა იმედი, რომ შესაძლებელი გახდებოდა საომარი მოქმედებების თავიდან აცილება. იყვნენ ანალიტიკოსები, რომლებიც რეალურად აფასებდნენ შექმნილ სიტუაციას. გამოცემა „ბილდი“ ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში წერდა, რომ მოსალოდნელი იყო, აშშ-ს უახლოეს დღეებში დაეწყო სამხედრო ოპერაცია. საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა გაზეთს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა კირიაკუმ. როგორც იგი აცხადებდა, ტრამპის ადმინისტრაციაში განსხვავებული აზრი ჰქონდათ ირანზე შეტევასთან დაკავშირებით. კერძოდ, საომარი მოქმედებების დაწყებას ემხრობოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ნაციონალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ტულსი გაბარდი წინააღმდეგი იყვნენ.
მთავარი პრეტენზია, რაც აშშ-ს ირანის მიმართ აქვს, ბირთვული შეიარაღებაა. გამოცემა „ბლუმბერგი“ გასულ კვირას იუწყებოდა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-სა და ირანს შესთავაზა რამდენიმე ვარიანტი ბირთვული კრიზისის დასარეგულირებლად. ამის შესახებ განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. თუმცა, მისი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა.
გამოცემა „ფორიგნ პოლისი“ გასულ კვირას წერდა, რომ ტრამპი დიდი ალბათობით დაიწყებდა საომარ მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, ვიდრე რაიმე შეთანხმებას გააფორმებდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ თეთრი სახლის ლიდერი მოწადინებული არ არის, აწარმოოს ხანგრძლივი მოლაპარაკებები, იგი უპირატესობას ძალისმიერ მეთოდებს ანიჭებს.
გასულ კვირას კონგრესის წინაშე წარდგა დონალდ ტრამპი. მან თავის მოხსენებაში, ძირითადად, წარმატებებზე ისაუბრა. ფაქტობრივად, ტრაბახობდა. გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ირანის პრობლემებზე. “ჩვენ ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებას. ირანელებს სურთ ჩვენთან შეთანხმების გაფორმება, მაგრამ მათგან ჯადოსნური სიტყვები ვერ მოვისმინეთ: „ჩვენ არასოდეს გვექნება ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ტრამპმა.
დიახ, სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები. ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ნებისმიერი მოლაპარაკების პერიოდში საიდუმლოდ ინახავს დიალოგის დეტალებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირანი თანახმა იყო, უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე. ამის შესახებ განაცხადა ომანის მხარემ, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებაში. შეთანხმების გაფორმება 2 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ შაბათს აშშ-მა და ისრაელმა შეტევები დაიწყეს. სავარაუდოდ, აშშ-ის მთავარი მიზანი ირანში ხელისუფლების შეცვლაა, რის შემდეგაც მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ისლამური სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით – ნავთობი.
მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები მტკიცებით ფორმაში აცხადებდნენ, რომ აშშ ირანზე შეტევას დაიწყებდა, რამაც მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, შაბათს, დილის 9 საათზე, აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვეს. კონგრესის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დეტალურად გააცნო საკანონმდებლო ორგანოს ლიდერებს ირანზე მოსალოდნელი შეტევის გეგმები. მისივე თქმით, ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ყოველი ღონე იხმარეს დიპლომატიური უთანხმოების აღმოსაფხვრელად, თუმცა – უშედეგოდ.
ირანზე შეტევა დაიწყო და ახლო აღმოსავლეთი, ნებსით თუ უნებლიეთ, ომშია ჩართული. მართლაც მასშტაბური აღმოჩნდა ისლამურ სახელმწიფოზე შეტევა. ირანის დიდი ქალაქები ერთბაშად 200-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაბომბა, მათ შორის – დედაქალაქი თეირანი. ირანის სამხრეთით დაბომბილ გოგონათა სკოლას, წინასწარი მონაცემებით, 60 მოსწავლე ემსხვერპლა, დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.
საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ცოცხლები არიან. თუმცა, მოგვიანებით გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსმა” გაავრცელა ალი ხამენეის დანგრეული რეზიდენციის ფოტოები. მოგვიანებით ირანის მხარემ ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
მომხდარმა ისლამური ქვეყნების მოსახლეობა განარისხა. ერაყსა და სხვა ქვეყნებში იყო აშშ-ის დიპლომატიურ უწყებებში შეჭრის მცდელობა, რის აღსაკვეთად პოლიციას იარაღის გამოყენებაც კი დასჭირდა. შეტევის დაწყებამდე ცსს-მ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ალი ხამენეის ლიკვიდაცია აშშ-ისა და ისრაელისთვის არაფრისმომცემი იქნებოდა, რადგან მას მომხრეები ჩაანაცვლებენ.
რეგიონში ვითარება უკიდურესად მწვავეა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის მრჩეველმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენი ამოცანა – გვემუშავა აშშ-სთან და ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ირანია, რათა უზრუნველგვეყო რეგიონის სტაბილურობა, წარუმატებელი აღმოჩნდა“. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე შეტევა აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან საფრთხეს უქმნის რეგიონის მომავალსა და სტაბილურობას. თუმცა, მზადყოფნას გამოთქვამენ, ახლო აღმოსავლეთის დეესკალაციისთვის შუამავლის ფუნქცია შეასრულონ.
სამხედრო ოპერაციას დონალდ ტრამპი თვალს ფლორიდის რეზიდენციიდან ადევნებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ხელისუფლების სამთავრობო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში დაფრინავდა. იქაური პრესის ცნობით, შეტევის დაწყებისთანავე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და სხვა ჩინოვნიკები ბუნკერში ჩავიდნენ. ქვეყნის საავადმყოფოებში უმაღლესი დონის მზადყოფნა გამოცხადდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ირანის არმიამ საპასუხო იერიშები განახორციელა. ერთ-ერთი პირველი შეტევა ისრაელზე განხორციელდა, დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. მსხვერპლის შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ირანელებმა შეუტიეს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანა, საიდანაც შეტევა განხორციელდება, მათი ქვეყნისთვის კანონიერი სამიზნე იქნება.
დიდი ალბათობაა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მოუწოდებდა აშშ-ის ადმინისტრაციას, არ გამოეყენებინათ მისი ქვეყნის სამხედრო ბაზები. ორი დღის წინ ბრიტანეთმა არათუ ბაზები დაუთმო, თავადაც აპირებს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას. ბრიტანეთს, შესაძლოა, მხარი გერმანიამ და საფრანგეთმა აუბან.
არ გამართლდა ტრამპის ვარაუდი, რომ სამხედრო ოპერაციას მოკლე დროში დაასრულებდა. არ გაჭრა მისმა მოწოდებამ ირანის ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, იარაღი დაეყარათ და აშშ-ის ხელისუფლებას დანებებოდნენ. ახლა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამხედრო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, მინიმუმ, თვენახევარს გაიწელება.
უკვე უარყოფითი შედეგები გამოიღო ირანზე თავდასხმამ. იმის გარდა, რომ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მოკლევადიანმა შეტევამ უკვე ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ორმუზის სრუტე, რომელსაც ირანი აკონტროლებს და ნავთობგადაზიდვისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი არხია, გადაკეტილია. რეგიონში შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაძვირდა ნედლი ნავთობი. რაც მთავარია, ტრამპმა ომის დაწყებით მომხრეებიც აიმხედრა. ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა, რომელმაც “ბოროტი და საზიზღარი” უწოდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას, განაცხადა, რომ აღნიშნული ტრამპის მომავალზე უარყოფითად იმოქმედებს.
ბოლო ინფორმაციით, ისრაელის არმიამ საჰაერო შეტევა განახორციელა ლიბანზე. ერთბაშად ორ ფრონტზე მოქმედება რას მოუტანს ისრაელს, გაურკვეველია. დიდი ალბათობით, შესაძლოა, ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ კრახი განიცადოს, მიუხედავად იმისა, რომ ირანზე შეტევა და ლიბანზე თავდასხმა საკუთარი ინტერესებისთვის სურდა გამოეყენებინა. თუმცა, ვნახოთ...
სამწუხაროდ, „პანდორას ყუთი“ გახსნილია, რომლის დასახურად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. როგორი იქნება არამარტო რეგიონის, არამედ, საერთოდ, მსოფლიოს მომავალი, ბუნდოვანია.

გია ბურდული