ბრეჟნევობაზე ოცნებიდან სამედიცინო ექსპერტობამდე
რატომ ჩართეს ჟვანიას მკვლელობის საქმეში პათანატომები; რატომ გაურბიან სამედიცინო ექსპერტები პასუხისმგებლობას; როგორ აღმოჩნდა სამი წლის გარდაცვლილი ადამიანის სხეული გაუხრწნელი; როგორ აუხსნა მეუღლემ რვა მარტს სიყვარული, _ თავსგადახდენილ ამბებზე „საერთო გაზეთთან“ საუბარს, მაია ნიკოლეიშვილი განაგრძობს:
(დასასრული,
დასაწყისი იხ. „სგ“ N14.)
გვამის გაკვეთა კი არა, დაფარულის პოვნა მიყვარს
ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე მიყვარს. თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხარ, როგორ შეიძლება გვამის გაკვეთა გიყვარდეს, მაგრამ მე მიყვარს იმის პოვნა, ფიქრი, გააზრება, მიგნება, რაც ბევრისთვის დაფარულია. დეტალებში ჩაღრმავება და ერთიანი სურათის დადება, საინტერესოც არის და ტვინის საოცარი ვარჯიშიც. ეს ერთდროულად სასიამოვნოცაა და სასარგებლოც.
ლენინგრადში ბევრი რამ ვისწავლე. „შეფი“ _ ელენა ნიკოლაევნა მოსწავლეებს სულ გვეუბნებოდა: დაიმახსოვრეთ, სასექციოდან რომ გახვალთ და კარს მოიხურავთ, რაც აქ ნახეთ და გაიგონეთ, ყველაფერი აქვე უნდა დატოვოთო. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ამ სფეროში ბევრი საიდუმლოა და გარეთ არ უნდა გაიტანო, რაც დაუწერელი, პროფესიული კანონია. მეორე მხრივ, ის დარდი, სიმძიმე, რაც ამ მოვლენებს ახლავს, თან არ წაიღოთო. გვეუბნებოდა: გარეთ რომ გახვალთ, მზის სხივი, ბალახი, ღრუბელი, ცისფერი ცა, ბავშვის ღიმილი გიხაროდეთ. გარეთ სიცოცხლეა, იხარეთ და გიყვარდეთო.
ექსპერტი როგორც
ადამიანის ბედის
შემცვლელი
ხშირია შემთხვევები, როცა ჩემი დასკვნა გამოძიების მიმართულებას მთლიანად ცვლის. ეს გარკვეული აზარტია _ წარმოიდგინეთ, ადამიანის ბედს ცვლი _ რომ ვიცოდე, შედეგი არ დადგება, იმ საქმეს ხელს არც მოვკიდებ. ერთ-ერთ გახმაურებულ (გ.გ-ის) საქმეს გავიხსენებ, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საქმე მკვლელობას ეხებოდა. მე არასდროს ვარკვევ, ვინ იყო მკვლელი, ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ რა იარაღით განხორციელდა მკვლელობა, ეს უკვე ჩემი სფეროა. როცა ცალსახად ადგენ, რომ იარაღი, რომლის მიხედვითაც ბრალი დგინდება, სინამდვილეში, გამოყენებული არ ყოფილა, ბრალი მთლიანად იხსნება. როცა ადამიანი ბრალდებულია, ამ დროს დასტურდება, რომ დამნაშავე არ არის და სასამართლოდან თავისუფლდება, ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს. სწორედ ასე მოხდა კონკრეტულ შემთხვევაშიც.
ყველა საქმეს წინასწარ ვეცნობი. თუ გასაღები ვუპოვე, ამის დასასაბუთებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებ. თავად პროცესია საინტერესო _ შედეგს დიდი სიხარული მოაქვს, უშედეგობას კი _ გულისტკივილი.
გაექსპერტებული ექიმები
ერთ სამწუხარო ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: არსებობს ერთგვარი ცუდი პრაქტიკა, როცა ექსპერტიზაში სხვა სპეციალობის ადამიანებს რთავენ, რასაც კომპლექსურ ექსპერტიზას უწოდებენ. ვთქვათ, როგორც ეს ჟვანიას საქმეში მოხდა. სამედიცინო ექსპერტიზა სულ სხვაა და პათანატომია _ სხვა. ჟვანიას საქმეში პათანატომები ჩართეს. ადრე, კანონის თანახმად, ყველა დიპლომირებულ ექიმს, რადგან მას უმაღლესი სამედიცინო განათლება ჰქონდა და სასამართლო მედიცინას სწავლობდა, ექსპერტად იწვევდნენ და შემთხვევის ადგილს ათვალიერებინებდნენ. იგი, როგორც ექსპერტი, ვალდებული იყო, გამოძიებას დახმარებოდა, ოღონდ, ერთჯერადად. ახლა კანონი ნებისმიერი დარგის ექიმის გაექსპერტებას აღარ ითვალისწინებს. სამწუხაროდ, სამედიცინო ექსპერტიზის პრაქტიკაში, ათწლეულების განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზამდეც, პასუხისმგებლობის გადანაწილების მიზნით პათანატომებს იწვევდნენ. ამ დროს პათანატომი არაფერ შუაში იყო. მაგალითად, 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პათანატომების ჩართვა არ შეიძლებოდა, რადგან ისეთ შეკითხვებს უპასუხეს, რაც მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. ჟვანიას შემთხვევაშიც, პათანატომების მოწვევა, მართებული არ იყო, რადგან იქ რაიმე პათოლოგიას ადგილი არ ჰქონია, არამედ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო საჭირო.
პასუხისმგებლობის გადანაწილების მიზნით, პათანატომების უპრაგონოდ საქმეში ჩართვა სწორად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, მსგავსი ექსპერტული კომისიების შექმნა უპასუხისმგებლობაა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. სამხარაულში ექიმებს იწვევენ და ისინი აწერენ ხელს, როგორც ექსპერტები. მაგალითად, ექიმი ნეიროქირურგი ექსპერტი არ არის. ის სპეციალისტია, რაც კანონით გამიჯნულია, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება. სამწუხაროდ, როცა ექსპერტს, ქალა ტვინის ტრავმასთან დაკავშირებით, დაკითხვაზე იბარებენ, ის პასუხობს: მე არ ვიცი, ეს ნეიროქირურგმა იცისო. ნეიროქირურგობა საჭირო არაა იმისთვის, რომ სამედიცინო ექსპერტმა ქალა ტვინის ტრავმა იცოდეს. აბა, რა ექსპერტი ხარ, ეს თუ არ იცი?! შეიძლება სამი ნეიროქირურგი მოიწვიო და სამივეს სხვადასხვა ხედვა ჰქონდეს. გადაწყვეტილება ექსპერტმა უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, სამხარაულში დადგენილი წესია, რომ სპეციალისტის დაწერილ დასკვნას ითვალისწინებენ. საქმეში ხუთ-შვიდ სპეციალისტს ჩართავენ, რათა საბოლოოდ არაფერი გაირკვეს.
კი ბატონო, ექსპერტიზა ტექნიკური თვალსაზრისით წინ, მაგრამ ინტელექტუალურად _ უკან მიდის. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველი დამოუკიდებელი ექსპერტიზა საქართველოში იყო, რასაც დიდი წვალების, ომის შედეგად მივაღწიე. მაშინ რეფორმატორების გუნდი გვერდით დამიდგა და 1999 წლის საპროცესო კოდექსში ალტერნატიული ექსპერტიზა შევიდა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი გარღვევა იყო. დღეს ალტერნატიული, ანუ დამოუკიდებელი ექსპერტიზა მუშაობს, რითაც ბევრი განაჩენი შეიცვალა.
მონსტრი _ სახელად
სამხარაულის ექსპერტიზა
ექსპერტიზის სისტემა მოძველდა. ეს სფერო სერიოზულად გადასახედია, რადგან ბევრი რამ მოირყა, არასწორად ვითარდება. ამას საზოგადოება გრძნობს, ადვოკატებიც ხედავენ, რაც სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ასე ღიად ამ საკითხზე პირველად ვსაუბრობ. ამ სისტემის მუშაობას სერიოზული რევიზია სჭირდება, სამხარაულის ექსპერტიზას ვგულისხმობ, რომელიც სერიოზულ მონსტრად იქცა. პრაქტიკულად გარედან მისი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს. სხვათა შორის, როცა ეს სტრუქტურა იქმნებოდა, სწორედ მაშინ, ამერიკელებთან ერთად, ახალი სისტემის მოდელზე ვმუშაობდით. სქემები, რითიც დღეს სამხარაული მუშაობს, მაშინ იქმნებოდა, ვგულისხმობ თვითდაფინანსებაზე გადასვლას. 2002 წელს მივიჩნიე, რომ კერძო დაკვეთების მიღება და ნაწილობრივი დაფინანსება სწორი იქნებოდა და ამ სქემის შექმნა გავბედე, რის გამოც დიდი დარტყმა მივიღე. სამხარაულის ექსპერტიზა დღეს სწორედ ამ სქემით მუშაობს, ოღონდ გათვალისწინებული არ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი: ახალი სისტემის მოდელში, განსაზღვრული მქონდა ბორდი, რომელიც მაკონტროლებელი სათათბირო ორგანო იქნებოდა, რათა ხარისხი არ დაცემულიყო. დღეს პროფესიული კონტროლი არ არსებობს, ამიტომ ჩემს სპეციალობაში ხარისხმა იკლო. კი ბატონო, დნმ-ის ანალიზი ტარდება, აპარატურა თანამედროვეა, მაგრამ ამ სპეციალობაში, რომელიც დანაშაულის მიზეზის დადგენაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ხარისხის კუთხით სერიოზული ხარვეზები, დარღვევებია. ეს პრობლემა ხვალ-ზეგ უფრო მწვავედ დადგება.
ამიტომ ბორდი აუცილებლად უნდა არსებობდეს, სადაც შენი ტაშის მკვრელები კი არ უნდა გყავდეს, არამედ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, რათა მუნდირის ღირსებაზე იზრუნო. მუნდირის ღირსება შენიანის ყველაფრის ფასად დაცვას როდი გულისხმობს, არამედ იმას, რომ შენი სპეციალობა არ შეარცხვინო. დიახ, მუნდირის ღირსება ის არის, რომ თეთრი ხალათი არ შეარცხვინო, რაც ჩვენთან უკუღმა ესმით.
გაუხრწნელი სხეული
ახლა ისეთ უცნაურ ამბავს გიამბობთ, რაც ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა თანატოლი დანით მოკლა. გარდაცვლილი უკვე სამი წლის დაკრძალული იყო, მკვლელი კი სასჯელს იხდიდა. დამნაშავის ოჯახს ვიღაცამ შთააგონა, რომ მკვლელობის მომენტში იქ მეორე პირიც იმყოფებოდა, ვისაც ასევე დანა ჰქონდა. ოჯახი გვამის ექსგუმაციას ითხოვდა. სამი წლის მერე გვამს ისეთი ცვლილებები ექნებოდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა გარჩევა, რამდენი დანა იყო გამოყენებული. თანაც, გავიგე, რომ თავის დროზე ექსპერტისთვის პატივი უციათ, რათა გვამი მთლიანად არ გაეკვეთა, რაც დარღვევაა. დიახ, სამი წლის წინათ დაკრძალულის კანი ინფორმაციას არ მოგვცემდა, სამაგიეროდ, გამოჩნდებოდა, რომ გვამი სრულად გაკვეთილი არ არის, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი რჩებოდა და ბრალიც იკარგებოდა. მკვლელი ეგრევე ციხიდან გამოვიდოდა. მივხვდი, ვინც დამნაშავის ოჯახს ექსგუმაციის ჩატარება ურჩია, ბრალდებულის სასარგებლოდ ჭკვიანურად გათვალა. რეგიონში ჩავედი, ექსგუმაცია სასაფლაოზე უნდა ჩატარებულიყო, სადაც სპეციალური ადგილი იყო მომზადებული. გარდაცვლილი ბიჭის დედას ვთხოვე, აქ შედეგი არ იქნება და ნუ მაკეთებინებთ იმას, რომ ბრალდებული ციხიდან გამოვიდეს-მეთქი. პროკურატურასაც არ უნდოდა ექსგუმაციის ჩატარება, რადგან ბრალდებულის დამნაშავეობა ეჭვგარეშე იყო. ექსგუმაციის მერე, მომიწევდა დამედო დასკვნა, რომ სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია, რადგან სრული გაკვეთა არ გაკეთებულა და საქმე დაინგრეოდა. სასახლე რომ გახსნეს და სახეს შევხედე, საკმაო ლპობაში იყო წასული. მაგრამ სასწაული მოხდა, „დუბლიონკა“ რომ გახადეს, თხიერი სისხლი ავიღე _ სამი წლის გარდაცვლილის კანი ისეთი შენახული იყო, ორი დღის დაკრძალული გეგონებოდათ. საოცრება ის იყო, რომ თავი ლპობაში წასულიყო, სხეული კი აბსოლუტრად უხრწნელი იყო. არსებობს ორი მდგომარეობა, როცა გარკვეული თვისებები მეტ-ნაკლებად ინახება, ერთია _ მუმიფიცირება და მეორე _ გასაპნების რეაქცია. რაც მე ვნახე, არც ერთი იყო და არც მეორე. მესამე ვარიანტი კი, უბრალოდ, არ არსებობს და არც ლიტერატურაში არსად არის აღწერილი. იმდენად გავოცდი, ისიც კი ვიკითხე, წესი ვინ აუგო-მეთქი. გარდაცვლილს ორი დაზიანება ჰქონდა მიყენებული, მაგრამ ერთი დანით. რაც მთავარია, საქმე არ გაფუჭდა და დამნაშავე გარეთ არ გამოვიდა. მთელი ლიტერატურა გადავქექე და მსგავსი შემთხვევის აღწერა ვერსად ვნახე. ეს სასწაული იყო, ის რასაც მეცნიერულად ახსნა არ აქვს.
აქვე, კიდევ ერთ საქმეს გავიხსენებ, რომელიც წლების განმავლობაში პატიმრობაში მყოფ პირს ეხებოდა. ბათუმში მივდიოდი მატარებლით და ეს საქმე თან წავიღე. ბილეთი შეგნებულად მაგიდასთან ავიღე და საქმის კითხვას შევუდექი. უცებ საქმის ისეთ გასაღებს წავაწყდი, შოკი მივიღე. ვიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი და მეორედ წავიკითხე. განცდა იგივე იყო. ეს საქმე ბევრჯერ იყო განხილული და ვერ ვიჯერებდი, რომ მისი გასაღები ყველას გამოეპარა. ჩემი მიგნებით, საქმე ამოტრიალდა და ადამიანები გამართლდნენ. იმ საქმის შედეგი დღესაც მაძლიერებს. იმ აღმაფრენას, როცა საქმე ასე ამოტრიალდება და სერიოზულ შედეგს დადებ, ვერაფერი შეედრება.
მოულოდნელი ჯვრისწერა
ჯვარი უცნაურ ვითარებაში დავიწერე. 2002 წელს ერთ-ერთი პროექტის პარტნიორი ამერიკელები აეროპორტში გავაცილე და უკან რომ ვბრუნდებოდი, „იმედის“ ჟურნალისტმა დამირეკა (მაშინ საცდელი მაუწყებლობა იყო), თქვენი ჩაწერა გვინდაო. 8 მარტი იყო და დანიშნულების ადგილზე თანამშრომელი ბიჭების ნაჩუქარი ყვავილებით მივედი. ჟურნალისტმა მკითხა: 8 მარტს თქვენთვის სიყვარული თუ აუხსნიათო. უცებ სერიოზულად დავფიქრდი და ვუპასუხე: არა-მეთქი. ეს ამბავი ბიჭებსაც მოვუყევი. სამსახურში რომ მიმიყვანეს, მომაძახეს: ახლა დარაჯი თუ აგიხსნის სიყვარულს, აბა, სხვა მანდ არავინააო. ჟურნალისტის შეკითხვა გულში ჩამრჩა და მეუღლეს დავურეკე, რომელიც სამსახურში, პროკურატურაში იმყოფებოდა. მას ჯვრის დაწერა ყოველთვის ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ გვიხერხდებოდა. მიპასუხა თუU არა, მაშინვე მივახალე: ჯვრის დაწერა ხომ გინდოდა, ხოდა, ან დღეს დავიწერთ, ან არასდროსთქო. მოკლედ, ულტიმატუმი წავუყენე. სამსახურში თანამშრომელი ბიჭიც იმყოფებოდა, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობდა. მას გამოვუცხადე, ჩემი მეჯვარე უნდა იყო-მეთქი. ჯვრის დაწერა სვეტიცხოველში გადავწყვიტეთ. მძღოლს ფული მივეცი და „კალიცოების“ საყიდლად გავგზავნე. ამასობაში ღამდება. ტელეფონი მიჯდებოდა და სადაც დარეკვა მოვასწარი, ყველას ვუთხარი, ჯვარს ვიწერ და მცხეთაში წამოდით-მეთქი. ახლობელი მღვდლის მოსაყვანად გაიქცა. ტაძარში პირდაპირ სამსახურის ფორმაში ჩაცმული შევედი. გაგეცინებათ, მაგრამ ჯვრისწერის დროს, თავზე ამერიკის დროშის გამოსახულებიანი თავსაფარი მეხურა, რომელიც სუვენირის სახით ამერიკელებმა მაჩუქეს და უჯრაში მედო. ჯვარი რომ დაგვწერეს, სვეტიცხოველში უკვე ბნელოდა და ეკლესიაში მხოლოდ კანდელები ენთო. ჩაბნელებულ სვეტიცხოველში ჯვრისწერა უცნაურად რომანტიკული იყო. ასე რომ, იმ საღამოს სიყვარული ამიხსნეს _ ჯვრისწერა ხომ სიყვარულის ახსნაზე მეტია. მეუღლე ამბობდა, ამ ხნის კაცი ვარ და ასეთს არაფერს მოვსწრებივარო. ასე დავიწერეთ ჯვარი, ექსპრომტად და აუხსნელი სიყვარულის გამო გულისწყვეტაც არ დამრჩა.
ექსპერტობით
გაძლიერებული რწმენა
მართმადიდებელი ვარ, მაგრამ რწმენაში ჩემი პროფესიის წყალობით გავძლიერდი. მამა, მიუხედავად კომუნისტური პარტიის წევრობისა, მორწმუნე იყო. ასაკში კი ღრმად მორწმუნე გახდა. ეს ხაზი ტრადიციულად მომყვებოდა. მამის დედაც განსაკუთრებით მორწმუნე ყოფილა. დედას კი, ჩვეულებრივი კომუნისტური ეპოქის მშობლები ჰყავდა. ბებიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მდგომარეობიდან რომ გამოვიდა, უკითხავს: პარტიის საწევრო თუ გადაიხადეთო. ასე რომ, მართმადიდებელი კი ვიყავი, მაგრამ ამის სულით, სხეულით გათავისება ჩემმა სპეციალობამ შემაძლებინა.
ჩემმა სპეციალობამ თვალსაწიერი გამიფართოვა _ კომუნისტურ ეპოქაში დაბადებული ადამიანი დამარწმუნა, რომ სიკვდილი ბოლო წერტილი არ არის. სწორედ ამიტომ ავირჩევდი ამ პროფესიას თავიდან, რომ მან არამარტო მედიცინა შემასწავლა, არამედ რწმენაშიც გამაძლიერა და საგნების სხვაგვარად დანახვის უნარიც მომცა.
თამარ შველიძე

