აშშ ნატო-დან გასვლას არ გამორიცხავს

აშშ ნატო-დან გასვლას არ გამორიცხავს

მწვავე და გაურკვეველი ვითარებაა კვლავ მსოფლიოში. სპარსეთის ყურეში, მართალია, ფართომასშტაბიანი ბრძოლები ჯერჯერობით აღარ მიმდინარეობს, მაგრამ შედარებით მცირე შეტაკებები ყოველდღიურობად იქცა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზოგიერთი პოლიტიკოსი შიშობს, რომ არსებობს რეგიონში ომის განახლების საფრთხე, რაც მსოფლიოს კარგს არაფერს მოუტანს.
აშშ-ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ბევრს საუბრობენ, შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაზვერვის თანამშრომლებთან დახურული თათბირი გამართა, სადაც ირანთან შეთანხმების პერსპექტივები განიხილეს. „ირანი უნდა დათანხმდეს და ვალდებულება აიღოს იმაზე, რომ ქვეყანას არასოდეს ექნება ბირთვული შეიარაღება, მით უფრო – ბომბები. ორმუზის სრუტეში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას და აღდგეს ნაოსნობა ორივე მიმართულებით, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. საზღვაო ნაღმები განადგურდება“, – დაწერა პრეზიდენტმა სოცქსელებში თათბირის დაწყებამდე. იქვე მიუთითა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით თათბირის შემდეგ მიიღებენ.
გასულ კვირას გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა, რომ აშშ-ირანს შორის დაძაბულმა ვითარებამ, შესაძლოა, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესი ახლო აღმოსავლეთში. „ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ სამშაბათს საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია, რამაც, შესაძლოა, ჩაშალოს ისედაც მყიფე დიპლომატიური ძალისხმევა“, – წერია მასალაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას აშშ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. იქვე დაამატეს, რომ თეირანი ვაშინგტონის მსგავს ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. მოგვიანებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სამეთაურო შტაბში დაადასტურეს, რომ მათ შეტევა განახორციელეს ირანის სარაკეტო დანადგარებსა და კატერებზე. სწორედ ეს გახდა ახალი დაძაბულობის მიზეზი.
გასულ კვირას ირანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ შეტევა განახორციელეს აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე. თავდაპირველად არ გაჟღერებულა, რომელი ქვეყნის ტერიტორიას დაარტყეს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეტევა კატარში არსებულ სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. ირანელების განცხადებით, მათ ასე უპასუხეს აეროპორტ ბენდერ-აბასზე განხორციელებულ შეტევას. იქვე განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგისთვის ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო და თუ აგრესიის მცდელობას ექნება ადგილი, პასუხი გაცილებით ძლიერი იქნება.
სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის დამტკიცების ფინალურ სტადიაშია. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმების ტექსტი უკვე მომზადებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. სააგენტოს მონაცემებით, შეთანხმების საკვანძო საკითხად დასახელებულია დაყადაღებული ირანული აქტივების (12 მლნ ამერიკული დოლარი) განბლოკვა. მასალაში ნათქვამია, რომ ვიდრე აღნიშნულ თანხას არ აუნაზღაურებენ, თეირანი მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე არ წავა. ირანელები, ასევე, ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ განიხილავს ირანი ბირთვული პროგრამის საკითხს.
„საბოლოო შეთანხმების მიღწევა აშშ-სა და ირანს შორის ვაშინგტონის პოზიციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ ომანელ კოლეგასთან, ბადრ ალ-ბუსაიდისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ტრამპის განცხადებით, საკვანძო საკითხებზე – ბირთვულ პროგრამასა და ორმუზის სრუტის გახსნაზე – გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან პუნქტებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. თუმცა ორი დღის წინ თეთრი სახლიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ირანელებს ახალი მოთხოვნები წაუყენა. კონკრეტული დეტალები არ გასაჯაროებულა.
პორტალ „აქსიოსის“ ინფორმაციით, აშშ-ირანის მომლაპარაკებლებმა წამოაყენეს პროექტი 60-დღიან ზავზე და ახლა თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ირანელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ისრაელმა უპირობოდ შეწყვიტოს ლიბანზე შეტევები, თუმცა თელ-ავივი ამ პირობის შესრულებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ისრაელი ყოველმხრივ ცდილობს, ჩაშალოს აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ისრაელი თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს ლიბანზე შეტევებს და იპყრობს ტერიტორიებს. მსოფლიო პოლიტიკური თანამეგობრობის პროტესტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არაფრად მიიჩნევს.
ოფიციალური სამთავრობო ვიზიტები მსოფლიოში, მოგეხსენებათ, იშვიათობა არ არის, თუმცა გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყაზახეთში ვიზიტს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. მასპინძლების მოთხოვნით, რუსეთის ლიდერმა სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა. კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და პუტინმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს, შემდგომ კი დელეგაციებმა 16 ხელშეკრულება გააფორმეს.
მთავარი მოვლენა ყაზახეთში „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ სამიტი იყო. გაერთიანების წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. როგორც ცნობილია, სომხეთს გადაწყვეტილი აქვს ევროკავშირში გაწევრიანება, ამასთან, სურს დსთ-სა და „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ დარჩენაც გარკვეულ დრომდე. თუმცა მათ ამ გადაწყვეტილებას ამ გაერთიანებების ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით რუსეთი, არ ეთანხმება. რუსეთმა უკვე აკრძალა სომხეთიდან სხვადასხვა პროდუქციის შეტანა, ჩამონათვალში 30 დასახელებაა. „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ სამთავრობო სამიტზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია: „ვიზიარებთ მოკლე დროში სომხეთში რეფერენდუმის ჩატარების იდეას, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება თუ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩება“. ასტანაში შეთანხმდნენ, რომ ევრაზიის სამთავრობო კავშირი სომხეთთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში, რუსეთში მიიღებს.
ურთიერთობა აშშ-სა და ევროპას შორის საკმაოდ არასახარბიელოა. გერმანული ჟურნალ „შპიგელის“ ინფორმაციით, ვაშინგტონში გეგმავენ, მნიშვნელოვნად შეამცირონ ნატოში შენატანები. გამოცემის თანახმად, აშშ-ს გამიზნული აქვს, ფინანსური რესურსების გარდა, მნიშვნელოვნად შეამციროს სამხედრო რესურსები, ავიაციისა და სამხედრო გემების ჩათვლით.
„შპიგელი“ იუწყება, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება გაზრდის ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელთა პრობლემებს, რომლებიც მათ ისედაც თავზე საყრელი აქვთ. თუმცა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 1 აპრილს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ალიანსიდან აშშ-ის გასვლას. იგი განაწყენდა, როდესაც მოკავშირე ქვეყნებმა უარი უთხრეს ირანთან ომში დახმარებაზე. პენტაგონმა უკვე დაიწყო ევროპაში განთავსებული ჯარების გაყვანა-როტაციისთვის მზადება.
საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება გერმანიის ფინანსური მდგომარეობა. ექსპერტ-პოლიტოლოგები ქვეყნის ეკონომიკურად დასუსტებას ხელისუფლების ცუდ მუშაობას უკავშირებენ. ისინი უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი არაფერს აკეთებს გერმანელი მეწარმეების მხარდასაჭერად, მთავარ პრიორიტეტად კი უკრაინის დახმარება აქცია. საერთოდაც, მერცის რეიტინგი ქვეყანაში მხოლოდ 16%-ია. ამიტომ თანაპარტიელები მის შემცვლელს ეძებენ.
მართალია, ჯერჯერობით მსოფლიოში შედარებითი სიმშვიდეა (უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოკლებით), მაგრამ მოდუნების უფლება არავის აქვს, რადგან როდის და სად „გავარდება თოფი“, არავინ უწყის. ჩვენ მაინც შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და საკუთარ ქვეყანაზე ვიფიქროთ.

გია ბურდული