რატომ ვითრევთ ფეხს
აუცილებელი შესავალი – დიდხანს მეც არ მესმოდა ბევრი რამ (შესაძლოა, არც ახლა მესმის), ამიტომ მუდმივად ვემდუროდი ან ვუკიჟინებდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ დალაპარაკებოდა რუსეთს, ან, ბოლო-ბოლო, ნეიტრალიტეტის შესახებ მაინც ამოეღო ხმა. სერგეი ლავროვიდან დაწყებული, მარია ზახაროვათი დამთავრებული, სათავეში პუტინით, ნართაულები, მით უმეტეს, ღიად ნათქვამი, კარგად მესმის, მაგრამ აპრილის დასაწყისიდან სხვანაირად დავიწყე ფიქრების გადაწყობა.
აპრილის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ 1992-93 წლების ომის დროს აფხაზებმა გააძევეს ქართველი და ბერძენი მოსახლეობა, შესაბამისად, მთელი ქართველი სამღვდელოება წავიდა. სოხუმში მხოლოდ ერთი სასულიერო პირი დარჩა, ბესარიონ აპლია, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ნაკურთხია და იგი დღემდე საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური კლერიკოსია, მიუხედავად მისი ანტიქართული რიტორიკისა. მას ეჭვიც არ აქვს, რომ ეს აუცილებლობის ხარკია – აფხაზეთში რთულია არსებობა ისე, რომ საქართველო არ დაწყევლო. მისივე თქმით, რუსეთის ეკლესია პატივს სცემს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებს და პოლიტიკური საზღვრების ცვლილება არ ნიშნავს საეკლესიო საზღვრების ცვლილებას. თუმცა, რადგან აფხაზები არ შეუშვებენ ქართველ მღვდლებს, მოსკოვის საპატრიარქო სხვადასხვა რუსული ეპარქიის შტატგარეშე კლერიკოსებს გზავნის აფხაზეთში.
„აფხაზების ოფიციალური რიტორიკა ასეთია, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დამოუკიდებელი ეკლესია უნდა გვქონდეს, რადგან ვითომ ოდესღაც აფხაზეთის საკათალიკოსო არსებობდა. თუმცა ამ ტერმინში გაუგებრობაა, ვის უწოდებენ აფხაზს? აფხაზები, რომლებსაც საკათალიკოსო ჰქონდათ, არ არიან იგივე აფხაზები, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ. დღეს აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები, უფრო ზუსტად, ადიღეელები არიან, რომლებიც გვიან დასახლდნენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც IV საუკუნეში აქ ტაძრები ააშენა, სამხრეთისკენ წავიდა. აფხაზეთში არის IV საუკუნის ტაძრები, რომლებიც ამ აფხაზების აშენებული არ არის. IV საუკუნეში აფხაზებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იყო ქრისტიანობა. აქ მცხოვრებ ხალხსაც აფხაზებს უწოდებდნენ, მაგრამ სხვა აფხაზები იყვნენ. მოკლედ, ორი განსხვავებული ხალხი ერთსა და იმავე სახელს იყენებს,“ - განაცხადა მან.
სწორედ „ადიღეელებად“ მოხსენიება გახდა აფხაზების აღშფოთებისა მიზეზი. სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ საჩივარი უნდა გაიგზავნოს მოსკოვის პატრიარქთან და თუკი პატრიარქი კირილი არ დაგმობს დეკანოზს, რუსი მღვდლებიც უნდა გაყარონ. ასევეა „აღშფოთებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც“, დეკანოზი „ხელოვნურად ამკვიდრებს აფხაზი ხალხის აგრესორის იმიჯსო“.
„სამინისტრო“ ასევე დამამცირებელს უწოდებს აფხაზი ხალხის ეთნოგენეზზე იაკიმჩუკის შეფასებებს და მიაჩნიათ, რომ დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი ავრცელებს დამახინჯებულ ნარატივებს, რაც იმეორებს საქართველოს ეკლესიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიტორიკას. ვრცელი გამოხმაურება ჰქონდა აფხაზეთის არაღიარებული ეკლესიის საბჭოსაც.
აფხაზეთის დე ფაქტო კანონში „მოქალაქეობის შესახებ“ წერია, რომ აფხაზეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ყველა აფხაზი და ფრჩხილებში წერია „აბაზა“. დღევანდელი აფხაზები არიან აბაზები, XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ჩერქეზულ-ადიღეური ტომი. ვინც იქ აღშფოთებულია, ყველამ იცის, მისი შორეული წინაპარი საიდან არის.
წლების წინათ, რუსმა მღვდელმა და პროფესორმა ანდრეი კურაევმა, რომელიც დღეს განდევნილია რუსული ეკლესიიდან, იგივე განაცხადა, დღევანდელი აფხაზები აფსუები არიანო. თუმცა კურაევი რიგითი მღვდელი იყო, ახლა კი იგივე მოვისმინეთ რუსეთის ეკლესიის ოფიციალური პირისგან – რუსეთის ეკლესიაში იციან რეალური ვითარება და ასე საჯაროდ რომ ითქვა, ამან შემაგულიანა.
უამრავი წყაროა, რომლებიც ზუსტად აღწერენ საუკუნეების წინანდელ სურათს, მაგრამ აფხაზები განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ, როცა მსგავს განცხადებებს რუსები აკეთებენ.
ამ მხრივ რაც მაინტერესებს, ის არის, რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ასე დეტალურად შემთხვევით არ იტყოდა, რადგან ეს უბრალოდ განცხადება არ არის. საინტერესოა, რას უკავშირდება, რატომ „გაახსენდათ“ მაინცდამაინც ახლა, რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზური თემის, ერთი შეხედვით, „პროქართული“ კუთხით გაშუქება, შესაძლოა, ეს გათვლილი ყოფილიყო საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ანტირუსული განწყობების შესამცირებლად? ან, უბრალოდ, კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსკენ გადმოდგმული?
ფაქტია, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქოს საზღვრებში აღიარებს აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც...
პოლიტიკა ისეთი რამ არის, რასაც არც ცანცარი უყვარს და არც უადგილოდ გაჯიქება...
ჩემმა მეგობარმა თქვა და ორი ხელით დავეთანხმე: ერთ რამეზე დავფიქრდეთ! რუსეთს რომ მოენდომებინა, დღეს აფხაზეთი ასეთი იქნებოდა? – ჩაიდებოდა დიდი კერძო ინვესტუციები და გადაიქცეოდა უდიდეს ტურისტულ-დასასვენებელ ადგილად! ისედაც წალკოტია და სამოთხე იქნებოდა შავ ზღვაზე მთით, ბარითა თუ ზღვის სანაპიროთი. ფაქტია, რომ არაფერი გაუკეთებია! ისიც ფაქტია, რომ „ზემოდან“ ნებართვის გარეშე ვერც კერძო სექტორმა გაბედა! ხომ არ უნდა დავფიქრდეთ, რატომ?
ჩვენი ახალი პატრიარქი მოლოცვაში მოხსენიებულია ისევ ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტოროლიტად! პოლიტიკაში ეშმაკიც და ანგელოზიც დეტალებშიაო.
როგორ არ დავთანხმებოდი?
ვიფიქრე, ვიფიქრე და უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე – საქართველოს ერთიანი სხეულის ნაწილები, „კერძი“ აფხაზეთი და „ჩაროზად“ სამაჩაბლო, რუსეთს რომ მხოლოდ სავაჭროდ უნდოდა, ცხადი იყო და ცხადია, მაგრამ მოხდა რუსეთისთვის გაუთვალისწინებელი რამ – არავინ ევაჭრება!
ცოტას მეც წავინართაულებ – მიყვარს თქმა, ძროხას ისევე სჭირდება ბალახი, როგორც ბალახს ძროხა-მეთქი, მაგრამ ვერ იგებენ, რას ვამბობ, – ეს მათი პრობლემაა, ბუნებაში კი გარდაუვალი აუცილებლობაა ბალახისა და ძროხის თანაცხოვრება. კი, ძროხა ჭამს ბალახს და ზოგჯერ ბალახიც სასიკვდილოდ ვნებს ძროხას, მაგრამ ერთმანეთი სჭირდებათ.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვაგვარად იყო საქმე. რამდენადაც ის ცეტი და უპროგნოზო იყო, ასევე აღიქმებოდა მისი ხელისუფლებაც. ამდენად, რუსეთს ასეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობა სრულებით არ აინტერესებდა, მხოლოდ ყურადღებით იყო, რომ რამე არ გამოჰპარვოდა. საქართველოს გამო რომ რუსეთი და კრებსითი დასავლეთი ერთმანეთს არ შეასკდებოდნენ, 2008 წლის აგვისტოში დავრწმუნდით, დანარჩენი კი მხოლოდ დროის ამბავი იყო.
მოხდა რუსეთისთვის გაუთვალისწინებელი რამ – დრომ კი განაგრძო მდინარება, მაგრამ არა მის სასარგებლოდ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მას ხელში შერჩა მხოლოდ მის „ჯიბეზე“ ჩამოკიდებული აფხაზეთი, სამაჩაბლო და ოკუპანტის სახელი. პუტინის ხელისუფლება პრესტიჟის გამო ვერც უკან იხევს და ვეღარც წინ მიდის. რა თქმა უნდა, როგორც ტრამპის მაგალითზე ვხედავთ, შეუძლებელი არაფერია, პოლიტიკაში დღეს ერთს იტყვი და გააკეთებ, ხვალ მეორეს და უკანვე წაიღებ ნათქვამს თუ ჩანადენს, მაგრამ ყველა ტრამპი ხომ არ არის. ჰოდა, ვფიქრობ, პუტინი და მისი ხელისუფლება ისეთ ტექნიკურ გამოსავალს ქსოვს და ქარგავს, ობობას შეშურდება – ის თუ ვერ მოასწრებს, მისი მემკვიდრე ისეთს გააკეთებს, მსოფლიოს თვალში პუტინის პრესტიჟი არ დაეცემა.
მეუბნებიან, ფანტაზიორი ხარ, პუტინმა რომ უკან დაიხიოს, ამით მსოფლიო პრეცედენტი შეიქმნებაო, ან სად გინახავს, ომით წართმეული მოლაპარაკებით, მშვიდობიანად დაებრუნებინოს ვინმეს, – ომით წართმეული ომით ბრუნდებაო.
ფანტაზიორი კი არა, ისტორია მაინტერესებდა, ვსწავლობდი და, ამ ფრაზის ამკვიატებლებს ახლავე დავაკვალიანებ!
ეს ისტორიაა, ანტიკური ხანიდან 21-ე საუკუნის ჩათვლით, რომელიც ჩემი შეთხზული ვერ იქნება:
1. ძველი რომი და პართია: რანდეას ხელშეკრულება (ახ. წ. 63 წ.)
58-63 წლების რომაულ-პართიული ომი სომხეთზე კონტროლისთვის მიმდინარეობდა. ომი რომისთვის კატასტროფულად განვითარდა – პართიელებმა გაანადგურეს რომაული ლეგიონები. იმპერატორმა ნერონმა მოლაპარაკება არჩია: რანდეას ხელშეკრულებით, რომმა ოკუპირებული სომხური ციხესიმაგრეები დატოვა, თუმცა შეინარჩუნა სომხეთის მეფის კანდიდატურის წარდგენის უფლება.
2. შუა საუკუნეების საფრანგეთი: რეისვეიკის ზავი (1697 წ.)
ცხრაწლიანი ომის (1688-1697 წწ.) შემდეგ საფრანგეთის მეფე ლუი XIV დათანხმდა რეისვეიკის ზავს. ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთმა 1678 წლის შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიები უკან დააბრუნა, მათ შორის, ფრაიბურგი, ბრაიზახი და ფილიპსბურგი, თუმცა სტრასბურგი შეინარჩუნა.
3. ბრიტანეთის იმპერია: პარიზის ზავი (1783 წ.)
ამერიკის რევოლუციური ომის დასასრულს ბრიტანეთმა აღიარა აშშ-ის დამოუკიდებლობა. პარიზის ზავმა 13 კოლონია სრულად გაათავისუფლა.
4. საფრანგეთი: ალჟირის დეკოლონიზაცია – ევიანის შეთანხმება (1962 წ.)
5. საბჭოთა კავშირი: ბორნჰოლმის კუნძული (1946 წ.)
1946 წელს, საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგად, სტალინი დათანხმდა ჯარების გაყვანას იმ პირობით, რომ დანია კუნძულზე უცხოურ სამხედრო ძალებს არ განათავსებდა.
6. ბრიტანეთი: ჩაგოსის კუნძულები (2024 წ.)
2024 წლის ოქტომბერში ბრიტანეთმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია მავრიკთან.
ეს მაგალითები აჩვენებს, რომ მოლაპარაკებით ტერიტორიის დაბრუნება რამდენიმე ფაქტორის არსებობას მოითხოვს. ამ ჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმე ან რამდენიმე ერთდროულად მაინც უნდა იყოს:
სამხედრო/პოლიტიკური ჩიხი – ომის გაგრძელება ორივე მხარისთვის წამგებიანია;
საერთაშორისო ზეწოლა – მესამე მხარეების ჩართულობა;
სტრატეგიული ინტერესი – ურთიერთობის ნორმალიზება, ეკონომიკური სარგებელი;
შიდა პოლიტიკური ცვლილებები – იმპერიის საგარეო კურსის რადიკალური ცვლილება.
შენიშვნა: 1967 წლის შემდეგ ისრაელ-არაბული კონფლიქტიც „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, ისევე, როგორც 1979 წლის ისრაელ-ეგვიპტის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც ისრაელმა სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტეს დაუბრუნა, სწორედ ამ პრინციპის თანამედროვე გამოხატულებაა.
აბა, შევხედოთ, ჩამოთვლილთაგან რუსეთ-საქართველოს გაშეშებულ მდგომარეობას არაფერი ესადაგება? – მთავარია, ნება იყოს!
ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ისეთ გონივრულ პოლიტიკას აწარმოებს, რომ პარადოქსულიც კი არის, – ბეწვის ხიდზე ისე გადის, რომ წონას იმატებს, ხოლო ბეწვი, გაწყდომის ნაცვლად, მსხვილდება.
საქართველომ ისე ლამაზად შეასრულა თავისი „პარტია“, რომ მასთან „წყვილში ცეკვა“ სასურველი გახდა და უფროდაუფრო იმატებს პარტნიორობის მსურველთა რიცხვი. საქართველოს კრებსითმა თავმა, როგორც ჭადრაკის დიდოსტატმა, რამდენიმე სვლით ადრე კარგად გათვალა, რომ დამპალი ვაშლი ტოტზე დიდხანს ვერ შერჩებოდა.
ქაოსი ყოველთვის შობს წესრიგს და აი, ბოლო კუდების მოქნევაა, რადგან დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგისთვის გადაწყობა, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნებს შორის გრძელვადიანი კეთილმეგობრული ურთიერთობები და არა მოკლევადიანი ძალადობები. მავანთა გასაოცრად, ისეთი ლავირებებით შეძლო საქართველომ აღმასვლა, როგორც მთის ქართულ კი არა, ქართველ წიწნკლებიან კალმახს შეეფერება – საქართველო ხდება ამ ეტაპზე თითქმის უალტერნატივო დერეფანი, კვანძი, ინფრასტრუქტურა, რომლის გარეშე არ მუშაობს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“, და პერსპექტივაში, არც „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მარშრუტები.
ვეხვეწებოდით კრებსით დასავლეთს, მიგვიღეთ თანასწორადო და აბუჩად გვიგდებდნენ. ჰოდა, რაღა დაგვრჩენოდა, შემოვიბრუნეთ ქუდი აღმოსავლეთისკენ. ამაზეც დაგვცინოდნენ, წასასვლელი არავისთან აქვთ, ევროპაში კარს არ უღებენ და ვიღაცას ხომ უნდა დაელაპარაკონო. ჩემი ხედვით, დღევანდელი აღმოსავლეთის ქვეყნები ეკონომიკურ ასპექტებზე არიან ორიენტირებულები და არა დაპყრობით ომებზე, შესაბამისად, მათი გათვლები ყოველთვის პრაგმატულია.
ჩვენის მხრივ, ვიცით, რომ ძალით ვერავის მოვერევით, ამიტომ რა იარაღიც გვაქვს, იმით უნდა ვიყოთ ძლიერები, ასეთი კი, თვით ღვთისმშობელმა მოგვცა – ორზღვაშუა ტერიტორია ევროპისა და აზიის გზაგასაყართან...
ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთის ეკლესიის ოფიციალური პირს, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკს შემთხვევით და ისე, სასხვათაშორისოდ, არაფერი უთქვამს. ახალი და გასაოცარი არაფერი მოვისმინე, მაგრამ რატომღაც „ოვერტონის ფანჯრის“ ერთ-ერთ ეტაპად მივიღე.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, – ვფიქრობ, რომ ორივე „ფრონტს“ ერთსა და იმავეს ეუბნება, იმ განსხვავებით, რომ „ცოფიან ბრიუსელს“ ელაპარაკება და ფაქტობრივად, დიპლომატიურად დასცინის, ხოლო რუსეთთან „დუმილის უფლებას იყენებს.“ ვფიქრობ, ეს უკეთესია, ზოგჯერ დუმილი თანხმობის ნიშანია, თუმცა, ზოგჯერ სიჯიუტისაც...
მიკვირს და გამკვირვებია – ასე სათაყვანებელი დასავლური მეგობრობა ლამაზი ბუშტი როგორ აღმოჩნდა, საძულველი რუსული ოკუპაცია კი – ჩიხური სინანული...
ვნახოთ, რა და როგორ მოხდება, ამას არცთუ შორეული მომავალი გვიჩვენებს, ჩვენ არსად გვეჩქარება, რადგან, როგორც ჩვენი ბრძენი წინაპრები იტყოდნენ, – მოჩქარეს მოუგვიანდესო...
მაია ჭელიძე

