ამერიკული ფოკუზ-მოკუზები ბატონი ბიძინას წინააღმდეგ
ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნამდვილად ღირსეული პასუხი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე იმდენჯერ განმეორდა, რომ მე აღარ გავიმეორებ, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ასეთი დასაბუთებული, მარტივი ენითა და მრავალტომეულის ლაკონურად ნათქვამით ყველა საღად მოაზროვნე ქართველი კმაყოფილია.
სწორედაც რომ ასე უნდა იყოს, შანტაჟის ენის გარეშე, თანასწორად და პატიოსანი სვლებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი ყოველთვის მოხარული იქნება, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნამდვილად დაწყებაში და აღარც სამშობლოს მოყვარული საქართველოს მოქალაქეები გავხედავთ ეჭვით აშშ-ის საელჩოს საქართველოში.
იდეალურად სუფთა ფრაზა იყო „პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია!
ხელოვნურია ფრაზა „ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა“, რადგან არანაირი ურთიერთობა არ ყოფილა აშშ-სა და საქართველოს შორის გარდა პატრონ-ყმობისა, ასეთ დამოკიდებულებას კი ურთიერთობა არ ჰქვია, ეს „ცალმხრივი მოძრაობაა.“
სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს მოქალაქეების ორმა კატეგორიამ _ სამშობლოს დარაჯებმა და უსამშობლოებმა, ალილუიაზე უკეთ ვიცით საქართველოში ამერიკის ელჩების ვინაობა, მაგრამ „რატომღაც“ მხოლოდ 2002 წლიდან დღემდე, არადა, აშშ-ის საელჩო ჩვენთან 1992 წელს გაიხსნა.
ეს ლოგიკურია, რადგან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს ზუსტად ერთი წლის წინათ ერთ-ერთ ბრიფინგზე თავად წამოსცდა თუ უტიფრად დააზუსტა: ბევრს არ სჯერა, როდესაც ვამბობთ, რომ ამერიკამ უარი განაცხადა საქართველოში დემოკრატიულად არჩეულ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან დიპლომატიურ თანამშრომლობაზე და მათ მხარი დაუჭირეს და ითანამშრომლეს იარაღით მოსულ კრიმინალურ ბანდასთანო. მან აღიარა და დააზუსტა, საქართველოს 1992 წლიდან და არა 1991 წლიდან ვეხმარებითო.
1992 წლის 9 სექტემბრიდან, რიჩარდ მაილზამდე, 2002 წლის 13 მაისამდე საქართველოში აშშ-ის სამი ელჩი იყო, მათი გვარ-სახელები ვინმეს ახსოვს? არ ახსოვს, რადგან ყველა ერთნაირი ყურფიჩორა ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა, ვინ დაგვამხო თავზე ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, მაშინაც რუსეთის გარდა, ვერავის ვხედავდით მტრად...
1993 წლის აგვისტოში გაიხსნა საქართველოს საელჩო აშშ-ში, _ ყველა კი არა, იმ პირველი ელჩის ვინაობა მაინც თუ ახსოვს ვინმეს? პირველი კი არა, ბოლო ვინ იყო, ისიც არ ვიცით... რატომ? იმიტომ, რომ ანგარიშში ჩასაგდებს არაფერს წარმოვადგენთ ამერიკისთვის...
„ვარდების ჭირის რევოლუციის“ დროისთვის იმდენად მცირე ნაწილს გვქონდა გახსნილი გონება, ვერ გადავძალეთ ძილბურანში მყოფები... ახლა კი გავიღვიძეთ და გამოვიხშირეთ, ერთ მხარეს ჩვენ ვართ, მეორე მხარეს _ უსამშობლოები, მაგრამ მაინც გაბითურებულები დავრჩით _ სანამ ღრმა ძილით გვეძინა, სამშობლო ისე ავად გაგვხდომია, სულზე მიგვისწრია...
საქართველო ჩვენთვის სამშობლოა, უსამშობლოებისთვის სამუშაო ადგილი, გადამთიელი ამერიკელისთვის და არა მხოლოდ ამერიკელისთვის _ ბუფერული ტერიტორია, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ დეკორაციაა. ამიტომ არის ახლა ჯაჯგური, რომ საქართველო პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და კვლავ მიიძინოს, რადგან უდროო დროს გაღვიძებულმა აიტეხა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც არჩეული პრეზიდენტიც ჰყავს, კონსტიტუციაც აქვს, არჩეული პარლამენტიც ჰყავს და სულაც, რეალურად არსებობს.
კაცმა რომ თქვას, განა გასაკვირია და მათი მხრიდან ასე არ უნდა იყოს? როდესაც მათი მითითებით კონსტიტუციაშიც სამარცხვინო ჩანაწერები გაქვს, შენი ქვეყანა დანგრეულია, დაწყებული განათლების სისტემიდან _ დამთავრებული ეკონომიკით და დღემდე ვერ გითქვამს „არა!“ შენი ქვეყნის გამაუბედურებელ ვალდებულებებზე, ასეც უნდა იყოს!
დიახ, არ ჩათვლის ამ შემთხვევაში კონკრეტულად აშშ-ის ელჩი ვინმე რობინ დანიგანი, ზოგადად კი კრებსითი დანიგანები, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა!
ის, რაც ხელისუფლების ცალკეული მაღალი რანგის პირებისგან ვიცით მოკლედ და ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან შედარებით ვრცლად გავიგეთ, ეს ხომ ზღვაში წვეთია;
ის, რაც ხმად არის გამოსული, მაგრამ კომენტარი არც არავის მოუთხოვია და არც თავად განუმარტავთ, ვთქვათ, ირაკლი კობახიძეს ან ირაკლი ღარიბაშვილს, ამდენად, „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ ჰქვია.
და კიდევ, ცალკეული მინიშნებები, რაც მოგვისმენია, ერთი მთლიანობაა, რასაც უპატივცემულობა ჰქვია და დიპლომატია კი არა, უხეში ჩარევების ღია მცდელობებია _ საქართველო კი არა, შენ ხარ არავინ! მოიქეცი ისე, როგორც მე მინდა! _ ამის თქმაა.
საქართველოს მოქალაქეებს უმარტივესი შეკითხვა გვაქვს და საჯაროდ გვიპასუხოს მან, ვისაც ამგვარი საკითხების თქმის ვალდებულება აქვს: როგორც ვიცით, აშშ-ის საელჩოს საქართველოში ყოვლად გაუმართლებლად 350 შეიარაღებული თანამშრომელი ჰყავს, რომელთაც ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ. ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება თუ არა? და თუ სიმართლეა, გვიპასუხონ, რატომ, რის საფუძველზე, რა უფლებით?
ჩვენ, ხალხმა, მხოლოდ იმდენი ვიცით, რამდენსაც ვხედავთ, მაგრამ არ ვიცით, მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, რა პროცესებია „შიგნით“ და რა სახის ზეწოლებია. რაც ვიცით, ისიც მხოლოდ ახლაღა ითქმება წვეთ-წვეთად, ახლაღა იკვეთება რაღაცები ღიად და ვხვდებით, რატომაც გამოჩდნენ „უნიათოებად“, რატომ მოგვახვიეს თავზე კოაბიტაცია, ციხეში სასჯელის მოხდის ნაცვლად, რატომ კოტრიალობს მანიაკი სააკაშვილი კლინიკაში, რატომ ვერ ეხებიან ცალკეულ პირებს და ა. შ. მაგრამ როდისმე ესეც ხომ უნდა დასრულდეს?
ტრამპმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია ხედვისა, რომ განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. გაგვიხარდა ჩვენ და ელდა ეცათ უსამშობლოებს. დავრჩებოდით ამ მოცემულობაში აშშ-ის ელჩს რომ მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილი არ მიეხმო თავისთან _ ვინ ეახლა, თორემ კი... კიდევ ერთხელ დარჩა გაოგნებული და არა მხოლოდ რობინ დანიგანი...
რაღაცნაირები ვართ, იქითაც და აქეთაც _ ამერიკის ადმინისტრაციამ ვერ გაიგო, რომ მრავალთაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სამშობლოს მკაცრი, პრინციპული და პირდაპირი ჯარისკაცია, ხოლო ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ვიღაცების გამარჯობა-გაგიმარჯოზე სიხარულისგან ბნედა არ უნდა დავიმართოთ და ცრუ მოლოდინებით არ უნდა ვიკვებოთ, არც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს და არც არაფერი ჩავიხვიოთ ლენტად. უმარტივესი დასახსომებელი ჭეშმარიტებაა _ პოლიტიკა ყოველთვის ბინძური საქმე იქნება, როდესაც მას ბინძური ადამიანები აკეთებენ...
ტრამპი პოლიტიკოსი არ არის, წარმატებული ბიზნესმენია და იდეალურად ესმის ბიზნესის ენა. შესაბამისად, სულაც არ ფუთავს თავის ბიზნესსურვილებსა და ბიზნესინტერესებს, პრეზიდენტად მოსვლის დღიდან, ფაქტობრივად, ვაჭრობს ყველა მისთვის საინტერესო ობიექტთან. ამჯერად მისი სახელმწიფოს ბიზნესინტერესებისთვის ომში მყოფი ქვეყანაც არ დაინდო, ის გაუბედურებული უკრაინა, მისმა სახელმწიფოს რომ ატეხა საომრად, ხოლო ვინც მშვიდობაშია ამ ეტაპზე მაინც, არც მათ დააკლო ხელი, სულ ცენტებში დაუანგარიშა ყველაფერი. ისეთ დღეში ჩააგდო ევროელიტისგან ძირგამომპალი ევროპა, საღი აზროვნების უნარი დააკარგვინა...
ასეთ მოცემულობაში ჩვენც ძლიერი ბიზნესწარმომადგენელი გვყავს და ვნახოთ, რა მოხდება _ რაც ხდება, იმას კი ვხედავთ.
მე რომ ასეთი მაღალი რანგის ბიზნესმენთან მიწევდეს ურთიერთობა, ბიზნესლედის დაყენებული ღიმილით ნართაულგაშვებით მივუჭიკჭიკებდი: „ძვირფასო დონალდ, ძველი ბერძნებისა არ იყოს, მართლა ცხრა მთა და ცხრა ზღვა რომ გადმოულახავს შენი სახელმწიფოს ექსპედიციას ჩემი საქართველოს გამო, მაშასადამე, ძალიან დიდი ინტერესი გასჩენია _ საქმიანი ადამიანები ვართ, დროის ყადრი ვიცით, რა სახით და რამდენს გადაიხდით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გადატვირთვაში? ორივემ კარგად ვიცით, ჩემო დონალდ, რომ არ ვართ თანაბარ მდგომარეობაში. აქ ჩემი სამშობლოა, სხვა სამშობლო არ მაქვს, არსაიდან მოსული არ ვარ. ვინაიდან ჩემი სამშობლოს ინტერესი გაქვთ, მე კი სტუმართმოყვარესთან ერთად, საღად მოაზროვნე ვარ, ღიად ვისაუბროთ, _ რა ურთიერთსარგებლის გაღვივება შეგვიძლია, ან სულაც, ღირს თუ არა ჩვენი საუბრის გაგრძელება?“
თუ ტრამპი გამიპროტესტებდა, აბა, ტყუილად ვიზარალე, ამხელა ექსპედიცია რომ ვაპორწიალე ამდენი წელიაო? _ ისე მისხალ-მისხალ დავუთვლიდი მისი ექსპედიციისგან მოყენებულ ჩემს ზარალს და იმას, რაც მისმა ექსპედიციამ საქართველოსგან იხეირა 1992 წლიდან, რომ კალკულატორს გადაყლაპავდა. სულ რომ არაფერი, ექსპედიციების დამგეგმავებს 33 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის საჯიშე ბიჭების სიცოცხლის ისეთი საპირწონე ვალი აქვს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ვერაფრით გადაიხდება... ვალი, რომელიც არც იქვითება...
თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანივით აშშ-ისთვის ერთი-ერთზე იგივე სათქმელი გვაქვს: მებრძოდით, ყველა ხერხს მიმართავდით, რომ თქვენს ხელისბიჭებს გაემარჯვათ და ახლა მილოცავთ? შეეგუეთ იმ რეალობას, რასაც ქართველი ხალხი ირჩევს! ჩემი სამშობლო განაგრძობს სვლას დამოუკიდებლობისა და მშვიდობისკენ. ჩემს სამშობლოში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა _ შეეგუეთ ამ რეალობას! ჩემს სამშობლოში ვერც ლგბტ დღის წესრიგს დაამყარებთ და ვერც თქვენ მიერ შემოთავაზებულ კანონებს გვიკარნახებთ! საქართველო დიდი ხანია, რაც ვერ ცხოვრობდა საკუთარი დღის წესრიგით, მაგრამ ახლა იცხოვრებს და განაგრძობს ცხვრებას მხოლოდ მშვიდობითა და ღირსებით!
დავიღალეთ ამერიკული ფოკუზ-მოკუზებით!
მხოლოდ ჩვენ კი არა, მსოფლიო დაიღალა!
მრავალჯერ ვთქვი, ცრუ მოლოდინებით არ უნდა ვიკვებოთ-მეთქი _ აშშ არასდროს ყოფილა ვინმეს მეგობარი და დიდი ეჭვი მაქვს, ვერც ვერასდროს გახდება. დღემდე ისე იყო, რომ მას მხოლოდ დაქვემდებარებულები ჰყავდა და ვინც არ ექვემდებარებოდა, ავტომატურად ეწერებოდა მტრის რიგებში და ტრამპი გადააკეთებს ამ ამოტვიფრულ ხაზს?
დღემდე ასე იყო და როგორც დღეს ვხედავთ, კვლავ ასეა _ აშშ-ს ესმის მხოლოდ ძალის ენა, _ დიპლომატია მისთვის უცხო ცნებაა.
აშშ დღემდე იყო ის სახელმწიფო, რომელსაც ის მდიდარი და გავლენიანი ელიტები მართავდნენ, რომელსაც ადგილზე „დიფ-სთეითი“ ჰქვია, ჩვენთან კი „გლობალური ომის პარტია“ დაარქვეს.
ვინმეს სურს, რომ დამარწმუნოს ისეთ აბსურდში, როგორიც არის ტრამპის ბრძოლა დიფ-სთეითთან?
ან იმაში, რომ რესპუბლიკური პარტია სხვა არის და დემოკრატიული _ სხვა? რომ ორივე პარტია ერთი მედლის ორი მხარე არ არის?
დიფ-სთეითმა მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში და მას ებრძვის ტრამპი?
ნახევრად ნათქვამი სიმართლე ისეთივე შემაწუხებელია, როგორიც დაუსრულებელი ტყუილი!
დიფ-სთეითმა რამხელა და სადამდეც გადაწყვიტა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გავაკება, მხოლოდ იქამდე გაივაკებს და აქ, კავკასიაში, საქართველოში, თავს რატომ ვიტყუებთ? შეხედულებათა თანხვედრა ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან კი არ გვაქვს, არამედ, დიფ-სთეითის ახალი გეგმა არის ჩვენს შეხედულებებთან თანხვედრაში. დატესტეს მსოფლიო ბევრ რამეზე და გადააწყვეს აქცენტები და მიდგომები, თან ძველების ახლით შეცვლის უცვლელი პროცესი მსოფლიოს ფეხისხმას აყოლილ პროგრესს მოითხოვს _ სულ ეს არის.
მსოფლიო ასპარეზზე, ერთის მხრივ „მკვდრეთით აღმდგარი“ ძლიერი რუსეთი და ძლიერი ჩინეთი გამოვიდნენ, მეორეს მხრივ სხვადასხვა ანტიდასავლური კავშირები შეიქმნა და დოლარს, აშშ-ის მთავარ შემადგენელს საფრთხე დაემუქრა _ სხვა გამოსავალი აღარ იყო, „დიფ-სთეითი“ უნდა გადაწყობილიყო...
ე. წ. გლობალისტები არსად წასულან, სადაც იყვნენ და რა საქმიანობასაც ეწეოდნენ, იგივეს განაგრძობენ. დოლარი, ფარატინა ქაღალდი, რომლის უკან არაფერი დგას, არაფერი ამყარებს და თავი-ბოლო 3 ცენტი ჯდება, ისევ ისე იბეჭდება და ისევ ისე ბრიყვდება მსოფლიო;
არცერთ დიფსთეითელს და მათ კლუბს არ შეხებია ტრამპის მიერ წამოწყებული „გაკულაკება“, არცკი გასაჯაროებულა ფარული კლუბების საქმიანობები, შეკრებების მიზანი და ა. შ. ასე რომ, აშშ-ის მხრიდან მსოფლიოსთვის სასიკეთო რევოლუციურ პროცესებზე სიტყვის დასველებაც კი სიტყვის დამსველებლის თავის მოკატუნებაზე, ან სრულ სიბრიყვეზე მეტყველებს. ელონ მასკი შემეცოდასავით, ისე ჩუმად წავიდა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის, -ის უფროსის თანამდებობიდან, რომ თვალიც ვეღარ შევავლეთ, არადა, მართლა მუშაობდა, მართლა წაართვა დიფ-სთეითს „საკვები ღიობი“ და, რა მიიღო სანაცვლოდ, თავდასხმები, შევიწროება, ბიზნესდანაკარგები და, შესაძლოა, სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემაც...
ჰო, აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელი კიდევ ერთხელ მოირგო ტრამპმა, მაგრამ რა, აშშ-ის პრეზიდენტის დიფ-სთეითთან ბრძოლა ისეთივე ფარსია, როგორიც ლიბერალების გაკონსერვატორება.
დაუსრულებელია ამერიკული ფოკუზ-მოკუზები!
მაისის დასაწყისში ტრამპმა „ისტორიული სიტყვა“ თქვა, რომლის ფარგლებში მკვეთრად გააკრიტიკა წინამორბედი პრეზიდენტების ქმედებები ახლო აღმოსავლეთში _ საბოლოო ჯამში, ე. წ. ერის მშენებლებმა გაცილებით მეტი ერი დაანგრიეს, ვიდრე ააშენეს და ინტერვენციებში ერეოდნენ რთულ საზოგადოებებში მაშინ, როდესაც საკუთარი თავისაც კი არ ესმოდათო.
როდესაც გასულ კვირაში ვენსმა საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს მიმართა, პირობა დადო, რომ აღარ იქნება გაურკვეველი მისიები და დაუსრულებელი კონფლიქტები, რომ აშშ დაუბრუნდება რეალიზმზე დაფუძნებულ სტრატეგიას, რომელიც აშშ-ის ძირითად ეროვნულ ინტერესებს დაიცავს;
ყურის გახედვნაზე გადავიდნენ, ჯერ ამერიკელი ერი ვინ გაიგონა, და შემდეგ _ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რომელი დიფ-სტეითის გამანადგურებელი და მშვიდობის მტრედები არიან, როცა დიფსტეიტელთა გამოცხადებულ სამშობლოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ჟუჟავენ და ჟუჟავენ საბრალო პალესტინელებს;
ბრმა და ბრიყვი ვინ ჰგონიათ _ რელიგიურ წარმომადგენლებში იუდაისტს მისცა პირველი სიტყვა და პრეზიდენტის ფიცის დადებისას ბიბლიას ხელი არ დაადო;
კარგი, სიმბოლური ნათქვამი იყო, 24 საათში დავასრულებ უკრაინაში ომსო, მაგრამ რეალურად, მიწისქვეშა ძვირფასეულობაზე დაუდო უკრაინას ხელი და რუსეთს ღიად უპაჭუნებს თვალს;
სათქმელი თქვა, _ კანადა, პანამის არხი და გრენლანდია მინდაო _ სურვილის ასრულებამდე ერთი ნაბიჯი დაიტოვა, ჯერ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები აქვს.
ასე რომ, საქართველოსთვის უალტერნატივოა გონზე ბოლომდე მოსვლა და რეალობისთვის თვალის გასწორება!
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ, მაგრამ სანამ გარე ძალების დიქტატისგან არ გათავისუფლდება საქართველო, ჩემთვის, მრავლობითი ქართველისთვის, საქართველო დამოუკიდებელი არ არის!..
ცხოვრებაში, როდესაც ვინმეს ვიღაც ემუქრება და ეს ვინმე იტყვის, ვინ ემუქრება და რატომ, დანაშაული ვეღარ დგება _ პირადი ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრება, ზოგადად, ცხოვრებისგან რამ გაყო? შიში რომ სიკვდილისგან არავის გვიხსნის, ესეც ხომ ვიცით...
ისეთი რყევა-რყევით გავდივართ უკიდეგანო უფსკრულის თავზე ალესილი სამართებლის პირზე, რომ ხშირად საკუთარი წარმოსახვის შედეგი მგონია _ რას ვართ გადარჩენილები და კიდევ რამდენჯერ უნდა გადავურჩეთ, არადა, იმხელა რწმენა მაქვს გადარჩენისა, არ მეშინია...
აი, სწორედ ამიტომ, არც მეუხერხულება მადლობის გადახდა იმ „ერთი კაცისთვის“, რომელმაც შეძლო და საძირკველს უყრის ნამდვილად დამოუკიდებელ საქართველოს...
შენიშვნებისა და უკმაყოფილების მეტი სათქმელი რა მაქვს, მაგრამ ვდუმვარ, _ წლობით დანგრეული ერთ დღეში რანაირად უნდა ააშენოს ვინმემ?
დრაკონების სისხლის სმა თუ ჩვევაში გადაგივიდა, შენ თვითონ იქცევი დრაკონად... დრაკონების მოკვლით დრაკონებს ამოწყვეტ, მაგრამ ქვეყნის შენებას მხოლოდ დრაკონების ამოწყვეტა არ შველის _ ქვეყნის მაშენებლებს კი მაინც ვერ ვხედავ... სანამ ინდუსტრიალიზაცია ნულზეა, ქვეყანა არ აშენდება!..
კარგად მახსოვს, ე. წ. 90-იანებში შეკითხვები რომ მებადებოდა, ჩვენს ქართულ პროდუქციაზე, ვთქვათ, შოკოლადზე, მპასუხობდნენ, რომ ვალდებულება გვქონდა აღებული რაღაც ქვეყნების წინაშე და ამიტომ უნდა გაგვეუქმებინა დიდუბეში მდებარე ჩვენი უგემრიელესი და უმაღლესი ხარისხის მწარმოებელი შოკოლადის კომბინატი _ ასეთ პასუხს ვიღებდი ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებდით. ასე დაიჭრა და ჯართად გაიყიდა დაფეხვილ თურქეთში ჩვენი ფაბრიკა-ქარხნები. დღეს ჩვენ ვართ დაფეხვილები და იმავე თურქეთიდან ვეზიდებით ყველაფერს _ ამას ვინ გამოასწორებს და როდის?
რისი მაქნისია ამდენი უმეცარი დიპლომიანი?
ახლობლის უცხოელი მეუღლე პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში და თბილისის ქუჩებში გაიარა, პირველი შეკითხვა ეს დაებადა: რა სნეულებაა საქართველოში გავრცელებულიო? _ გადაირია კაცი ყოველ ნაბიჯზე ამდენი აფთიაქის დანახვით. მოსახერხებელია, უცბად რომ დაგჭირდეს წამალი, საძებარი არ გექნებაო, ავუხსენით. ბაზარ-ბაზრობებმა დააინტერესა, ესენი ფერმერები არიანო? რომ ავუხსენით, გადამყიდველები არიანო, გაოცდა, ამდენი უსაქმურიაო? მერე ტელეგადაცემებმა გააოცა _ ენა არ ესმოდა, მაგრამ რომ ჩამოაიარა არხები და ყველგან გაბრაზებულები ყვიროდნენ, ან მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მთლად გაოცდა, ღამის თბილისმა კი საბოლოოოდ დასცა. წასვლისას ხელებგაშლილი დაგვემშვიდობა, ასეთი უცნაური ქვეყანა ჯერ არ მინახავს, არავინ არ მუშაობს, რადგან, როგორც ჩანს, ავად არიან, მაგრამ ჭამა-სმას არ იკლებენ, თან ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, მაგრამ ბოლოს ერთად მღერიანო. ის ვეღარ თქვა, საკითხავია, ნორმალურები თუ ხართო?
ახლა მე მაინტერესებს: თუ მართლა ნორმალურები ვართ, რატომ გვინდა ამერიკული ფოკუზ-მოკუზების განრიგით ცხოვრება?
გაიხედეთ გარეთ, გათენდა, ყველაფერი თვალნათლივ ჩანს _ დაანონსებულ ე. წ. „სამშვიდობო მემორანდუმში“ პირადად პუტინის მოთხოვნით სამი ძირითადი პირობაა ჩამატებული, რომელთაგან მესამე პუნქტი ჩვენც გვეხება, _ „ასევე, უნდა დადასტურდეს საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვას ნეიტრალური სტატუსი.“ მისი სამი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პუტინის გადაწყვეტილება მკაფიოა _ მსოფლიოს დაანახებს რუსეთის უპირატესობას, სამხედრო გზით უკრაინის საკითხის გადაწყვეტა როგორ ხდება.
ამ გახსენებაზე, საქართველოს კონსტიტუციაში როდემდე დარჩება ის სამარცხვინო მუხლი, რომლის მიხედვითაც, რაღაც ფარჩაკ სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენი ცხოვრების არსი და მიზანია?
ნეტავ, ის გამაგებინა, ვის უნდა ვთხოვოთ, რომ ამერიკული ფოკუზ-მოკუზების 30-წლიანი იძულებითი ყლაპვა შეგვიწყვიტოს?
მაია ჭელიძე

