12 ივლისი თამაზ წივწივაძის გარდაცვალების დღეა
ქრისტე აღდგა, დედა!
ძვირფასო მკითხველო, არ მოგერიდები!..
ეს უკვე მერამდენე აღდგომაა, სამზარეულო ოთახში მოფუსფუსე დედას ვეღარ ვეხმიანები:
„ქრისტე აღდგა, დედა!..“
არადა, რაღას არ გავიღებდი, თუნდაც ერთხელ რომ გამაგონა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ხმა:
„ჭეშმარიტად, შვილო!..“
დარწმუნებული ვარ, ვინც ყოველ აღდგომას, აწ უკვე ჩემსავით, დედის გარეშე ხვდება, „ის მწუხარებას ჩემსას გაიგებს“ და აღარც ის გაუკვირდება, საკუთარ უბედურებაზე ამდენი ხნის შემდეგაც ბავშვივით რომ მოვთქვამ!..
სადა ხარ, დე-დაა!..
ბოდიშს ვიხდი, კეთილო მკითხველო, ამ სოლიდურ გაზეთში მეზობლის ღობეს მომდგარი ბიჭივით ხმამაღლა რომ ვყვირი!
არადა, ჩვევა მქონდა ასეთი, შინიდან გასულ დედას ყოველთვის ასე მივძახოდი!
ამ ბოლო დროს კი, ნეტა, სად წავიდა ისეთ ადგილას, გამწარებული შვილის ხმაც რომ აღარ ესმის!
როგორც ჩანს, ჩემი საწყალი დედა კი არ დაყრუვდა, თვითონ სამარის მიწა და სამარის ქვაა ასე უგრძნობი!..
ესეც ნამდვილად ვიცი, მონატრებულ დედასთან შეხვედრას, ჩემი სიკვდილის გარდა, აღარაფერი უშველის!
მე ამისთვისაც მზად ვარ, უფალო, და ახლა მხოლოდ მიქელ-გაბრიელის გამოძახებას ველოდები!
მეტი რა ვქნა, აღარ ვიცი _ ქრისტიანი კაცი თავს ვერ მოვიკლავ, ისე კი ამ ბოლო დროს იმ ობოლი ბიჭივით ვიქცევი, სიკვდილმა რომ ჩამოიარა და ის წინ გადაუდგა:
„სიკვდილო, მე წამიყვანე, სიცოცხლე მომეწყინაო!..“
„ვერ წამოვალ, ფეხები მტკივა!..“
ის ერთი კვირა, განსაკუთრებით ბოლო ორი დღე, დედა სიკვდილს ჩემს თვალწინ ებრძოდა!
ასე უმწეო და ასე საცოდავი ჩემი თავი მე ჯერ არ მახსოვს _ ვხედავდი, სიკვდილი მშობელს როგორ მართმევდა და ვერაფერს ვშველოდი!
არა! ამის ახსნას აზრი არა აქვს!
ვისაც ეს არ გამოუცდია, იმას ვერაფერს შევასმენ!
ხოლო, ვისაც ეს უბედურება განცდილი აქვს, ჩემი ახსნა არაფერში სჭირდება!..
ის დალოცვილი კიდევ, ჩვენს უმწეობას რომ ხედავდა, შვილებს აქეთ გვამშვიდებდა:
_ დედა, ახლა თქვენ დიდები ხართ და ჩემი სიკვდილის აღარ უნდა შეგეშინდეთო...
ამასაც ჩვენს გასამხნევებლად ამბობდა, თორემ საწყალს სიკვდილის თავადაც რომ შინებია, იმ ღამესვე გაირკვა!
ნათლად გავიგონე, ძილში ვიღაცას _ალბათ, მიქელ-გაბრიელს _ ტირილით რომ ეხვეწებოდა: ვერ წამოვალ, ფეხები მტკივაო...
დილით, როცა ხუმრობა ვცადეთ და ეს ამბავი შევახსენეთ, გვითხრა:
_ არა, დედა, ჩემი ხნის ქალისთვის რაღა დროს სიკვდილის შიშია, თუ იქ წასვლაზე ვინმეს ვუძალიანდებოდი, მხოლოდ იმიტომ, თქვენთან ყოფნა რომ მინდაო...
„შვილო, შუბლი გაქვს ცხელი!..“
ვისაც ახსოვს, იმ სიმღერის ტექსტში, სადაც ეს ფრაზა წერია, ასეთი სტრიქონებიც არის:
ისე არ გავა ღამე,
რომ არ დამხედოს დედამ,
შვილო, შუბლი გაქვს ცხელი,
რა გემართება, ნეტავ!..
არადა, მთელი ცხოვრებაც ასეა: „დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა...“
გარდაცვალების შემდეგ კი ჯერ ღამე არ გასულა, დედას არ დავეხედე!
სიზმარში მოდის, შუბლს მინახავს, თავს გაუფრთხილდიო, მეტყვის და, როგორც სიცოცხლეში, მამამ რომ არ უსაყვედუროს, ამდენ ხანს სად იყავიო, მალე მიდის!
ერთხელ როგორღაც მეც მოვიფიქრე და ვკითხე: დედა, შენ თვითონ როგორ ხარ-მეთქი!
„ვერ ვარ, შვილო, კარგად, ფეხები მტკივა“-ო.
ამის გაგონება და ჩემი გადარევაც ერთი ყოფილა! საწოლშიც ვეღარავინ მაკავებდა და ხმამაღლა ვყვიროდი:
„ღმერთო, მიშველე! დედა საფლავშიც ავად მყოლია“-მეთქი!
რა დაგიშავე ასეთი, ღმერთო!
ვიცი, ღმერთო, ცოდვილი ვარ და ვინანიებ!
მშია და ვითმენ!
მცივა და ვითმენ!
მოთმინების ფიალა ამევსო და _ მაინც ვითმენ!..
ერთადერთი, რაც დღეს, ამ გაუსაძლის ყოფაში, თავზესაყრელად გვაქვს _ ეს ჰაერია!
ამიტომ მწყდება გული, ღმერთო, ასეთი რა დაგიშავე, ჰაერის უკმარისობით დედა რომ მომიკალი!..
აპრილი მოსულა, დედა!
შენ ეს თვე იმიტომ გიყვარდა, შინ და გარეთ ყველაფერი რომ იღვიძებდა!
ქვა რომ ქვაა, თუ ამ დრომდე კვირტი არ გამოისხა, გამხმარად ჩათვალეთო, _ ბევრჯერ გითქვამს ჩვენთვის!
ახლაც აპრილია და ირგვლივ ყველაფერს კვირტი გამოუსხამს!
წელს ისე მოხდა, რიყეზე ქვებიც ჰყვავიან!
არადა, ეს რა გვიქენი, დედა, ან ეს როგორ დაგემართა, შენ გარდა ყველამ რომ გაიღვიძა!
„მოხვედი, შვილო!“
დედა საფლავში რომ ჩავასვენეთ, მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა და ვიფიქრე, შეიძლება, სიზმარია-მეთქი!
რადგან აქამდე დედის სიკვდილი მხოლოდ სიზმარში მენახა!
ამ იმედს ჩაბღაუჭებული შინისკენ გამოვიქეცი.
დედის ოთახში შევარდნილს რაღაცის იმედი კიდევ მქონდა _ ვიფიქრე, იქნებ, ის ხმა გავიგონო, სახლში მოსვლისას რომ მეტყოდა:
„მოხვედი, შვილო?..“
რაკი ეს ხმაც ვერსაიდან გავიგონე, ისევ გარეთ გამოვვარდი და სიკვდილის რეალობაში ცხადად მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა ეზოში გაშლილი ჭირის სუფრიდან დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოს ხმა შემომესმა!..
არადა, ახლად აღმოჩენილ ამ სინამდვილესაც ისე თავშეკავებულად შევხვდი, ჩემდა გასაოცრად, თვალზე ცრემლიც არ მომდგომია!
ჩემმა ხმამაღლა ბღავილმა კი ღმერთი ცაში მაშინ შეაწუხა, როცა დედის საწოლზე ის ძველი „გრებეშოკი“ შევამჩნიე, მთელი სიცოცხლე ხელჩანთით რომ ატარებდა და ახლა, იმქვეყნად სამუდამოდ წასულს, სიჩქარეში აქ დარჩენოდა!..
„ვის უნახავს სასაფლაო!..“
ლადო ასათიანის სიტყვებისა არ იყოს, ჩემი სოფლის სასაფლაოც „უფლის ხელითაა დახატული!..“
იგი ჩემს სახლთან ახლოს, მდინარე წყალწითელას პირას, პირდაპირ წყლის ტირიფების ტევრშია გაშენებული!..
კი, სასაფლაოც კარგი ბაღივით უნდა გააშენოს სოფელმა.
როცა აქ მოვდივარ, აუცილებლად დედისა და მამის საფლავებს შუა ჩამოვჯდები.
მათთან უხმო საუბარში ხშირად შინ დაბრუნებაც მავიწყდება!
ალბათ, ესეც ჩემი მომავალი სახლია და ამიტომ!
სულ მალე მეც აქ, დედისა და მამის გვერდით დავსახლდები!..
ჩემი სოფლის სასაფლაოზე, მე რომ მიყვარს, სწორედ ისეთი განსაცვიფრებელი მდუმარებაა!
ჰაერიც კარგია! მინდვრის ყვავილთა სურნელი ახლავს და, რაკი მდინარის პირას არის გაშენებული, შედარებით გრილა კიდეც!..
და, რაც მთავარია, საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ჩემი მშობლების გადიდებული სურათები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს საიდანღაც ანგელოზები მოფრენილან და სწორედ აქ, ამ ქვის დაფაზე ფარფატით ჩამომსხდარან...
ვიღაცის მოსვლას კიდევ ელოდებიან!
ნეტა, ჩემი აქ მოსვლით ყველაფერი დამთავრდებოდეს და ამის შემდეგ აღარავინ მოკვდებოდეს!
კიდევ ერთს გთხოვ, უფალო! როცა შენთან წამიყვან, მერე ამ მკვდარ კაცს იმდენი მაინც შემაძლებინე, ყოველ საღამოს დედას მტკივანი ფეხები თბილ წყალში ჩავაყრევინო და ის დაზიანებული ადგილები ჩემი ხელით დავუამო!..
თამაზ წივწივაძე
თამაზ წივწივაძის ხსოვნას
როგორი პუბლიცისტი იყო თამაზ წივწივაძე, როგორი ლიტერატორი და როგორი რედაქტორი, მკითხველს შესანიშნავად მოეხსენება, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, როგორი ადამიანი იყო იგი.
ვინც მას მხოლოდ მისი ნაწერებით იცნობდა, შეიძლება, არც დამიჯეროს, რომ თამაზი უაღრესად თავმდაბალი, მოკრძალებული და მორიდებული პიროვნება იყო, რომელსაც ყველას ჭირ-ვარამი გულთან ახლოს მიჰქონდა, ყველას გვერდით ედგა და ყველას ეხმარებოდა, რითაც შეეძლო.
ნაცნობ-მეგობრებს და ახლობლებს კი არა, სრულიად უცნობ ადამიანს რომ ეთხოვა რამე, არ დაიზარებდა, ათასგან დარეკავდა, ათას ვინმეს შეაწუხებდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.
90-იან წლებში, როცა ქართულ მწერლობას ძალიან გაუჭირდა, სწორედ თამაზ წივწივაძის ინიციატივით დაარსდა ფონდი, რომელმაც ბევრი მწერალი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან.
შემდეგშიც ასე იყო - სიცოცხლის ბოლომდე ბევრი „პირადი“ „სტიპენდიანტი“ ჰყავდა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან უხდიდა ფულს.
ყველაფერი ეს კი ჩუმად და უხმაუროდ, მოკრძალებით და მორიდებით კეთდებოდა.
სიკვდილშიც მორიდებული და მოკრძალებული კაცი აღმოჩნდა თამაზი. მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ, ძალიან ცუდად რომ იყო, არ უწუწუნია, არავინ შეუწუხებია - ჩუმად გამოაღო კარი და წავიდა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
ვახტანგ ხარჩილავა
ჩემო ძვირფასებო, თამაზ და ვახტანგ!
თქვენ მანდ, იმიერში, დედებს მიხედეთ, მტკივანი ადგილები დაუამეთ, ჩვენ (დოდი წივწივაძე და თამარ ბერძენიშვილი) აქ, ამიერში, თქვენს დანატოვარს, „ლიტერატურულ საქართველოს“ და „საერთო გაზეთს“ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და ვაცოცხლებთ თქვენი სულების უკვდავსაყოფად.
„საერთო გაზეთის“ დამფუძნებელი
და გამომცემელი
თამარ ბერძენიშვილი
