ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...
(გაგრძელება. დასაწყისი „სგ“ N15)
არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი მაცხოვრის ჯვარცმის ფრესკა სვეტიცხოველში, რადგან ითქვა, რომ მასზე ე. წ. „მფრინავი თეფშებიც“ არის გამოსახული. უპირველესად ვთქვათ ის, რომ სასულიერო პირები მკვეთრად უარყოფითად და ემოციურად უარყოფენ ამ მოსაზრებას. ისინი ამბობენ, რომ ის, რასაც „ვიღაცები“ მფრინავ თეფშებს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ მნათობები, მზე და მთვარეა, მათი ამგვარად გამოსახვის ფორმა კი ხატწერის ერთ-ერთი სახეა. ამ ფორმით გადმოცემის ხერხი კი მდგომარეობდა იმაში, რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, სავსემთვარეობა იყო და მზის დაბნელება მოხდა. ეს ასტრონომიულად შეუძლებელია, მაგრამ ამით მაცხოვრის მიერ კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა, მზეც დაბნელდა და, იმავდროულად, მთვარეც იყო ცაზე.
როგორც ვხედავთ, სასულიერო წიგნებში არაერთგან შევხვდებით ადგილებს, სადაც მფრინავი ობიექტები არათუ გაკვრით არის ნახსენები, არამედ დაწვრილებით არის აღწერილი. ამდენად, გაუგებარია, რატომ უარყოფს ასე კატეგორიულად სამღვდელოება დედამიწაზე არამიწიერი ცივილიზაციის გამოვლინების ფაქტებს.
რაც შეეხება სვეტიცხოვლის ფრესკას – ხატწერა ბიზანტიურია. ამდენად, ანგელოზები გამოსახული უნდა ყოფილიყვნენ ფრთებითა და შარავანდედით, ხოლო თუ ისინი მზე და მთვარეა, მათში მსხდომებს არ უნდა ჰქონდეთ ადამიანის სხეულები, რადგან ეს ქრისტიანობისთვის მკრეხელობაა...
ისეთივე წვეტიან „ფორმაში“ არის გამოსახული იმავე შინაარსის ხატზე ნოვგოროდში ამჯერად უკვე სახეები. ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მნათობებად და იმ ასტრონომიული მოვლენის შინაარსის გადმომცემად, რასაც მართლმადიდებელი სასულიერო პირები ამბობენ და ევანგელისტურ მოძღვრებაშიც არის ნახსენები...
უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული თითქმის ანალოგიური ხატი (არა – ფრესკა) 1964 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ფერმწერმა სტუდენტმა კოსოვოში, ჯვარცმის გამოსახულებაზე ვისოკი დეჩანის მონასტერში, 15 მეტრის სიმაღლეზე, როცა მისი ფოტოგრაფირება დააპირა. ძნელია იმის დაჯერება, რომ ეკლესიებში, ხატსა თუ ფრესკაზე „მზე“ და „მთვარე“ სხედან „რაღაც მფრინავ აპარატში“ და მათგან ერთ-ერთს, სულაც ხელი უდევს სამართავ ბერკეტზე...
მონასტრის მშენებლობა 1327 წელს წაბლის ტყეში დაიწყო სერბეთის მეფე სტეფან უროშ III-მ (ჩანაწერი ამის შესახებ 1330 წლით დარიღდება). მომდევნო წელს მეფე გარდაიცვალა და მშენებლობა მისმა ვაჟმა უროშ IV-მ განაგრძო. სამუშაოები 1335 წელს დამთავრდა, მაგრამ ფრესკების წერა 1350 წლამდე გრძელდებოდა.
2004 წლიდან ვისოკი დეჩანის მონასტერი შესულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, 2006 წელს კი ეთნიკური ალბანელების მხრიდან პოტენციური თავდასხმების გამო, მონასტერმა „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიაში გადაინაცვლა და ამჟამად დაცულია გაერო-ს კოსოვოს ძალების მიერ. საინტერესოა, რა და რატომ გამოსახეს სერბეთის მართლმადიდებლურ მონასტერში XIV საუკუნეში, რატომ უნდა ყოფილიყო მონასტრის კედლებში დაცული თანამედროვეობისთვის, ფაქტობრივად, ურწმუნო თუ სადავო თემის ამსახველი გამოსახულებები?
ასევე, საინტერესოა რემბრანდტის მოსწავლის დე გელდერის „ქრისტეს ნათლობა“ (კემბრიჯი. შესრულებული 1710 წელს), სადაც ასევე, გარკვევით ჩანს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც სხივებს აგზავნის იორდანეზე იესოს ნათლობის დროს. მე-17-მე-18 საუკუნეების ელიტურ მხატვარს რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რომ ასე ზედმიწევნით ზუსტად დაეხატა დღევანდელი აღწერილობის ე. წ. „მფრინავი თეფში“?
ბუნებრივია, რომ თუნდაც არამიწიერი ცივილიზაციის შექმნილ მფრინავ ტექნიკას სულიერი არსებები მართავენ, მაგრამ როგორ გამოიყურებიან ის ზეგანვითარებული სულიერები სკაფანდრის გარეშე? – ეზეკიელს თუ ვენდობით, ადამიანის მსგავსი ხელები აქვთ, ოთხი სახიდან კი ერთი სახეც ადამიანის აქვთ...
საინტერესოა, ვინ, რატომ, რა ფანტაზიით გამოსახა პერუში კლდეზე, ჩვ. წ. აღ-მდე XII-IV საუკუნეებში და იტალიაში, ასევე, კლდეზე ჩვ. წ. აღ-მდე XIII-VIII საუკუნეებში სკაფანდრიანი ადამიანები, თუ მსგავსი არ არსებობდა და არც არავის უნახავს?
„მადონა წმინდა ჯოვანინოთი“ („მარიამი წმინდა ჯოვანისთან“) შესრულებულია XV საუკუნეში (ფლორენცია), რომლის უკანა პლანზე გარკვევით ჩანს „ამო“ და ხელმოჩრდილული ადამიანი, რომელიც ამ „მფრინავ უცნაურობას“ უმზერს. აზრთა უმრავლესობით, სურათის ავტორი დომენიკო გირლანდაიოა, მიქალანჯელოს მასწავლებელი, ადრეული რენესანსის („კვატროჩენტო“) ერთ-ერთი უძლიერესი მხატვარი, თუმცა გარკვეული წრეები თვლიან, რომ აღნიშნული სურათის ავტორები შესაძლოა, იყვნენ: ფილიპო ლირი, მაინარდი და სელასიო.
ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რომელი მხატვარის ფუნჯს ეკუთვნის ნახატი. ვინმე ალან მაკ-გრეგორმა დაწერა წიგნი „ამო“ ძველ აღთქმაში“, სადაც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ უკანა პლანზე, ცაში გამოსახული ობიექტი უცხოპლანეტელების ხომალდია;
ასევე, საინტერესოა არაკანონიკური ტრადიციით გადმოცემული „აღდგომა“ – რატომ არის მაცხოვარი გამოსახული ისე, თითქოს რაკეტიდან არის გამოსული („აღდგომის“ რამდენიმე სხვა ვერსიაშიც იმავე ოვალშია, თუმცა „რაკეტის ფრთები“ აღარ ფიქსირდება)?
შუა საუკუნეების ცნობილი თუ უცნობი მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ ამო-ს, ბუნებრივია, იმას, რისი თვითმხილველებიც იყვნენ...
ამო არის გამოსახული 1538 წელს შესრულებულ გობელენზეც – მის შესახებ მომდევნო ნომერში გიამბობთ.
ამო არის გამოსახული 1680 წლის ფრანგულ მონეტაზეც... დამაინტრიგებელია წარწერა, რომელიც თავისუფალი თარგმანით ამგვარ შინაარს შეიცავს „ეს იქ შესაფერის დროს“...
იმავეს გვიხატავს 1383-1440 წელს მაზოლინო დე პანიკალეს „თოვლის სასწაული“;
პაულო უჩელოს 1396-1475 წელს შესრულებულ ნახატზე;
ლონდონის ნაციონალურ გალერეაში გამოფენილ კარლო კრიველის 1486 წელს შესრულებულ ნახატზე;
XIV საუკუნეში უცნობი მხატვრის მიერ შესრულებულ ნახატზე;
1608 წელს შესრულებულ გრავიურაზე...
სხვათა შორის, საქართველოს ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში ინახება XV საუკუნეში შესრულებული წმინდა გიორგის მომინანქრებული მინიატურა, რომელზეც, მარჯვენა ზედა კუთხეში, აღქმით – ზეცაში, გამოსახულია გაურკვეველი დანიშნულების სოკოს მსგავსი გამოსახულება, რომელსაც ამო-დ მიიჩნევენ, კოსმიურ გამოვლინებად, რომელიც ძალას აძლევს წმინდანს უწმინდურთან ბრძოლაში...
აღნიშნული მაგალითები მხოლოდ მცირედი ნაწილია იმისა, რაც ადამიანს შეუქმნია „ციდან მოსულების“ შესახებ, მაგრამ უფრო მეტს მეტყველებენ სასულიერო წიგნები და კიდევ უფრო მეტს – მითები, რომლებიც ფანტასტიკურ, „ზღა-პარ-ულ“ შინაარს ატარებენ... („ზღაპრის“ შესახებ უკვე ვთქვით).
მაკა ჯაყელი
(დასასრული იქნება)

