სასუფევლიდან დაგვლოცავს და გადაგვარჩენს
რაღაცნაირად მომინდა გაგიზიაროთ ერთი ამბავი.
მეხუთე შვილზე ვარ ორსულად. 2 კვირა მაქვს დარჩენილი რომ საკეისრო კვეთით გავაჩინო მეხუთე შვილი. ქმარი მოგეხსენებად მიშა სააკაშვილის პატიმარია, საშინელი ჯოჯოხეთი გავიარე მთელი ეს 9 თვე, დავრჩით უსახლკაროდ – ლამის ჭკუიდან შეშლილები და ამ სტრესების გამო წოლითი რეჟიმი მაქვს, კატეგორიულად აკრძალული მაქვს ფეხზე ადგომა, რომ როგორმე მივსულიყავი დათქმულ დროზე და ისე გამეჩინა ბავშვი. ამ დროს ჩემი ძვირფასი მამა ნათანაილი ამბობს რო რამოდენიმე დღეში კოჯორში “უძოს მთაზე” ჩვენ ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II უნდა მობრძანდესო.
3 დღე და ღამე მარტო იმაზე ვფიქრობდი როგორ გამერისკა და მომეხერხებინა რო იმ დღეს კოჯორში ავსულიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი მე ნარკოზიდან ვეღარ შევძლებდი გამოსვლას და ძალიან მინდოდა პატრიარქს დაველოცე, მაგრამ ჩემი წასვლით მეშინოდა ბავშვისთვის არ შემექმნა საფრთხე. ვერ ვიძინებდი, მოსვენება არ მქონდა, ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა ადგომა და მით უფრო კოჯორში წასვლა. ის დღეც დადგა რო პატრიარქი ჩვენ ტაძარში უნდა მიბრძანდეს, მთელი ღამე გავათენე, ვერ მოვისვენე მეგონა სიცოცხლოს ბოლო დღეები მქონდა, ექიმის სიტყვები მესმოდა ყურში “მეოთხედ საკეისრო ძალიან სარისკოა მაგრამ დედამ თუ გადაწყვიტა რომ უნდა გააჩინოს უნდა გააჩინოსო”.
მთელი 9 თვე ვგრძნობდი და ვფიქრობდი უფალმა ჩვენზე უკეთესად იცის როდის და რისთვის უნდა გაჩნდეს ახალი სიცოცხლე, მერე როდესაც ცეცხლის ქარცეცხლში აღმოჩნდა ჩემი ძალიან კარგი და დიდი სიყვარულოს ოჯახი, ვფიქრობდი ეს ორსულობაა რომელიც მაკავებს რომ თავი არ მოვიკლა და გადავრჩენე, რადგან იყო დღეები, როცა ვეღარ ვუძლებდი და მხოლოდ ორსულობა მაკავებდა არ ჩამედინა ის საშინელი ცოდვა რასაც თვითმკვლელობა ქვია. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო გადავწყვიტე წავსულიყავი ტაძარში და შორიდან მაინც დამენახა პატრიარქი რადგან მჯეროდა რო შემხებოდა და დაველოცე აუცილებლად გადავრჩებოდი. არავისთვის არაფერი არ მითქვამს მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით როგორ გამერისკა და კოჯორში ავსულიყავი.
უამრავი ხალხი დამხვდა (არც იყო გასაკვირი) ვერც ტაძარში შევედი, ვერც მიუახლოვდი რო დამენახა. მოვიწყინე, საშინელი შიში დამეუფლა, მეგონა ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეები მქონდა, უყურებდი ხალხს როგორ ცდილობდნენ შეეღწიათ ჩვენ პატარა ტაძარში, მე შორს ვიდექი და ღმერთს ჩემ შვილებს ვაბარებდი, ვავედრებდი, რადგან დარწმუნებით ვიცოდი რომ ნარკოზიდან ვერც გამოვიდოდი. პატრიარქის მანქანასთან ვიდექი მოშორებით და ვლოცულობდი ჩემი შვილებისთვის, “პატრიარქი გამოდის“ დაცვამ თქვა. მძღოლს უთხრეს მანქანა მოემზადებინა კარი გაუღეს, პატრიარქი უახლოვდებოდა მანქანას, ხალხი ცდილობდა მიახლოებას მე მოშორებით ვიდექი მეშინოდა ხალხის სივიწროვეში არ მოვყოლოდი ამხელა მუცლით. ,დაცვამ ხელით მანიშნა კიდე უკან გაიწიეო მეც გავიწიე და ამ დროს პატრიარქის ხმა მესმის “მოდი ახლოს”!
თვალებში დამიბნელდა, ყურებში არაფერი აღარ მესმოდა, არ მახსოვს როგორ მივედი უწმინდესთან ესე ახლოს. მაშინ მოვედი აზრზე როცა ჩემ თავზე ხელი ედო და მლოცავდა, ცრემლები თავისით მომდიოდა, დავხარე და მის კაბას ვემთხვიე, ხელს ვუკოცნიდი. მან მუცელზე ჯვარი გარდამსახა და ხელი დამადო – “მშვიდობა გექნება და სიხარული” – მითხრა თავისი მშვიდი ხმით.
ეს წამი იყო და მე ესეთი სიმსუბუქე, ესეთი ბედნიერება, ესეთი შეგრძნება სახელსაც ვერ ვარქმევ არასოდეს არ მიგრძვნია, ცრემლები ღიმილად და სიხარულად მექცა, ბედნიერი მოვფრინავდი იქიდან ზუსტად ვიცოდი რო გადავრჩებოდი, ზუსტად ვიცოდი რო მე ძლიერი და ბედნიერი დედა ვიქნებოდი, დაუჯერებელი სიმშვიდე და ბედნიერება იყო ჩემ სულში შემოჭრილი. ერთ კვირაში ღმერთმა ჩემი თამუსი მომცა. პატრიარქის დალოცვის მადლით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნარკოზიდან გამოსულმა ექიმის ხმა შემომესმა – “გადასარევი გოგო გყავს, შენი მდგომარეობა არ იყო ადვილი მაგრამ თუ ამ სამყაროდან გახვიდოდი, სამოთხის პუტიოვკა ხელში გქონდაო”. ზუსტად ვიცოდი პატრიარქის დალოცვის შემდეგ ამ სამყაროდან არ გავიდოდი და ჩემი შვილები არ დაობლდებოდნენ.
სულ მალე პატრიარქის ნათლული გახდა ის პატარა გოგო რომელიც პატრიარქმა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს დალოცა. ვეთაყვანები მის სულს. პატრიარქი არასოდეს არ მიატოვებს საქართველოს სასუფევლიდან დაგვლოცავს და გადაარჩენს სრულიად საქართველოს, მის საქართველოს, მის ხალხს, ყველა განსაცდელისგან. მიყვარხარ პატრიარქო, მადლობა პატრიარქო!
ავასრულოთ მისი ანდერძი – “გვიყვარდეს ერთმანეთი”!
მაკო რატიანი
