რამაზ ხუროძე: თითოეული ქართველი მეცნიერი ცალკე ეპოქაა!!!

რამაზ ხუროძე: თითოეული ქართველი მეცნიერი ცალკე ეპოქაა!!!

გვესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე:

_ ბატონო რამაზ, წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი ინსტიტუტები, სადაც დიდი მეცნიერული კვლევები მიმდინარეობდა, გამოყვეს და მერე შენობები გაყიდეს. როგორ უნდა განვითარდეს მეცნიერება? 
_ დიახ, წინა ხელისუფლებამ მეცნიერება დააზარალა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი ხელის მოსმით ოთხმოცი პრობლემური ლაბორატორია გაუქმდა. ამდენივე – სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. წარმოიდგინეთ, 1200 მეცნიერი _ წარმატებული არმია დაითხოვეს, რამაც მეცნიერებას უდიდესი ზიანი მიაყენა. გულწრფელად გეტყვით, მიკვირს დღეს მეცნიერებაში მიღებული შედეგების, რადგან წინაპირობა არ არსებობდა. როცა ადამიანი სამეცნიერო სფეროში მუშაობს, მოტივაცია მთელი სიცოცხლე მიჰყვება და ამ საქმიანობის მიტოვება უჭირს. ახლაც მეცნიერებაში სამოცდაათი წლისა და ამ ასაკს გადაცილებილი ხალხი მუშაობს _ ძველი გვარდია, რომელსაც ჯერ კიდევ შესწევს უნარი, მეცნიერების როგორც ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით დარგში სიახლეები შექმნას. ჩვენი აკადემიკოსების, წევრ-კორესპონდენტების, უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების სტატიები მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში იბეჭდება. ეს სერიოზული, განსაცვიფრებელი შედეგია იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენციას ვუწევთ მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობისთვის მილიარდები აქვთ გამოყოფილი. 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მსოფლიოში ყოველთვის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუცია იყო. თითოეული ქართველი მეცნიერი ცალკე ეპოქაა. დღესაც ჩვენი კორიფეების შრომები, როგორ ბაზისური, ისე გამოიყენება ყველა დარგში. სერიოზული მუშაობაა საჭირო, რათა გავაცოცხლოთ, ის რაც მინავლებულია და აღორძინების სტიმული მივცეთ. ახალგაზრდობა უნდა დავაფინანსოთ, რათა მეცნიერებით დაინტერესდნენ. ჩვენ უნიკალური ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა დარგში _ ინფორმატიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, მსოფლიო ოლიმპიადებზე იმარჯვებენ. ამ შეჯიბრების დროს კარგად ჩანს მათი ინტელექტი, პერსპექტიული კვლევები. ამიტომ ახალგაზრდებს მოტივაცია არ უნდა დავუკარგოთ.
_ როგორც ვიცი, ხელისუფლება მეცნიერების განვითარების რეფორმაზე მუშაობს.
_ დიახ, ვფიქრობ, მთავრობა ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს, როცა მეცნიერების რეფორმაზე მსჯელობას იწყებს, იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში მეცნიერება, რა დარგებს მიენიჭოს პრიორიტეტი... ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, იქაურ ახალ თაობას არაფრით ჩამოუვარდებიან, მეტიც, ბევრად სჯობიან. მაგალითად, ქართველ მეორე კურსის სტუდენტს პირველ კურსზე ლექციის წაკითხვას ანდობენ, თანაც მეორეხარისხოვანში კი არა, ათეულში რომ შედიან, ისეთ უნივერსიტეტებში. ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ქართველებს პირდაპირ თავიანთთან სამუშაოდ იტაცებენ, გრანტსაც აძლევენ და დიდ ხელფასსაც უხდიან. 
ამ ყველაფერს ჩვენი მოდელი უნდა დავუპირისპიროთ, რაც იმის განმაპირობებელი იქნება, რომ ეს ადამიანები საქართველოში დარჩებიან და მეცნიერების იმ მიმართულებებს განავითარებენ, რაც მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანას სჭირდება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ბევრი სიახლეა, უამრავი ახალი კომპანია გაიხსნა, რაც სასიხარულოა, რამეთუ ეს მეცნიერების წინა ფრონტია. ამ სფეროში სერიოზულ წარმატებას თუ მივაღწევთ, მერე ეს მთელ ლოკომოტივს მოიბამს. აქვე, სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორ შევუწყოთ ხელი მეცნიერების განვითარებას. მაგალითად, მეზობელ ქვეყნებში: აზერბაიჯანში, სომხეთში, შუა აზიაში ინფორმატიზაციის სამინისტროები შექმნეს, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მეცნიერების რეფორმაში, ალბათ, ესეც იქნება გათვალისწინებული. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ძალიან თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო იდეას შემოგვთავაზებს. 
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი და მე, განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობთ. ვფიქრობ, ოქტომბრისთვის საქართველოში მეცნიერების განვითარების კონცეფცია ჩამოყალიბდება. ეს აუცილებელზე აუცილებელია, რადგან განათლება მეცნიერების გარეშე არ არსებობს. თუ მეცნიერება არ გვექნა, არც განათლება გვექნება. მასწავლებელი, პროფესორი, რომელიც არ ვითარდება, მეცნიერებას არ მისდევს, ახალი ცოდნის გადაცემა არ შეუძლია, ახალ თაობას წინ ვერ წასწევს. სამწუხაროდ, ძველმა თაობამ, რომელსაც ამ სფეროში უზარმაზარი ცოდნა გააჩნდა, მომავალ თაობას, პრაქტიკულად, თავისი მეცნიერული ხედვები ვერ გადასცა. აქ სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, რისი ამოვსებაც რთულია. 
ვფიქრობ, განათლების რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მტკივნეული, მაგრამ საჭიროა. მეცნიერება ამ მიმართულებით, ალბათ, თავის ადგილს დაიკავებს. მეცნიერება ჩვენთან ჯერ კიდევ ფაზისის აკადემიიდან იწყება. საქართველო იყო ქვეყანა, სადაც იყალთოს გელეთის და სხვა აკადემიებში მაშინ არსებობდა, როცა სხვა ქვეყნებს მსგავსი არაფერი გააჩნდათ. 
განათლება ქართველისთვის უპირველესი მოტივაციაა. სიდუხჭირეში მყოფი მშობელიც კი, ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვს განათლება მისცეს. ქართველისთვის პროგრესულად აზროვნება დამახასიათებელია. 
_ მსოფლიო მეცნიერებაში თანამედროვე ტენდენციებს აქტიურად ნერგავს. საქართველო რა ეტაპზეა?
_ რთული შეკითხვაა, სხვაგვარი მოდელია შესაქმნელი. ჩემი აზრით, სამეცნიერო ცენტრები უნდა შეიქმნას და თავი მოვუყაროთ იმას, რაც შედეგს მოგვცემს. სამეცნიერო დაწესებულებებში ზოგადი აუდიტი უნდა ჩატარდეს და გაირკვეს, ვინ რა სფეროში მუშაობს, რა პერსპექტივები გვაქვს, შემდეგ კი სტრუქტურულ მოწყობაზე ვიფიქროთ. ეს რთული პროცესია. მეცნიერს ღირსეული დაფინანსება სჭირდება. მატერიალური მხარე მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა აკვირდება, რა იქნება პერსპექტივაში. რატომ მიდის ახალგაზრდობა მიგრაციაში? სანამ დასავლეთში ბევრად მეტ ხელფასს უხდიან, ვიდრე ჩვენთან, ახალგაზრდას სულ ექნება მოტივაცია, უცხოეთში წავიდეს. ამ პროცესს ვერავითარი პატრიოტიზმი ვერ შეაჩერებს. 
ზოგადად, როცა ადამიანი სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობს, მისი გონება ქვეცნობიერად სწორედ ამით არის დაკავებული, სხვა ვერაფრისთვის იცლის, რასაც ხელშეწყობა და სრულიად ახლებური სტრუქტურული გააზრება სჭირდება. მეცნიერების მართვა რთული საკითხია, რასაც უზარმაზარი სახსრები სჭირდება. 
_ ბევრი ქართველი მეცნიერი ქვეყნიდან არის გასული. რა რესურსი არსებობს მათ დასაბრუნებლად?
მეცნიერება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას არ ემსახურება, ის ზოგადია. მეცნიერება მხოლოდ საქართველოსი, ჩაკეტილი სივრცის კი არა, არამედ მსოფლიოსია. ჩვენ აქ რაღაცას რომ ვქმნით, მსოფლიოსთვის ერთ წუთში ცნობილი ხდება. თუ ადრე ამას დრო სჭირდებოდა, ახლა ასე აღარ არის. მახსოვს, დისერტაციისთვის ლიტერატურის მოძიება მთელი პრობლემა იყო, ახლა ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციას წამებში მოიპოვებ. აქ მყოფი ქართველები და ლოს-ანჯელესში მყოფი ინფორმატიკოსები, თითქოს ერთ ოთახში სხედან და ისე მუშაობენ. სხვადასხვა ქვეყნების ლაბორატორიები ექსპერიმენტის შედეგებს ინტერნეტით გადასცემენ, გეგონება, კვლევა ერთ ლაბორატორიაში ხდებოდეს. ეს უკვე სულ სხვა მსოფლიოა. პრაქტიკულად, ხელოვნური ინტელექტი ამ სწავლებას, სტრუქტურას მთლიანად შეცვლის. პირობითად, ორი წლის მერე საგანმანათლებლო, პედაგოგიურ პროცესს ახალი გააზრება დასჭირდება. დარგები სწრაფად ვითარდება, ყოველ დღეს სიახლე მოაქვს. ეს სახიფათო რამ არის. მე ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე ვმუშაობ, ამ პროცესს მივდევ. ხელოვნურ ინტელექტში ქართული ენის პროგრამულ პროდუქტად ჩატბოტებში განთავსებას თუ არ მივდიეთ, ჩვენ, პრაქტიკულად, ენას დავკარგავთ. ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენას გამოდევნის, რადგან დღეს ინტერნეტსივრცეში ქართული ენის რესურსი ძალიან დაბალ დონეზეა გრამატიკულადაც და ლექსიკოლოგიურადაც, რაზეც დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. მსოფლიოში თოთხმეტი დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, რაც უნდა შევინარჩუნოთ. ხელოვნურ ინტელექტში უნდა ვიმუშაოთ, რათა ქართული ენის ლექსიკა, მონაცემთა ბაზა გავამდიდროთ. ეს სერიოზული პრობლემაა. ამას თუ არ გავაკეთებთ, ახალგაზრდა ქართულ ენას საერთოდ აღარ გამოიყენებს და ინგლისურზე გადავა. ჩემი შვილიშვილები ინგლისურად უსწრაფესად ბეჭდავენ. ეს უკვე სხვა სამყაროა. ტექნიკასა და ადამიანს შორის განსხვავებული მიმართებაა. ამ პროცესს მიყოლა სჭირდება, არ უნდა ჩამოვრჩეთ, თორემ კატასტროფული შედეგი დაგვიდგება.
_ ბატონო რამაზ, თქვენ ინჟინერი ბრძანდებით. პრემიერმა განაცხადა, ამ სფეროში კადრების დეფიციტი გვაქვსო. რესურსი არსებობს?
_ ინჟინერია ქვეყნის განვითარების საფუძველია. სახელმწიფო საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს, ადამიანები იმ სპეციალობებში მოამზადოს, რაზეც დღეისთვის მოთხოვნა ნაკლებია, მაგრამ ხვალისთვის საჭირო გახდება, რაც არსებითია. ასეთ მიდგომებს მივესალმები. ხშირად ყალბი განგაშია ატეხილი, კადრები არ გვყავსო. კადრები არსებობს, მაგრამ თუ არ გვყავს, უნდა გადავამზადოთ. აბა, რისთვის არსებობს ტექნიკური უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ცენტრი არსებობს _ ექვს თვეში ნებისმიერი დარგის სპეციალისტის გადამზადება შეგვიძლია. შრომაში ადამიანი უფრო იზრდება, სწრაფად ითვისებს. თუკი ადრე საბჭოთა კონკურენციაში ვიყავით, ახლა მსოფლიო კონკურენციაში ვართ და მარტივად ოაზისს ვერ შევქმნით. 

თამარ შველიძე