პატრიარქის გარდაცვალებამ თბილისი მსოფლიო სულიერების ცენტრად აქცია

პატრიარქის გარდაცვალებამ თბილისი მსოფლიო სულიერების ცენტრად აქცია

2026 წლის 22 მარტს საქართველომ ისტორიის ისეთი ფურცელი დაწერა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. ეს არ იყო მხოლოდ დაკრძალვის ცერემონია, ეს იყო ერის სულიერი მთლიანობის უპრეცედენტო დემონსტრირება, სიყვარულის ისეთი განფენა, რომელმაც დედაქალაქის ყველა არტერია ერთიანი გულისცემით აამუშავა. თბილისი გუშინ არ ჰგავდა ქალაქს, ის ჰგავდა ერთ დიდ, ღია ცის ქვეშ გაშლილ ტაძარს, სადაც მილიონობით ადამიანი მხოლოდ ერთი მიზნით შეიკრიბა: ეთქვა უკანასკნელი „მადლობა“ თავისი პატრიარქისთვის. მთელი საქართველო თბილისში იყო. ხალხის ნაკადი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან დაწყებული, ქალაქის ყველაზე შორეულ წერტილებამდე აღწევდა, მდინარესავით მიედინებოდა. სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ქვაფენილებიდან, ყველგან ერთი და იგივე სურათი იშლებოდა: ცრემლიანი თვალები და ყვავილების ზღვა. გზა, რომელიც უწმინდესმა ბოლოჯერ გაიარა, არ იყო მდუმარე... მას თან სდევდა გლოვის ზარიც და ათასობით ადამიანის ერთხმად წარმოთქმული, მჭექარე შეძახილი: „გვიყვარხარ, პატრიარქო!“ ამ ემოციურ ფონს განსაკუთრებულ, ზეციურ ელფერს სძენდა პროცესიის მთელ გზაზე აჟღერებული მისივე საგალობლები. მსოფლიო დონის ქართველი საოპერო მომღერლები, რომლებიც პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა, გუშინ საკუთარი ხმით მიაცილებდნენ მას მარადისობაში. ეს იყო უიშვიათესი სინთეზი ლოცვისა და მაღალი ხელოვნებისა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უწმინდესის ესთეტიკურ და სულიერ სიდიადეს.

ეს საყოველთაო გლოვა და მადლიერების განცდა მხოლოდ საქართველოს საზღვრებით არ შემოფარგლულა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტები თავიანთი ადგილსამყოფელი ქვეყნების ტაძრებში გაერთიანდნენ, რათა შორიდან მაინც მიეგოთ პატივი სულიერი მამისთვის. სიმბოლური და ამაღელვებელი იყო ის ფაქტიც, რომ ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი ეკლესიის მსახურებმა, ყოველგვარი ოფიციალური მოთხოვნის გარეშე, საკუთარი სურვილით აღავლინეს პანაშვიდი უწმინდესის სულის მოსახსენებლად. ეს დღეები იქცა პერიოდად, როდესაც ყოველი ქართველი, დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა ყოფილიყო, ცდილობდა, თავისი წილი პატივისცემა და მადლიერება გამოეხატა იმ დიდი ამაგისთვის, რომელიც პატრიარქმა ერს დასდო.

მისი უწმინდესობის დაკრძალვამ თბილისი მსოფლიო სულიერების ცენტრად აქცია. ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი რანგის სტუმრები: მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერები, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმისა და სხვა წმინდა საყდრების წარმომადგენლები, ვატიკანის დელეგაცია და ევროპული ქვეყნების სულიერი იერარქები. ამ მძიმე წუთებში ეკლესიის გვერდით იდგა ქვეყნის ხელისუფლება და ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მათ ოჯახებთან ერთად მიაგეს პატივი პატრიარქის ხსოვნას. ეს იყო სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის გამოხატულება, იმ მადლიერების ნიშანი, რომელსაც ქვეყანა თავისი სულიერი მამისა და ქვეყნის მთავარი მშვიდობისმყოფელის მიმართ განიცდის. მსოფლიო მედიის წამყვანი გამოცემები პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ პროცესიას, უწოდებდნენ მას „ეპოქის დასასრულს კავკასიაში“.

პროცესიის ყველაზე ამაღელვებელი და სიმბოლური მომენტი მისი სიონში დაბრუნება აღმოჩნდა. იქ, სადაც ათწლეულების წინ მისი დიდი და რთული გზა დაიწყო, სადაც მან პირველი ლოცვები აღავლინა საქართველოს გადასარჩენად, დღეს მისი სამუდამო განსასვენებელი გახდა. სიონმა დაიბრუნა თავისი პატრიარქი. ეს არის წრე, რომელიც შეიკრა - დაბრუნება საწყისთან, იმ მოკრძალებულ და მადლიან გარემოში, რომელიც ყოველთვის იყო მისი სულის ნავსაყუდელი. 22 მარტი იყო დასტური იმისა, რომ პატრიარქი არსად წასულა, მან ტაძრიდან ხალხის გულებში გადაინაცვლა. ის სიდიადე, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, იყო პასუხი მის ნახევარსაუკუნოვან თავდადებაზე. საქართველომ გუშინ თავისი ისტორიის ყველაზე სევდიანი, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე ამაყი დღე გადაიტანა. ჩვენ გავაცილეთ არა მხოლოდ იერარქი, არამედ ეპოქა, რომელმაც გვასწავლა, როგორ დავრჩეთ ადამიანებად ყველაზე რთულ დროს. მისი კურთხევა და ლოცვა მარადიულად დარჩება ამ ცის ქვეშ. 

მადლობა პატრიარქო, გვიყვარხარ პატრიარქო!

ნინო ანდრონიკაშვილი