პაატა პაპას უნიჭო ინტრიგა
ამაზე იტყვიან ხოლმე, „ჩორტის“ ჩაგდებას ცდილობსო. გზას აცდენილი პაატა ცდილობს, მაგრამ ყოველთვის სასაცილო მდგომარეობაში ვარდება. ნახეთ, რას „ქადაგებს“ ამჯერად:
მაშასადამე, პაატა პაპას აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ „ოცნების“ წასულ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი მათთან. უბრალოდ, დასაბუთება აქვს, განა იცის? თუ ჩავეძიებით - აბა, ვისთან აქვთ ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირიო, თავს ეგრევე შორს დაიჭერს, ჩემთან არა, ყველანი ლევან ხაბეიშვილს უკავშირდებიან და მასთან აქვთ საქმე, ეგენი 4-ში ჩვენ გვერდით დადგებიანო. მე წარმოვიდგინე, როგორ დადგნენ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და გომელაური პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას და კობა ხაბაზის გვერდით... რაღა დაგიმალოთ, ძალიან ბევრი ვიცინე. სხვათა შორის, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა კარგი პასუხი ჩააბარა ე. წ. ინტრიგნებს: ყველას დედა, ვისაც სჯერა, რომ ირაკლი როდისმე საქართველოს უღალატებს! ახლად „გამომცხვარი“ პატრიოტებისგან და შენნაირი (პაატა ბურჭულაძეს მიმართავს) გაყიდული აგენტებისგან განსხვავებით, ირაკლი ქართულ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და სიცოცხლესაც გაწირავს სამშობლოს გამო“!
არ დაიჯერებთ, ბურჭულაძე უფრო შორს მიდის და ისეთ ზღაპარს თხზავს, არ ვიცი, შეიძლება ოჯახში ამაზე დასცინიან კიდეც: მათ ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი, ფაქტობრივად, ინანიებენ ცოდვებს, რაც აქვთ ჩადენილი და უნდათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში, რაც არის მისასალმებელი. როგორ ვთქვა, რომ ღარიბაშვილი დაიჭერს ქართულ დროშას და გამოვა, ჩვენ დაგვიდგება გვერდში - ეგეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა, გამოდის იქიდან. მათთან აქვთ კიდევ სხვებს კავშირი, ისინი გადასცემენ ამათ, ესენი გადმოგვცემენ ჩვენ, ასე რომ, გვაქვს ინფორმაციები“.
მოკლედ, ისინი გადასცემენ ამათ, მერე ესენი გადასცემენ იმათ, სულანჯიები გადადიან ბურჭულაძეებში, ბურჭულაძეები გადადიან სიკინჭილაშვილებში, გადასცემენ ამათ და მერე ესენი გადასცემენ იმათ. ეგ კიდევ არაფერი, პაატა ბურჭულაძემ ქართველი ხალხი რომ გააერთიანა ილიას და აკაკის ძეგლთან? აი, რას ამბობს თვითონ:
„რუსთაველის გამზირზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ, ილიას და აკაკის ძეგლთან. რომ დავპირდი ხალხს, გააგერთიანებთ, მართლა მოხდა გაერთიანება, თუ გინდათ მერაბ სეფაშვილი, თეა დარჩია, ვაჟა ექიმი... ასე უნდა გავერთიანდეთ ყველანი და გამოვიდეს, თუნდაც იგივე ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური, რომ დაგვიდგნენ“.
ესე იგი, მეო, საქართველო გავაერთიანე, სამი კაციც და, გავდივართო. მე მგონი, ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: პაატა პაპას და სალომე ბაბოს რომ ვუყურებ, სიბერისა მეშინია. არა მგონია, ეგეთი რამე დამემართოს, რაც ამათ დაემართათ, მაგრამ მაინც მეშინია - სიბერე ოხერია.
გელა ზედელაშვილი
