ნანა კაკაბაძე: რატომ მივდივართ იქ, სადაც არავინ გველის?!
გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:
_ ქალბატონო ნანა, ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელმა საქართველოს მხარესთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე შეხვედრა გააუქმა.
_ დიახ, საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე უნდა გამართულიყო, ბრიუსელმა ჩაშალა. ევრობიუროკრატია დიალოგს გაურბის, რადგან მათ ქართული ხელისუფლების არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე, სათანადო პასუხები არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, ჩვენს მთავრობას ევროკავშირთან წვდომა შეუზღუდონ და გზა ოპოზიციას გაუხსნან. ისინი ქართველ რადიკალ-ექსტრემისტებთან ერთად, იმ ძალას წარმოადგენენ, რომლებიც საქარველოში ლობირებენ არა არჩევნებს, დემოკრატიას, ღირებულებებს, არამედ სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. მათ სურთ, ძალაუფლება თავიანთ მორჩილ ძალას გადააბარონ. ევროკავშირის მთელი ძალისხმევა სწორედ ამაზეა მიმართული _ მისთვის არასასურველი ხელისუფლება ჩამოიშოროს და მმართველობა საკუთარ ვასალებს დაუბრუნოს. ბრიუსელი სრულიად არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის განწყობას, რომელმაც ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“ მისცა. საქართველოს მოსახლეობას ევრობიუროკრატების მიკერძოებული, არაობიექტური მიდგომები სულაც არ ხიბლავს, მით უმეტეს, მისი რჩეულის დიალოგის მაგიდასთან არმიშვება. აი, ეს მოცემულობა გვაქვს.
_ ევროკომისიის ვებგვერდებზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, მმართველობის ეფექტიანობასა და სხვა დადებით ტენდენციებზე წერენ. ამ დროს ევროკომისრები გვეუბნებიან, რომ საქართველოს კანდიდატის მხოლოდ სახელი შემორჩა.
_ ქვეყნის მაჩვენებლები, საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, უმჯობესდება. ისინი ამას განა ვერ, არამედ შეგნებულად არ ხედავენ. წარმოიდგინეთ, მათ სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ მოსული ხელისუფლების უპირატესობა რომ აღიარონ, მაშინ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ამ ძალას ხომ ვეღარ დაუპირისპირდებიან?! მერე როგორღა გაუწევენ წინააღმდეგობას ხელისუფლებას, რომლის მართვა ვერაფრით ვერ მოახერხეს?! სწორედ ამიტომ აქვთ მსგავსი დამოკიდებულება _ რეალობა რომ აღიარონ, მაშინ ჩვენს მთავრობას ვეღარ დაუპირისპირდებიან. აბა, დავაკვირდეთ, თუ მოუწევთ იმის აღიარება, რომ სააკაშვილის რეჟიმის მერე ციხეებში აღარ ხდება პატიმრების წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, გაუპატიურება, ქუჩებში ახალგაზრდების ჩახოცვა; ასევე, სასამართლო გათავისუფლდა ადეიშვილის კლანური მმართველობისგან და საქმეებს დამოუკიდებლად განიხილავს; აღარ ხდება ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენებს ღამის ოთხ საათზე ლოგინებიდან აღარ ყრიან და ქონების გადასაფორმებლად ნოტარიუსებში აღარ მიარბენინებენ, როგორღა გვეტყვიან, ჩვენი „დემოკრატიის შუქურა“ უკეთესი მმართველი იყოო?! დიახ, მათ სხვა გზა არ აქვთ, „ქართული ოცნება“ დაუმსახურებლად უნდა აკრიტიკონ, რათა მათი მფარველობის ქვეშ მყოფი „შუქურას“ ხელისუფლებაში დაბრუნება „გააპრავონ“. ცხადზე ცხადია, ევროპას სურს, საქართველოს ხელისუფლება დაამხოს და თავის ყურმოჭრილ მონებს ქვეყნის სადავეები ხელთ ჩაუგდოს. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია სწორედ ამ მიზნით ხორციელდება.
_ დასავლეთის „შუქურა“ ხელისუფლებამ ციხეში დააბრუნა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
_ აქამდეც უნდა გადაეყვანათ. ამ არამზადაზე მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ჯერ თავად ხელისუფლებაში ყოფნისას როგორ ბოროტად იყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ახლა „ვივამედში“ ეკავა მთელი სართული, დაცვა დარაჯობდა, ამასთან, დედამისი მის სანახავად დღეში ორ-სამჯერ მიდოდა. მსგავსი რამ რომელ ქვეყანაში ხდება?! პატიმარია, თუ პრეზიდენტი, ყოველდღე ბრიფინგებს რომ გვიმართავდა „ვივამედის“ ლუქსიდან?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატიმრობაში სამი შვილი „გააკეთა“, რაც წარმოუდგენელია. პლუს ეს არ იყო კანონიერი დამოკიდებულება სხვა პატიმრებთან მიმართებით, რომლებიც „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარებაზე ოცნებობენ. რა გამოდის, თუ ყოფილი თანამდებობის პირი ხარ, მილიონებიც რომ გქონდეს მოპარული, პატიმრობა „სანატორიუმში“ უნდა გაატარო?!
ვფიქრობ, როგორც კი გამოაშკარავდა, რომ სააკაშვილი მომაკვდავი კი არა, სიმულანტი იყო, მაშინვე ციხეში უნდა გადაეყვანათ. მსოფლიოში რომ არ იკურნება, ისეთი დაავადებებისგან (დემენცია, კახექსია) განიკურნა. ასეთი ქოსატყუილა ამდენ ხანს საავადმყოფოში უნდა ჰყოლოდათ?! გავიხსენოთ პოლონელი ექიმები, რომელთაც მიშას დნმ-ის ნიმუშები წინდებში ჩაიდეს და კლინიკიდან ქურდულად გაჰქონდათ. წარმოგიდგენიათ, რა დასკვნას დაწერდნენ. აი, ასეთ რთულ მდგომარეობაში მოუწია ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა.
უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, რასთან გამკლავებაც ბატონ ბიძინას მის გუნდთან ერთად მოუხდა. ეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ურთულესი პერიოდი იყო _ ბეწვის ხიდზე ვიარეთ. ქვეყანა ომს ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად გადაურჩა, რასაც არ გვპატიობენ. არ გვაპატიეს, რომ მსხვერპლი არ გავიღეთ და უდანაშაულო ხალხი ამ ყველაფერს არ შევწირეთ. მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, ორი დღეც ვერ გავუძლებდით, ისე გაგვჟლეტდნენ.
ახლახან პროკურატურამ რვა ოპოზიციონერის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის, სააკაშვილზე, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის. მე თუ მკითხავთ, უპირველესად მიშას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რა დროსაც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიები დავკარგეთ, რაც სააკაშვილმა რუსეთს გადაულოცა. გამოსაძიებელია დავით გარეჯის საქმეც. მისი რეჟიმის დროს, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ქართული მიწების გასხვისება ხდებოდა. ეს გამოსაძიებელი. აქვე, სააკაშვილს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმაზე, რა ცოდვა-მადლიც ციხეებში ტრიალებდა. ნურც ის დაგვავიწყდება, გირგვლიანის მკვლელების გასათავისუფლებლად პარლამენტს კანონები მიზანმიმართულად რომ შეაცვლევინა. პარლამენტი მისი ჯიბის ორგანო იყო.
_ ქალბატონო ნანა, ხელისუფლებამ გახარიას ორ ეპიზოდზე ბრალი წაუყენა. ეს რამდენად დროულად მიგაჩნიათ?
_ ოცი ივნისის საქმეს რაც შეეხება, გახარიამ აქციის დაშლა, რეზინის ტყვიებით მაშინ გადაწყვიტა, როცა აქცია თითქმის დაშლილი იყო. მანამდე ბრბო პოლიციელებს იტაცებდა, ურტყამდა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. საეჭვოა, ტყვიები მართლაც საჭიროებისამებრ იყო გამოყენებული თუ იმისთვის, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მომხდარიყო. შედეგად, შიდა მტრებს დასავლეთისთვის საფუძველი მიეცათ, რომ ყოველივე საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულიყო.
_ საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება.
_ დიახ, პრემიერმა მშვენივრად ახსნა თუ რატომ უნდა მისცეს ხმა არჩევნებზე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა. რამდენიმე ათასი ემიგრანტი ხელისფლებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, მათი ხმა არჩევნების შედეგებს გადამწყვეტად არ ცვლის. საქმე ის არის, რომ მოქცეული ვართ იმ ჯაჭვში, სადაც მთელ დასავლეთში ჩვენ წინააღმდეგ მიმართული პროცესები მიმდინარეობს. ქართველი ემიგრანტები ხმას იმ ქვეყნებში აძლევენ, სადაც ლიბერალურ ძალებს საშუალება აქვთ, ეს ხმები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ბუნებრივია, ხელისუფლებამ თავი უნდა დაიცვას. ხომ ვნახეთ, როგორ მოაგებინეს არჩევნები წაგებულ მაია სანდუს, ქვეყნის გარეთ მიცემული ხმებით. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკურია _ დაიცვას თავისი ქვეყანა.
_ ქალბატონო ნანა, როგორც ვიცი, მალე თქვენი პარტიის ყრილობა გაიმართება. რატომ გადაწყვიტეთ პარტიად ჩამოყალიბება?
_ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ოცდაცამეტი წელია, ერთსა და იმავე წრეზე ვმოძრაობთ _ ევროპაში მივდივართ, ანუ იქ, სადაც არავინ გველის, არავინ გვღებულობს. როდემდე უნდა ვიძახოთ, ევროინტეგრაციის გზით უნდა ვიაროთო. ოცდაცამეტი წელი საკმარისი არ არის, რათა გავერკვიოთ, არის თუ არა ევროპაში ჩვენი ადგილი?! ჩვენ რომ ვიძახოთ: ნატო-ში გვინდაო, ამით არაფერი შეიცვლება. მთავარია, მათ, უნდათ ჩვენთან ყოფნა? ამიტომ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ალტერნატივის სახით, ხელისუფლებისთვის ნეიტრალიტეტის იდეა შეგვეთავაზებინა.
საქართველო პატარა ქვეყანაა. ის არც აშშ-ია, არც ჩინეთი და არც რუსეთი. ხომ ხედავთ, როგორი მარტივია პატარა საქართველოზე ძალადობა. ჩვენ რომელიმე მხარეს რომ გადავიხაროთ, იქნება ეს რუსეთი თუ დასავლეთი, დარჩენილი მეორე _ გაგვანადგურებს. ამიტომ ჩვენ თავდაცვითი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან დიდი სახელმწიფოების ინტერესების დაჯახება თავიდან ავიცილოთ, ამისგან სწორედ ნეიტრალიტეტი დაგვიცავს. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შუა დერეფნით დიდმა სახელმწიფოებმა ისარგებლონ. თუ ისინი საქართველოს ნეიტრალიტეტს აღიარებენ, ეს ჩვენი დაცვის მექანიზმი იქნება. თუ ტვირთები საქართველოზე გაივლის და შევძლებთ, ერთი მხრივ, მათი ინტერესები დავაბალანსოთ, მეორე მხრივ, ისინი თავად მოინდომებენ, საკუთარი ტვირთები დაცული იყოს. ჩვენ ვიცით, როგორ ცხოვრობენ ნეიტრალური ქვეყნები და რა არის მათი დაცვის მექანიზმი _ ეს აღიარების მოპოვებაა. ვეცდებით, იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას ქმნიან, ამ აღირებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი დაცვის მყარი გარანტი იქნება. თუ ვინმე უკეთეს სტრატეგიას შემოგვთავაზებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქვეყნის უკეთესი დაცვა არსებობს, ვიდრე ნეიტრალიტეტია, დისკუსიისა და პოლემიკისთვის მზად ვართ.
თამარ შველიძე

