მურმან კვარაცხელია: აფხაზეთის დასაბრუნებლად, უპირველესად, ოკუპანტთან დალაპარაკებაა საჭირო
„საერთო გაზეთის“ სტუმარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან კვარაცხელია
– ბატონო მურმან, სამი ათეული წელია, რაც უმაღლესი ეშელონებიდან მესმის, რომ აფხაზეთი საქართველოს მოურჩენელი ტკივილია, მაგრამ დრო გადის და ეჭვის საფუძველი მიჩნდება, რომ რეალურად, მხოლოდ ჩვენი თაობის ტკივილად დარჩა...
– რაც მოხდა 1992-93 წლებში, ეს ყველაფერი რუსეთისა და არა მხოლოდ რუსეთის მიერ იყო ინიცირებული, ამაში ე. წ. დასავლეთის ხელიც ურევია. რატომღაც ეგონათ, რომ ავტონომიები საბჭოთა წარმონაქმნი იყო. ისტორიულად, აფხაზეთი ისეთივე ცალკე სამთავრო იყო, როგორც საქართველოს სხვა მხარეები და ამ კუთხით სახელმწიფოებრივი გამოცდილებაც აქვს. აფხაზეთიცა და სამეგრელოც იმერეთის სამეფოში შედიოდა, ერთი გარემოებაა ხაზგასასმელი – ერთიანი სახელმწიფოს სივრცეში იყვნენ, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ.
რაც მოხდა 90-იან წლებში, ეს უპირველესად, რუსეთის ინტერესებში შედიოდა. რუსეთმა იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც საქართველო ხელიდან გაუძვრებოდა, ამიტომ რაღაც გზა უნდა გამოეძებნა.
– სხვათა შორის, ქართველმა სასულიერო პირმა მითხრა, რომ აფხაზეთის ხელში ჩაგდებით, რუსეთმა, ფაქტობრივად, საქართველო გადაარჩინა როგორც სრული სულიერი დეგრადირებისგან, ასევე საკუთარი თავისგანაც...
– ეს ცალკე თემაა და, თუ სურვილი გექნებათ, შემდგომ ამაზეც ვისაუბროთ – ჩემი ხედვა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ხელში რომ საქართველოზე ზეწოლის იარაღია, უცხადესია.
საზოგადოების ერთ ნაწილზე მინდა ვთქვა – საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსული პოლიტიკის გატარებას აბრალებენ, რაში ხედავენ ამ პოლიტიკას? რუსული პოლიტიკა თუ არის, რატომ არ გვიბრუნებს რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?
1989 წლის საკავშირო აღწერით, აფხაზეთში 93 000 აფხაზი ცხოვრობდა. შესაბამისი წყაროდან ვიცი, რომ ეს რიცხვი გაბერილი იყო, რეალურად 70 000-მდე იყო. ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობდით, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იქ აფხაზი იყო დომინანტი – მეც ისეთივე აფხაზი ვიყავი, როგორც აფხაზი, მაგრამ მეც ისეთივე მეგრელი ვარ, როგორიც ის არის.
მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს დამორჩილება, რადგან ცენტრალურ კავკასიაში (სამხრეთი და ჩრდილოეთ კავკასია რუსული დაყოფაა), მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი 10 მლნ-ია და აქვეა სომხეთიც, გეოსტრატეგიულად ჩვენ ვართ მნიშვნელოვნად მომგებიან ადგილზე – შუა დერეფანი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე.
დღეს, იმ ტვირთებმა, რომლებიც „ჩრდილოეთის გზით“ მიედინებოდა, საქართველოზე თუ არ გაიარა, სხვა მოკლე გზა არ არსებობს, სატრანსპორტო დერეფანს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამწუხაროდ, რუსეთმა სწორად ვერ განსაზღვრა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ – რუსი შოვინისტების მოსაზრებებს დაეყრდნენ და შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს წაართვეს მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედი, მაგრამ ოთხ მეხუთედზე დაკარგეს კონტროლი.
– იქნებ, გათვლა სწორედ ის იყო, რომ საქართველოსთან პოლიტიკურ ასპექტში სავაჭროდ ჰქონოდათ სწორედ ეს ერთი მეხუთედი...
– როცა რუსეთი ამბობს, რომ საქართველო ეწევა პრაგმატულ პოლიტიკას; ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა, დავსხდეთ, ვისაუბროთ... მე მიმაჩნია, რუსეთს მხედველობაში აქვს ის, რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ იმ სტატუს-ქვოდან, რომელიც დღეს არსებობს, ანუ დე-ფაქტოდან.
რა მოცემულობაც დღეს გვაქვს, რომ თურმე აფხაზებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა საქართველოსგან და დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ; ასევე, ე. წ. სამხრეთ ოსეთში, რომელიც ცხინვალის რეგიონი და სამაჩაბლოა ჩვენთვის, სულ 3500 კვმ-ია, ხოლო 8 600 კმ-მდე არის აფხაზეთის ტერიტორია, ეს ყველაფერი, თურმე მოგებული ბრძოლების შედეგი ყოფილა, ერთგან აფხაზებმა მოუგეს საქართველოს, მეორეგან – ოსებმა. რუსეთმა, ნაურუმ, სირიამ და ვენესუელამ თუ აღიარეს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ეს არ ნიშნავს, რომ აღიარებულა. იქ მყოფები ჯერ კიდევ სულდგმულობენ ქართველების ჯერჯერობით დატოვებულ ქონებაზე და იმით არიან.
თუ დავუშვებთ, რომ 1989 წელს მართლა 90.000 ათასი აფხაზი ცხოვრობდა აფხაზეთში, ახლა 60.000-იც აღარ არიან, თუმცა აჩვენებენ, რომ 123.000 აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში.
მოსახლეობის ზრდა მართლა რომ ჰქონოდათ, წელიწადში, მინიმუმ, 8000 ბავშვი უნდა დაბადებულიყო, რეალურად კი 400 ბავშვი იბადება. ეს მონაცემები ჩემი გამოთვლილი არ არის, რუსულ საიტებზეა გამოქვეყნებული.
დღეს აფხაზეთისკენ მიმავალი ყველაზე გრძელი და დიდი გზა გადის იმაზე, რომ აფხაზები მენტალურად მოემზადონ იმის შესაგნებად, რომ საქართველო მათთვის ხსნა არის და არა კატასტროფის მომტანი.
კი, არის აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც მხოლოდ საშიშროებას ხედავს საქართველოში და მტრად აღიქვამს, რის გამოც ყველანაირად გაურბის საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობას და ამ განწყობას უნერგავს მომავალ თაობებს, მაგრამ არის ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილიც, საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც დიალოგისთვის გვიხმობენ – ცხადია, მათ ვინაობას არ დავასახელებ. ამ ნაწილმა იცის, რომ საქართველოს გარეშე აფხაზეთს პერსპექტივაც კი არ აქვს, რომელ სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი...
– კარგი, ჩახვედით სოხუმში, მერე? აფხაზეთის დღევანდელ ე. წ. ხელისუფლებას რისი გადაწყვეტის უფლება და საშუალება აქვს...
– დიახ. ჩვენი პასუხი მარტივ შეკითხვას ჰგავს: თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთის გარეშე გადაწყვეტთ ამ პრობლემას?
ამ დროს, ნახეთ, რუსეთი როგორ ისვრის აფხაზეთისკენ ქვებს – მოგვიწოდებს, დაელაპარაკეთ აფხაზეთსო, ამ დროს, არ დაგალაპარაკებს. თუ დაგალაპარაკებს, იქვე ჩაგიდჯება და ერთს რომ ანიშნებს თვალით, შეაცვლევინებს ყველაფერს. ფაქტობრივად, ჟენევის ფორმატი ჩაშლილია – ეს არის დროის გაწელვის პოლიტიკის ერთ-ერთი სახეობა.
ტურიზმით აყვავებული და აშენებული ქვეყანა რანაირად წარმოუდგენიათ, ნეტავ? ყველაზე განვითარებული ტურისტული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8-9% შეიძლება შეავსოს ტურიზმმა, ეს არის მსოფლიო კანონზომიერება და აფხაზეთის შემთხვევაში ეს როგორ დაირღვევა?
– გადავიდეთ კონკრეტიკაზე...
– მე ვარ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, არჩეული ოჩამჩირიდან 1991 წლის ოქტომბერში. იცით, რომ აფხაზეთის დაცემის შემდეგ, ჩვენ ლეგიტიმურობა შევინარჩუნეთ – პარლამენტის დადგენილებით გაგვიგრძლდა ვადა აფხაზეთში დაბრუნებამდე.
– იცით, მე არ მესმის ხელისუფლების პრინციპი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაელაპარაკებიან რუსეთს, თუ ოკუპირებულ ტეიტორიებს დააბრუნებს – მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დიალოგიო. ჩვენი პოზიციიდან ულტიმატუმის ენა – „მდე“ და „შემდეგ“, არასერიოზულ მიდგომად მიმაჩნია...
– რამდენად რელევანტურია თანამედროვე პოლიტიკაში ასეთი მიდგომა, ნამდვილად ვერ გეტყვით...
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ და მყავს რამდენიმე თანამოაზრე, სულ ცხრამეტი კაცი ვართ, რომლებიც ვფიქრობთ და ვცდილობთ, შევქმნათ პრობლემის გადაჭრის გზები. სამწუხაროდ და საუბედუროდ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არიან პიროვნებები, რომლებმაც პროვინციული ნეპოტიზმი დანერგეს. თემას არ განვავრცობ და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ვინაობების დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, მაგრამ ეს რას ნიშნავს, მოგეხსენებათ.
ამიტომ, რამდენიმე კაცი გავემიჯნეთ საეჭვო პროცესებს და მხოლოდ საქმის კეთებაზე ვართ ორიენტირებული და არა სახელმწიფოებრივი მანტიის ქვეშ პირადი კეთილდღეობის შექმნაზე. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა, მან უნდა მოგვაქციოს ყურადღება!
მე ვარ ამის ინიციატორი – ჩვენ გვაქვს ჩვენი კონცეფცია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. სხვადასხვა სფეროებში, როგორ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში.
ვიღაცას, შეიძლება, ათასი აზრი ჰქონდეს, თუნდაც ოპოზიციას, მაგრამ კონცეფციის შექმნაზე არავის უფიქრია. პირადად მე, ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ მთავრობის ძალისხმევის გარეშე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ერთიან სხეულს დაუბრუნდება, ამიტომ იმ მთავრობის გვერდზე ვდგავართ, რომელიც არის!
მე და ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებას დაველაპარაკოთ. მოგვისმინონ, გაეცნონ ჩვენს კონცეფციას, იქნებ, რას ვთავაზობთ, მაგრამ ჯერჯერობით „ზემოდან“ დუმილია – ვფიქრობ, ეს დროებითია და მხოლოდ დროის ფაქტორია...
მაგალითად, დღეს მე თქვენ ჩვენს კონცეფციაზე ვერ გესაუბრებით იმიტომ, რომ ჯერჯერობით საჯარო სივრცეში არ არის გამოტანილი...
– იმედს ვიტოვებ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენი კონცეფცია გასაჯაროვდება, ცალკეულ საკითხებზე საუბარს არ დაგვზარდებით – წინასწარ გართმევთ პირობას...
– კი, ბატონო. ჩვენს კონცეფციაში უამრავი საკითხებია, ბლოკებია...
ჩვენ რომ აფხაზეთში დაბრუნებას ვაპირებთ, სად ვბრუნდებით, რა სისტემა გვხვდება იქ?
დღეს ხომ იქ არანაირი სისტემა არ არსებობს, მხოლოდ იყიდე-გაყიდეა, ან შენთვის მიწას თუ მოჩიჩქნი...
რაც წითელ ხაზად გასდევს ჩვენს კონცეფციას, ეს არის აგროინდუსტრიის განვითარება.
მთავრობამ წინ გაიხედა და რამხელა ნაბიჯი გადადგა, წარმოიდგინეთ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც დღეს რეფორმას გადის, აგრომიმართულება მისცა. ეს ვერ გაიგო ზოგიერთმა და გააპროტესტა, ძველებურად უნდა იყოსო. ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი ვარ სოხუმის უნივერსიტეტში, პროფესორი – ერთ-ერთმა პირველმა დავუჭირე მხარი რეფორმას და, ატეხეს ხმაური, ხედავთ, საკუთარის გაუქმებას დაუჭირა მხარიო.
მე საკუთარი მიმართულების გაუქმებას კი არ დავუჭირე მხარი, არამედ იმ მომავალს, რომელსაც მე ვხედავ. პრინციპზე დადგომა „მე ასე მინდა!“ – არ არის აზროვნების პროდუქტი..
„ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი“ რას ჰქვია, „სოხუმის უნივერსიტეტი გამოშიგნეს!“ – არავის არაფერი არ გამოუშიგნია, პირიქით, უნივერსიტეტს იქით ემატება.
ჩვენ სოხუმში გვქონდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც ახლა ქუთაისშია ერთ-ერთ ფაკულტეტად შესული წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს არ „წავართმევთ“, მაგრამ როდესაც აფხაზეთში დავბრუნდებით, იქ ჩვენ დაგვხვდება აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც აგროეკონომიკას შეასწავლიან, აგრობიზნესს და აგროინდუსტრიის მიმართულებას შევქმნით – ეს არის ამ რეფორმის ავანჩავანი.
თქვენ კარგად იცით, რომ, როდესაც თანამდებობას იკავებენ ზოგიერთები, შემდეგ ძალიან უჭირთ ამ თანამდებობიდან წასვლა... აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა განიხილოს მთავარი – სასწავლო პოლიტიკა?
ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკა მხოლოდ ერთია და მხოლოდ ის არის პოლიტიკა, ხოლო თვითონ არის პოლიტიკოსი. პოლიტიკა უამრავი არსებობს: სახელმწიფო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, დემოგრაფიული პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა და ა. შ. სწორედ ეს გვინდა ჩვენ, ამ კუთხით გვინდა განვავითაროთ და სწორედ ამიტომ მომიაზრებენ ოპოზიციაში – თუ უსამართლო ოპოზიციონერი ხარ, მაშინ მარგინალი ხარ, ანუ შენ იმ სოციუმის გარეთ ხარ, რომელი სოციუმიც ირგვლივ არის და მის ინტერესებს არ ითვალისწინებ. დღეს ძალიან შორს არიან ამისგან, მაგრამ მე კონფორმისტი ვარ – უმრავლესობის აზრს ხომ უნდა დაემორჩილო... დღევანდელი ე. წ. ოპოზიციისა არ იყოს, ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ ხელახალი არჩევნების დანიშვნას რომ ითხოვენ – ბარემ იყვირონ, რომ სანამ მე არ მოვალ ხელისუფლებაში, არჩევნებს არ ვცნობო. ეს არის უმცირესობის ზეწოლა და ზეგავლენა უმრავლესობაზე და ეს არ მინდა მე არანაირ სივრცეში, ამიტომ, ნამდვილად კონფორმისტი ვარ.
პოლიტიკა ყოველთვის ეკონომიკაზეა დაშენებული, ანუ ჯერ ფუნდამენტი, მატერიალური ბაზა უნდა შექმნა, რომ ზედ პოლიტიკა დააშენო, მაგრამ ამაზე წარმოდგენა არ აქვთ ზოგიერთებს, შესაბამისად, არც არაფერს ამბობენ და შენ თუ ეუბნები და უხსნი, არ აინტერესებთ.
– უმაღლესი საბჭოს არჩევის უფლება არ გაქვთ, ხომ?
– დიახ, არ გვაქვს ეს უფლება. არჩევა არის მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული პრინციპით. როდესაც დავიბრუნებთ აფხაზეთს, ყველა დავდებთ ჩვენს მანდატს და იმ დღესვე მოხდება ხელახალი არჩევა.
ძალიან ძნელია, თანამდებობას შეელიო, ვერაფერს ვერ აკეთებს ადამიანი, არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია და არც მიდის, არადა, არსებობს რესურსი, რომ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთოთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უპირველესად, თუ შენ პოლიტიკური ორგანო ხარ, ხომ იცი, რაც მოხდა აფხაზეთში და დღეს რა ხდება იქ – სახალხო დიპლომატიას რა უდგას წინ? მაგრამ შენ რომ სოხუმის დაცემას ზეიმობდი, ხალხი არ მოგენდობა – ამაშია საქმე!
ხელმძღვანელი პირის თანამდებობა რომ აქვს ადამიანს, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი მკაცრი პროგრამა და ვინაიდან შიშველი ხელებითა და მარტოკაცი ამ პროგრამას ვერ განახორციელებ, უნდა მიგესვლებოდეს ზედა ეშელონებთან; უნდა შეგეძლოს დადგენილებების მიღება; პარლამენტში მისვლა, მთავრობაში და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აკეთო დიდი საქმე, მაგრამ როცა ხელში არაფერი გიკავია, არანაირი კონცეფცია არ გაგაჩნია და მხოლოდ არაფრისმომცემი შეხვედრების ორგანიზება შეგიძლია, ასე საქმე არ კეთდება.
„მე ყველაფერი ვიცი!“ – ამის ყვირილი საქმის კეთება არ არის. სოკრეტემ თქვა, მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიციო და, შენ თუ ამბობ, რომ ყველაფერი იცი, აშკარაა, რომ არაფერიც არ იცი!..
– ბატონო მურმან, თუ აფხაზეთში ვერ დავბრუნდით, ისე რა აზრი აქვს ნებისმიერ კონცეფციას? ახლა ვინც აფხაზეთშია და, მათგან ნაწილი მტრად გვთვლის, ნაწილი – სხვაგვარად უყურებს დღევანდელ საქართველოს, მათ, ყველას თუ არ დაელაპარაკე, მაგრამ იმას კიდევ, რუსეთი არ დაგალაპარაკებს თავისი ჩარევის გარეშე, ეს ხომ იგივეა, ციყვი რომ დარბის დოლურაში...
– რუსეთთან დალაპარაკება ამ მთავრობის პრეროგატივაა. „ოკუპანტი“ ნიშნავს, რომ ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა და გავიგეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ შენ თუ არ დაელაპარაკე იმ ოკუპანტს და არ უთხარი, რა გინდა და რას ფიქრობ, უძახე „ოკუპანტი“ და იყავი. ბავშვი რომ ტირის და არ ამბობს რა ატირებს, ან ტირის და, შენ, მშობელი რომ არ უსმენ, რატომ ტირის, სტკივა, შია თუ რა აწუხებს, მაშინ ვინ ხარ შენ?
ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ამ მთავრობას ჩვენი ხედვა, რაც კონცეფციად გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ვინც ისიც არ იცის, კონცეფცია რა არის, რა უნდა მიაწოდოს და დადიან ასე, უთავოდ, კონსტიტუციურ ცვლილებაზე ლაპარაკობენ – ჯერ ის ცვლილება უნდა მოახდინო, რაც აფხაზეთსკენ ნაბიჯს გადაგადგმევინებს შესაგებებელი ნაბიჯის მომლოდინეს...
– რატომღაც, პარლამენტში წარმომადგენელიც აღარ გყვავთ, რომელიც თქვენს სათქმელს მიიტანდა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე...
– ქალბატონო მაია, როგორც სახელმწიფოებრივ ავტომონიურ წარმონაქმნს, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ახლა ჩვენი გუნდი ვაკეთებთ ისეთ კონცეფციას, რომ თუ გაეცნობიან, დალაგებული იქნება, მართლაც რა უნდა გაკეთდეს.
– სხვათა შორის, დღევანდელ ხელისუფლებას ერთი უდავოდ კარგი თვისება აქვს – სახელმწიფოს შენებისთვის სასარგებლო რჩევა-დაკვეთას არ უკადრისობს, ითვალისწინებს და მოქმედებს...
– ხომ ვხედავთ ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს მიმართ – აბსოლუტურად სწორად თქვა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომ მათი რეზოლუციები მხოლოდ იმ ქაღალდის ფასია, რომელზეც ის წერიაო. მეც ასე ვიტყოდი!
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არავის გზით არ მივდივართ – საქართველომ უკვე დაჰკრა ხელი და თქვა: მე ჩემი გზა მაქვს! საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუ გინდათ, ორმხრივი და თანასწორი პირობებით ვითანამშრომლოთ. არ გინდათ? – კარგად ბრძანდებოდეთ!
ესაუბრა
მაია ჭელიძე
