მიწის რესურსები – ეროვნული უსაფრთხოების, იდენტობისა და სოციალური სტაბილურობის საძირკველი
(დასასრული, დასაწყისი იხ. „ს.გ.“ N12)
ასეთი ტიპის (წვრილი) საოჯახო მეურნეობები ზღუდავს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების ეფექტიან გამოყენებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე კი სასოფლო-სამეურნეო წარმოება უნივერსალურ ფუნქციას ვერ შეასრულებს. ეს გარემოება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის შრომის საზოგადოებრივი დანაწილების პროცესის რეგულირებაში. მცირემიწიანობა და ნაკვეთების წვრილი ფრაგმენტაცია არ იძლევა რაციონალური შედეგების მიღების, კაპიტალის ინვესტირების, ტექნიკური გადაიარაღების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ეფექტიანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარების საშუალებას.
ამასთან, სასოფლო-სამეურნეო წარმოების რეალური სექტორი, ფაქტობრივად, მეცნიერული უზრუნველყოფის გარეშეც დარჩა. განსაკუთრებით, 90-იან წლებში გაჩანაგდა აგრარული მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სოფლად მსხვილმა საწარმოებმა არსებობა შეწყვიტეს. მათი ძირითადი საწარმოო ფონდები ჯართის სახით საზღვარგარეთ გაიყიდა. სოფლად წარმოების მექანიზაციის დონე კატასტროფულად დაეცა. 2024 წელს ქვეყანაში სარწყავმა ფართობებმა შეადგინა 165 ათასი ჰა, მაშინ, როცა 80-იანი წლების ბოლოს 435 ათას ჰექტარს შეადგენდა.
სოფლად მეწარმეობრივი უნარის დაქვეითებას ადასტურებს წლების განმავლობაში ნათესი ფართობებისა და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მკვეთრად შემცირება. 1990-2024 წლებში ნათესი ფართობები შემცირდა 700 ათასი ჰექტრიდან 191,5 ათას ჰექტრამდე. მოუგვარებელია თესლის წარმოება, სანაშენო საქმის ორგანიზაცია, უკიდურესად დაბალია სასოფლო-სამეურნეო წარმოების მექანიზაციის დონე და მოსავლიანობაც.
ყოველივე ეს უშუალოდ გავლენას ახდენს სასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურაზე. მოსახლეობის ერთ სულზე 2024 წელს პურპროდუქტების მოხმარებამ ქვეყანაში შეადგინა 114 კგ (ადგილზე წარმოებული იყო 40 კგ), ბოსტნეულის მოხმარებამ - 58 კგ (ადგილზე - 36 კგ), ხორცის მოხმარებამ – 40 კგ (ადგილზე - 24 კგ). ამავე წელს, ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის იმპორტი 1 მლრდ დოლარით ჭარბობდა ექსპორტს.
მიწის უმთავრესი ელემენტი - ნიადაგი, რაციონალურად არ გამოიყენება
სამწუხაროდ, იგნორირებულია ნიადაგის უნივერსალური თვისება – იგი დარგწარმომქმნელი ფენომენია, მასზეა დამოკიდებული საბაზრო სისტემაში დარგობრივი სტრუქტურების ჩამოყალიბება. ქვეყანაში მიწის (ნიადაგის) ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების რეგულირების მიღმა დარჩა. ეს კარგად ჩანს ჩაის კულტურის, როგორც მემცენარეობის დარგის ფუნქციონირებისა და თანამედროვე პირობებში მისი მილევადი პროცესების სისტემური ანალიზიდან.
საქართველოში 2021 წელს 900 ჰექტარზე იყო გაშენებული ჩაის კულტურა, 1988 წელს კი 67 ათასი ჰექტარს შეადგენდა. ჩაის, ტუნგოს და სხვა სუბტროპიკულ კულტურებს კარგად მოერგო ეწეროვანი (მჟავე) ნიადაგები. ადრე უფუნქციოდ დარჩენილი მჟავე ნიადაგები (ისინი ეკალბარდით, გვიმრით იყო დაფარული) მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების სამსახურში ჩადგა. ჩაის კულტურა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სიღარიბიდან გამოყვანის უმთავრესი ფაქტორი გახდა. ნიადაგმა, ფაქტობრივად, დარგწარმომქმნელის ფუნქცია შეასრულა. ნედლეულის ზრდამ გადამამუშავებელი მრეწველობის შექმნა განაპირობა. ამან კი მომიჯნავე დარგების განვითარება დააჩქარა (მანქანათმშენებლობა, სატრანსპორტო სახეობების წარმოების დარგები, ქიმიური მრეწველობა, მეცნიერება, განათლება და სხვ.). პირველად მსოფლიოში ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს ჩაის საკრეფი მანქანა და მანამდე დაუჯერებელი ოცნებაც აღსრულდა – ჩაის ფოთლის კრეფის შრომატევადი პროცესი მთლიანად მექანიზებული გახდა. მწარმოებლურობა მასშტაბურად გაიზარდა. ინგირის მეურნეობაში ერთი საკრეფი მანქანა 120 ტონამდე ჩაის ფოთოლს კრეფდა, (ე.ი. ცვლიდა 40 ხელით მკრეფავს).
მეჩაიეობა და ჩაის მრეწველობა (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) – როგორც უმსხვილესი სამეცნიერო სამრეწველო კომპლექსი – მილევად მდგომარეობაშია.
დღეს ქვეყანაში ითვლება, რომ თითქმის 5 ათას ჰეტრამდე შემორჩენილია დეგრადირებული ჩაის ფართობი (მისი აღრიცხვაც ვერ მოხერხდა). მეჩაიეობის ზონის მცხოვრებნი კი მეზობელ თურქეთში დადიან ჩაის ფოთლის საკრეფად. ჩაის იმპორტი საშუალოდ წლიურად 11 მლნ დოლარს აღემატება.
ანალოგიური სურათია ეთერზეთოვანი კულტურების წარმოების მხრივ. პროდუქციის 90% ექსპორტში გადიოდა. 200 ათას ტონამდე იწარმოებოდა სხვადასხვა სახის ეთეროვანი კულტურების ზეთები. ტუნგოს წარმოებიდან მიიღებოდა 1000 ტონამდე ტექნიკური ზეთი. ეთერზეთოვან პროდუქციაზე მოთხოვნა მსოფლიოს ქვეყნებში იზრდება. ჩვენთან კი ამჟამად, ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება და გადამუშავება მთლიანად შეწყვეტილია. სავალუტო რესურსების ფორმირების ეს რეალური წყარო გამოუყენებელია.
მიწის რესურსელი პოტენციალი და სოციალური გარემო
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 38,1% სოფლად ცხოვრობს და ქმნის მშპ-ის 6,3%-ს. 1989-2024 წლებში სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა 918 ათასი კაცით შემცირდა. თუ 1988 წელს ყოველ 1000 კაცზე ბუნებრივი მატება შეადგენდა 8 კაცს, 2024 წელს გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატებოდა დაბადებულთა რიცხოვნობას 4488 კაცით. ეს ნიშნავს იმას, რომ დემოგრაფიული კრიზისი მწვავდება. 65 წელზე მეტი უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 16,6%-ს შეადგენს. სოფლად სამუშაო ძალის აღწარმოება კრიტიკულია.
სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უკიდურესად ჩამორჩა
ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ თავისებურებასაც: 2024 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 მლნ-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი. მათ შორის, აქტიურად მოქმედებდა მხოლოდ 247 ათასი სუბიექტი (24,7%). სოფლის, სატყეოს და თევზის მეურნეობაში რეგისტრირებული 11882 სუბიექტიდან აქტიური იყო მხოლოდ 30%.
სოფლად უმუშევრობის დონემ შეადგინა 13,3%. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი შინამეურნეობების ფულად შემოსავლებში 2023 წელს შეადგენდა 5,3%-ს, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინა მეურნეობაზე 85,7 ლარია.
აგრარული სექტორისათვის კადრების მომზადების სისტემა არ არსებობს
ადრე არსებული სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გასხვისდა. პედაგოგთა კადრები გაიფანტა. სიმბოლურად, ერთ ლარად კერძო სექტორში „გადავიდა“ აგრარული უნივერსიტეტი. მისი მდიდარი სასწავლო-სამეცნიერო ბაზა (სამხრეთ-კავკასიის რეგიონს ემსახურებოდა), რომელიც კვალიფიციური კადრების მომზადების უნივერსალურ კერას წარმოადგენდა, ფაქტობრივად, ურბანიზაციის „ყოვლის შემძლე“ პროცესმა შთანთქა. კვალიფიციური კადრების დიდი დეფიციტი კი ყოველმხრივ ზღუდავს აგრარული სექტორის განვითარებას. ამასთან, ურბანული პროცესების დაჩქარების ფონზე სოფლები დაცარიელდა დედაქალაქში ან საზღვარგარეთ არის წასული სოფლად მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი. კარმიდამოები მიტოვებულია.
ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებანი არ ხორციელდება
აგრარული იერ-სახე მუდამ განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება-ფუნქციონირების საერთო ფონს. ამჟამადაც ეს მისი ისტორიული თავისებურებაა. უფრო მკაფიოდ ჩანს მისი როლი მომავალშიც.
სასოფლო-სამეურნეო წარმოება სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში ორი ტიპის ბუნებრივ-ბიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ობიექტური კანონები ერთდროულად და ერთიან სივრცეში მოქმედებს. ამ დარგში ძირითადი საწარმოო ფონდები (ბიოლოგიური საშუალებები) უმეტესად სეზონური და მაღალ რისკიანია. ეს, გარკვეულწილად, ისედაც ქმნის სირთულეებს. მაგრამ სწორედ ამ სექტორში, სპონტანურად თუ შეუგნებლად, გაჩნდა განვითარებასთან შეუთავსებელი ახალი პრობლემები: მიწის (ნიადაგის) გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მონიტორინგმა და კონტროლმა სისტემურობა დაკარგა; მიწის ფართობების აღრიცხვა (რეგისტრაცია) მოუწესრიგებელია; მიწათმოწყობა (როგორც სისტემა), ფაქტობრივად არ არსებობს და ახლა ყალიბდება; სამინისტროებს შორის ფუნქციები რაციონალურად არ არის გადანაწილებული; 20 წელია არ დგება მიწის ბალანსი (სტატისტიკური ანგარიში ქვეყნის მიწის ფონდის განაწილებისა და მისი ფაქტობრივი გამოყენების შესახებ); არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია მიწის (ნიადაგის) დეგრადაციის შესახებ (გაუდაბნოება, ეროზია, დამარილიანება, გაჭუჭყიანება, მეორადი დაჭაობება და სხვა); სრულყოფილად არ წარმოებს მიწის (ნიადაგის) დეგრადაციის მიზეზების შესწავლა (დადგენა).
ყოველივე ამის ფონზე ქართული სოფლის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ფენომენის სტერეოტიპი იმსხვრევა.
მიწის რესურსების გამოყენებაში დაშვებული შეცდომები
უხეში მეთოდოლოგიური შეცდომებია დაშვებული მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის გარდაქმნების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. მეთოდურად დამკვიდრდა აზრი, რომ სახელმწიფო ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად არ უნდა ჩართულიყო („ვაშინგტონის კონსენსუსი“ და მისი დოქტრინა „შოკური თერაპია“) და ამით გაეხსნა გზა განუკითხაობას. კერძო ინტერესების უკონტროლო თარეშს. ასეთ პირობებში ჩამოყალიბებულმა სახელმწიფოს ეკონომიკურმა (აგრარულმა) პოლიტიკამ დროის გამოწვევებს ვერ გაუძლო და მივიღეთ სოციალურად პოლარიზებული საზოგადოება და სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სასოფლო-სამეურნეო წარმოება (ნატურალური მეურნეობა, რომელსაც საკუთარი თავის გამოკვებაც უჭირს).
გარდამავალ პერიოდში გაჩანაგდა აგროსამრეწველო კომპლექსის (იგულისხმება მრეწველობის ის დარგები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და მისი მომიჯნავე დარგების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა-განმტკიცებას, ასევე საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურებიან) ფუნქციონირების სამრეწველო საფუძველი, მოიშალა მისი სამეცნიერო პოტენციალი, კვალიფიციური კადრების უზრუნველყოფის სისტემები, ორგანიზაციულად მსხვილი საწარმოები სუსტი ნატურალური მეურნეობებით შეიცვალა. შესაბამისად შემცირდა პროდუქტიულობაც. სოფლის მუშაკი თანამედროვე კონკურენტულ გარემოში მეურნეობის გაძღოლისათვის საჭირო ცოდნას ვერ იძენს, დაქვეითდა ეკონომიკური მოტივაცია, დეინდუსტრიალიზაციის შედეგები სახეზეა: ტრაქტორი მეტწილად ჩაანაცვლა ცოცხალმა გამწევმა ძალამ (ხარი, ცხენი, სახედარი). სოფლის დაცლის, საერთოდ სოფელში სამეურნეო წარმოების დეგრადაციის პროცესი ღრმავდება. სასურსათო უსაფრთხოება მაღალი რისკების ზონაში აღმოჩნდა. ასეთი და სხვა ტენდენციების მხოლოდ დაფიქსირება და გახუნებული ლოზუნგები, რომ გადავარჩინოთ ქართული სოფელი, იმის იმედად ყოფნა, რომ ბაზარი ყველაფერს დაალაგებს და ჩვენ თავი არ შევიწუხოთ, ქვეყანის მომავლის წინაშე ღალატის ტოლფასია.
საჭიროა საგანგებო ზომების მიღება. კერძოდ, საუკეთესო შედეგებზე ორიენტირებული და პრაქტიკაზე დაფუძნებული სამრეწველო, სამეცნიერო და საკადრო პოტენციალის ფორმირება და მათი თანამედროვე ინოვაციური მეთოდებით ეფექტიანად გამოყენება. ამას წინ უნდა უსწრებდეს დაშვებულ შეცდომებზე ღიად, გულწრფელად, არგუმენტირებულად მსჯელობა.
შექმნილი მდგომარეობის გამომწვევ ფაქტორთა ერთობლიობიდან, შეიძლება გამოვყოთ თეორიული, მეთოდოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრატეგიული და ზნეობრივი ხასიათის ურთიერთდაკავშირებული შეცდომები, უცოდინარობა, უპასუხისმგებლობა.
თეორიულ-პოლიტიკური ხასიათის სტრატეგიული შეცდომა ის იყო, რომ საერთაშორისო სტრუქტურების მიერ რეკომენდებული იდეოლოგიზებული დოქტრინა - „შოკური თერაპია“ გამოიყენეს გეგმიური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიად. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ იგი ორგანულად შეუთავსებელი იყო ქვეყნის განვითარების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებთან (ახალი ტიპის სოციალურად ორიენტირებული სისტემის შექმნის მიზანთან).
თეორიულ-ეკონომიკური ხასიათის სტრატეგიული შეცდომა ის იყო, რომ ობიექტურად ვერ განისაზღვრა ეკონომიკის ახალ თვისებრიობაში გადასვლის სასტარტო გარემო და რესურსული პოტენციალი; ყურადღება არ მიექცა განვითარების უნიკალურ ხასიათს, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა იწყებოდა თვისებრივად სხვა სასტარტო პირობებიდან, ვიდრე ეს ისტორიულად განხორციელდა ფეოდალური ურთიერთობებიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლის პერიოდში. გეგმიანი ეკონომიკა იყო გარდაქმნების სასტარტო ბაზა. იგი უფრო ახლოს იდგა თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ მოდელებთან, ვიდრე „ველური კაპიტალიზმის“ პერიოდის ეკონომიკურ სისტემებთან. ასეთი შეცდომა შემდგომში, გარდაქმნების წარუმატებლობის განმსაზღვრელი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა.
თეორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი ხასიათის შეცდომა იყო არსებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის სტიქიურად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე დაშლა, გარდაქმნების რთული პროცესის რეგულირებაში სახელმწიფოს პასიური პოზიცია, რამაც გამოიწვია ის, რომ მის „ნიშას“ კრიმინალური ცნობიერების საფუძველზე სპონტანურად ჩამოყალიბებული ჯგუფები დაეუფლნენ. დადგა შედეგიც: ეკონომიკური გარდაქმნების პროცესი აღმოჩნდა ბაზრის კრიმინალურ-მაფიოზური რეგულირების სტადიაში. თავად ფორმირებადმა სახელმწიფომ მისი ტრადიციული და მით უფრო ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე ეკსკლუზიური ფუნქციები ვერ შეასრულა.
პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებში სტრატეგიული ხასიათის თეორიულ-მეთოდოლოგიურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს ის, რომ რეფორმები ეკონომიკის დარგების მიხედვით ერთმანეთისგან იზოლირებულად წარიმართა. მას კომპლექსური, თანმიმდევრული ხასიათი, ერთიანი მეთოდოლოგია არ ჰქონდა (სამწუხაროდ დღესაც არა აქვს).
ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესი, ისევე, როგორც ფორმაციული ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მთლიანად პოლიტიზებული იყო. ახალი „იდეოლოგების“ მთელი ძალისხმევა არსებული, სოციალისტურად წოდებული ეკონომიკის, კულტურის, მორალის საფუძველშივე მოსპობას ემსახურებოდა. საზოგადოება ილუზიებში აღმოჩნდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიმინალურ აზროვნებას ეზიარა, ქვეყნის გარედან „შოკური“ ზემოქმედებით საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა ხის მორებისა და შავი ლითონის ჯართის ექსპორტის შესახებ „საბედისწერო“ გადაწყვეტილება მიეღო. ამით სათავე დაედო ეროვნული სიმდიდრის საყოველთაო ძარცვის პროცესს. კადრების შერჩევაში დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა მმართველობითი კრიზისი. ყოველივე ამის შედეგად ბუნებრივია ათეული წლების განმავლობაში კრიზისულ მდგომარეობაში „ფუნქციონირებდა“ ეროვნული ეკონომიკა. ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი მკვეთრად დაეცა. მხოლოდ 2018 წელს მოხერხდა მშპ-ის 1990 წლის დონეზე გასვლა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მრავალდარგოვანი აგრარული მეურნეობა. ქვეყნის განვითარების წინა პერიოდებში გადაუწყვეტელი და ახლად (საბაზრო პირობებში) წარმოქმნილი პრობლემები რთულ კვანძებად ჩამოყალიბდა. იგი არასტანდარტულია (მას ისტორიული ანალოგია არა აქვს), ამიტომ მოითხოვს არა სტანდარტულ მიდგომებს, მით უფრო მოქმედებას, აპრობირებულ და ეკსკლუზიურ ღონისძიებათა თანმიმდევრულად განხორციელებას.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა შედარებით მაღალი ტემპებით იზრდება და სოფლის განვითარების ხელშემწყობი გარემოც ყალიბდება, დღევანდელი სასოფლო ტერიტორია, ფაქტობრივად, წარმოადგენს დეპრესიულ სფეროს, რომლის განმსაზღვრელია მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობა, სიღარიბე, უმუშევრობა, ტერიტორიათაშორისი უთანაბრობა, ეკონომიკურ ზრდასა და შესაძლებლობებზე არათანაბარი წვდომა, ადგილობრივი მმართველობის არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, სოფლის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობის დაბალი დონე.
უნდა ვაღიაროთ, რომ დაშვებულმა უნებლიე თუ შეგნებულმა შეცდომებმა, უცოდინარობამ, გამოუცდელობამ, გულგრილობამ, რომელიც მუდმივად თან ახლდა ეკონომიკის ტრანსფორმაციას, გაახანგრლივა იგი. ამასთან პროცესი ძლიერ მტკივნეული აღმოჩნდა. ქვეყანა განვითარებაში ჩამორჩა.
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყნის ეკონომიკამ დიდი ვარდნა განიცადა და ფაქტობრივად დაფიქსირდა „ველური კაპიტალიზმის“ („სოციალური დარვინიზმის“) ნამდვილი სახე.
განვლილ პერიოდში დადასტურდა, რომ მიწა არ არის ჩვეულებრივი საქონელი (ავტომანქანა, სახლი, გემი, თვითმფრინავი, მით უფრო, პირადი მოხმარების საგნები), მას აქვს უნიკალური თვისება - ერის არსებობის ფიზიკური და სულიერი გარემოა, ამიტომ მისი მართვა უნდა ხდებოდეს საბაზრო და სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმებით, როგორც ინდივიდების, ასევე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, და არა ჯერ კიდევ სუსტი საბაზრო მექანიზმებით, როგორც ეს მიაჩნდა ლიბერტანიალების ნაცად „ხედვებს“.
მიწა ეროვნული ეკონომიკის „ლოკომოტივის“ ფუნქციის შესრულების პოტენციალს ეფუძნება. სახელმწიფომ, საზოგადოებამ და მეცნიერებამ ეს უნივერსალური სიმდიდრე სოციალურ სიკეთედ უნდა გარდაქმნას.
გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მიწის რესურსების მართვაში კომპეტენცია უზენაესია.
დაშვებული შეცდომების ფონზე ძნელი არ არის დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ზემოთ დასმულ კითხვებს: მიწის რესურსულ პოტენციალს არაეფექტიანად ვიყენებთ, რაც ამუხრუჭებს უნივერსალური რესურსის სოციალურ სიკეთედ გარდაქმნის აუცილებელ პროცესს; ქართულ მიწას („დედას“) მზრუნველობა აკლია, მაგრამ არა მხოლოდ „დედის“ მიზეზით. ზემოთ დასახელებული ფაქტორები თავიანთ ფუნქციებს მიწის მიმართ უგულოდ, სასხვათაშორისოდ „ასრულებენ“. მიწის მიმართ განელებული მზრუნველობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ სახელმწიფოს.
იდეოლოგიზებულმა ეკონომიკურმა დოქტრინამ „შოკურმა თერაპიამ“ დამანგრეველ ფაქტორთა ერთობლიობით საზოგადოების მეხსიერებაში დოგმად დატოვა მოლოდინი, რომ „ბაზარი“ თვითონ დაარეგულირებდა ყველაფერს. ამას დაემატა რუსეთიდან ექსპორტირებული ლიბერტარიანიზმით ალესილი, მაგრამ ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დამრთგუნველი პრინციპი „ყველაფერი გაიყიდოს“ - როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა.
დასკვნები უნდა გავაკეთოთ. საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა სტრატეგიული მიზანი - დავამკვიდროთ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ასეთი ტიპის სახელმწიფოს მიესადაგება სოციალური ეკონომიკა, რომელიც საყოველთაო აღიარებით სამ მთავარ საყრდენს ეფუძნება: ეკონომიკის საბაზრო სისტემას, რეგულირების სახელმწიფო და საბაზრო მექანიზმებს, სოციალურ მდგრადობას და ემსახურება მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ მისი მცირე ჯგუფის ინტერესებს.
ნოდარ ჭითანავა,
ეკონომიკურ
მეცნიერებათა დოქტორი,
სოფლის მეურნეონის
მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი

