კატრანების საიდუმლო
მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს დაუძლეველი პრობლემა ჰქონდა და ნებაყოფლობით საკუთარ თავზე გამოაცდევინა წლების წინათ საცდელი პრეპარატი „კატრექსი“, რომელიც შავი ზღვის ზვიგენის ღვიძლზე მზადდებოდა, ზვიგენებით დავინტერესდი _ იქნებ, მედიცინამ ერთ დღეს მართლაც შეძლოს კატრანებისგან კიბოს განკურნების საშუალების მიღება...
გრენლანდიური ზვიგენი კატრანისებრთა სახეობის, პოლარული ზვიგენების ოჯახის წარმომადგენელია. მისი სიგრძე 7 მეტრამდეა, ხოლო წონა 1 ტონაა. გრენლანდიური ზვიგენები ასობით წელს ცოცხლობენ. ეს ნამდვილად იშვიათი ფენომენია და მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ, როგორ ცხოვრობდა ეს არსება ამდენ ხანს.
გრენლანდიური ზვიგენები, ჩვეულებრივ, 250 წელი თავისუფლად ცოცხლობენ, თუმცა, შეუძლიათ 500 წელიც იცოცხლონ. ისინი ხერხემლიანებში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ორგანიზმები არიან. ეს ზვიგენები ოკეანეში 2 647 მეტრის სიღრმეში ცურავენ.
მკვლევრები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ზვიგენების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაკავშირებული იყო ძალიან ცივ გარემოსთან _ ეს არსებები მინუს 1,8 გრადუს ცელსიუსზე თავს კომფორტულად გრძნობენ, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ზვიგენების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ მეტაბოლურ აქტივობასთან, რომელიც დროთა განმავლობაში არ იცვლება, როგორც ეს სხვა ცხოველების შემთხვევაში ხდება. „ეს ძალიან საინტერესოა, ზვიგენებს არ აღენიშნებათ დაბერების კლასიკური ნიშნები“, _ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ევან კამპლისონმა.
მეტაბოლიზმი ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც ფერმენტები საკვებ ნივთიერებებს ენერგიად გარდაქმნის. ცხოველების უმეტესობაში მეტაბოლიზმის სიჩქარე დროთა განმავლობაში მცირდება. ეს იწვევს ენერგიის გამომუშავების შემცირებას, რთულდება უჯრედების აღდგენა, რაც საბოლოოდ ორგანიზმს აზიანებს.
ახალ კვლევაში ზვიგენების მეტაბოლიზმის გასაზომად, მკვლევრებმა ქსოვილის ნიმუშები 23 გრენლანდიური ზვიგენის კუნთიდან აიღეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ზვიგენებში, ასაკის მიუხედავად, მეტაბოლიზმი განსხვავებულად არ მუშაობდა.
ყველა სხვა ცხოველში ასაკთან ერთად მეტაბოლიზმიც იცვლება, თუმცა ამ ზვიგენების შემთხვევაში ეს ასე არ აღმოაჩნდა. მკვლევრებმა მსოფლიოს მასშტაბით 28 ყველაზე ასაკიან ცხოველს მიაკვლიეს, მათ შორის ყველაზე დიდი 400 წლის მდედრი ზვიგენი აღმოჩნდა.
კვლევის ავტორის, საზღვაო ბიოლოგ იულიუს ნელსენის თქმით, აღმოჩენა მისთვის გამაოგნებელი იყო, რადგან, დღემდე ყველაზე “ასაკოვანი” ვეშაპი 211 წლის იყო, ყველაზე ასაკიან ზღვის ცხოველად კი 507 წლის მოლუსკი, სახელად მინგი მიიჩნეოდა.
ხშირ შემთხვევაში, კიბოს განვითარება ასაკთან არის დაკავშირებული. სწორედ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სიმსივნური უჯრედების განვითარების შანსი. 2025 წლის კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლიათ გრენლანდიურ ზვიგენებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ არსებებს, საუკუნეების განმავლობაში მათ ორგანიზმში კიბოს განვითარების გარეშე სიცოცხლე.
ამ სახეობის რთული გენომის გაშიფვრით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის ამ მტაცებელს დნმ-ის აღდგენის მექანიზმები ძალიან კარგად აქვს განვითარებული. სწორედ ამის შედეგად, გრენლანდიურ ზვიგენს სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ ძლიერი იმუნური დაცვითი სისტემა და ხანგრძლივი სიცოცხლის შესაძლებლობა უყალიბდება.
დაადგინეს, რომ ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ზვიგენებისგან განსხვავებით, გრენლანდიური ზვიგენის გენომი შეიცავს უჩვეულო რაოდენობის გენებს, რომლებიც დაკავშირებულია NF-KB უჯრედშიდა რეაქციასთან. ამით რეგულირდება ანთება და იმუნიტეტი. სწორედ ეს უზრუნველყოფს გრენლანდიური ზვიგენების უჯრედულ დაცვას და მათ სიმსივნისგან აზღვევს.
როგორც ჩანს, ამ ზვიგენებს დნმ-ის აღდგენის ფერმენტები აქვთ მრავლად, რის შედეგადაც, ეფექტიანად ხდება უჯრედული დაზიანებების გასწორება. ეს თანხმობაშია პეტოს პარადოქსთან, რომლის მიხედვითაც, დიდი ცხოველები პატარა ცხოველებთან შედარებით, კიბოს განვითარების უფრო დიდ რისკებს არ ატარებენ. მეცნიერების თქმით, ზვიგენების კვლევამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარებასა და შემუშავებას.
კიბოსთან ბრძოლის მიღმა, კვლევა ხსნის საინტერესო პერსპექტივებს მოლეკულური მექანიზმების გასაგებად. შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ისეთი მეთოდების შემუშავებისთვის, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს. შესაძლოა, ეს დადებითად აისახოს სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლეკულურ საფუძვლებზე და გაჩნდეს გენეტიკური მექანიზმები, რომლებიც ასაკთან დაკავშირებული დაავადებების დათრგუნვაში დაგვეხმარება. მეტიც, გრენლანდიური ზვიგენების ძლიერი იმუნური სისტემის შესწავლა, შესაძლოა, ადამიანების იმუნური სისტემის დაცვაშიც დაგვეხმაროს.
მაკა ჯაყელი

