თქვენ სროლის ხმას გაიგონებთ...

თქვენ სროლის ხმას გაიგონებთ...

მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება კოსმოსს დაემსგავსა, რადგან უწონადო, არაპროგნოზირებადი ვექტორით მოძრაობს. წამყვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური დარგის ექსპერტები, რომლებსაც უჯერებენ ყველა ქვეყანაში, დუმილს ამჯობინებენ, რადგან, თურმე, მათთვისაც გაუგებარია არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. პოლიტოლოგები კი აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა სრულიად ახალია, რაც ჯერ არ ყოფილა. „არც ომი, არც მშვიდობა, არც მოლაპარაკებები“, – ირონიულად აფასებენ არსებულ ვითარებას.
სამწუხაროდ, ირონიისა და ხუმრობის პერიოდი მსოფლიოში ნამდვილად არ არის. ირანში და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში საგანგაშო მდგომარეობაა. ამას ხმამაღლა აცხადებენ არა მხოლოდ ანალიტიკოსები, არამედ მოქმედი ზოგიერთი ჩინოვნიკიც (ბევრ მათგანს ნამდვილად ვერ ვაკადრებთ პოლიტიკოსობას). ორმუზის სრუტის ორმხრივად ჩაკეტვამ, ერთი მხრივ, აშშ-ისა და, მეორე მხრივ, ირანის მხრიდან, უკვე გამოიწვია ეკონომიკური „აიწონა-დაიწონა“, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ნავთობპროდუქტების სფეროში.
ეკონომიკური ვითარება ერთია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის ომმა მოკავშირე ქვეყნებს შორის უთანხმოება გამოიწვია. საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოგეხსენებათ, მიზეზი ორმხრივია – აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელებს სიძუნწეში ადანაშაულებს, იმდენს არ ხარჯავენ, რამდენიც უნდა გაიღონო. თავად ევროპელები აშშ-ს ამუნათებენ: ვალდებული ხართ, უნდა გვარჩინოთო. მოკლედ, ურთიერთკავშირი, რომლითაც დასავლური სამყარო ამაყობდა, დაშლის პირასაა.
უცნაური ვითარება შეიქმნა ევროკავშირის შიგნითაც. დიახ, ვიქტორ ორბანის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ რა შეიცვალა? სავარაუდოდ, პასუხი ერთია – მხოლოდ სახელისუფლებო პარტია. ორბანის შემცვლელმა პეტერ მადიარმა თითქმის იგივე პირობები წამოაყენა, რაც მის წინამორბედს ჰქონდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიის გამარჯვება, თურმე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლას არ ნიშნავს.
რა მოხდება უნგრეთში, ჯერ კიდევ საკითხავია. აშკარა მხოლოდ ერთია: მადიარი კი დათანხმდა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს კრედიტის გამოყოფას, მაგრამ იქვე უარი განაცხადა ვალის დაფარვაში თანამონაწილეობაზე. გარდა ამისა, ევროკავშირმა მადიარს უკვე გადასცა 27-პუნქტიანი ულტიმატუმი, რომლის შესრულებაც მისთვის აუცილებელი იქნება. ერთ-ერთი პუნქტი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და ბავშვთა შორის პროპაგანდაა. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, მაგრამ მადიარს დანის პირზე მოუწევს გავლა.
სამაგიეროდ, ევროკავშირისთვის სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც პარტია „პროგრესულმა ბულგარეთმა“ გაიმარჯვა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვადამდე, იანვარში დატოვა თანამდებობა, რათა სათავეში ჩადგომოდა აღნიშნულ ბლოკს. რისკმა გაამართლა და მისმა პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ რუმენ რადევს ევროკავშირში პრორუსად მიიჩნევენ, თუმცა მას მოსახლეობის მაღალი ნდობა გააჩნია. გაზეთი „ტელეგრაფი“ წერს, რომ „რადევი, შესაძლოა, „ევროკავშირის კოშმარი“ გახდეს, რადგან იგი პრორუსული ძალების წარმომადგენლად მიიჩნევა“. როგორ გადანაწილდება ძალთა თანაფარდობა ევროკავშირში, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რადგან ევროალიანსში უთანხმოება ყოველდღიურად იზრდება.
უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სპარსეთის ყურეში. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საომარი ვითარება თითქმის 3 კვირაა, შეწყვეტილია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მშვიდობის დამყარებას. ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ ძალებს იკრებს, უფრო ზუსტად, რეგიონში შეიარაღებულ ძალებს განაახლებს. უკვე მესამე ავიამზიდი უახლოვდება სპარსეთის ყურეს. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგიონში არანაირი მშვიდობა არ დაისადგურებს. შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს საომარი არეალი, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი მუდმივად საუბრობს მისაღებ შეთანხმებაზე.
გასულ ოთხშაბათს უნდა გამართულიყო აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, მაგრამ დიალოგი ჩაიშალა. სამწუხაროდ, მიზეზი ბევრია. დავიწყოთ იქიდან, რომ უკვე ირანი უყენებს თავის პირობებს აშშ-ს. ამასთან, ძალიან მკაცრსა და თავხედურსაც კი. თუმცა დონალდ ტრამპი სიმშვიდეს ინარჩუნებს და დროებით ზავს აგრძელებს. სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამით ტრამპი ცდილობს ძალების მოკრებას, ამასთან, მოასწროს მესამე ავიამზიდის ახლო აღმოსავლეთში გადასროლა.
პაკისტანში მოლაპარაკებების გასამართად უკვე მზად იყვნენ პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. იგეგმებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ჩასვლა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ბოლო წუთამდე ამერიკული მხარე მზად იყო პაკისტანში გასამგზავრებლად. თუმცა ირანელებმა ახალი, განსაკუთრებული პირობები წაუყენეს ამერიკულ მხარეს და განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს ზეწოლით არ განახორციელებდნენ.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაქჩის პოზიცია. მისი თქმით, იგი სიტყვაზე არ ენდობა ამერიკულ მხარეს, მით უფრო, როცა მათ ირანელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა – ისრაელს ლიბანზე თავდასხმები შეეწყვიტა – ვერ შეასრულეს. შეთანხმება თითქმის შედგა – ისრაელმა აშშ-ის შუამავლობით თანხმობა განაცხადა ლიბანზე თავდასხმების შეწყვეტაზე, მაგრამ მალევე დაარღვია. ტრადიციულად, მათ მოწინააღმდეგე მხარე დაადანაშაულეს.
განახლდა შეტევები ლიბანზე, განსაკუთრებით მის სამხრეთში. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა ამას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე გავლენა არ მოუხდენია. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ტრამპს დაჟინებით სთხოვს, ირანზე ბირთვული შეტევა განახორციელოს.
გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ გასულ კვირას ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი პრემიერ ნეთანიაჰუს, კორუფციაში ჩართულობის გამო, შეწყალებისთვის ითხოვს, აღიაროს დანაშაული. გამოცემა ინფორმაციას ქვეყნის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საქმე უკვე წლებია, გრძელდება. სავარაუდოდ, ისრაელის თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნების პოლიტოლოგები ამიტომაც აცხადებენ, რომ ლიბანში ომი და ირანზე თავდასხმა მხოლოდ ნეთანიაჰუს აძლევს ხელს და მისი ორგანიზებულია. იგივე კითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა ტრამპს, რომელმაც ეს კატეგორიულად უარყო.
საინტერესო და საგულისხმო განაცხადი გააკეთა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, „დღევანდელი მსოფლიო პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ G-8-დან არ გარიცხავდნენ რუსეთს“. გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ დონალდ ტრამპი დეკემბერში, G-20-ის სამიტზე, რომელიც მაიამიში, ტრამპის გოლფკურორტზე გაიმართება, პერსონალურად პუტინის მიწვევას აპირებს.
სენსაცია გამოიწვია დონალდ ტრამპისა და თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტების შეხვედრის დროს მომხდარმა ინციდენტმა. თუმცა მთავარი აქცენტი ახლო აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული, კერძოდ, პაკისტანისკენ, სადაც აშშ-ირანის მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. სპარსელებმა თავიანთი პირობები წაუყენეს ამერიკას.
შეთანხმება-შეუთანხმებლობის ვითარება ჯერ კიდევ გრძელდება. სპარსეთის ყურის განბლოკვისთვის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ირანელებმა უარი თქვეს სამიტში მონაწილეობაზე. თავის მხრივ, ტრამპმაც უარი თქვა დიალოგის გაგრძელებაზე, ვიდრე სიტუაცია არ დარეგულირდება.
გავრცელებული ჭორები, თითქოს დონალდ ტრამპი შესაძლოა შეეწიროს ტერაქტს, მართლდება. ამის დასტური ორიოდე დღის წინ განხორციელებული სროლები გახლდათ, როდესაც პრეზიდენტი ჟურნალისტების წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო. საბედნიეროდ, ტერაქტი აღიკვეთა. სამაგიეროდ, თეთრი სახლის პრესმდივნის სიტყვებმა, რომლებიც ვახშმამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჟღერდა, მსოფლიო საზოგადოება ააფორიაქა: „პრეზიდენტი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა და დაამატა, – „თქვენ სროლის ხმას გაიგონებთ“. რა იგულისხმა მან, დღემდე უცნობია.
ჩვენ, უბრალო მკითხველები, როგორ მოვიქცეთ – მომავალი გადატრიალება უნდა ვივარაუდოთ თუ უკეთესი მომავლის იმედი ვიქონიოთ?!

გია ბურდული