დებატების აღდგენა-დაბრუნება დიდი სირთულეებით

დებატების აღდგენა-დაბრუნება დიდი სირთულეებით

პრემიერ-მინისტრის იდეის კვალდაკვალ

„ჩვენ ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.
დიახ, ეს დროული და, მე თუ მკითხავთ, ცოტა დაგვიანებული იდეაც კია. მოდი, კარგად ჩავუკვირდეთ და გავიაზროთ, რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე დებატების აღდგენა-დაბრუნებაში? მისი თქმით, იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს (რამდენიმე საყურადღებო ამონარიდი პრემიერ-მინისტრის წერილიდან):
„დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე. წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამიტომ, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი“.
ჩვენში ცნობიერების აღრევის პროცესი წლების წინათ დაიწყო, როგორც პრემიერი აღნიშნავს, 2008 წლიდან. ალბათ, გახსოვთ, როგორ გვაზეიმეს ქართველებს წაგებული ომი. მე და თქვენ მაშინ ვერ გაგვასულელეს, ჩვენ არ გვიზეიმია, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში მოსახლეობის რაღაც ნაწილი „მშვენივრად“ გააბრიყვეს. მე თუ ვინმე მკითხავს, როდის დაიბადა ევროპაში „დიპ სტეიტიო“, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: 2008 წლის აგვისტოში, როცა მან პირველი ექსპერიმენტი ჩვენზე ჩაატარა და რუსების საჯიჯგნად მიგვაგდო, ხოლო მერე შთაგვაგონა, რომ რუსეთთან ომი მოვიგეთ, რადგან პუტინს საბოლოოდ ჩამოვხსენით ნიღაბი. კიდევ კარგი, მაშინ ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, და არა ის, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინას დამართეს. ალბათ, ისიც გახსოვთ, ამერიკელებმა გემით პამპერსები და წყალი რომ გამოგვიგზავნეს. ეს იყო „დიპ სტეიტის“ მხრიდან „მხარდაჭერა“ და „გამხნევება“. 
როდის გაქრა საქართველოში ე. წ. დებატების კულტურა? მგონი, სიტყვა „კულტურა“ აქ ზედმეტია, ჩვენში დებატების კულტურა არასდროს ყოფილა, უბრალოდ, პერიოდულად იყო თავშეკავებული და ასე თუ ისე, ნორმალური მსჯელობა. რაც თავი მახსოვს, 1989 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ ვჩხუბობთ და ერთმანეთზე ვიწევთ. თუმცა, დებატების საბოლოოდ ჩახშობა მოხდა რამდენიმე წლის წინათ. ვნახოთ, რას ამბობს ამაზე ირაკლი კობახიძე:
ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა. როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა, მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს - მოეხდინა სრული რადიკალიზაცია.
გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა - მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ, ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება - მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს. დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს“.
ირაკლი კობახიძის იდეა დროული და საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალზედ რთულად განსახორციელებელია. რატომ? აქ კახა კალაძის შეფასებაა პასუხად: „ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რაც სამწუხაროა. დებატები არის შესაძლებლობა, საზოგადოებამ გაიგოს, რა არის სწორი“.
დიახ, დებატები არის შესაძლებლობა, საზოგადოებამ გაიგოს, რა არის სწორი, მაგრამ იმის გამო, რა მიზეზებიც მანამდე დაასახელა, ეს არის ამოსაშანთი და ვინაიდან არის ამოსაშანთი, ამას სჭირდება დრო. 
არის თუ არა შესაძლებელი, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მეორე მხარეს, ანუ ე. წ. ოპოზიციონრებს ველაპარაკოთ? სხვათა შორის, იყო დრო, ასე თუ ისე, ველაპარაკებოდით, ვჩხუბობდით, ხშირად ვიძაბებოდით, საქმე გარჩევამდე და თავდასხმამდეც მიდიოდა, მაგრამ რაღაც სურათი მაინც იხატებოდა. შემდეგ კი, როგორც პრემიერი ამბობს, წამოვიდა რაღაც ტალღა, რომელიც არანაირ ეთიკურ ჩარჩოებში აღარ ჯდებოდა. ეს ყველაზე მეტად გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების პერიოდში, რომელსაც სიბინძურის წარღვნა დაატყდა თავს და ახლა დგას იმ ნაძირლებთან, რომლებმაც ეს წარღვნა თავს დაატეხეს. ალბათ, გახსოვთ, რა დღეში იყო ნიკუტა გვარამია, როგორ იჯდა წითელი სითხით სავსე ჭიქით და გვემუქრებოდა, თქვენი სისხლი უნდა დავლიოო. მე ვფიქრობ, როდესაც პრემიერი ამბობს, დებატები უნდა აღვადგინოთო, არ გულისხმობს მაინცდამაინც ბობოლა და ახალბედა აკაცუკებს, ანუ „ნაციონალებს“, აქ იგულისხმება საზოგადოების ის მოაზროვნე ნაწილი, რომელსაც შეუძლია აზრის ნორმალურად ჩამოყალიბება. ჩვენ ასპარეზზე უნდა გამოვიყვანოთ იმ დარგების სპეციალისტები, იმ დარგებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ამა თუ იმ საკითხებში. ყველაფრის ექსპერტობა და „ყველაფერჩიკობის“ დრო უნდა დამთავრდეს. მაგალითად, ყველა ტელევიზიაში რომ მუდმივად ხუთი კაცი ლაპარაკობს და დანარჩენი საზოგადოებისთვის ეთერები დახურულია, განა ეს ნორმალურია? დაუკვირდით, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხელისუფლების მომხრე ტელევიზიებსაც და არამომხრე ტელევიზიებსაც. არამომხრეების ამბავი გასაგებია, ეგენი სექტანტურ გზას არიან დამდგრები და პირადად მე მათთან ქუდი რომ შემიგდოთ, სადებატოდ კი არა, ქუდის გამოსატანად არ შევალ. იცით, ბოლოს როდის ვიყავი „ტვ პირველის“ ეთერში? ვინმე აფგან მუხთარლის, ე. წ. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თავზე „მეშოკი“ რომ ჩამოაცვეს და თბილისიდან აზერბაიჯანში გადაიყვანეს. მაშინ ინგა გრიგოლიამ რამდენიმე გადაცემა მიუძღვნა, გულამოვარდნილი ქოთქოთებდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღარ არსებობს, მორჩა, საქართველოში ჟურნალისტებს იტაცებენო. „ტვ პირველს“ აფგანაც ფეხებზე ეკიდა და მისი ცოლი ლეილაც, ამ საქმეში ფული ჩაიდო და იმას ითვისებდნენ. ერთ-ერთ გადაცემაში მეც დამიძახეს ე. წ. დამბალანსებლად, განსხვავებული აზრი უნდა დამეფიქსირებინა. კი დავაფიქსირე, მაგრამ იქ ამბავი ატყდა, სარეკლამო პაუზის დროს ლამის ერთი-ორი გადავარდა აივნიდან. მე ვთქვი, ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა აფგან მუხთარლის მხრებზე არ დგას, თქვენ ხართ მოღალატეები, წადით თქვენი და ვინც თქვენთან სადებატოდ დაჯდება, იმისიც-მეთქი, გამოვიჯახუნე კარი და წამოვედი. 
დავუშვათ, აღვადგინეთ დებატები, როგორ წარმოგიდგენიათ მოსყიდული ე. წ. ჟურნალისტებისა და დაფინანსებული აგენტების წრეში რამეზე საუბარი? მაგალითად, მე რატომ უნდა დავუჯდე ვინმე ავადმყოფ დორბლიანს და ვეკამათო მაღალ მატერიებზე? რა მრჯის, რატომ უნდა შევირყიო ჯანმრთელობა? კი, ბატონო, საზოგადოება დაინახავს, ვინ რას წარმოადგენს, ვინ ვინ არის, ვის რა „ბაგაჟი“ აქვს, მაგრამ ეს ჯანმრთელობის ფასად რატომ უნდა დამიჯდეს? 
მოდი, შევეხოთ ხელისუფლების მხარდამჭერ ტელევიზიებსაც - ამ მხრივ პრობლემა ის არის, რომ ერთი და იგივე ხალხისთვის არის გახსნილი და საერთოდ დაკარგულია მრავალფეროვნება. იცით, ძალიან იოლია ასე მუშაობა, მთელი კვირა გადანაწილებული აქვს რამდენიმე პიროვნებას და ისინი გველაპარაკებიან ყველა თემაზე, ოღონდ, თითქმის ერთსა და იმავეს. ეს მომაბეზრებელია, როდესაც ირაკლი კობახიძის წერილი წავიკითხე, შვებით ამოვისუნთქე, მგონი, გვეშველა-მეთქი. იცით, რაოდენ საინტერესო ადამიანებსაც უნდა გადაუნაწილო კვირაში 5 დღე, ისინი მუდმივად ახალს ვერაფერს მოიგონებენ. ხომ შეიძლებოდა, შენს მომხრე საზოგადოებაში მაინც ამოგერჩია ჭკვიანი ხალხი და სფეროების მიხედვით აგელაპარაკებინა? ვფიქრობ, ამ მხრივ შეცდომა იქნა დაშვებული და, თუ ჩვენ გვინდა დებატების აღდგენა, სატელევიზიო ეთერები უნდა გაიხსნას. ვიმეორებ: ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ ე. წ. ოპოზიციონრებზე, საზოგადოებას უნდა, არქიტექტურაზე ილაპარაკოს არქიტექტორმა, მეცხვარეობაზე მეცხვარემ, საინჟინრო საქმეებზე ინჟინერმა, პურის გამოცხობაზე ხაბაზმა, ჟურნალისტიკაზე ჟურნალისტმა და სანტექნიკაზე სანტექნიკოსმა. სამწუხაროდ, გია ხუხაშვილის მეთოდი (ყველაფრის ექსპერტობა) თითქმის ყველა ტელევიზიამ გადმოიღო და მიდიიიი, ყველაფერზე ხუთიოდე კაცი გვმოძღვრავს და გველაპარაკება. 
რაც პრემიერ-მინისტრმა წამოიწყო, ეს დიდი და რთული თემაა, ამას ხელი ბიძინა ივანიშვილმაც მოჰკიდა 2013 წელს, რაღაც ძვრები იყო კიდევაც, მაგრამ მერე ჩაილურის წყალი დალია და იცით, რატომ? მაშინ კარგად ვერ გავაცნობიერეთ, ეს კაცი რას გვთავაზობდა, რის გაკეთებას აპირებდა, მაშინ ისეთი დრო იყო, ყველანი აჟიტირებულები და თავში აწეულები ვიყავით. 
მოდი, ამ თემაზე საუბარს აქ ნუ დავასრულებთ, მომდევნო ნომერში მე მოგიყვებით, რას აპირებდა ბიძინა ივანიშვილი, როგორი მიზანი ჰქონდა და რატომ ჩაიშალა მისი წამოწყება. იცით, სრულყოფილი დებატები რომ შედგეს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი აღქმისა და განსჯის უნარი, აქვს კი ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს ეს უნარი? არ ვიცი, ვუყურებ რაღაც ჯგუფებს და მგონია, რომ ისინი სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდნენ და სხვა განზომილებაში ცხოვრობენ. მათთან არც დებატებს აქვს აზრი, არც მეგობრობას, არც მეზობლობას, არც ნათესაობას. 
გელა ზედელაშვილი