დაუნახაობაც და უმადურობაც ცუდი თვისებაა

დაუნახაობაც და უმადურობაც ცუდი თვისებაა

ვზივარ და ვფიქრობ, რაღაცნაირად უსამართლოდ არის ყველაფერი _ რომ დგახარ და მლანძღავ, ქვებს მესვრი და მმტრობ, ჩემი დანგრევა და დაქცევა გინდა, ისევ მე რატომ უნდა ვზრუნავდე შენზე? _ კერძო პირსაც ვგულისხმობ და სახელმწიფოსაც. ეტყობა, ხედავს ღმერთი, რა მკაცრი და პრინციპულიც ვიქნებოდი, ამიტომ არ მაკარებს სახელმწიფოს მართვის სადავეებს კი არა, რომელიმე უწყების ხელმძღვანელობასაც კი. 
ამჯერად იმ „შიგევროპელებისთვის“ მენანება ახალგაზრდებისთვის შექმნილი ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელიც შესაძლებლობების ისეთი ბარათია, ევროპის ორმოც ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას რომ აერთიანებს. უსაქმური და დაქირავებული სექტა თვეებია, რუსთაველზე დაყიალობს, გზას გვიხერგავენ მათ გამო, მანამდე კი, ამჟამად მიმალულ მავნებლებთან ერთად, რუსთაველის პროსპექტი ამიოხრეს... _ რუსთაველის პროსპექტი ბოგანოებისთვის არაფერია, ჩემთვის კი _ ყველაფერია...
ესენი ხომ იგივენი არიან, გამვლელებს რომ უდიერად ეპყრობოდნენ და შუათითაშვერილები დედის გინებით გვამკობდნენ ყველას, ვინც მათსავით არ ვფიქრობდით და არ ვწიოდით; ესენი ხომ იგივენი არიან, ადამიანებს რომ ცოცხლად დასაწვავად იმეტებენ; ესენი ხომ ისინი არიან, საქართველოში ბომბების წვიმას რომ ნატრობენ და რცხვენიათ საქართველოში „ქართული ოცნების“ კბილით დაჭერილი მშვიდობისა... ჰოდა, მენანება, არ მემეტება ეს ბარათი მათთვის!
კი, ბატონო, მეც ვიცი ის დაზეპირებული ტრაფარეტული ფრაზები, „სიძულვილის ენა მიუღებელია“, „ჩვენი ძმები და დები არიან“ და ა. შ., რომელთაც ყველა იმეორებს, მაგრამ ყოველი მთქმელი იტყუება, ასე არ ფიქრობს, მაგრამ ცრუ დემოკრატიის შიშით ხმას როგორ ამოიღებს...
ელემენტარულია, შენ მაგინებ და მე მეუბნები, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია?
…მათ სძულთ სამშობლო და სძულთ ყველა, ვისაც სამშობლო უყვარს, სამშობლო კი მაინც ზრუნავს მათზე _ ჰოდა, ამიტომ არ მემეტება ეს ბარათი... განა დიდი რამეა, მაგრამ მისი მფლობელისთვის ერთგვარი შეღავათია.
ცხონებულმა ბებიაჩემმა იცოდა თქმა ვინმეზე, იმისთანა უვარგისია, გინდ წინ მოუსაქმე, გინდ უკან, მისთვის სულერთიაო, _ ასე არიან ესენიც, სძულხარ, არ გცნობენ, მაგრამ თუ რამე გაქვს, გღლეტენ, დაწყებული ყველაფრით და დამთავრებული ყველაფრით. ისე, რა უნდა გაგიკვირდეს, მათი გამზრდელებიც ასეთი მღლეტელები არიან, მავანს არ სცნობენ, მაგრამ მისი ჯიბიდან ჭამაზე უარს არ არიან...
აბა, ახლა, ამ ბარათზე თუ იტყვიან, არ გვინდა რუსეთუმე ხელისუფლების რუსული ბარათიო, _ არა, არ იტყვიან, რადგან ყველა „უ“-სთან ერთად, უ-თავმოყვარეოებიც არიან. ჯერ გაიგონ, რა ბარათზეა საუბარი და მერე ვნახავთ, რანაირი „არა რუსეთს!“ იქნებიან _ რუსეთი რა შუაშია, ეს ვის აინტერესებს, უთხრეს, აიღეო და აიღებენ ყველაფერს ყველგან... ჯერ გაიგონ, რომ EYCA-ს ქსელში 10 მილიონამდე ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ამ ბარათის მეშვეობით, კონტინენტის მასშტაბით, ათასობით ფასდაკლებით სარგებლობენ ტურიზმის, განათლების, გართობის, ტრანსპორტის, კვებისა და რეკრეაციის სერვისებზე და თვალებს გამოპორჭყნიან ერთმანეთს, „რუსული ოცნების ხელისუფლების“ სიკეთის გამოტაცებაზე.
გაზეთს ეგენი არ კითხულობენ და მოსმენის უნარი მათ არ აქვთ, მაგრამ მოლას იგავისა არ იყოს, ერთი გაიგებს ასეთი ბარათის არსებობის შესახებ და ერთმანეთს „გადაუთარგმნიან“. მერე რა, რომ კახა კალაძემ თქვა, თუ იხეირებენ, „რუსული ბარათი“ აღარ იქნება...
კახა კალაძე: „სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი – ე. წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. 
ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს“
საქართველოში, თბილისის მერიისა და EYCA-ს თანამშრომლობით, ბარათების გაცემა 2025 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ცუდი თვისებაა დაუნახაობაც და უმადურობაც, მაგრამ ორივე ერთად ძალიან ბევრი ცუდია...
 
ზურა ოშხერელი