ბრეჟნევობაზე ოცნებიდან სამედიცინო ექსპერტობამდე
რუბრიკის დღევანდელი სტუმარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილია. „საერთო გაზეთის“ მკითხველი მის ღრმა ანალიტიკურ მოსაზრებებს ყოველთვის ინტერესით ელის. თუმცა მაია ნიკოლეიშვილის მთავარი საქმე _ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გაცილებით რთული, საინტერესო და იდუმალებით მოცულია. მან საკუთარი თავი სწორედ პროფესიაში იპოვა. გოგოლი ამბობდა, ცოცხალი გონების ნიშანი ის არის, რომ საკმარისია ცოტა ნახოს, ცოტა მოისმინოს, რათა შემდეგ დიდხანს იფიქროს, ბევრი გაიგონოს და შექმნას. სწორედ ასეთია ქალბატონი მაიას კრედო. მისი ყოველი საქმე გარკვეული საიდუმლოებაა, რომლის ამოხსნას ექსპერტი ისევე ესწრაფვის, როგორც დეტექტიური რომანის დასრულებას. როგორც თავად ამბობს, შემოქმედი ადამიანია. შემოქმედის ცხოვრება კი ყოველთვის შეუცნობელი და ამოუხსნელია.
რა „პროფესიაზე“ ოცნებობდა ბავშვობაში, რატომ გადაწყვიტა სამედიცინო სასამართლო ექსპერტი გამხდარიყო, რა თავგადასავლები გადახდა ლენინგრადში, ამ და სხვა საინტერესო ამბებზე თავად გვიამბობს:
რომ გავიზრდები,
ბრეჟნევი გამოვალ
ვერ გეტყვით, რომ ბავშვობაში, პირველივე კლასიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტობაზე ვოცნებობდი, ეს ტყუილი იქნება. სკოლამდელ ასაკში, როცა მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი, ბრეჟნევი-მეთქი. დიახ, ბავშვობაში მინდოდა, ბრეჟნევი გამოვსულიყავი. მაშინ ყველგან ბრეჟნევის სურათები იყო გამოკრული. კიდევ კარგი, ლენინობა არ მოვინდომე. ბრეჟნევი დედამიწის ჭიპი იყო და ვამბობდი, მეც ბრეჟნევი უნდა გამოვიდე-მეთქი. სკოლის ასაკიდანვე ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, მოთხრობებსაც ვწერდი. ახლახან, ერთ-ერთ გადაცემაში პოტკასტის ჩასაწერად მიმიწვიეს, წამყვანმა მადლიერებით მითხრა: რა კარგია ჰუმანიტარ ადამიანთან საუბარიო. არადა, მე არც ჰუმანიტარი ვარ და არც ტექნიკური მიმართულების მეცნიერი. მაგალითად, გამოცდაზე ისტორიას ვერასდროს ჩავაბარებდი, ეს საგანი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე მაინტერესებდა. პატარა ვიყავი, როცა ლევან სანიკიძის „მითრიდატე“ წავიკითხე და ამ პერსონამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ისტორიიდან პერსონები უფრო მიყვარდა და არა მოვლენები. ჩემი ჰობი, გარკვეულწილად, მოვლენების გაანალიზებაა, რაც ჩემთვის ერთგვარი ტვინის ვარჯიშია. საგნებიდან განსაკუთრებით ფიზიკა მიყვარს. ამ გრძნობას ზღვის სიყვარულს შევადარებდი, რომლის ტელევიზორში დანახვაზეც კი ჟრუანტელი მივლის. ფიზიკა ისე მიყვარს, როგორც პოეზია. ქიმიაც მიყვარს, რასაც ვერ ვიტყვი მათემატიკაზე. ზოგადად, პროცესები, კავშირები, მიზეზშედეგობრიობა, ფსიქოლოგია, გავლენები, ველის თეორია, მხატვრობაშიც მომწონს და ლიტერატურაშიც.
როგორც ვახსენე, ბავშვობაში მოთხრობებს ვწერდი. პიონერთა სასახლეში დავდიოდი. მაშინ რესპუბლიკური ოლიმპიადები იმართებოდა, სადაც პირველი ხარისხის დიპლომი ავიღე. ფაცია პაიჭაძის სკოლა გავიარე, რომელსაც ჩემი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ლიტერატურა კი მიყვარდა, ოღონდ არა სავალდებულო პროგრამა, არამედ ის, რაც ჩემს ინტერესს აკმაყოფილებდა. მოგვიანებით სკოლის შეცვლა მომიხდა და მერვე კლასიდან გერმანულის სწავლა დავიწყე. ბავშვებს, რომლებიც ამ საგანს თავიდანვე სწავლობდნენ, ძალიან მალე დავეწიე. გერმანული ენის გრამატიკა მომწონდა. ქართული ენის გრამატიკაც საოცრად მოწესრიგებულია და მიყვარს. ჩემს საქმეში პედანტი, სკრუპულოზური ვარ. შემოქმედებითობის გარეშე არ შემიძლია. პრინციპული ვარ და ჩემს არჩევანში ჩემივე თავისუფლების ხარისხს ვხედავ. იმისთვის, რომ ობიექტურობა შევინარჩუნო, ამ არჩევანს თავად ვაკეთებ.
აუხდენელი პროფესია
სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე და საკმაოდ კარგადაც ვსწავლობდი. კარგი კურსი მყავს. დიახ, მყავს იმიტომ, რომ დღემდე ვიკრიბებით, მინიმუმ, ასორმოცდაათი ადამიანი და ბავშვობაში ვბრუნდებით. გაგიკვირდებათ, მაგრამ მინდოდა, ქირურგი გამოვსულიყავი. მესამე კურსიდან ვცდილობდი, ოპერაციებზე ასისტენტი ვყოფილიყავი და ასეც ხდებოდა. მახსოვს, პრაქტიკას ბათუმში გავდიოდით. ზემოთაც ვახსენე, რომ ზღვა, ცურვა უზომოდ მიყვარს, მაგრამ სანაპიროზე არ მივდიოდი და მთელ დღეებს საოპერაციოში ვატარებდი. მალევე მომეცა საშუალება, ქირურგისთვის ასისტირება გამეწია. მახსოვს, როგორ გავაკეთე პირველი განაკვეთი, თავიდან ხელი მიკანკალებდა, ხაზი არასწორად გავავლე, რასაც მაშინვე თამამი სწორხაზოვანი განაკვეთი მოვაყოლე, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი.
საახლობლოში ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქირურგი გამოვიდოდი. სამწუხაროდ, მაშინ „ჩაწყობები“ ხდებოდა. გოგონებს ქირურგიაში ნაკლებად ანაწილებდნენ. მამისთვის არასდროს არაფერი მითხოვია. აი, მაშინ კი ვთხოვე: მომეხმარე, რომ ქირურგიაში გამანაწილონ-მეთქი. ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა. აღმოჩნდა, რომ ჩემს პირველ მეუღლეს არ სურდა, ქირურგი ცოლი ჰყოლოდა, ამიტომ მამა ამ საქმეში არ ჩაერია. არადა, ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი დამენგრა. ვამბობდი, ფონეიდოსკოპგადაკიდებული თერაპევტი არ ვიქნები-მეთქი. სხვათა შორის, თერაპევტობას დიდი გონება, ჭკუა, გააზრება სჭირდება. სამწუხაროდ, დღეს ყველაზე მეტად სწორედ კარგი თერაპევტების დეფიციტია. მახსოვს, იმ დროს ჯანდაცვის მინისტრი გელა ლეჟავა იყო და მიზნის მისაღწევად დამოუკიდებლად მოქმედება დავიწყე. ლეჟავასთან ვერაფერს გავხდი და მინისტრის მოადგილეს, ირაკლი მენაღარიშვილს მივაკითხე იმ იმედით, ახალგაზრდა კაცია და გამიგებს-მეთქი. ვუთხარი, რომ ქირურგობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა, მან კი მომიგო: ქირურგად რომ არ გაგანაწილონ, თავს მოიკლავო. არა-მეთქი, ვუპასუხე და კაბინეტიდან გამოვედი. რაღა უნდა მეთქვა, იმედი მქონდა, გამიგებდა და ვერც მან გამიგო.
სხვა გზა აღარ დამრჩა და სასწრაფოს ექიმ-თერაპევტად დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდში პირველი ოჯახი დამენგრა და მიზნის მისაღწევად ლენინგრადში წავედი. არავინ დამხმარებია, სამსახური დამოუკიდებლად ვიშოვე. ლენინგრადში სასწრაფოს ექიმად მუშაობისას კარგი გამოცდილება მივიღე, ვენაში შესვლაც სწორედ იქ ვისწავლე. ჩვეულებრივი გამოძახებისას პაციენტთან ბრიგადა მიდიოდა, რომელსაც ექთანიც თან ახლდა. გადაუდებელი შემთხვევების დროს კი ექთნის გარეშე მივდიოდი, მხოლოდ მძღოლი მახლდა. ამ პერიოდში ბევრი საინტერესო თავგადასავალიც გადამხდა და გამოცდილებაც დავაგროვე. თუ გინდოდა, ქალაქის ქსოვილს შერწყმოდი, სასწრაფოს ექიმად უნდა გემუშავა. პაციენტთან პირისპირ ვრჩებოდი, დამხმარე არავინ იყო. სასწრაფოს ექიმებს ახლაც უდიდეს პატივს ვცემ, ყველაზე მეტად მიყვარს, მათ მიმართ სულ სხვა მოწიწება მაქვს, რადგან ვიცი, ეს რა შრომაცაა.
თერაპევტობიდან
სამედიცინო
ექსპერტობამდე
სასწრაფოს ექიმად მუშაობის პარალელურად, ქირურგობაზე ფიქრი წამითაც არ შემიწყვეტია. ძალიან მინდოდა, სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მესწავლა, თუმცა ვიცოდი, ეს ოცნება, ფანტაზია იყო. სამოქალაქო პირის ამ აკადემიაში მოხვედრა შეუძლებელი იყო. ბოლოს მიზანს მაინც მივაღწიე და ონკოქირურგად მუშაობის დაწყებაზე თანხმობა მივიღე. უცებ დავფიქრდი, იმ დროს ჩემი შვილი შვიდი წლის იყო, სანამ უშუალოდ ქირურგობის უფლებას მომცემდნენ, იქამდე ბევრი ეტაპი იყო გასავლელი. საქართველოში რომ დავბრუნდებოდი, ქალი ქირურგის მიმართ ნდობა ნაკლები იქნებოდა. მაშინ ლენინგრადში ქალი ქირურგი ბევრი იყო, თბილისში კი ეს უცხო ხილი გახლდათ. ამიტომ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.
სასწრაფოს ექიმად მუშაობისას, ექსპერტიზაში მისვლაც გვიწევდა, გარდაცვალების შემთხვევა თუ დაფიქსირდებოდა, გვამი უნდა ჩაგებარებინა. ექსპერტიზით სწორედ ამ პერიოდში დავინტერესდი, პირდაპირ ქუჩიდან მისულმა ვიკითხე, თუ შეიძლება ამ პროფესიაზე რომ ვიფიქრო-მეთქი. განყოფილების გამგემ მითხრა: მოდი, იარე, დააკვირდი, იქნებ, არც მოგეწონოს და მერე ვილაპარაკოთო. ექვსი თვე ვიარე, შემდეგ განყოფილების გამგემ დამიბარა და მკითხა: კოლექტივი თუ მომეწონა. დიახ-მეთქი, ვუპასუხე. მათაც მოეწონეო. სხვათა შორის, ექსპერტიზა ქირურგიას ძალიან ჰგავს. განყოფილების გამგემ მითხრა, მისამართი ჩაიწერე, ექსპერტიზის ბიუროს უფროსი გელოდებაო. არც კი ვიცოდი, სად უნდა მივსულიყავი. ფურცელზე გზამკვლევი დამიხატა, თუ როგორ მივსულიყავი საჭირო ადგილამდე. ეს ფურცელი ახლაც შენახული მაქვს. ბიუროს უფროსი გამესაუბრა, მერე ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: მე თქვენ გღებულობთ სამსახურში ქართველი ერისადმი უზომო პატივისცემის გამოო. ამას რომ ვიხსენებ, თვალზე ახლაც სიამაყის და სიხარულის ცრემლი მადგება. ჩემთვის ამ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თანაც ექსპერტიზაში სამუშაოს დაწყება ადვილი არ იყო.
წითლად გადაჭრელებული
პირველი საექსპერტო დასკვნა
აი, ასე დაიწყო ლენინგრადში ჩემი პირველი ნაბიჯები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში. სამსახურში რომ მივდიოდი, ჯერ კიდევ ბნელოდა და სახლშიც დაბნელებულზე ვბრუნდებოდი. შაბათ-კვირის გარდა, დღის სინათლეს ვერ ვხედავდი. ძალიან რთული სამუშაო იყო, თანაც, საინტერესო და იდუმალი. დღესაც ორასი არჩევანის წინაშე რომ აღმოვჩნდე, ორასჯერვე ექსპერტიზას ავირჩევ. არც კი მახსოვს, პირველი საქმე რა მომცეს, ექვსთვიანი სტაჟირებიდან ისე უცებ ავიმაღლე კვალიფიკაცია. ხელმძღვანელი _ ელენე საოცრად გულისხმიერი ადამიანი იყო. ბოლო წლებში მასთან კონტაქტი აღარ მქონია. ელენემ ბევრი რამ მასწავლა პროფესიაშიც და ისიც, რაც ცხოვრებაში გამომადგა. მისმა შვილმა დედის გარდაცვალების მერე მომძებნა და მითხრა, ელენეს ძალიან უყვარდითო. სხვათა შორის, მამაჩემი ელენეს გარდაცვალებიდან მეორე დღეს დაიღუპა. მისმა შვილმა ასე მითხრა: იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ თქვენ მყავხართო.
კათედრაზე სწორედ ელენეს რეკომენდაციით მოვხვდი. ჩემი უფროსი საქმის მიმართ სადიზმამდე მომთხოვნი აღმოჩნდა. დილის 9 საათზე უკვე სამუშაო მაგიდასთან უნდა მჯდარიყავი. სამსახურში გვიანობამდე ვიყავი. პურის მაღაზია საღამოს 10 საათზე იკეტებოდა. ერთხელ ვთხოვე, ათის ნახევარზე მაინც გამიშვი, რამდენი დღეა, პური არ მაქვს სახლში-მეთქი. მახსოვს პირველი დასკვნა, რომელიც უნდა დამეწერა, გვამის გაკვეთას ეხებოდა. საოცრად მომთხოვნი იყო. მითხრა, დილით მაგიდაზე დაბეჭდილი დასკვნა მედოსო. სახლში შუაღამეზე ვბრუნდებოდი და თანაც ბეჭდვა არ ვიცოდი, ცალი თითით ვეძებდი ასოებს. გავბედე და ვუთხარი: დასკვნა როგორ დაგიბეჭდოთ, მე ხომ ბეჭდვა არ ვიცი-მეთქი. მკაცრად გამომხედა და მითხრა, ეგ, რა ჩემი საქმეა, არ დაიძინო და დილით დასკვნა მომიტანეო. მართლაც ღამე გავათენე და დილით დაბეჭდილი დასკვნა მაგიდაზე დავუდე. ერთი ასოც რომ შეგშლოდა, თავიდან უნდ დაგებეჭდა. მაშინ ხომ კომპიუტერი არ იყო, რომ შეცდომები ჩაგესწორებინა. ეს დასკვნა, რომელსაც დღემდე ვინახავ, სულ წითლად გადააჭრელა.
ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდი, ლაბორატორიაში პრეპარატებსაც ვამზადებდი. მეუბნებოდა, მიკროსკოპია, ფიზიკოტექნიკური ექსპერტიზა, ანუ სამედიცინო კრიმინალისტიკა, ყველაფერი თავად უნდა იცოდეო.
ფოტოების ბეჭდვის ჩათვლით, წითელ შუქთან ბნელ ოთახში რამდენიმე საათს ვატარებდი. მაშინ მისი დესპოტური მოთხოვნებით კი ვიტანჯებოდი, მაგრამ საბოლოოდ იმხელა გამოცდილება შემძინა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ქალაქი-მუზეუმი,
რომელმაც თავისიანად მიმიღო
შაბათ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ვატარებდი _ დილის 9 საათზე შევდიოდი და საღამოს 9-ზე გამოვდიოდი. ლენინგრადს საოცარი ბიბლიოთეკა აქვს, უზარმაზარი დარბაზები მწვანე ნათურებით იყო განათებული. ბიბლიოთეკა ეკატერინეს ულამაზეს ბაღს გადაჰყურებდ. სამარისებურ სიჩუმეში, სიმყუდროვეში, საოცარი კულტურის ადამიანების გვერდით ვიჯექი და ვმუშაობდი. ბიბლიოთეკაში ყოფნისას მახსოვს, რომ ყოველ საათში ერთხელ ზამთარ-ზაფხულ, ოთახებს ანიავებდნენ. ღია ფანჯარასთან დავდგებოდი და ეკატერინეს ბაღს გავცქეროდი, სადაც ნარდს თამაშობდნენ. იქ ქართველებიც იყვნენ. ჩემთვის ვფიქრობდი: რა ბედნიერი ხალხია, თამაშობენ, ერთობიან-მეთქი და ეს მშურდა. მე კი ბიბლიოთეკიდან ქანცგაწყვეტილი გამოვდიოდი. ამის პარალელურად, დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა მარსის მოედანზე ჩინური იასამნების ყვავილობამ. ლენინგრადში იასამანი ძალიან უყვართ. ჩემი სახლის წინაც იდგა იასამნის ხე, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევდა.
ფაქტობრივად, ქალაქ-მუზეუმში ვცხოვრობდი, საოცრად კულტურული ადამიანების გვერდით. მიუხედავად ქანცისგაწყვეტამდე შრომისა, ეს ხუთი წელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. ლენინგრადში შევიძინე მეგობრები, ცოდნა, სპეციალობაში უდიდესი ზრდა და განვითარება, ცხოვრებისეული გამოცდილება, ბევრი ტკივილიც, იმედგაცრუებაც. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე იმ ქალაქის ქსოვილში შევძვერი და მისი ნაწილი გავხდი. მე იქ, სტუმარი არ ვყოფილვარ. დღეს ემიგრანტებს რომ ვუყურებ, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ჩადიან, თუმცა მისი ნაწილნი არ არიან. მე კი ლენინგრადის ნაწილი, სრულფასოვანი, სრულუფლებიანი მოქალაქე ვიყავი. ბოლო პერიოდში რამდენჯერ ჩავსულვარ ლენინგრადში და ნევის პირას საოცარ მოაჯირებთან დავმდგარვარ და მოვფერებივარ. ამ ქალაქმა ბევრი ცოდნა შემძინა. ჩემი სპეციალობაც იმ წითლად გადაჭრელებული ფურცლიდან დაწყებული, იქ ვისწავლე. დღეს თუ ფეხზე ვდგავარ და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მქვია, სწორედ იქ მიღებული ცოდნის, გამოცდილების შედეგია. ანალიზის უნარიც ამ პროფესიამ შემძინა. პარალელურად, მუდმივად ვიღრმავებ ცოდნას ფსიქოლოგიაში, რაც წლებია, ჩემი ჰობია. პოლიტიკური პროცესების გაანალიზება, გააზრების უნარიც ფიზიკის ცოდნიდან და ექსპერტიზიდან მოდის.
თამარ შველიძე
(დასასრული იქნება)

