უნგრული გაზაფხული და გახურებულ თავებზე გადასხმული ცივი წყალი

უნგრული გაზაფხული და გახურებულ თავებზე გადასხმული ცივი წყალი

რა მოხდა ევროკავშირის წევრ უნგრეთში? ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჩვენმა მეგობარმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნები წააგო, შემდეგ მთავრობას ორბანის ყოფილი თანამებრძოლი, პარტია „ტისას“ ხელმძღვანელი პეტერ მადიარი დააკომპლექტებს. ვიქტორ ორბანი ნამდვილად იყო საქართველოს მეგობარი, ჩვენ მედროვეებივით ვერ მოვიქცევით და მამლის ყივილამდე ვერ უარვყოფთ მის მხარდაჭერას მთელ რიგ საკითხებში. მას მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სწორადაც მოიქცა. მან მიულოცა პეტერ მადიარს და მადლობა უთხრა ვიქტორ ორბანს. ეს არის ადამიანური საქციელი, მადლიერება ყველაზე დიდი ღირსებაა. 
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მადიარის პარტია 199-მანდატიან პარლამენტში 138 ადგილს იღებს, ხოლო ორბანის პარტია „ფიდესი“ და მასთან ალიანსში მყოფი „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ - 55 ადგილს. ვისაც ორბანის დამარცხება გაუხარდა, უნდა გავაწბილო, კი მიიღო მადიარმა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ არც „ფიდესის“ 55 მანდატია უმნიშვნელო. ფაქტობრივად, ორბანი არსად მიდის, ის საკანონმდებლო ორგანოში რჩება და ერთ-ერთი მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. რასაკვირველია, ის არ მოიქცევა ე. წ. ქართველ ოპოზიციონრებივით უპასუხისმგებლოდ, 63 ადგილი რომ ერგოთ პარლამენტში და არ შეეთრიენ. 
ვინ არის პეტერ მადიარი, რას წარმოადგენს და რა გზა გაიარა პრემიერ-მინისტრობამდე? ჯერ მშრალ ბიოგრაფიას გადავხედოთ, შემდეგ კი ინტრიგებსაც ჩავუღრმავდეთ: დაიბადა 1981 წელს. ეროვნებით უნგრელია. 2024 წლიდან იყო ევროპარლამენტარი. იყო ორბანის პარტიის წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდით ვარგას მეუღლე. იუდითთან ამჟამად გაცილებულია, მასთან განშორება დიდი სკანდალის შემდეგ მოუხდა, ამაზე ცოტა ქვემოთ. მადიარი 2024 წლის თებერვალში ყველა თანამდებობიდან გადადგა, ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უკიდურესად უკმაყოფილო იყო ქვეყნის მართვის იმ მეთოდებით, რომელსაც „ფიდესი“ იყენებდა. იგი უნგრეთის პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი ოჯახიდანაა, დედის მხრიდან ნათესავები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ფერენც მადლი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პალ ერიოსი არიან. მადიარის დედაც მოსამართლეა. 2020 წელს ის უნგრეთის სასამართლოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. მამა დიდი ხნის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. ევროპარლამენტში 2024 წელს წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, მადიარი არ ფლობს რაიმე განსაკუთრებულ ქონებას _ მომავალში რას იზამს, ჯერ არავინ იცის. თუ არჩევნებამდე ეს კაცი ამბობდა, რომ უნგრეთი უნდა გაეთავისუფლებინა ორბანის რეჟიმისგან, გამარჯვებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მან თანამებრძოლებთან ერთად უნგრეთი გაათავისუფლა აშშ-ისა და ისრაელის მარწუხებისგან. აქ ცოტა უცნაური სიტუაციაა - ორბანს პუტინის მონას უწოდებენ მაშინ, როცა მის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ასევე არაერთი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა თვით დონალდ ტრამპმა, ხოლო მადიარს უწოდებდნენ პროდასავლელ ლიდერს, როცა მან „პლასტინკა“ ასერიგად გადაატრიალა: „ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ასევე, შენარჩუნდება ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც, ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს“.
იცის კაცმა, თუ პუტინს არ დაელაპარაკება, ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლის, თვითონაც დიდ შარში გაეხვევა და შეიძლება ომშიც კი ჩაითრიონ. ზელენსკიმ ეგრევე მიულოცა მადიარს გამარჯვება, მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა უნგრეთთანო. კლოუნს თავისი აწუხებს, ევროკავშირიდან დიდი ფულის წამოღებას ცდილობდა და ხელს ორბანი უშლიდა, ახლა იმედი აქვს, რომ მადიარი წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, იგივე მადიარმა კლოუნს ცივი წყალი გადაასხა - ჩვენ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს ვერ დავუჭერთო. მეტიც, მან ასევე დასძინა, რომ არ სურს, რუსეთთან დიალოგში უკრაინის ინტერესებს წარმოადგენდეს, უნგრეთში არავის სურს პროუკრაინული მთავრობაო. 
რასაკვირველია, ევროპელ დუპლეტებს არც ქართველი დუპლეტები ჩამორჩნენ, ე. წ. „ოპოზიციური ალიანსიდან“ გამოვარდნენ და ვულოცავთ უნგრელ ხალხს გამარჯვებას, ეს დემოკრატიის ზეიმიაო. ჯერ რა იციან, მადიარის გამარჯვება დემოკრატიის ზეიმია თუ გლოვა, მაგრამ სხვა რა უნდა თქვან? ბოლოს დასძინეს, ჩვენც უნგრეთის წყალი გადმოგვსხმოდესო. კი გადაესხათ, მაგრამ ცივი... თურმე ზოგიერთი ევროპარლამენტარი 16 წელიწადი ოცნებობდა, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეცვლილიყო და აჰა, კიდევაც აისრულა ოცნება - ასეთი ყოფილა ვინმე სერგეი ლაგოდინსკი, რომელიც ახლა იმაზე ლოცულობს, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და საამისოდ ორიგინალურ ხერხს სთავაზობს აკაცუკებს: „ორბანი დასრულდა. გაუმარჯოს თავისუფლებას! შეგვიძლია, გთხოვთ, ჯეი დი ვენსი თბილისში ახლავე მივიწვიოთ“?
იცით, რატომ უნდა ჯეი დი ვენსის მოწვევა თბილისში? მას ძალიან ცუდი ფეხი აღმოაჩნდა, როცა ბუდაპეშტში ჩავიდა და ორბანს მხარი დაუჭირა. ლაგოდინსკი ჩვეულებრივი აკაცუკია, მას დიდი ჭკუა და გამჭრიახი გონება არ მოეკითხება. 
„დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად - ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად! აღდგომის ნიშანიც ეს არის - სიკვდილის და უსამართლობის შემდეგ სიცოცხლე და ნათელი დღე“!
აბა, გამოიცანით, ვინ წარმოსთქვა ეს „ისტორიული“ სიტყვები? _ ეს სიტყვები ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილს, თავს ისევ პრეზიდენტად რომ აცხადებს, კვირაში ერთი დღე მოსახლეობის ე. წ. შეკითხვებს რომ პასუხობს, მოსახლეობა რომ აგინებს, აფურთხებს და კითხულობს, ჟუჟუნა წვიმა საიდან მოდისო? იგრძნო ქალმა, რა იყო აღდგომის ნიშანი, ღმერთმა ორბანი გადააყენა და ზურაბიშვილს შთააგონა, ახლა საქართველოში რომ დიქტატორი გყავთ, იმასაც გადავაყენებ და შენ დაგნიშნავ თლა უმფროსადო. ესე იგი, „ქართული ოცნების“ მმართველობა სიკვდილი და უსამართლობაა, ხოლო სალომეს, ნიკუტას, გირჩ ზურაბას და ჭიჭე ვაშაძის მმართველობა იქნება სიცოცხლე და ნათელი დღე. 
ზემოთ მოგახსენეთ, მადიარი თავის ცოლს დიდი სკანდალით დაშორდა-მეთქი. ეს ისეთი სკანდალი იყო, რასაც საქართველოში (რბილად რომ ვთქვათ) არაკაცობას ეძახიან. ესე იგი, პეტერ მადიარმა ფარულად ჩაწერა საკუთარი ცოლი და შემდეგ ეს ჩანაწერი გამოაქვეყნა. მისი ცოლი გახლდათ უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი იუდიტ ვარგა. ჩანაწერში ვარგა საუბრობს, როგორ ჩაერივნენ მთავრობის წარმომადგენლები კორუფციულ საქმეში. 
კერძოდ, საუბარი იყო საგამოძიებო მასალებიდან გარკვეული დოკუმენტების ამოღებაზე. 
მაშინ მადიარმა განაცხადა, რომ ცოლი ჩაწერა თავდაცვის მიზნით, რათამტკიცებულება ორბანის რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცებულება ჰქონოდა. ვარგამ ჩანაწერის გამოქვეყნებას ღალატი უწოდა და მადიარი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ წერის მომენტში ის დაშინებული იყო და მადიარს იმას ეუბნებოდა, რისი მოსმენაც მას სურდა. საქართველოში ასეთ რამეს, ალბათ, აკაცუკების გარდა არავინ მოიწონებდა, მაგრამ უნგრეთში მადიარის აღმასვლაში დიდი როლი შეასრულა. 
ახლა კი იმაზე, თუ რა პირობები წაუყენა მადიარს ევროკავშირმა: პირველი - 35 მილიარდი ევრო რჩება გაყინული უნგრეთისთვის, ეს უნდა გალღვეს და სესხად „შეიტენოს“ უნგრეთმა; მეორე - უნგრეთმა უნდა მოხსნას ვეტო 90 მილიარდი ევროს სესხზე უკრაინისთვის; მესამე - რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის მხარდაჭერა (ვეტოს მოხსნა); მეოთხე - კორუფციასთან ბრძოლა და საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდა; მეხუთე - სასამართლო რეფორმა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერება; მეექვსე - უსაფრთხოების სამსახურებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმა; მეშვიდე - ორბანის ეპოქის გარკვეული გადაწყვეტილებების გადახედვა; მერვე - სახელმწიფო საწარმოებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელობის ცვლილება.
რასაკვირველია, აქ ყველა პუნქტს ვერ ჩამოვთვლით, აზრიც არ აქვს, ყველაზე მთავარი მაინც ეს რვა მოთხოვნაა და მგონი, ყველა ნაცნობი უნდა იყოს ჩვენთვის. ითხოვენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან - უპირველესად კი სასამართლოს და სახელმწიფო დაწესებულებების უზურპაციას. როდესაც ეს სამსახურები მათ ხელშია, შენ, უბრალოდ, მარიონეტი ხარ და როგორც მოუნდებათ, ისე გათამაშებენ, უნდათ, ომს დაგაწყებინებენ, უნდათ - გოლგოთაზე აგიყვანენ და იქიდან დაგაგორებენ. თუ მადიარი ამ პირობებს შეასრულებს, ეგრევე გაჰყოფს თავს ევროკავშირის ყულფში. 
და ბოლოს... რას ფიქრობს უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი საქართველოზე? განგრძობს ორბანის გზას და ისიც მეგობარი გახდება? „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას მან ასე უპასუხა: „მე ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან. თუმცა, ჩვენ არ ჩავერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, არ ვაპირებ, გავლენა მოვახდინო თქვენი ქვეყნის არჩევნებზე, ეს არ არის არცერთი ევროპული სახელმწიფოს საქმე და ჩემი სტილი, ჩემი მიზანია, პატივი ვცე იმ კონკრეტული ქვეყნის არჩევანს“. 
როგორც ვხედავთ, ამ ადამიანს ამ ეტაპზე თავი ნორმალურად უჭირავს, ვნახოთ, რას იზამს შემდეგ. სხვათა შორის, ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მადიარი ორბანის პროექტი იყოს, უბრალოდ, მან ასეთი სცენარი გაითამაშა, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო უნგრეთის სათავეში ე. წ. ახალი ძალის მოსვლა. ვნახოთ, თუ ეს სიმართლეა, მალე გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, უკვე იკვეთება ბევრი რამ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში „ორბანი-2“ მოვიდა.

გელა ზედელაშვილი