სინდისიც კარგი საქონელია!

სინდისიც კარგი საქონელია!

2 მაისს ტელე „იმედის“ ეთერში დებატები კვლავაც გაიმართა. ამ წერილის დაწერას არ ვაპირებდი, რომ არა ერთი მიწვეული სტუმრის არაადეკვატური საქციელი და თავხედური გამოხდომები. მაშ, ასე, ჯერ ჩამოგითვლით, ვინ იყვნენ სტუდიაში და შემდეგ მოგიყვებით, რა ხდებოდა და რანაირი მდგომარეობა იყო. ჩვენგან მარჯვნივ ისხდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ბერეკაშვილი. ჩვენგან მარცხნივ ისხდნენ... უკაცრავად, აქ გადაცემის ჩანაწერი უნდა გადავახვიო, თორემ ზეპირად გახსენება გამიჭირდება... ესე იგი, ჩვენგან მარცხნივ ისხდნენ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი მარიამ იაკობიძე და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გერლიანი.
დებატების წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა „მარათონი“ გახსნილად გამოაცხადა და გვაუწყა, რომ სასაუბრო თემა იქნებოდა ფასები. დიახ, ეს არის თემა, რომელიც ყველა ჩვენგანს აწუხებს, ფიქრობს და განიცდის. რაც შეეხება „ნაცებსა“ და მათ განაყრებს, ეს თემა მხოლოდ საღლიცინოდ და მთავრობის „კომპრომეტირებისთვის“ სჭირდებათ. არ გამოსდით, მაგრამ მაინც ღლიცინებენ - ჰმ... ნახეთ, ირაკლი კობახიძე იტყუება, ნახევარი კილო ხორცი მთელ დუნიაზე სად უნდა იშოვოთო? ესენი გულისხმობენ მომენტს, როცა კობახიძემ „ჭუტავიზიის“ („ტვ პირველის“) ჟურნალისტს უპასუხა, ნუ სპეკულირებ ფასებით, წამოდი და ნახევარ კილო ხორცს 10 ლარად გაყიდინებო. ალბათ, აქ საქონლის ხორცზე იყო ლაპარაკი, თორემ ბაზრებში ღორის ხორცი კილო 15 ლარია, პერიოდულად 13-ზეც ჩამოდის. ამას თუ გავყოფთ შუაზე, ნახევარი კილო 7 ლარი და ათი შაური გამოდის. ისე, სანამ უშუალოდ გადაცემის განხილვასა და იმაზე გადავალ, რის გამოც ამ წერილის დაწერა გადავწყვიტე, ერთსაც შევნიშნავ: კაცო, რაც თავი მახსოვს, სულ იმას ამბობდნენ, გლეხის შრომას ფასი არ აქვს, ყველაფერი გადასაყრელიაო. აჰა, ხომ დაედო ფასი? ნეტავ, რაღას წუწუნებთ? ერთი ყურძენია ცოტა იაფი და მაგაზეც გაუთავებელი პრეტენზიებია, გინდათ თუ არა, უნდა გაძვირდესო. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ჩვენში ისიც უთქვამთ, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარით, შიგ ცოტაოდენი სიმართლე რომ არ ერიოსო. ჰოდა, ჩემს ხუმრობაში ცოტაოდენი კი არა, კაი გვარიანი სიმართლე ურევია. 
მოკლედ, დაიწყო გადაცემა... ისაუბრა ირაკლი კობახიძემ - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის, ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს, რაც, შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია მოხდება, ეს აისახება ფასებზეცო. მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჯარიმაა ან რამე, მაგასაც შევამცირებთ ან გავაუქმებთო. 
შოთა ბერეკაშვილმა თქვა - პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანიო. ჩვენი მიზანია, როგორმე შევამციროთ აღნიშნული ხარჯებიო. ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემასო. აქვე შეგახსენებთ, რომ ბატონი შოთა იმ დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ფასების მხრივ მუშაობდა და გაძვირების მიზეზებს იკვლევდა. 
შემდეგ სიტყვა გადაეცათ ლაშა რიჟამაძეს და გიორგი ხაბაშვილს. მათ ზომიერი და საქმიანი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. აი, სწორედ ამან გააღიზიანა ვინმე მარიამ იაკობიძე და თავისი ჩიქორთულ-მოჩლექილი ენით ისე „შეუბერა“, ჯერ სტუდიაში მყოფებს დააღებინა პირი, მერე, ალბათ, მაყურებლებს. გადმოდგა ქალი, აივანზე რომ გადმოდგებიან ხოლმე ჭორიკანა დედაკაცები, ისე და თქვენაო, ირაკლი კობახიძეს ეუბნება, აზრზე არ ხართ, რა ხდება ამ ქვეყანაზეო, არც ბაზარი იცით, არც მაღაზია, არც ქუჩაო, ეკონომიკაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობო. ხალხიო, ქართველი ხალხი სულ სხვანაირად ფიქრობსო, ქართველ ხალხს იაფი ხორცი უნდაო, თქვენ კიდევ ატყუებთ, ნახევარი კილო 10 ლარად სად ნახეთო? თქვენი დრო წავიდაო, აწი გინდა ყოფილხართ, გინდა - არაო. ესენი კიდევ, ეს ვიღაცები ჩვენ მხარეს რომ დასვით, მეორე მხარეს უნდა დაგესვათ, ესენი რანაირი ოპონენტები არიანო? თქვენიანებს ჰგვანან, არც გაკრიტიკებენ და არც არაფერიო. ვეღარ აჩერებდნენ იაკობიძეს, კობახიძემ კი უთხრა, თქვენი მსჯელობით თავს ნუ შეირცხვენთ მოსახლეობის წინაშეო. მაინც არ გაჩერდა და ყველაზე დიდი სისულელეც აქ დააბრეხვა - თქვენ არც დევნილების პრობლემები გესმით, წლები გადის და ბინებს არ აძლევთო, აგერ, ერთმა უსახლკარო დევნილმა თავი დაიწვაო, მათი ბედი საერთოდ არ გაინტერესებთო. აი, ეს კი აღარ უნდა „წამოეწვინა“ ჩიქორთულად მოლაპარაკე ქალბატონს, რომელიც თურმე მოძრაობა „სოციალური დემოკრატიის“ წარმომადგენელი ყოფილა. ამ ხელისუფლებას რაც უნდა დააბრალო, რაც უნდა მოუგონო, რაც უნდა გამოუჩხრიკო, დევნილებს სახლებს არ უშენებსო, ვერ იტყვით. არ დაიჯერებთ, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე დევნილებისთვის აშენდა 30000-ზე მეტი ბინა. სულო ცოდვილო, ხან მგონია, რომ ამ ხელისუფლებას ამ მხრივ ზედმეტიც კი მოსდის, ავი ენები ამბობენ, ზოგიერთ დევნილს 3-4 ბინა აქვს მიღებული და აქირავებს კიდევაცო. ისე, ეს საკითხი ბევრს აინტერესებს და უკვე ხშირად ისმება შეკითხვა: დევნილობა შთამომავლობით გადადის და ბინებიც შთამომავლობით გაიცემა? გეფიცებით, არანაირი ინტერესი არ მაქვს, დევნილების მიმართაც კეთილად ვარ განწყობილი, მინდა, მათ საერთოდ არ ჰქონდეთ პრობლემები, მაგრამ რაკი შეკითხვები არის, პასუხებიც უნდა არსებობდეს. ჰოდა, ამაზე ვამბობ, სინდისიც ხომ კარგი საქონელია? ხელისუფლება ამდენს აშენებს, უფასოდ ურიგებს და ისევ იმაზე ლაპარაკობ, დევნილებს არ ეხმარებითო? დევნილები არ გაინტერესებთო? კარგი, იმას რომ იტყუები, მშიერი ხალხი ქუჩაში იხოცებაო, გასაგებია, მაგრამ ესა? ესა, კაცო?
შემდეგ მაგდა ანიკაშვილმა სიტყვა ისევ ირაკლი კობახიძეს გადასცა. მან კიდევ ერთხელ თქვა, კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის, ბიზნესის ინტერესებიო. რაც შეეხება ცხოვრების დონეს, ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობასო. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულიაო. 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული“, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლებაო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყველა სფეროში არის განათლება, ამას ბიზნესიც აღნიშნავს, კვლევების თანახმად, ნომერ პირველ პრობლემად სახელდება კვალიფიციური კადრებიო.
აი, აქ ისევ „გაჭედა“ ვინმე მარიამ იაკობიძემ: თქვენ არაფერი გესმით, რა იცით, რა ხდება სოფლის მეურნეობაშიო? რა, თოხი გჭერიათ ხელში თუ ბარიო? ტრაქტორს რამდენი ბორბალი აქვს, ნეტავ, თუ იცითო? ძროხა და ცხვარი თვალით თუ გინახავთო? ამ დროს ირაკლი კობახიძე იღიმის, რა უნდა უთხრას? ყველაფერი ვიცი და ეკონომიკაშიც შენზე უკეთესად ვერკვევიო? ქალი არ ცხრება, გადადის და გადადის დაუკრეფავში, ასე მთლად დილეტანტსაც არ უნდა მიმართო, რადგან შენ უფრო დილეტანტი და უვიცი გამოჩნდები. მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ქალმა, სოციალურ დემოკრატიას რომ წარმოადგენს, არაფერი იცის, ადამიანებთან ურთიერთობაც კი, ელემენტარული ურთიერთობა. რომ ვთქვათ, აკაცუკიაო, მთლად ეგრეც არ გამოდის, ეს „ილუზია“ თავიდანვე გაგვიხუნა - ისაო, წინა ხელისუფლებაც კრიმინალ ბიზნესმენებთან იყო შეკრული და თქვენც კრიმინალ ბიზნესმენებთან ხართ შეკრულ-გარიგებულიო, ამ ქვეყანაში ვისაც ფული აქვს, ყველა დამნაშავეაო. გაიგონეთ? ქალი სოციალურ დემოკრატიაზე ქადაგებს და თან ამბობს, ვისაც ფული აქვს, კრიმინალიაო. გასაგებია, შეიძლება ზოგს ფული არაკეთილსინდისიერი გზით აქვს ნაშოვნი, მაგრამ ხომ არიან პატიოსანი ბიზნესმენებიც? მე მგონია, რომ საქართველოში უმეტესობა პატიოსანია, ვინც ავაზაკია, კი ვიცით, ამ პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება. როდესაც ყველას ერთ ქვაბში ხარშავ, თან მტრულად ხარ განწყობილი, გამოდის, ბოლშევიკი ხარ და დეემოკრატიისგან ძალიან შორს მყოფი.
როგორ დასრულდა დებატები? როგორ და... ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აჩვენა კლასი. რაც შეეხება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ისეთი არაფერი უთქვამს, მან მეცნიერულად მხოლოდ ის გვითხრა, რომ სიძვირე ცუდია, ხოლო სიიაფე - კარგი. დიდი მადლობა, ეს არ ვიცოდით და გავიგეთ. 

გელა ზედელაშვილი