როგორც მიიღეთ, ისე მოაშორეთ
საქართველოს მიგრაციის პაქტი!
სოციალურ ქსელში 31 დეკემბრის ვიდეოკადრები შემომხვდა კომენტარებით, _ თავისუფლების მოედანი გადავსებული იყო აზიური წარმოშობის მიგრანტებით და ფონად ედო ვიშვიში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით ეწერა ვიდეოს, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გაკეთებულიო, განგაში იყო ატეხილი. კომუნტარებში ერთი ხაზი ვითარდებოდა _ ხელისუფლებას ეშინია და ამიტომ, მეორე წელია, აღარ მართავს ქუჩის საახალწლო კონცერტებს, რადგან თვალნათლივ გამოჩნდება, რა შედეგი მოჰყვა მათ ლოიალურ პოლიტიკას აზიელ მიგრანტებთან დაკავშირებითო. უკვე აღარ აქვს განმარტებას მნიშვნელობა, რატომ არ მართავს ხელისუფლება საახალწლო კონცერტს, რაც არის, იმაზე ვთქვათ.
საქართველოს მოსახლეობის აღწერის დამაფიქრებელ სტატისტიკას შეგახსენებთ ჩემი კომენტარის გარეშე _ კარგად დახედეთ წლებსა და მოსახლეობის ზრდისა და კლების კავშირის მრუდს:
წელი მოსახლეობა
1800 784 700
1832 892 100
1865 1 289 200
1886 1 641 900
1897 1 919 400
1926 2 677 233
1939 3 540 023
1959 4 044 045
1970 4 993 182
1979 5 014 800
1989 5 400 841
2002 4 371 535
2014 3 787 000
გაერო-ს გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ვხედავთ, სხვა სურათი იქნება და თუ ასე გაგრძელდა, გაეროს-ვე პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 3,4, ხოლო 2100 წლისთვის 2,4 მილიონი იქნება. აქ ცალკე საკითხი კიდევ ის არის, საქართველოს 2-მილიონიანი მოსახლეობიდან რამდენი იქნება ეთნიკური ქართველი...
ზემოთ აღნიშნული ვიდეო გაკეთებული იყო, მაგრამ ასე მიშვებული თუ იქნა საქართველოში აზია-აფრიკიდან შემომსვლელთა საკითხი, იმაზე უარესი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც იმ ვიდეოში იყო.
სხვათა შორის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობასთან შეფარდებით, მიგრანტთა რაოდენობა მხოლოდ 2%-ია. ვითომ არაფერია ეს 2%, მაგრამ ვინაიდან მათთვის დამახასიათებელია ტომობრივი თანაცხოვრება და ჯგუფური მოქმედებები, გუნდ-გუნდად გვხვდებიან მეტწილად ქალაქის ცენტრალურ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც „ძალიან ბევრის“ ეფექტს იძლევა. აფრიკელებსა და ინდუსებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ შინაგანი კომპლექსებიდან გამომდინარე, აზიელები გამოხატული თავხედობითა და უხეშობით გამოირჩევიან... ჯერჯერობით, რაღაც მაინც აკავებთ, მაგრამ ახლო პერსპექტივაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება და მათი მხრიდან განუზომელი თავნებობა, კარგს არაფერს მოიტანს...
გადავქექე ინტერნეტსივრცე და დავიღალე, ვერ ვიპოვე რასაც ვეძებდი _ „პირველი მერცხალი“ აფრიკელების შემოსვლას საქართველოში _ რის საფუძველზე გახდა ვალდებული სააკაშვილის ხელისუფლება, რომ აფრიკელი ფერადკანიანები თავისუფლად შემოეშვა საქართველოში _ პარლამენტის არქივებში იქნება. რაც შეეხება ბურებს, მათ შესახებ მაშინვე დავწერე და კარგად მახსოვს, რომ 2010 წლის ზაფხულში სააკაშვილის მთავრობამ მოულოდნელად წამოაყენა რადიკალური და საკმაოდ სადავო წინადადება _ შეეთავაზებინათ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ბური ფერმერებისთვის (ოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 40 000 იყო) შეესყიდათ საუკეთესო მიწის ნაკვეთები საქართველოში, ხოლო სანაცვლოდ, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით. უკვე შემოდგომაზე, სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაიამ სამგზის უმასპინძლა „მისიებს“ და მთელი რიგი გარანტიები შესთავაზა თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. აფრიკიდან ჩამოსასახლებლად და საქართველოს მიწების მისაყიდად ასეთი იდიოტური არგუმენტის მოგონება არ გინდა? _ თავიც კი არ შეიწუხეს რაღაც უფრო დამაჯერებლის მოფიქრებისთვის!
რა მოხდა, აღარ ვიცი, ხალხის პროტესტი არ მოეწონათ სამხრეთ აფრიკელებს თუ გარანტიებში ვერ დარწმუნდნენ, ფაქტია, რომ ბურებზე საქართველოს მიწების გაყიდვა აგვცდა, მაგრამ რაც არ აგვცდა?
1992 წელს, ევროგაერთიანებამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
1995 წლიდან საქართველო ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით სარგებლობს.
1996 წლის 22 აპრილს, ლუქსემბურგში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. ხელშეკრულებას ხელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს. ხელშეკრულება ძალაში 1999 წელს შევიდა.
1997 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველომ დაიწყო საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
2003 წლის 7 ივლისს ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.
2004 წლის 14 ივნისს...
2018 წლის 10 დეკემრამდე სად მოხდა გარღვევა, ამის ძიებაში ვიყავი და ამასობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ აზრი არ ჰქონდა ძიებას, მოცემულობიდან უნდა ამოვიდე.
2014 წელს საქართველომ უვიზოდ შემოსვლის უფლება 13 ქვეყნის, მათ შორის ერაყის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს რომ შეუწყვიტა (ერაყი, ბოლივია, ჩილე, კუბა, გვატემალა, პარაგვაი, ურუგვაი, პერუ, დომინიკის თანამეგობრობა, ტრინიდადი და ტობაგო, სეტ კიტსი და ნევისი, სურინამი და სენტ ლუჩია) გამიკვირდა _ თურმე მოითმინე, გაკვირვება გაცოფებაში გადაგივა, როცა გაიგებ ვის მისცა უვიზოდ შემოსვლის უფლება...
2018 წლის 10 დეკებერს, საქართველო გაერო-ს „მიგრანტთა პაქტს“ შეუერთდა.
ახლა, 2025 წლის დეკემბერში აჯანყდა ვიქტორ ორბანი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა „მიგრაციის პაქტის“ წინააღმდეგ და საქართველო, რომელიც პერსპექტივაშიც არანაირად არ არის ევროკავშირის სივრცეში მოაზრებული, რატომ შეუერთდა 2018 წელს?
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრიუსელი ცდილობს, აიძულოს უნგრეთი კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს ან მიგრანტები მიიღოს. ეს მიუღებელია. უნგრეთი უკვე საკმარისზე მეტს ხარჯავს კავშირის გარე საზღვრის დასაცავად. ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის. უნგრეთი არ განახორციელებს „მიგრაციის პაქტის“ ღონისძიებებს. მეამბოხეობა იწყება“, – დაწერა ვიქტორ ორბანმა.
როგორც ცნობილია, პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ავსტრია აწყდებიან სერიოზულ მიგრაციულ ზეწოლას და შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ ევროკავშირში მიგრანტების განაწილების მექანიზმისგან.
კარგს რომ არაფერს გულისხმობს „მიგრაციის პაქტი“, ორბანის აჯანყებიდანაც ჩანს, მაგრამ ეშმაკურად შეფუთული ასეა ჩამოყალიბებული:
დოკუმენტი პირველი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც მიგრაციის პროცესის გლობალურ მოწესრიგებას ისახავს მიზნად. გაერო-ს ამოცანაა, საერთაშორისო ძალისხმევით მიგრაცია უფრო მეტად უსაფრთხო და მოწესრიგებული გახადოს.
გლობალური კომპაქტის სამი მთავარი მიმართულებაა:
მიგრანტთა უფლებების უკეთ დაცვა (საკონსულო დაცვის მექანიზმები და თანამშრომლობის გაზრდა მათთან);
საზღვრების ინტეგრირებული და კოორდინირებული მართვა (ნაკადების კონტროლქვეშ მოქცევის მიზნით);
წარმოშობის ქვეყნებში მიგრანტთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ამ პრინციპებზე გაერო-ს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, თუმცა შეთანხმებას ხელი 196 ქვეყნიდან მხოლოდ 164-მა მოაწერა. ევროპის ქვეყნებიდან ფორმალური შეერთებისგან თავი შეიკავა ავსტრიამ, იტალიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა, აშშ-მა კი ჯერ კიდევ გასულ დეკემბერს თქვა, რომ არ შეუერთდებოდა ხელშეკრულებას. აშშ-მა ეს იმით ახსნა, რომ არ სურს მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო გაიდლაინებისა და სტანდარტების შესაძლო შემოღება, რათა ისინი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ქვეყნის ინტერესებთან.
ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიებმა და მათმა მომხრეებმა გააპროტესტეს „პაქტი“ და ათასობით დემონსტრანტი ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე გავიდა. მათი შეფასებით, გაერო-ს ეს დოკუმენტი მიგრაციის გაზრდას შეუწყობს ხელს.
გასული წლის მაისში გავიგე, რომ, რაც იყო, იმაზე დამატებული კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის უფლება.
მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილების თანახმად, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, შესაბამისი ვადითა და პირობებით.
ეს ქვეყნებია:
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა,
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა,
განის რესპუბლიკა,
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა,
ერიტრეას სახელმწიფო,
იემენის რესპუბლიკა,
კამერუნის რესპუბლიკა,
კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა,
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,
მაროკოს სამეფო,
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა,
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა,
სომალის ფედერაციული რესპუბლიკა,
სირიის არაბთა რესპუბლიკა,
სუდანის რესპუბლიკა,
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა,
უგანდის რესპუბლიკა.
„იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.“ - აღნიშნულია დადგენილებაში.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ, 96 ქვეყანას მოიცავდა. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ პირველად 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.
მაინრერესებს, ვისი ძალდატანებით, რატომ შეუერთდა საქართველო გლობალურ პაქტს?
შესაძლოა, 2018 წელს, მიზეზთა გამო „ასე იყო“ საჭირო, მაგრამ საქართველომ ხომ კარგად დაინახა, რომ იმავე ევროკავშირისთვის მხოლოდ ვასალად მოიაზრებოდა და ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლა „არა“-ს თქმა, როგორც მიიღეს, ისე მოაშოროს საქართველოს „მიგრაციის პაქტი“ და ამ პაქტის მიღებიდან გამომდინარე მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოშორდება!
აღარ არის საჭირო თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამეორება, ყველასთვის ხელისგულზე დევს ყველაფერი!
აღარავინ ტყუვდება იმით, რომ საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რათა გლობალური პაქტის ხელმომწერთა შორის იყოს. ვითომ, რადგან საქართველო თავად არის მიგრანტების წყარო სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ლეგალურად დასაქმდნენ და ისარგებლონ ევროპის ქვეყნებში არსებული შესაძლებლობებით და ეს „პაქტი“ დიდი რამე შეღავათია მათთვის. ტყუილია ეს ყველაფერი!
მაია ჭელიძე
(გაგრძელება იქნება)

