რა უნდა ვიცოდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა
დაცვის შესახებ
კულტურული
მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება
ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს და მოეხსნას მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სათათბირო ორგანოს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე - საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
ძეგლის სტატუსის მოხსნა
ძეგლის სტატუსის მოხსნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
კულტურული
მემკვიდრეობის დამცავი ზონები
ინდივიდუალური დამცავი ზონა;
– ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი;
– ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი;
– ზოგადი დამცავი ზონა;
– ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
– განაშენიანების რეგულირების ზონა;
– ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
– არქეოლოგიური დაცვის ზონა.
წინაპირობები, როდესაც დასაშვებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება
საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან არ უქმნის საფრთხეს, არ ამცირებს მის კულტურულ-ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს ძეგლის აღქმას. მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები, ან, თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.
რემონტი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე რემონტის ჩატარება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შემთხვევაში, ნებართვას საჭიროებს შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე. მესაკუთრეს შიდა რემონტის დროსაც სჭირდება ნებართვა შესაბამისი სამსახურიდან. ამასთან, დაუშვებელია შენობის გაბარიტების ან იერსახის შეცვლა ნებართვის გარეშე.
მესაკუთრის თანხმობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე, თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლსა ან არქეოლოგიურ ობიექტზე, ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.
– არქეოლოგიური ობიექტი ან მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს ობიექტია განთავსებული, არ არის სახელმწიფოს საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთან, მესაკუთრე არ არის თანახმა, არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარდეს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები, თუმცა, ეს აუცილებელია სამეცნიერო საკითხების გადასაჭრელად, ან თუ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობით ან ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანება ან განადგურება ემუქრება. მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე სამუშაოების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომლის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს შესაბამის ნებართვას.
პრობლემის მიმოხილვა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით პრაქტიკაში ერთ-ერთ მთავარი პრობლემას წარმოადგენს სარეაბილიტაციო სამუშაოების კანონის შესაბამისად წარმართვა. ერთი მხრივ, მესაკუთრეები ხშირად ახორციელებენ სამუშაოებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რაც უმეტეს შემთხვევაში აზიანებს ძეგლს. მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირად არ არის შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან, რაც ასევე იწვევს ძეგლის დაზიანებას.
– კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხშირად მხოლოდ აქტივისტებზეა დამოკიდებული და სახელმწიფო ამ კუთხით სამართლებრივ რეგულაციებს ეფექტურად არ აღასრულებს.
– პრაქტიკაში ძალიან ხშირად ირღვევა ძეგლის დაცვის როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადი დამცავი ზონა, რაზეც სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს.
– არ ხდება ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფოს მიერ გადაუდებელი წესით შეკეთება, მაშინ, როდესაც იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და თავად ძეგლის არსებობას რეალური საფრთხე ექმნება.
– კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ხშირად მინიჭებული აქვს ისეთ შენობებს, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რაც დაკავშირებული იქნებოდა მის სიძველესთან, უნიკალურობასა ან ავთენტურობასთან. აღნიშნული პრობლემას უქმნის თავად ძეგლის მესაკუთრეს. ძეგლის სტატუსის მოხსნა გართულებულია, რაც ასევე მესაკუთრეებს ხშირად გაუმართლებლად ზღუდავს.
საკანონმდებლო ბაზა
კულტურული მეკვიდრეობის დაცვა რეგულირდება შემდეგი კანონებით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ - საქართველოს კანონი;
– „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“- საქართველოს კანონი;
– „მუზეუმების შესახებ“ - საქართველოს კანონი;
– „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ -საქართველოს კანონი;
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის დადგენილება #14-39 „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“;
– საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #261 დადგენილება „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ”;
– საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის #255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ”.
მოამზადა
ლევან ჭიღლაძემ
