მამუკა არეშიძე: საქართველო არც რუსეთს მიუტოვებია და არც - დასავლეთს

მამუკა არეშიძე: საქართველო არც რუსეთს მიუტოვებია და არც - დასავლეთს

გვესაუბრება ექსპერტი 
კავკასიის საკითხებში 
მამუკა არეშიძე:

– ბატონო მამუკა, სომხეთში ევროპის პოლიტიკური სამიტი გაიმართა, სადაც კობახიძეც იყო მიწვეული. როგორ შეაფასებთ ვიზიტის მნიშვნელობას?
– დღეს სომხეთში შექმნილ ვითარებას სერიოზულად უყურებენ. 5-6 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ სომხეთი საგარეო პოლიტიკის მიმართ მიდგომებს ასე შეცვლიდა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფრანგეთსა და აშშ-ში სომხურ დიასპორებს უზარმაზარი გავლენა აქვთ. ფრანგული პოლიტიკური ისტებლიშმენტი საფრანგეთის სომხურ დიასპორას, თავისი გავლენებიდან და მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე, ანგარიშს ყოველთვის უწევდა. საფრანგეთი რა ხანია სომხეთში ფეხის მოკიდებას ცდილობს, რაც ერთგვარი შიდა კონკურენციის შედეგიცაა, რადგან კავკასია და წინა აზია ბრიტანეთის გავლენის სფეროებად მიიჩნევა. თუმცა, რამდენად მყარი იქნება სომხეთში ევროპული გავლენები და შეძლებს თუ არა ის ევროპასთან ურთიერთობაში ოქროს წესები დაიცვას, რთული საკითხია.
ამავდროულად, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სომხეთში ივნისში არჩევნები ტარდება და ფაშინიანს ევროპის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება, რადგან იქ ბიზნესის, სამხედრო თუ სხვა წრის წარმომადგენლებში რუსეთის გავლენა ძალიან ძლიერია. სომხეთში ოფიცრების დიდ ნაწილს განათლება მოსკოვში აქვს მიღებული და რუსულ გენერალიტეტთან შიდა ურთიერთობა აქვთ. ეს ფაშინიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იგი თავის სამხედროებს, განსაკუთრებით – მაღალჩინოსნებს, არ ენდობა. ამიტომ ევროპის მხარდაჭერა, რისი დემონსტრირებაც ევროპის პოლიტიკური სამიტის სომხეთში გამართვა იყო, მას ძალიან სჭირდებოდა.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს სომხეთის ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები და სამხედროები დგანან. მათ შორის, ბაზები სომხეთ-ირანის საზღვარზეც არის განლაგებული. მაგალითად, ე.წ. ტრამპის, იგივე ზანგეზურის დერეფნის გარშემო შექმნილი ვითარება ღიმილისმომგვრელია. პრაქტიკულად, ის აზერბაიჯანს თავის ანკლავთან – ნახიჩევანთან აერთებს და მას ამერიკელები მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებებით აკონტროლებენ. ზანგეზურის დერეფნის სამხრეთით გადის სომხეთის საზღვარი ირანთან, სადაც რუსი სამხედროები დგანან. ამას „ბუტერბროდის“ იერი აქვს: რუსები, ამერიკელები და ისევ რუსები. სომხეთი ცდილობს, საკუთარი თავი დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყნად წარმოაჩინოს, რაც საკმაოდ რთულია, რადგან მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტი იმყოფება, რომლის გაყვანის მოთხოვნის საშუალება დღეს სომხეთს არ აქვს; დღევანდელ სომხურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში კარგად ახსოვთ 2008 წელი, როცა ევროპამ საქართველოსთან დაკავშირებით თავისი მისიის შესრულება ვერ შეძლო.
რაც შეგვეხება ჩვენ, ქართული მხარის სამიტში მონაწილეობა სომხეთის ინიციატივით მოხდა. გარდა იმისა, რომ სომხეთი ევროინტეგრაციის გზას დაადგა, ასევე ცდილობს, საკუთარი თავი რეგიონული პოლიტიკის ერთ-ერთ სრულფასოვან წევრად წარმოადგინოს. ამიტომ მისთვის საქართველოს ხელისუფლების სამიტზე ყოფნას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ის ევროპას სწორედ ქართული სატრანსპორტო დერეფნებით უკავშირდება. დიახ, სომხეთის სურსათით თუ სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგება, ძირითადად, საქართველოს გავლით ხდება. მეორე მხრივ, ეს ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებისთვისაც მომგებიანი იყო. რაც მთავარია, სამიტზე საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორებიცაა რეგიონული, კავკასიური პოლიტიკა, ეკონომიკური ურთიერთობები, მარშრუტები და სხვა, რომელთა რეალიზაცია საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, რაც მშვენივრად იციან როგორც ერევანში, ისე ბრიუსელშიც. აქედან გამომდინარე, კობახიძის სამიტზე ყოფნა ლოგიკური იყო.
– მავანი აცხადებს, რომ საქართველო ფუნქციას კარგავს, ხოლო სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ლიდერობას სომხეთი ირგებს. როგორია რეალობა?
– სომხეთმა როგორც უნდა მოინდომოს, რეგიონული ცენტრი ვერც იდეოლოგიური თვალსაზრისით გახდება და ვერც პოლიტიკური, რადგან ამ კუთხით ლიდერის მანტია აზერბაიჯანმა მოისხა. ეს ბევრ მიზეზზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, აზერბაიჯანი ფლობს ენერგორესურსებს, რაც ევროპას ძალიან სჭირდება. დღეს აზერბაიჯანი ფინანსურად რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მან წლების განმავლობაში ევროპასთან გააზრებული, დიპლომატიური პოლიტიკა აწარმოა და საბოლოო ჯამში, რეზულტატიც მიიღო.
დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში, როცა ენერგომატარებლების საკმაოდ სერიოზული დეფიციტია. მაგალითად, იტალიის ხელისუფლებას აზერბაიჯანთან დაპირისპირება ადამიანის უფლებების თუ სხვა საკითხთა გამო არ აწყობს. პოლიტიკური კონიუნქტურა დღეს ამ ფასეულობებზე აღარ დგას. ამჯერად მთავარი მართვადი ქაოსისგან თავის დაღწევა, ეკონომიკური ვითარების დასტაბილურება და, აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის გულის მოგებაა.
ამიტომ დღეს აზერბაიჯანი, გვინდა ეს თუ არა, ის ქვეყანაა, რომელიც რეგიონული პოლიტიკის სეგმენტს ქმნის. თუ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ რიგ საკითხებში ერთიანი ფრონტით უნდა იმოქმედონ, განსაკუთრებით – ეკონომიკური მიმართულებით, მაშინ ისევ იმ მდგომარეობაში დარჩებიან, როგორშიც ადრე იყვნენ – სამივეს სხვადასხვა ორიენტაცია ჰქონდა და ერთმანეთში რეგიონული პოლიტიკის გადაწყვეტის საკითხში საერთო ენას ვერ პოულობდნენ.
– სამიტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ უკრაინული მხარის მოთხოვნით კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრა შედგა. რა მოლოდინი გააჩინა ამ შეხვედრამ?
– ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა სერიოზული მუშაობის შედეგი იყო, დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. ფაქტია, თბილისიც და კიევიც ურთიერთობების გამოსწორებით დაინტერესებულნი არიან. ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღავდა, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს წყალს სხვის წისქვილზე ასხამდა. ამ შეხვედრას ხელი რიგმა გარემოებებმა, სერიოზული ძალების ჩარევამაც შეუწყო. რაც შეეხება საუბრის თემას, აქ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მეორეხარისხოვანია. მთავარი პრაგმატულ საკითხებზე მსჯელობა იყო, რაც ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის თემების გადაჭრას შეეხებოდა და ეს დღეს ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
– ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმაროს.
– ეს შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანი სხვა რამაა. კერძოდ, დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რუსეთის ყველა მხრიდან ბლოკირებაა. უკრაინა ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მოთამაშეა და დაუშვებელია, საქართველო ამ პროცესიდან გაირიყოს, ისიც ამ თამაშის ნაწილი უნდა იყოს. აი, ასე თვლიან ევროპულ დედაქალაქებში პრაგმატულად მოაზროვნე – არა ბრიუსელის, არამედ პარიზის, მადრიდის, ლონდონის პოლიტიკური ლიდერები. ამიტომ, რადგანაც ისინი დღეს-ხვალ „ქართული ოცნების“ ჩამნაცვლებელ ძალას ვერ ხედავენ, საკითხს პრაგმატულად უდგებიან და იძულებულნი არიან, დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობები დაალაგონ, რათა საქართველო საერთო თამაშის ნაწილი იყოს. თუმცა ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში ყველა ასე როდი ფიქრობს. აზრი ისევე იყოფა, როგორც მოსკოვის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებში, რომელთა ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემხრობოდა, ზოგი კი – არა. შედეგად, ეს საკითხი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული.
– როცა საუბარია იმაზე, რომ სომხეთი ევროინტეგრაციის გზას ადგას, რიგი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი კავკასიას კარგავს...
– ეს აბსოლუტური იდიოტიზმია. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის უაღრესად არაერთგვაროვანი ვითარებაა. ლამის ომი, დაპირისპირება დაიწყო. აზერბაიჯანმა თავის დროზე კავკასიის მიმართ რუსეთის ჩამოუყალიბებელი პოზიცია მომგებიანად გამოიყენა. ალიევმა გაიგო, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა, წინა დღეებში იქ ჩავიდა და რუსეთთან მეგობრობას ხელი მოაწერა; დაელოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინულ კონფლიქტში ღრმად ჩაეფლობოდა და მერე ყარაბაღს შეუტია. დღეს კი მასთან მაღალი ტრიბუნებიდან ყველაფერზე დავა აქვს. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, აზერბაიჯანი თავის მილებში, საკუთარის მსგავსად, რუსულ ენერგომატარებლებს ატარებს. როგორც ამბობენ, საქართველოს გავლითაც შედის პროდუქცია, ოღონდ არასანქცირებული. ჩვენი ხელისუფლება ამ თემას ფრთხილად ეკიდება, რათა ზედმეტი სალაპარაკო არავის მისცეს.
2024 წელს, როცა საკითხი ღიად იდგა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის პოლიტიკური ხვალინდელი დღის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება შეცვლილიყო, ეს საქართველოს მხრიდან აქტიური მუშაობის შედეგი იყო. უბრალოდ, ვითარება უცებ შეიცვალა და ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. როგორც ვახსენე, დღეს მსოფლიოში, განსაკუთრებით – ევრაზიის სივრცეში, მართვადი ქაოსია. ძველი მსოფლიო წესრიგი დაინგრა, ახალი არ არსებობს, ამიტომ ყველა უკეთესი ხვალინდელი დღის მოწყობას ცდილობს. ამ თვალსაზრისით კავკასიის რეგიონი მნიშვნელოვანია. ამიტომ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან ყველა მოთამაშე ცდილობს, საკუთარი სარგებლის მიზნით, განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყაროს. მაგალითად, ბრიტანელები აზერბაიჯანის მიმხრობას ცდილობენ, ფრანგები – სომხეთის. საქართველოს რიგიც დადგა, რომელთანაც რუსეთიც ცდილობს სარგებლის ნახვას, ჩინეთიც, აშშ-ც და ევროპული ქვეყნების ლიდერებიც. აი, რაზე მიდის მუშაობა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კულუარული მუშაობის რეალური შედეგები არ იცის. მეცინება, როცა ამბობენ: დასავლეთმა საქართველო მიატოვაო. ჩვენი ქვეყანა არც რუსეთს მიუტოვებია, არც ჩინეთს, არც დასავლეთს და არც თურქეთს – აქ ყველას თავისი ინტერესები აქვს. ჩვენი ამოცანაა ისეთი პოლიტიკური ველი შევქმნათ, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესების დაბალანსებას შევძლებთ, ან ამ მსხვილი მოთამაშეებიდან რამდენიმე გამოვყოთ, რომლებთანაც საინტერესო სივრცის შექმნას მოვახერხებთ.

თამარ შველიძე