ევროპა ორი „ჭკვიანი“ ქალის მოლოდინში...
მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება ელვისებურად იცვლება. ამის დასტურია მთელი რიგი ქვეყნების მეთაურთა მცდელობა, თავად განსაზღვრონ საკუთარი სახელმწიფოების აწმყო თუ მომავალი. თუმცა, შეინიშნება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებანი ზოგიერთი ქვეყნის მეთაურთა მხრიდან. უკვე აშკარა ხდება, რომ ერთ დროს კოლონიალური ქვეყნები ცდილობენ ახალი მოკავშირეები, და არა დომინანტი სახელმწიფოები, მოძებნონ. ყოველივე ეს შეინიშნება აფრიკა-აზიის ქვეყნებში, ასევე, სამხრეთ ამერიკაში.
სამწუხაროდ, ერთ დროს ზესახელმწიფოებად აღიარებულ ქვეყნებს არ სურთ პოზიციების დათმობა, ანუ აღიარება, რომ მსოფლიოში ერთპოლარული მმართველობა დასასრულს უახლოვდება. ყოველივე ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც არამარტო სამეზობლოში, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებში აწარმოებს.
ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებში აშშ-მა განახორციელა სპეცოპერაცია ვენესუელაში, გაიტაცა და ტყვედ აიყვანა ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე. მიზეზად ნარკოკარტელებთან ბრძოლა დასახელდა. თუმცა, მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვენესუელაზე განხორციელებული შეტევის მიზანი იქაური ნავთობისა და წიაღისეულის ხელში ჩაგდება ყოფილა. ერთის მხრივ, ტრამპის გამტყუნება ძნელია, რადგან მისი წინასაარჩევნო ლოზუნგი „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“ გახლდათ, თუმცა, რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა-ხელყოფა მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მაგრამ ტრამპი არ აღიარებს საერთაშორისო ნორმებს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია, და სწორედ, ამ სიტუაციაში აღმოჩნდა დონალდ ტრამპი. ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც, თურმე, დაეხმარნენ ადგილობრივი მოღალატეები (ამაზე ღიად საუბრობენ თავად აშშ-ში), თეთრი სახლის ლიდერმა თვალი გრენლანდიას, კუბას და, სავარაუდოდ, ისლანდიას, მექსიკას და კანადასაც დაადგა.
აქვე სათქმელია, რომ შარშან, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს უთხრა: „მოგესალმებით აშშ-ის დიადი შტატის, კანადის გუბერნატორს“. ტრიუდო მაშინვე მიხვდა, რომ არსებობდა კატასტროფული ვითარების შექმნის საშიშროება და თანამდებობა მარკ კარნის გადაულოცა, თუმცა, გადადგომით ქვეყანას შვება ვერ მოუტანა. ის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, რათა როგორმე გამოასწოროს კანადაში არსებული ეკონომიკური ვითარება.
კანადელ კოლეგას მიბაძა ბრიტანელმა კირ სტარმერმა და ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ჩინეთში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანადის ხელისუფლების წარმომადგენლები რვა წელიწადია, ჩინეთში არ ყოფილან.
ორივე ქვეყნის მეთაურის ჩინეთში ვიზიტმა გააღიზიანა და განარისხა დონალდ ტრამპი. ბრიტანეთთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერს კონკრეტულად ჯერ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა: „ეს მათთვის ძალიან სახიფათო მოქმედებაა“.
რაც შეეხება კანადას, მისი პრემიერი და ქვეყანა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. მან თქვა, რომ „არ შეიძლება ჩინეთის განხილვა პრობლემის გადასაჭრელად“ და, იქვე, ხუმრობით დასძინა, რომ, შესაძლოა, ჩინელებმა კანადას ჰოკეის თამაშიც აუკრძალონ, რაც ოტავას არ მოეწონებაო. აქვე, სრული სერიოზულობით აღნიშნა, რომ, თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს, ეს ფაქტი უკვალოდ არ ჩაივლის. „კანადა თუ ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს, ჩვენგან ამას გამოხმაურება ექნება. გავაკეთებ რაღაც მნიშვნელოვანს მათ მიმართ. თუ შეთანხმებას მაინც გააფორმებენ, ჩინეთი ჩაყლაპავს კანადას“, _ განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
ჩინეთში ჩასული მარკ კარნი მასპინძელი ქვეყნის მმართველმა სი ძინპინმა მიიღო, გააფორმეს სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმება, მიუხედავად აშშ-ის მუქარისა, რომ მეზობელ ქვეყანას საბაჟო გადასახადების ტარიფებს 100%--ით გაუზრდის. დონალდ ტრამპის განცხადებით: „კანადას შეეძლო საბაჟო გადასახადების გაზრდის თავიდან აცილება, სამხედრო დახმარების მიღება და სხვა შეღავათები, თუ აშშ-ის შემადგენლობაში შემოვიდოდა“.
არც ევროპელები ჩამორჩნენ ბრიტანეთისა და კანადის პრემიერებს და აღმოსავლეთ აზიაში პომპეზური ვიზიტი განახორციელეს. ერთის მხრივ, გასაოცარი არაფერია, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი სტუმრობს რომელიმე ქვეყანას, მაგრამ უკვე რამდენი წელიწადია, ჩინეთთან და ინდოეთთან ეკონომიკური კავშირების გამო, იგივე პირები სანქციებს უწესებდნენ რიგ ქვეყნებს. ამჯერადაც, გაჭირვების გამო, თავად ეახლნენ მათ. აქ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კუნძულოვან სახელმწიფო კუბას, რომელსაც აშშ-მა მკაცრი სანქციები დაუწესა მათ, ვინც ნავთობს მიაწვდის.
სამწუხაროდ, ვითარება ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად დაიძაბა. მსოფლიოს საზოგადოება ყოველდღე ელოდება ომის თუ არა, საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში, აშშ-ის პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა სამხედროებს უბრძანა ირანზე შეტევისთვის მომზადებულიყვნენ. საბედნიეროდ, მაშინ მრჩევლებმა შეძლეს, დაერწმუნებინათ ტრამპი, უარი ეთქვა სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე. ერთ-ერთი „მრჩეველი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო. ტრამპმა მაშინ ირანზე შეტევა გადაიფიქრა.
საგულისხმოა ერთი გარემოება _ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ პრესაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყვნენ დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სხვები, რომლებიც სიტუაციური ოთახიდან დაძაბული სახეებით ადევნებდნენ თვალს კარაკასში მიმდინარე მოვლენებს. მოგვიანებით თავად დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ეშინოდა, 1980 წელს ირანში მომხდარი შემთხვევა არ გამეორებულიყო, როდესაც იმდროინდელი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ბრძანებით სცადეს ამერიკელი მძევლების გათავისუფლება. ოპერაცია კრახით დასრულდა, რის შემდეგაც კარტერის პოლიტიკური კარიერა დაიმსხვრა.
დროებით თავშეკავება ერთია, მაგრამ რეალურად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო აშშ დღევანდელმა პრეზიდენტმა. სამხრეთ ამერიკაში და აზიაში არსებული ავიამზიდები საზღვაო ფლოტის თანხლებითა და ორი ატომური წყალქვეშა ნავით ახლო აღმოსავლეთისკენ გადაამისამართა. ამჟამად ისინი სპარსეთის ყურესთან ახლოს იმყოფებიან.
ყოველივე ამის ფონზე, დონალდ ტრამპმა ირანს ულტიმატუმი წაუყენა – შეაჩერონ ბირთვული გამდიდრების პროგრამა, თუმცა, ამ დარგის ამერიკელი სპეციალისტებიც კი აცხადებენ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის რესურსი არ გააჩნია. მაგრამ ტრამპი აზრს არ იცვლის. ომის დაწყების საფრთხე უკვე რეალურია.
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონის ქვეყნები შეშფოთებას ვერ მალავენ. არაბული ქვეყნების გარდა, თურქეთის მხარეც მოუწოდებს აშშ-ს – განაგრძოს სამშვიდობო მოლაპარაკება.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, უსამართლობაა ირანზე თავდასხმა, უსამართლობააა ომის დაწყება. ირანი მზადაა, განაგრძოს მოლაპარაკებები“, _ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდმანმა. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ აშშ ისრაელში განათავსებს დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებს, რაც მოსალოდნელი ომის საშიშროებას ზრდის.
პირველ თებერვალს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უნდა გამართულიყო მორიგი სამმხრივი შეხვედრის მეორე რაუნდი აშშ, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. აბუ-დაბიში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით გამართული პირველი შეხვედრა, მხარეების თქმით, წარმატებით დასრულდა. ამჯერად მოლაპარაკება გადაიდო. ერთ-ერთ მიზეზად დასავლური პრესა აშშ-ის მხრიდან ირანზე შესაძლო შეტევას ასახელებს.
ამასობაში, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი გასულ კვირას რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ სტუმარი თოვლიან მოსკოვს სწორედ პუტინის ნაჩუქარი ქურთუკით ეწვია.
თუ რომელ მაგნიტურ პოლუსს გაჰყვება მსოფლიოს ვნებათღელვა, ამას მომავალი გვიჩვენებს!
გია ბურდული

