დიდი პოეტი და პუბლიცისტი და სამშობლოს ჯარისკაცი
მეოთხე გაზაფხულს და მეოთხე დაბადების დღეს შევხვდით ბატონი ვახტანგ ხარჩილავას გარეშე...
კვლავ ძალიან გვიჭირს იმის თქმა, რომ იგი გარდაიცვალა და ჩვენ გვერდით აღარ არის; არა, როგორ არ არის, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, თორემ ჩვენთან მის ყოფნას თითოეული ჩვენგანი გრძნობს _ რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც გრძნობს...
იმაზე საუბარი, ვინ იყო და არის ვახტანგ ხარჩილავა, ზედმეტად მიგვაჩნია...
ვახტანგ ხარჩილავა თავისი სამშობლოს ერთი რიგითი ჯარისკაცი იყო, რომელიც დღესაც მის სადარაჯოზე დგას, რადგან, როგორც მან თქვა: „სიკვდილი მხოლოდ მიჯნა ყოფილა _ ორი სიცოცხლის შუა მდებარე...“
იგი ცოცხალი იქნება, ვიდრე მისი ცხოვრების უმთავრესი საქმე _ მისი „საერთო გაზეთი“ ცოცხლობს, ვიდრე მისი ლექსები თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც ახსენდებათ და ბოლო წლებში დავიწყებული სიტყვა „სამშობლო“, რის გამოც (როგორც ყველაფერი, რაც მის და ჩვენს სამშობლოსთან, საქართველოსთან ასოცირდება) ძალიან წუხდა ბატონი ვახტანგი, თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც გაჟღერდება ხოლმე...
„საერთო გაზეთი“
კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა
იცით, რას ვნანობ? ყველაზე გამორჩეული მეგრელი რომ იყო, პირადად ვერ ვუთხარი, პირდაპირ ვერ მივახალე.
რატომ? იმიტომ, რომ ალმაცერად შემომხედავდა, „მალბოროს“ ახალ „პაჩკას“ გახსნიდა, პაპიროსს მოუკიდებდა, კვამლს ხელს აუქნევდა და მეტყოდა: „კაი, კაცო, არ გადამრიო“. მერე სიტყვას ბანზე ამიგდებდა და იქ ამაგზავნიდა ჩამოსატანად. რა თქმა უნდა, მე იხტიბარს არ გავიტეხდი - ბიჭო, ნამეტნავად ბევრს ეწევი, ამ საქმეში ოტია იოსელიანს ჰგავხარ-მეთქი. ამას აღარ აპროტესტებდა, უყვარდა ჩემთან პოლიტიკური საკითხების გარჩევა, მაგარი ანალიტიკოსი იყო, ზუსტ დიაგნოზებს სვამდა, უბადლო წინასწარმეტყველი იყო. დაწერდა, უახლოეს ხანში ასე და ასე მოხდებაო, წვეთი არ გაუვიდოდა, ცხრიანში არტყამდა.
განსაკუთრებით ერთ კაცზე დარდობდა, ღალატობენო, მაგის ღირსი არ არისო, რამდენს პატრონობსო, რამდენს სიცოცხლე აჩუქაო, რამდენი რამე გააკეთა და აკეთებს, მაგრამ არ უფასებენო, ჩვენ უნდა წავეხმაროთო, ხალხს სიმართლე გავაგებინოთო.
ეს კაცი უკვდავი მეგონა. ვერ წარმოვიდგენდი, ავადმყოფობა თუ წააქცევდა. არ ყოფილა უკვდავი ფიზიკურად, მაგრამ სულიერად ყოფილა, თავისი პოეზიითა და პუბლიცისტური წერილებით მან ეპოქა შექმნა. ბოლოს ხშირად მირეკავდა, მე უფრო ვფრთხილობდი, არ შევაწუხო-მეთქი. მალე გამოვალ კლინიკიდან და სულ სხვანაირი გაზეთი უნდა გავაკეთოთო, უფრო უკეთესიო, იდეები მაწუხებსო. ვეთანხმებოდი, აუცილებლად ასე უნდა გავაკეთოთ-მეთქი. არ მეგონა, თუ ვეღარ ვნახავდი. უნდა გამოსულიყო, ფეხზე დამდგარიყო. ბიჭო, აქ მცნობენ, კარგად მეპყრობიან, მადლობელი ვარო. მადლობის თქმა არ ავიწყდებოდა, მადლიერების გამოხატვა არ ეშლებოდა. ერთიც უნდა გავამხილო: სადაც ხმა და თვალი მიუწვდებოდა, ვისთანაც მომენტი ჩაუვარდებოდა იქ, ცოტა ზემოთ თუ ძალიან ზემოთ, ყველას ჩემზე აწვეთებდა, ეს კაცი არ დამიჩაგროთო. ერთხელ პრემიერ-მინისტრისთვისაც კი უთქვამს, რა არიო, რატომ სათანადოდ არ იყენებთო? ეგეთი იყო, სხვისთვის შეწუხდებოდა, სხვისთვის რკინის ქალამნებს ჩაიცვამდა, ცხრა მთას გადაივლიდა, დაეხმარებოდა, ოღონდ თავისთვის ვერავის შეაწუხებდა, ვერავის დაურეკავდა, ვერავის დაელაპარაკებოდა. ერთი-ორჯერ ვუსაყვედურე კიდეც, აქ რომ ზიხარ და ვიშვიშებ, აიღე ტელეფონი და მავანს დაურეკე-მეთქი. არაო, ვერაო, არ შემიძლიაო.
ჰყავდა თუ არა ვახოს მტრები? ალბათ, ჰყავდა. კი, იყვნენ ვიღაცები, პერიოდულად რომ გამოხტებოდნენ ხოლმე. ხშირად ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ რამდენიმეჯერ მაინც ინერვიულა. უფრო მაშინ ნერვიულობდა, თუ ვინმე მის შვილებს შეეხებოდა. იყვნენ ასეთებიც. სამწუხაროდ, ასეთ დროში გვიწევდა და გვიწევს ცხოვრება.
სამშობლოზე წუხდა უფრო მეტად, წუხდა თავისებურად, კალამი ეჭირა და სულ გამოსავალს ეძებდა. კალამი იყო მისი იარაღი - ხმალი, შუბი თუ ავტომატი. კლავიატურით არ წერდა, კალამი ჰქონდა მუდამ მომარჯვებული. ვეხუმრებოდი, ლამპა და ზედადგარი გაკლია, მე-19 საუკუნის მემატიანე ხარ-მეთქი. იმ კალმის წვერიდან მოდიოდა ის დაღვინებული წერილები „საერთო გაზეთის“ ფურცლებზე და ამით საზრდოობდნენ მკითხველები. რამდენი რეკავდა, რამდენი ლოცავდა, რამდენი გულს იფხანდა, ვერც კი დაითვლიდით. იმედი იყო ადამიანებისთვის, მის სიტყვას ბევრისთვის აუწონავი ფასი ჰქონდა. ეს იყო სიტყვა პოეტისა და სიტყვა პუბლიცისტისა. მარტო სიტყვა? მისი ქცევაც ისეთი იყო, იმედიანი - გეტყოდა? დაგპირდებოდა? გააკეთებდა. ეს დეფიციტია დღევანდელ ცხოვრებაში, დაპირება და იმედიც კი გაუფასურებულია. მე ვიცი, ბევრს გაუმართა ხელი, ბევრს ზედაც გადაჰყვა, მაგრამ მერე? - არც არაფერი. სულ იმას ამბობდა, ბიჭო, ბიძინა ამდენს აკეთებს, არ უფასებენ, იქით ლანძღავენ, მე ვინ ვარ, რომ დამიფასონო? მეც ვანუგეშებდი ხოლმე, იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, ილიას ესროლეს, ზვიადი მოკლეს, ბიძინას ასე ექცევიან, მართლაც, ჩვენ ვინ ვართ-მეთქი? თუმცა, მე უნებლიეთ გამეფიქრებოდა ხოლმე - როგორ არა? ვახო იყო არა ვიღაც, არამედ კაცი, რომელსაც არაფერი ეშლებოდა. ის იყო მსოფლიოში ყველაზე ალალი მეგრელი.
დამიჯერეთ, რაც დავწერე, ერთი სიტყვაც არ არის ყალბი და უბრალოდ, სადღეგრძელო. ვახო ისეთი კაცი იყო, შემიძლია, ვიჯდე და უსასრულოდ ვწერო, გასახსენებელი არ გამომელევა. გული იმაზე მწყდება, რომ ბოლო წუთებში ვერ ვნახე და ვერაფერი ვუთხარი. ესეც მისი დაიმედებით მომივიდა, რომ ვურეკავდი, დღეს თუ არა, ხვალ გამომწერენო, ორშაბათს უკვე სამსახურში ვიქნებიო, ალბათ, მასალები უკვე მზად გაქვსო. კი, კი, რა თქმა უნდა, მზად მაქვს-მეთქი. ამ დაპირება-დაპირებაში წავიდა უცებ მარადიულ სასუფეველში.
ვახო, ნათელში იყოს შენი ალალი სული.
გელა ზედელაშვილი

