„ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?“

„ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?“

ბარემ ენა ამომაძრეთ და ხელები მომასხიპეთ!


ე. წ. კინწურაშვილების ფაქტჩეკერების კანტორა, მათთვის მიუღებელი აზრების ცენზორი პოლიცია, შლის ყველაფერს, რაც მათ ცრუ პროპაგანდას ხელს უშლის და სჯის ყველას, ვინც სიმართლის გავრცელებას ცდილობს. ეს ახალი ამბავი არ არის, დიდი ხნის პრობლემაა, მაგრამ რას იზამ, როდესაც „ფეისბუკის“ მფლობელ კომპანია „მეტა“-სგან აკრედიტაცია აქვთ და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია რაგინდ სიცრუე იყოს, არ მოწმდება. საქართველო ვის დაჰკარგვია, როდესაც იგივე პრობლემა აშშ-შიც არის, მოქმედი პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპი და ფბ-იდან მაინც წაშალეს, ევროპაში კი ფეისბუკპოსტების გამო ხალხს სულაც იჭერენ.
აბა, ვნახოთ, როგორ ებრძვის „მეტა“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და რამდენად სანდოა თავად ის პროცესი, რომელმაც სოციალური ქსელის მაქსიმალური სანდოობა უნდა განაპირობოს.
როდესაც „ფეისბუკში“ერთგვარი „ბანერების ომი“გაიმართა, ხელისუფლების მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, _ რას წარმოადგენს და რამდენად გვჭირდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, _ სოციალურ ქსელში შესაბამისი შინაარსის ბანერების გაზიარება დაიწყეს.
საპასუხოდ, ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა ასევე დაიწყეს ბანერების გაზიარება, სადაც განმარტებული იყო მმართველი გუნდის პოზიცია და არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული.
თითქოს ორივე მხარეს ეძლეოდა საშუალება, ფართო აუდიტორიამდე მიეტანა საკუთარი სათქმელი, ხოლო აუდიტორიას ჰქონდა საშუალება, შეედარებინა ბანერების შინაარსი და თავად გაეკეთებინა არჩევანი, რომელ მხარეს დაიკავებდა ამ დისკუსიაში.
ეს არჩევანი მალევე გაქრა, რადგან „ფეისბუკმა“ კანონპროექტის მხარდამჭერ ბანერებს „ცრუ ინფორმაციის“ აღმნიშვნელი ფილტრი დაადო და შესაბამისად, მათი შინაარსი მომხმარებლისთვის მიუწვდომელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ „ფეისბუკზე“ განთავსებული მინაწერის თანახმად, პოსტმა „ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება“ (ვერ) გაიარა და სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს „დამოუკიდებელი ექსპერტები“ სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციასთან (ანუ ყოფილ ხელისუფლებასთან) მჭიდროდ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად ქართული „ფეისბუკის“ პოლიტიკური ცენზურით არიან დაკავებული.
როგორ, რა მექანიზმების გამოყენებით ამოწმებს „მეტა“ ინფორმაციის სანდოობას, ვის ეყრდნობა იგი ამ პროცესში, რამდენად გამართლებულია ეს პრაქტიკა და შეიძლება თუ არა, ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს სიტუაციაში, როცა ჩვენსა და ჩვენს აუდიტორიას შორის მესამე მხარე - ე. წ. ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩადგება და სწორედ ის განსაზღვრავს, გვაქვს თუ არა უფლება, გავავრცელოთ ესა თუ ის ინფორმაცია.
„მეტას“ ოფიციალური გვერდის თანახმად, კომპანია დაუყოვნებლივ შლის აგრესიული შინაარსის პოსტებს, რამაც შეიძლება, ძალადობის წახალისება გამოიწვიოს. ხოლო იმ შემთხვევების შეფასება, სადაც ძალადობრივ მოწოდებას ადგილი არ აქვს, მაგრამ არსებობს ეჭვი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, „მეტას“ პარტნიორი ორგანიზაციებისთვის აქვს მინდობილი, რომლებსაც „ფაქტების შემმოწმებელ დამოუკიდებელ ექსპერტებს“ უწოდებს.
ფურცელზე რა წერია, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ვხედავთ, რომ თუ ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო (ასევე ლგბტ ან სხვა) მოსაზრებაა დაწერილი, მყისიერად შლიან და გსჯიან, ხოლო თუ მოქმედ ხელისუფლებას უშვერი სიტყვებით გალანძღავ, რეაგირება არ არის.
საქართველოში „ფეისბუკს“ ორი ასეთი პარტნიორი ყავს: Fact Check Georgia (იგივე „ფაქტ-მეტრი“) და Myth Detector („მითების დეტექტორი“), რომლებიც საქართველოს გარდა, ასევე ამოწმებენ სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გამოქვეყნებულ მასალებს.
იგივე პრაქტიკას იყენებს „მეტა“ უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც. მაგალითისთვის, აშშ-ში „ფეისბუკის“ კონტენტს ათამდე „მესამე მხარე“ აკონტროლებს (მათ შორის USA Today, Televisia Univision, Reuters Fact Check და ა .შ.).
რაც შეეხება თვითონ მექანიზმს, „მეტას“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, მაკონტროლებლებს შეუძლიათ, თავიანთი წყაროებიდან შემოსული სიგნალების საფუძველზე გადაწყვიტონ კონკრეტული კონტენტის შემოწმება. თუმცა, „მეტას“ თავადაც შეუძლია მიუთითოს მათ საეჭვო მასალაზე, რომლის სანდოობის ხარისხიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს აუდიტორიის რეაქციის (ე. წ. რეპორტინგის), გავრცელების სპეციფიკის და სხვა მარკერების მიხედვით.
„ფეისბუკის“ „სამშობლოში“ დღემდე არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია ამგვარი პრაქტიკა და პასუხისმგებლობის „გადაბარება“ იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც, შესაძლოა, საკუთარი სუბიექტური პოზიცია ან დაინტერესება გააჩნდეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ, და, აქედან გამომდინარე, სულაც არ იყვნენ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
როგორც ამერიკაში, ისე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში „მეტა“ არაერთხელ ამხილეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის და ბაიდენის ადმინისტრაციის სასარგებლოდ წარმოებულ პოლიტიკურ ცენზურაში. ამ მხრივ ერთ-ერთი რეზონანსული ამბავი იყო ე. წ. „ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის სკანდალის“ „დამალვა“ 2016 წლის არჩევნების წინ, რაზეც მარკ ცუკერბერგმა პასუხისმგებლობა ასევე „მესამე მხარეს“ - ამ შემთხვევაში, FBI-ს „გადაუნაწილა“.
უსამართლო მოდერირებასთან დაკავშირებული ბრალდებები ასევე, არაერთხელ გაჟღერდა COVID პანდემიის და მისი მართვის შესახებ გამოთქმული ალტერნატიული მოსაზრებების ჩახშობის გამოც. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე, 2023 წლის ზაფხულში, ლექს ფრიდმანის პოდკასტში თავად მარკ ცუკერბერგმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ „სამეცნიერო დაწესებულებები“ ხშირად „სთხოვდნენ“, შეეზღუდა ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც მომავალში დადასტურდა.
როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს „პასუხისმგებლობის გადაბარების“ მცდელობასთან, რის შედეგადაც, მომხმარებელი ვერ არკვევს, ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი მასალის „დამალვაზე“. თუმცა ვისგანაც უნდა მოდიოდეს „რეკომენდაცია“, ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ან გადაწყვეტილების მიღების უფლებას რომელიმე „მესამე მხარეს“ ანდობს, ანუ ისევ და ისევ „მეტას“ ადმინისტრაციას.
ახალი შემთხვევებიდან შეგვიძლია ასევე, გავიხსენოთ Human Rights Watch-ის 2023 წლის სკანდალური კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ „მეტა“ სისტემატურად „ახშობდა პროპალესტინურ ხმას“ და მათ შორის, შლიდა ომის მსხვერპლთა ფოტოებს ძალადობის ამსახველი გამოსახულების შეზღუდვის არგუმენტით; მაშინ, როცა თავად „მეტას“ რეგულაციებით, ამგვარი მასალა ახალი ამბების (ანუ „ნიუსის“) კატეგორიაში უნდა მოხვედრილიყო და შესაბამისი სტანდარტით შეფასებულიყო.
სოციალური ქსელის გამოყენებისას ჩვენ ვიღებთ კომუნიკაციის უზარმაზარ შესაძლებლობას, ხოლო თავად ეს ქსელი (ანუ მისი ხელმძღვანელობა) იღებს ასევე, უზარმაზარ ძალაუფლებას, რომელიც შესაძლოა, ყოველთვის კეთილსინდისიერად არ იყოს გამოყენებული.
ასეთ შემთხვევაში, ობიექტური კრიტიკა უკუკავშირის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია იმისთვის, რომ მოდერაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამდე არ მივიდეს, ხოლო მოდერატორები - ციფრული ეპოქის პოლიტიკურ ცენზორებად არ იქცნენ.
ვინაიდან ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ Meta-ს  შეუძლია იყოს ჭეშმარიტების არბიტრი, საქართველოში ვთანამშრომლობთ Factcheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან, _  ნათქვამია Mეტა-ს ოფიციალურ განცხადებაში.
„ფაქტების დამოუკიდებელ შემმოწმებლად“ დასახელებული Meta-ს პარტნიორი Factcheck Georgia „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ - GRASS-ის პროექტია. GRASS ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე კი სერგი კაპანაძეა. დამფუძნებლებს შორის არიან ელენე ხოშტარია, შოთა უტიაშვილი, თინა ბურჯალიანი, ნოდარ ხარშილაძე.
„მითების დეტექტორი“, რომლის ინფორმაციასაც ასევე ეყრდნობა META, მედიის განვითარების ფონდის“ პორტალია, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კი თამარ კინწურაშვილია _ ყველაფერი ნათელია!
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია „ბლეკროკი“ „მეტა“-ს აქციების მფლობელია (7,1%), ის კი გლობალური ომის პარტიის ინტერესებს ემსახურება და მისი განუყოფელი ნაწილია. 
ეს ყველაფერი გაცხადებულია, ვიცით და პირადად მე, მუდმივად დასჯილი ვარ, ოცი კაცის გარდა, ვერავინ მხედავს, ხან კი სამი დღე, ერთი კვირა, ერთი ან სამი თვით დასჯილი ვარ. ფეისბუკმომხმარებლები ვიხვეწებოდით, მოგვაშორეთ ეს ოხერი „კინწურას“ კანტორა და მისი ფაქტჩეკერებიო და, შესმენის ნაცვლად, ახლა კიდევ ერთი მაკონტროლებელი უნდა ჩამომიჯდეს და აზრები გამიზომოს _ ახლა ხელისუფლებაც დარაჯად მიჯდება. ჩემს ალალ ნააზრევს ვინ როგორ ჩათვლის, იმაზე უნდა ვიფიქრო?!
„ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?“
უწმიდესს რომ უთხრეს, უნეტარესო, გისმენენო, მიუგო: ნეტავ, ვინმემ მომისმინოსო...
ჰო, ჭეშმარიტების მოსმენა უნდა ინატრო და არა ჭეშმარიტების დადუმებაზე გაიწაფო...
ბარემ ენა ამომაძრეთ და ხელები მომასხიპეთ!..
პატივისცემით, 
მკითხველი