618 გვერდში ჩატეული გრიგოლ სუნის აბრაკადაბრა საქართველოზე

618 გვერდში ჩატეული გრიგოლ სუნის აბრაკადაბრა საქართველოზე

ამასაც მოვესწარით, სომეხმა საქართველოს ისტორია დაგვიწერა სათაურით: „ქართველი ერის ჩამოყალიბება“. ეს გახლავთ რონალდ გრიგორ სუნი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის 86 წლის პროფესორი, თანაც დამსახურებული. თვითონ ამბობს, ჩვეულებრივი სომეხი არ გეგონოთ, ამერიკელი გახლავართო. ადრე მამამისს, გურქენ სუნს უცხოვრია თბილისში და მერე წასულა, რონალდი ფილადელფიაში დაბადებულა. თბილისში რამდენიმეჯერ ჩამოსულა 1970-იან წლებში. ერთხელაც სტენფორდის უნივერსიტეტში შეუვლია, პროფესორ უეინ ვუჩინიჩს შეუთავაზებია, საქართველოს ისტორია დაწერეო და ამანაც დაწერა. მგონი, ვუცინიჩმა ისიც უთხრა, ქართველები თავიანთ ისტორიას ვერ წერენ, შენ დაუწერეო. გრიგორ სუნის მიერ დაწერილი „ქართველი ერის ჩამოყალიბება“ პირველად 1988 წელს გამოიცა, შემდეგ - 1994 წელს, ახლა კი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელშეწყობით ხელახლა ითარგმნა და ახალი ვერსია გამოიცა. აი, რას ამბობს თავად გურქენიჩი თავისსავე წიგნზე:
„საქართველოში წიგნი მაინცდამაინც კარგად არ მიუღიათ. რატომ დაწერა ამერიკელმა, სინამდვილეში კი - სომეხმა საქართველოს ისტორია? ეს იყო საქართველოს ისტორიის „ბურჟუაზიული“ ფალსიფიკაცია, არაკომპეტენტური უცხოელის თანაც, უარესი - სომხის დაწერილი. ან რატომ ჰქონდა სათაურად „ქართველი ერის ჩამოყალიბება“, როცა მეტწილად მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებს ეხებოდა და არა ქვეყნის უძველეს თუ შუა საუკუნეების ისტორიას? ჩემი ნაწერი და მისი არგუმენტაცია აშკარად არასწორად გაიგეს საბჭოთა და ქართველმა კრიტიკოსებმა, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილის დედამ, ისტორიკოსმა გიული ალასანიამ. თუმცა წიგნს მაღალი შეფასება მისცეს - ყოველ შემთხვევაში, პირადი საუბრისას მაინც - პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა და დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა. ამ წიგნის სათქმელი ისაა, რომ ქართველები - ხალხი, რომელიც უძველესი დროიდან არსებობს და პოლიტიკური არსებობის არაერთი ფორმის, დამოუკიდებლობისა და სახალმწიფოებრიობის გამოცდილება აქვს, მოდერნულ ერად XIX-XX საუკუნეში იქცა. ეროვნულობის განცდა ქართველებს პატრიოტმა ინტელექტუალებმა, ბარათაშვილმა, ერისთავმა, ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა გაუღვივეს“. 
ამ კაცის გაკიცხვა საიდან დავიწყო, აღარც კი ვიცი - თავიდან, ბოლოდან თუ შუადან? თავის დროზე, როცა ეს წიგნი გამოვიდა, ქართველებს მართლა არ მიუღიათ კარგად, ამას თავადვე აღიარებს და ქართველები მართლებიც ყოფილან. მართალია, მათ შორის გიული ალასანიაც გახლავთ დასახელებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მასთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, როგორც ამბობენ, ნორმალური ისტორიკოსია. სამაგიეროდ, ნახეთ, წიგნისთვის მაღალი შეფასება მიუციათ ალექსანდრე რონდელს და დიპლომატ გელა ჩარკვიანს. თან წერილობით კი არა, ზეპირსიტყვიერად, პირად საუბარში. ეს ორივე ადამიანი გარდაცვლილია, არაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთს მაინც შევნიშნავ - ამათ ენჯეოსექტორიდან რასაც დაავალებდნენ, იმას იტყოდნენ, ყოველ შემთხვევაში, პირად საუბარში მაინც. 
პირდაპირ გრიგორ სუნის 618-გვერდიან წიგნ-პროვოკაციაზე გადავალ: ნახეთ, შესავალშივე ასე გვამცირებს - ხალხი, რომელიც უძველესი დროიდან არსებობს და პოლიტიკური არსებობის არაერთი ფორმის, დამოუკიდებლობისა და სახალმწიფოებრიობის გამოცდილება აქვს, მოდერნულ ერად XIX-XX საუკუნეში იქცაო, ეროვნულობის განცდა ქართველებს პატრიოტმა ინტელექტუალებმა, ბარათაშვილმა, ერისთავმა, ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა გაუღვივესო. წარმოგიდგენიათ? თურმე ბარათაშვილამდე, ყიფიანამდე, ჭავჭავაძემდე და აკაკი წერეთლამდე ჩვენ ერი არ ვყოფილვართ. სხვათა შორის, რადიო „თავისუფლების“ ვებგვერდზე ერთი „ენჯეოშნიკის“ შეფასება წავიკითხე, ჟურნალისტი ეკითხება, გრიგორი სუნი ამას რომ ამბობს, რას ფიქრობთო? ისიც „აპრავებს“, სუნი მართალია, შეიძლება გერბიც გქონდეს, დროშაც, ჰიმნიც, ტერიტორიაც, სახელმწიფოც, მაგრამ ერი მაინც არ იყო, ჩვენ XIX საუკუნემდე ერი არ ვიყავითო. ყოჩაღ, ამის თქმას მხოლოდ აგენტურის წარმომადგენელი თუ მოახერხებს. არ დაგავიწყდეთ, ეს გახლავთ არა ისტორია, არამედ გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდებისთვის დაყრილი საკენკი. გრიგორი სუნი შესავალში წერს, 2018 წელს ისევ ჩამოვედი თბილისში ისტორიის საკვლევ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად და გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნაშრომისადმი მტრული დამოკიდებულება გამქრალაო, ისტორიკოსების ახალგაზრდა თაობა ცდილობს, საქართველოს ისტორია იმ ვიწრო შოვინიზმისგან გამოიხსნას, რომლითაც იგი გვიან საბჭოთა და ადრეულ პოსტსაბჭოთა წლებში იყო დასნეულებულიო. გესმით? ჩვენი ისტორია აქამდე ყოფილა დასნეულებული, დაავადებული, ავადმყოფი, ხოლო გრიგორი სუნის, ამ გაამერიკელებული სომეხის წყალობით ნელ-ნელა ჯანსაღდება და ამას უკვე ხედავს ახალგაზრდა ისტორიკოსებში. 
გრიგორი სუნი ჩვენს ხუმრობანარევ ლეგენდასაც აბიაბურებს, გვიწუნებს და გვეუბნება, თქვენი ისტორია სინამდვილეში უფრო ბუნდოვანია, ვიდრე გგონიათო: 
„დღევანდელ ქართველებს უყვართ ხოლმე მოყოლა, როგორ გადაეყარა ღმერთი ქართველებს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა სხვა ერებს დაუნაწილა. ქართველები, როგორც ყოველთვის, ნადიმობის გუნებაზე ყოფილან და ღვინის სმასა და ცეკვა-თამაშში შემოქმედიც მიუწვევიათ. ისე მოსწონებია უფალს ქართველებთან დროის ტარება, რომ გადაუწყვეტია, ამ ლაღი და უდარდელი ხალხისთვის ის მიწა ებოძებინა, რომელიც თავისთვის ჰქონდა გადანახული. სამწუხაროდ, ქართველების ეთნოგენეზი სინამდვილეში გაცილებით ბუნდოვანია, ვიდრე ამ სახუმარო გადმოცემაში მისი საიდუმლოს ამოსახსნელად მეცნიერებს არაერთი ლინგვისტური თუ ისტორიული და არქეოლოგიური მოწმობა მოაქვთ ხოლმე“.
ესე იგი, გრიგორი სუნის მტკიცებით, ჩვენ, ქართველებს გაცილებით რთულად გვაქვს საქმე, ვიდრე მეცნიერები გვიხატავენ და ლინგვისტური თუ არქეოლოგიური მოწმობა მოაქვთ ხოლმე. ამით გვეუბნება, დმანისში და სხვა ადგილებში ვითომ რაღაცები რომ აღმოაჩინეთ, ეგ ტყუილია, თქვენი ერად ჩამოყალიბების ისტორია ორიოდ საუკუნის წინათ დაიწყოო. მეტიც, ეგ თქვენი ლეგენდაც მოგონილია, ტყუილად ეყრდნობით, თქვენი ეთნოგენეზი ძალიან ბუნდოვანიაო. ჯერ ერთი, საქართველოში არც მეცნიერს, არც პოლიტიკოსს, არც ჩვეულებრივ მოქალაქეს ეს ე. წ. ლეგენდა არასდროს გამოუყენებია იმის მტკიცებულებად, რომ ღმერთმა ქართველებს თავისთვის განკუთვნილი ადგილი გვაჩუქაო. როგორც ჩანს, გრიგორი სუნი იუმორზე რამდენჯერმეა აცრილი და ხალხის მიერ გამოგონილ ლეგენდას მეცნიერული მტკიცებულებისგან ვერ განასხვავებს. ნება მიბოძეთ, თუ ამ წერილს წაიკითხავს, ავუხსნა, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე: მისტერ სუნ, აზრზე მოდით, ხიდზე გადით, ცოტა ხანს იქვე ჩამოჯექით, ეს ამბავი ქართველებმა გამოიგონეს საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, უფრო სწორად, საკუთარი ხასიათის დასახატად - როდესაც უფალი მიწებს არიგებდა და სხვები რიგში იდგნენ, ქართველები ქეიფობდნენ. ერთხელაც გამოფხიზლდნენ, მივიდნენ უფალთან და მიწები აღარ ჰქონდა, რა უნდა ექნა? ადგა და თავისი წილი გვაჩუქა. ამიტომაც ჰქვია საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. რაკი ასე იყო, რაკი ასე მოვიგონეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყალთაბანდები, უსაქმურები, არაფრის მაქნისები და მხოლოდ მოქეიფეები ან ლოთები. 
თუკი ჩვენ, ქართველები ერად მხოლოდ ორიოდე საუკუნის წინათ ჩამოვყალიბდით, მაშინ ვინ ვიყავით მანამდე? რა გამოდის, დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესი რომ არის მთელ ევრაზიაში, რომლის ასაკი 1 800 000 წელია, ეს არაფერს ნიშნავს? დიაოხი, კოლხა, კოლხეთის სამეფო, იბერიის სამეფო, ფარნავაზი, დამწერლობის შექმნა, გორგასალი, 888 წელს ქართველთა სამეფოს შექმნა, გაერთიანებული სამეფოს პირველი მმართველი ბაგრატ მესამე, შემდეგ დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ეს ყველაფერი მოგონილია? ჩვენში რომ ქრისტიანობა IV საუკუნეში გავრცელდა, ესეც მოგონილია? „შუშანიკის წამება“, „აბო თბილელის მარტვილობა“, მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია, უამრავი ეკლესია-მონასტერი, ლეონტი მროველი, გიორგი მთაწმინდელი, ესეც მოგონილია? მაშინ, როცა დღევანდელი ევროპიელები ტყეში დარბოდნენ და გრეგორი სუნის მეორე სამშობლო, ამერიკა საერთოდ არ არსებობდა, დავით აღმაშენებელმა მწიგნობართუხუცესის თანამდებობა შემოიღო. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ვინაიდან ამ თემაზე წერის დასრულებას ამით არ ვაპირებ, შემდგომში კიდევ ჩამოვთვლი, თქვენ ის უნდა ნახოთ, რას წერს მისტერ სუნი ზვიად გამსახურდიას პერიოდზე და როგორ ახასიათებს ზვიად გამსახურდიას. 
ბოლო-ბოლო, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები? თუ ერად ორი საუკუნის წინ ჩამოვყალიბდით, ვინ ვიყავით მანამდე? რას ამბობს ამაზე წიგნის ავტორი? ჩვენ ვიყავით, უბრალოდ, ხალხი. გასაგებია? ვიყავით ხალხი და არა ერი.
რომ არა ახალი 618-გვერდიანი გამოცემა, ამ ე. წ. ისტორიულ აბრაკადაბრაზე დროს არ დავკარგავდი და არც თქვენ დაგაკარგინებდით, მაგრამ, რაც წარსულში გავატარეთ, ყველაფერი ცუდად შემოგვიბრუნდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ შევარჩინო ამერიკაში გადახვეწილ სომეხ „მეცნიერს“.
ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი უდის, მისტერ სუნ!

გელა ზედელაშვილი