ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...
აშშ-იდან მიზანმიმართულად და დოზირებულად საზოგადოებას ამზადებენ უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის სავარაუდო გამოქვეყნებაზე. მონაწილენი: ტრამპი, ვენსი, პოლიტიკოსები, გავლენიანი აქტორები.
რისთვის გახდა ეს საჭირო? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ, ამიტომ ინსინუაცია და კონსპიროლოგია უფრო გაღვივდა.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტი: „უბრალოდ, ამას ვიტყვი _ თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“.
ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია, თქვა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“, ქვეყანას კი „შოკში ჩააგდებდა... ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მან განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.
„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიტანოთ“, - თქვა მან. ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად არიან პრობლემის გულში. „როდესაც დახურულ შეხვედრაზე ვარ და ვსვამ შეკითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს, ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.
პროფესორმა ჰერმან ობერთმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანული რაიხის დავალებით რაკეტის დიზაინზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სარაკეტო ტექნოლოგიას ამერიკული პილოტირებული კოსმოსური ობიექტებისთვისაც ქმნიდა და ეტაპობრივად ხვეწდა, ერთხელ ასეთი რამ თქვა: „გარკვეულ სამეცნიერო სფეროებში ჩვენი რეკორდული პროგრესი მხოლოდ ჩვენი დამსახურება არ არის, სხვები დაგვეხმარნენ.“ როცა ჰკითხეს, ვინ „სხვები“ დაგეხმარათო, უპასუხა: „სხვა სამყაროებიდან მოსული ხალხი.“
ობერთის თანაშემწემ და კოსმოსურმა პიონერმა, რომელიც მესამე რაიხს ემსახურებოდა, ვერნერ ფონ ბრაუნმა, არამიწიერ ქმნილებებთან დაკავშირებით 1959 წელს მსგავსი მოსაზრება გააჟღერა: „ჩვენ ისეთი ძალების წინაშე ვდგავართ, რომლებიც იმაზე გაცილებით ძლიერნი აღმოჩნდნენ, ვიდრე გვეგონა და რომელთა საფუძველიც ჩვენთვის ჯერჯერობით, უცნობია. ამ მომენტში ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენ მათთან უფრო ახლო და მჭიდრო კონტაქტის დამყარებას ვცდილობთ და დაახლოებით ექვს ან ცხრა თვეში შესაძლოა, ამ ყველაფერზე უფრო ზუსტად და დაწვრილებით გელაპარაკოთ.“
საინტერესოა, ვინ იყო ის „სხვა სამყაროებიდან მოსული ხალხი“, რომელსაც პროფესორი ობერთი ახსენებდა?
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გერმანიაში გარკვეული ოკულტური საზოგადოებები გაჩნდა, რომელთა მიზანიც იმ უძველესი, დაკარგული ცივილიზაციის სიბრძნის ხელახალი აღმოჩენა იყო, ოდესღაც მთელი ჩვენი პლანეტა რომ მოეცვა. გადმოცემების თანახმად, ეს ცივილიზაცია საოცარ ტექნოლოგიებს ფლობდა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, ზღვებზე და ცის კაბადონზე ებატონათ და სხვადასხვა გალაქტიკაში ემოგზაურათ.
ამგვარი ტექნოლოგიების გამოძახილი 1871 წელს გამოქვეყნებულ, როზენკროიცერი ავტორის, ედვარდ ბულვერ ლიტონის მიერ დაწერილ წიგნში, „მომავალი რასა“ გვხვდება.
ლიტონი იმ მამაცი მოგზაურის შესახებ გვიამბობს, რომელიც მიწისქვეშა სამყაროში ადამიანთა მაღალგანვითარებულ რასას შეხვდება, საკუთარ თავს „ვრილიას“ რომ უწოდებენ. როგორც ირკვევა, ეს ქმნილებები ერთ დროს დედამიწაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ძველი აღთქმის წარღვნის მსგავსი გლობალური კატასტროფის გამო იძულებულნი გამხდარან, თავი მიწისქვეშეთისთვის შეეფარებინათ. ამ საოცარ საზოგადოებას გადარჩენაში ის ძალა დაეხმარა, რომელსაც ისინი „ვრილ“-ს უწოდებდნენ.
„...მისი მნიშვნელობა მათ ამიხსნეს, თუმცა თითქმის ვერაფერი გავიგე და ვფიქრობ არც ერთ ენაში არ არსებობს „ვრილის“ შესაბამისი ზუსტი სიტყვა და მნიშვნელობა. პირობითად მას ელექტროობას ვუწოდებ, თუმცა ეს მაგიური ძალა საკუთარ მრავალფეროვან განშტოებებში ბუნების სხვა ძალებსაც მოიცავს, რომლებსაც ჩვენს სამეცნიერო ნომენკლატურაში სხვადასხვა სახელწოდებები აქვთ მინიჭებული. მაგალითად, მაგნეტიზმი, გალვანიზმი და ა. შ. ეს ხალხი მიიჩნევს, რომ ვრილში მათ იმ ბუნებრივი ენერგეტიკული განშტოებების ერთიანობასა და მთლიანობას მიაღწიეს, რასაც დედამიწის ზედაპირზე არაერთი ფილოსოფოსი მოიაზრებდა და ვარაუდობდა.”
ბევრის აზრით, ლიტონის წიგნი მხოლოდ ფიქცია არ იყო და ავტორს იმ ოდესღაც დაკარგულ ატლანტიდელთა და ლემურიელთა არტეფაქტებზე მიუწვდებოდა ხელი, გობის უდაბნოსა და ტიბეტში მდებარე საიდუმლო სამალავებში რომ ინახებოდა.
ინდოეთის უძველესი, სანსკრიტული ხელნაწერებიც აღწერენ იმ ცივილიზაციას, წარღვნამდელ პერიოდში რომ ჰყვაოდა და ისეთ ტექნოლოგიას ფლობდა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასაც კი ბევრად აღემატებოდა. „სარამანგანა სუტრადჰარას“ ეპოსი საოცარი მფრინავი ობიექტების მშენებლობის პროცესს აღწერს: „ვიმანას კარკასი ძლიერი და გამძლე უნდა იყოს, მსუბუქი მასალისგან დამზადებულ დიდ, მფრინავ ფრინველს უნდა ჰგავდეს. მის შიგნით ვერცხლისწყლის ძრავა უნდა მოთავსდეს, რომლის ქვეშაც რკინის გამაცხელებელი აპარატი იქნება. ვერცხლისწყალში არსებული იმ ფარული ძალის დახმარებით, რომელიც მამოძრავებელ ქარიშხალს აღვიძებს, ვიმანას შიგნით მყოფ ადამიანს შეუძლია ცაში უდიდესი მანძილი დაფაროს. ამ ობიექტს შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაშვება, ირიბად წინ და უკან მოძრაობა. ვიმანას დახმარებით ადამიანებს ცაში აფრენა, ზეციურ ქმნილებებს კი მიწაზე დაშვება შეუძლიათ.“
გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეები და ოკულტისტები ამ უძველეს მითებს უდიდესი სერიოზულობით შეისწავლიდნენ და პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში „თულესა“ და „ვრილის“ საიდუმლო საზოგადოებები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ეს ლეგენდები ტექნოლოგიურ რეალობად ექციათ. ისეთ ოკულტურ ძალაში დაოსტატება, როგორიც „ვრილი“ იყო, გერმანელებს არამხოლოდ ტექნოლოგიურ დომინაციას მოაპოვებინებდა, არამედ ეს ყველაფერი ქვეყანას საბოლოოდ გაათავისუფლებდა იმ საერთაშორისო ნავთობკარტელების მარწუხებისგან და მათზე დამოკიდებულებისგან, რომლებსაც გერმანიის მტრები - აშშ და ბრიტანეთი განაგებდნენ.
„თულესა“ და „ვრილის“ საზოგადოებების განდობილებს ატლანტიდის დაკარგული ცივილიზაციის ცოდნაზე დაყრდნობით ალტერნატიული მეცნიერებისა და ალტერნატიული ტექნოლოგიების განვითარება ევალებოდათ. მათ ის სულიერებისა და მეცნიერების ერთობა უნდა აღედგინათ, რომელიც თანამედროვე მეცნიერების უსიცოცხლო მექანიკურ ცნებებსა და წარმოდგენებს ბევრად აღემატებოდა. ამგვარად, მათ ხელახლა უნდა აღმოეჩინათ უნივერსალური, თავისუფალი ენერგიის წყარო და ის მთელი მსოფლიოსთვის გაეხადათ ხელმისაწვდომი.
„თულეს“ წევრი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვ. ო. შუმანი ამბობდა: „ჩვენ ყველაფერში ვცნობთ იმ ორ პრინციპს, რომლებიც მოვლენებს განსაზღვრავს: სინათლესა და სიბნელეს, ბოროტსა და კეთილს, შექმნასა და ნგრევას, პლუსსა და მინუსს ელექტროობაში და ეს ყოველთვის ასეა, ან ერთია, ან - მეორე... დესტრუქციული ბუნება სატანურია, შემოქმედებითი ბუნება კი - ღვთაებრივი. ამგვარად, ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც წვასა და აფეთქებას ეფუძნება, სატანურია. ის ეპოქა, რომელიც ახლა დგება, ახალი, პოზიტიური, ღვთაებრივი ტექნოლოგიის ეპოქა უნდა იყოს...“
ამგვარად, გერმანული საიდუმლო საზოგადოებების უმთავრეს მიზანს „ვრილის“, პრანას, ფუნდამენტური, უსაზღვრო, კოსმიური სიცოცხლის ძალისა და ენერგიის გამოხმობის გზის აღმოჩენა წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენს ბუნებრივ სამყაროსთან ჰარმონიულად შეეძლო თანაარსებობა.
მედიუმი მარია ორსიჩი, „Vრილერინნენ“-ის,“ „Vრილ Gესელლსცჰაფ“-ის მომხიბვლელი, ახალგაზრდა გოგონების ლიდერი იყო. თითოეული მათგანი გრძელ, ცხენის კუდივით შეკრულ თმას ატარებდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ გრძელი თმა ის კოსმიური ანტენა ხდებოდა, რომელიც მათ არამიწიერ ქმნილებებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარებოდათ.
გერმანულ „ვრილის“ საზოგადოებასთან დაკავშირებით არსებობს დაუსაბუთებელი გადმოცემა, რომ 1919 წელს, ბერხტესგადესთან ახლოს მდებარე ერთ ძველ ციხესიმაგრეში ჩატარებულ კრებაზე, მარია ორსიჩს „თულეს“, „ვრილისა“ და „შავი მზის საზოგადოებების“ წევრებისგან შემდგარი პატარა ჯგუფისთვის ის შეტყობინებები გადაუცია, რომელთა შესახებაც ამტკიცებდა, კუროს თანავარსკვლავედში მდებარე ალდებარანის მზის სისტემაზე მცხოვრები არამიწიერი ცივილიზაციისგან მივიღეო. ამ შეტყობინებათა ნაწილი მარიასთვის სრულიად უცნობ, გერმანელ ტამპლიერთა დაშიფრულ ენაზე აღმოჩნდა გადმოცემული, ნაწილი კი უძველეს, აღმოსავლურ ენაზე, რომელიც შუმერული უნდა ყოფილიყო.
მარიამ, „ვრილის“ საზოგადოების კიდევ ერთ ქალ მედიუმთან, სიგრუნთან ერთად დაიწყო ამ შეტყობინებების გაშიფვრა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ისინი წრიული ფორმის საფრენი აპარატის აშენების ინსტრუქციას გადმოსცემდნენ. ამ არამიწიერი, ეზოთერიკული ხასიათის აღწერილობის შესწავლისას, პროფესორმა ვ. ო. შუმანმა და მისმა კოლეგებმა მიუნხენის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინეს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოდიოდა შესაბამისობაში ფიზიკა-მათემატიკასთან და გადაწყვიტეს, ამ საფრენი აპარატის შექმნა რეალურად ეცადათ.
მაკა ჯაყელი

