სალომე კაპანაძე: ქართველებს და აფხაზებს ერთი ცა გვახურავს
გვესაუბრება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე:
_ ქალბატონო სალომე, სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იშვა. ამ ორ უნივერსიტეტს შორის ხიდის გადებით ქვეყნის მთლიანობის აღდგენას რამდენად შევძლებთ?
_ დიახ, ხიდების გადება, სამშვიდობო კონტექსტის პრიორიტეტეულობა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რადგან სხვა ალტერნატიული გზა, ენა არ არსებობს. ომი, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალება, უნდა დავივიწყოთ. წუთითაც არ მინდა, ომით დაბრუნებული აფხაზეთი წარმოვიდგინო _ ეს ხომ ჭრილობების ხელახლა გახსნის ტოლფასი იქნება. ჩვენ იმ ფსიქოლოგიური დილემის გადალახვა შევძელით, რაც სიძულვილსა და სიყვარულს შორის არსებობს. მიუხედავად ამისა, დაზღვეულნი არ ვართ, ომის რეინკარნაციის შემთხვევაში, რა პოზიციაზე დავრჩებით. ამიტომ ომი გამოვრიცხოთ. სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელსაც დიდ პატივისცემას ვუდასტურებ, სასწავლებელში სამშვიდობო განათლების თემა წამოსწია. სოხუმის უნივერსიტეტში სამშვიდობო განათლების ცენტრიც კი შეიქმნა, რომელიც ამ თემატიკაზე მუშაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ბატონ ზურაბს თავადაც არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. მან რექტორობის პერიოდში დაუღალავად იზრუნა, რათა აფხაზეთთან დაახლოების პროცესი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, სოხუმის უნივერსიტეტი ამ ტრადიციას შეინარჩუნებს.
_ ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო, რაც სოხუმის უნივერსიტეტსაც შეეხო...
_ ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რეფორმა გარკვეულწილად მტკივნეულია. მავანისთვის თავად რეფორმა ტკივილთან ასოცირდება, რადგან მისი სახით ინგრევა რაღაც ისეთი, რასთანაც ემოციური დამოკიდებულება გაქვს. ამიტომ, მისი რებრენდირება ადვილი არასდროს არის. ზოგადად, ყველა რეფორმა გარკვეული დროის მერე ფასდება. ფაქტი ერთია, დღეს უმაღლეს სასწავლებლებს რეფორმა ნამდვილად სჭირდებათ. ჩნდება შეკითხვა: რამდენად ვუზრდით ჩვენ ქვეყანას მიღებული დიპლომის შესაბამის პროფესიონალებს?! სამწუხაროდ, დიპლომი მათი პროფესიონალიზმის დამადასტურებელი არ არის. დიახ, დიპლომს ვაძლევთ, მაგრამ მისი ადეკვატური სპეციალისტები არ გვყავს. მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს.
მოგეხსენებათ, 2005 წლიდან საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა და ევროპულ განათლებაზე ავეწყვეთ, რაც საკმაოდ შედეგიანი იყო. ახლა ამ რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. დიახ, ჩვენ განათლების ევროპულ ყაიდაზე აწყობა ვცადეთ, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა. ცხადია, იმ გამოწვევებს ვპასუხობთ, რასაც ევროპული განათლება ითხოვს. თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ კონცეფციას უნდა მოვერგოთ, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის.
მე აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. მასთან სხვა ემოციები, მოგონებები მაკავშირებს. ეს იყო პერიოდი, როცა აფხაზური და ქართული სექტორი ერთად ვსწავლობდით. ქართველებს და აფხაზებს ერთი ცა გვახურავს. მოგვიანებით სოხუმის უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი და აქ, დევნილობისას, მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. არის თუ არა სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემკვიდრე? _ რა თქმა უნდა, არის. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეალურად, ამ უნივერსიტეტის ნაწილია, ორივე ერთი ფესვიდანაა წამოსული. დღეს იქ მუშაობა ჩვენ გარეშე გრძელდება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ამ გადასახედიდან ჩვენი გაერთიანება ადვილი იყოს. ასე არ არის, რადგან ჩვენ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისულებას არ ვაღიარებთ და პირიქით, არც ისინი აღიარებენ დე იურე ხელისულებას.
დავუბრუნდეთ რეფორმას და დავსვათ შეკითხვა: რამდენად საჭიროა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეფორმის ჩატარება? ამ თემაზე განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრებს ვესწრებოდი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სენსიტიური დამოკიდებულებაა. იქ არავისგან მომისმენია, რომ ვინმე მის მოსპობას ან განადგურებას გეგმავდეს. მინდა, 2005-2006 წლების პერიოდი გავიხსენო, როცა აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი ვიყავი და დიდი ომი გადამხდა იმისთვის, რომ აფხაზეთის სკოლები შემენარჩუნებინა. მაშინ მთავაზობდნენ, რომ აფხაზეთის სკოლები საერთოდ დამეხურა. დღეს ასეთი რადიკალიზმისგან შორს ვართ.
ამჟამად, სახეზეა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც კორექტირებას საჭიროებს. მაგალითად, არსებობს პროგრამები, სადაც პროფესორების რაოდენობა მიღებული სტუდენტების რაოდენობას აღემატება. აღნიშნული მოცემულობა, ცალსახად, რეკონსტრუქციას ითხოვს. აქვე აღვნიშნავ, რომ სოხუმის უნივერსიტეტს ფილოლოგიის ძალიან კარგი სკოლა აქვს, რაც უდიდესი ტრადიციაა. მავანს არგუმენტად მოჰყავს, სოხუმის უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილები არ სწავლობენო. პირადად მე გავუწევ ამ არგუმენტს წინააღმდეგობას. იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი აფხაზეთიდან ვართ!
_ ქალბატონო სალომე, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები რეფორმას პროტესტს უცხადებენ.
_ სოხუმის უნივერსიტეტი ამ რეფორმას უნდა მოერგოს და, ყველა ღირსეული პროფესორი უნივერსიტეტში უნდა დარჩეს, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება უნდა მიეცეს. ასეა დაგეგმილი, მაგრამ ბევრი რამ დასახვეწია და ითხოვს მოდელირებას. ჩვენი ომ და ჭირგამოვლილი უნივერსიტეტი ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება. მახსენდება, პროფესორ-მასწავლებლები როგორ დავდიოდით სოხუმის უნივერსიტეტში ფეხით, რადგან ფილიალები ქალაქის სხვადასხვა რაიონში იყო. სოხუმის უნივერსიტეტის გუნდმა თავისი სტატუსი მხრებით მოიტანა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს, რომ აფხაზეთის მიწაზე დაბრუნების პროცესში, თავისი სასწავლებლით ღირსეულად წარსდგეს.
_ პროტესტის მთავარი სამიზნე, ინიციატივა „ერთი ქალაქი _ ერთი ფაკულტეტია“. მისი განხორციელება რამდენად რეალურია?
_ უპირველესად, შედეგზე რომ გავიდეთ, ამისთვის ქართველებმა კომუნიკაციის ენა არ უნდა დავკარგოთ. ახლახან განათლების თემაზე დებატებს ვუსმინე, რომელშიც „ილიაუნის“ პროფესურა მონაწილეობდა და გული დამწყდა, რადგან თავადაც პროფესორი ვარ და მათ თანავუგრძნობ. ამავდროულად, დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი, ჩვენი ახალგაზრდა, გონებაგახსნილი, გამჭრიახი პრემიერის მიმართ. ჩემი სურვილი დებატების ნახვა იყო, მაგრამ ამის ნაცვლად კოგნიტური დისონანსის ილუსტრირება ვიხილე. ანუ, როცა განწყობამ ჩემს კოლეგებს საქმიან დებატებში შესვლის საშუალება არ მისცა. პრემიერი არგუმენტებს ითხოვდა. „ილიაუნის“ პროფესურა კი იქ მხოლოდ განწყობით და არა არგუმენტებით მივიდა.
რაც შეეხება პრინციპს „ერთი ქალაქი _ ერთი ფაკულტეტი“, ეს აპრობირებული ევროპული ვარიანტია. ჩვენთან რა შედეგს მოიტანს, თუკი იმპერატიულად დავაანონსებთ მის კრახს. ან როგორ მოვახერხებთ მის ხორცშესხმას იმ პირობებში, როცა ქვეყანამ ხუთი რევოლუციის მცდელობა გადაიტანა და იმის ნაცვლად, მთელი ენერგია იმაზე დაიხარჯოს, რომ განათლების რეფორმაზე ვიმსჯელოთ, ხელისუფლება რეალურად შინაური და გარეული მტრების მოგერიებითაა დაკავებული. ხედავთ, როგორ გაჭირვებით აღვადგინეთ დებატების კულტურა, თუკი ამას აღდგენა ჰქვია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დიალოგი ცივილიზებულ ატმოსფეროში წარიმართოს. გინახავთ, რომელიმე სხვა ქვეყანაში, პრემიერი ოპოზიციის პირისპირ დებატებზე?! ეს უნიკალური შემთხვევაა.
_ პრობლემა, ალბათ, ისიცაა, რომ პროფესურა პოლიტიკოსებად გადაიქცა, რომლებიც სტუდენტებს აუდიტორიის ნაცვლად, ქუჩისკენ უბიძგებენ.
_ ჩემთვის პროფესიონალიზმის ორი კონტექსტია მისაღები: საგნობრივი და საკომუნიკაციო. შეიძლება კარგი მეცნიერი იყო, მაგრამ აუდიტორიაში არ ვარგოდე. ამიტომ კომბინაციაში, თუ როგორი რიტორი, მეთოდისტი ხარ, რა საგნობრივი ცოდნა გაგაჩნია, ჯამში ქმნის საფუძველს პედაგოგის პროფესიული საქმიანობისთვის. მაგრამ ამას სახელმწიფოებრივი აზროვნებაც უნდა დაემატოს. პირადად მე, სახელმწიფოებრივ აზროვნებას ვერ დავარქმევ იმას, რა პროცესიც ერთი წლის წინ უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო. ნათლად დავინახე, როგორი მანიპულაციის ქვეშ აღმოჩნდნენ ჩემი სტუდენტები. მაშინ პრინციპულად განვაცხადე: ერთი სტუდენტიც რომ მოვიდეს, ლექციას ჩავატარებ-მეთქი და ასეც ვიქცეოდი. კატეგორიულად გავემიჯნე მათ, ვინც ცარიელი აუდიტორიების ფონზე პოზირებდა და ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვიყავი ჩემი პროფესიული სინდისის წინაშე.
სახელმწიფოებრივი აზროვნება ნიშნავს, რომ განათლებისთვის გამოყოფილი დრო გაურკვეველ პოლიტიკურ კონტექსტს, მიზნების რეალიზაციას არ დაახარჯო. აბსოლუტური ჭეშმარიტება არავის ხელთ არ არის. სიმონ ყაუხჩიშვილი წერდა: ღმერთი რომ გამომეცხადოს, რომელსაც მარცხენა ხელში ჭეშმარიტება ეკავება, ხოლო მაჯვენაში _ გზა ჭეშმარიტებისკენ, მე მის მარჯვენა ხელს ვემთხვევი, ჭეშმარიტება მხოლოდ უფლის კუთვნილებააო. ქუჩაში პროცესების გადატანა, მართებულად არ მიმაჩნია. ჩვენ გავიარეთ პერიოდი, უფრო სწორად, ბრძოლა დამოკიდებულებასა და დამოუკიდებლობას შორის. დამოუკიდებლობის ძიებაში დამოკიდებულები არ უნდა გავხდეთ. ჩემმა კოლეგებმა ამ გადმოსახედიდან მაინც უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ დამოკიდებულებისგან, იმ განცდისგან, რომ ევროპა ხატია და რასაც, პირობითად, ევროპელი ჯონი გვეტყვის, უსიტყვოდ დავმორჩილდეთ და მის მოსაზრებებზე კრიტიკული რეფლექსია არ გავბედოთ. მე, როგორც ქართველს, უფლება მაქვს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ჩემი ეროვნული მოსაზრება გამაჩნდეს. თუკი ვინმე ოსტატურად მართავდა მსოფლიოში აკულტურაციის პროცესს, ეს საქართველო იყო. საუკუნეების განმავლობაში ამის მასტერკლასი დავდეთ, რა აღარ გადავიტანეთ და გადავრჩით. ეროვნული კოდი მაინც შევინარჩუნეთ. ამიტომ ახალგაზრდებისთვის ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთ ალტერნატივად ევროპული, ან რუსული ხატის შექმნა დაუშვებელია. ხატი ერთი გვაქვს _ ესაა ჩვენი სამშობლო!
ესაუბრა
თამარ შველიძე

