რობერტ სტურუას ფენომენი
წერილი პირველი: ჭორები მოაშორეთ-მეთქი!
სანამ უშუალოდ ბატონი რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ წარმოდგენას ვიხილავდე, ეს სამი კვირა სოციალური ქსელი წალეკა ურთიერთგამომრიცხავი წერილების წყებამ. ეს გამოხმაურებები, ძირითადად, პოზიტიურია. ასევე, არის ოპოზიციური ღავღავი და წიწმატობა ქარავანის მსვლელობის კვალდაკვალ. მე ვერ გამოვედევნები სხვათა პოზიციებს სპექტაკლის სიავკარგეზე, რადგანაც დღეს 26 აპრილია და დასახელებული წარმოდგენა ჯერ ნანახი არ მაქვს, მხოლოდ 10 მაისს მოვახერხებ, ალბათ, მის სრულფასოვან აღქმას.
სხვა რამეზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, კერძოდ, ხელოვნებისადმი ჩემეულ დამოკიდებულებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დამგროვებია.
ბედმა გამიღიმა და სტუდენტობის წლებიდან ესთეტიკური აზროვნების მეტრებთან მომიწია ჩამოყალიბება, როგორც შეგირდს, ამ ხალხთან ფორმირებულა ჩემი ესთეტიკური თვალსაწიერი, რომ ნებისმიერ ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა; რომ ნებისმიერი ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ამაღლებულისა და მშვენიერის ხორცშესხმას; რომ ყოველ სამ წინადადებაში შუალედური ზედმეტია; რომ ახლა უნდა ითქვას ის, რაც უნდა ითქვას ახლა, დანარჩენი გადაიდოს და შემოინახოს სხვა დროისთვის, სხვა ვითარებისათვის;
მაგრამ ჯეიმზ ჯოისის მოვლინებამ მრავალი შესწორება შეიტანა დღემდე (1922 წ.) არსებულ ესთეტიკაში და „ცნობიერების ნაკადის” ლიტერატურულ მეთოდად ჩამოყალიბებამ (ჯოისი, პრუსტი, ფოლკნერი, მო...) თავდაყირა დააყენა არსებული ლიტერატურის დოგმები ნაწარმოების არქიტექტონიკის თვალსაზრისით. ამის თაობაზე მე რამდენიმე შეხვედრა მქონია ნეტარ თემურ ჩხეიძესთან. ის სანკტ-პეტერბურგის ტოვსტონოგოვის თეატრიდან ახალი დაბრუნებული გახლდათ და საამისოდ ჩემთან მსჯელობისთვის დრო არ დაუშურებია. აქ მე თეატრალურ სივრცეში „ცნობიერების ნაკადის“ სტილისტიკის დანერგვას მოვითხოვდი დეკორაციების მომენტალური შეცვლით, პარალელს ვავლებდი ფელინის, ბერგმანის ფილმებთან, სადაც წარსულში განცდილი ამბები შავ-თერთი ფირითაა მოშველიებული მაყურებლისთვის გარდასული დროის აღსაქმელად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნობელიანტების ჩემეული სერიალით გამოცემულ უილიამ ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებას“ ვთავაზობდი შემდგომი მუშაობის საწინდრად, თუკი იგი საქართველოში ჩამობრუნებას განიზრახავდა, მაგრამ შემდგომ და შემდგომ მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და სავალალოდ, ორიოდე წელიწადში აღესრულა კიდეც.
რაც შეეხება ბატონ რობერტ სტურუას, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი და ვგონებ, ადმინისტრატორი, ჩემი სიძე-კაცი, ზაზა ბაწელაშვილი გახლდათ, ვერაფრით მოვახერხე მასთან საუბარი „ცნობიერების ნაკადის“ სტილისტიკის დამკვიდრებაზე თეატრალურ სივრცეში.
ინგლისური გასტროლების შემდეგ, შეხვედრა მოუწყო ფართო საზოგადოებამ რუსთაველის თეატრის დასს და იქ მწერალ რევაზ მიშველაძის მხიარულად გაცხადებული ფრაზა მახსენდება: „მე თქვენზე რეცენზია მაქვს გამოქვეყნებულიო“, რომლის გამო ბატონმა რობერტმა, ფრიად გულგრილი ტონით ამგვარად უპასუხა: „მე ჩემზე დაწერილ რეცენზიებს არც კი ვკითხულობო“. ეს გამოძახილი ცივი წყლის გადასხმას ჰგავდა.
და, მიუხედავად ყველაფრისა, რობერტ სტურუამ ქართულ სინამდვილეში დაამკვიდრა გასაოცარი სცენური მაგია, რაც, ძირითადად, კულმინაციურ წერტილების, კვანძის გახსნის შოკისმომგვრელ ეფექტებს გულისხმობს მაყურებლისთვის.
გვახსოვს მაშინდელი კულტურის მინისტრის, ქალბატონ ვიქტორია სირაძის უარყოფითი რეაქცია (დარბაზს დატოვებს პროტესტის ნიშნად) ჩხიკვაძის მრავალჯერადი, პანტომიმური სვლის გამო სახრჩობელისკენ, რითაც მინიშნებლი იყო ბოროტების მუდმივობის თეორია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. მსგავსი კულმინაციების შემცველია რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“, „მეფე ლირი“, თემურ ჩხეიძის „ჯაყოს ხიზნები“, თენგიზ აბულაძის „ვედრება“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“. ეს უკვე ნიჭის ინდივიდუალური გამოცრიატება კი არა, თაობის მიერ მკვეთრად ჩამოყალიბებული ესთეტიკური კონცეპტუალობაა, რომელიც მეამბოხე რეალობას ამკვიდრებს თითებიდან გამოწოვილი „ქართული კოლორიტის“ საპირწონედ.
მე ვხლებივარ სახლში ბატონ თენგიზ აბულაძეს გმირთა მოედანზე. ის მაშინ „მონანიების“ სცენარზე მუშაობდა და, მიუხედავად დაუპატიჟებლად სტუმრობისა, მაინც გამოძებნა ჩემთან სასაუბრო ოციოდე წუთი. მართალია, ეს დიდებული კინორეჟისორიც რამდენადმე ჩახედული ყოფილა „ცნობიერების ნაკადის“ სტილისტიკაში, მაგრამ ისე სიღრმისეულად ვერა, როგორც თემურ ჩხაიძე. ჩვენ ვსაუბრობდით „ვედრების“ ლიბრეტოზე, რომ პოემის ენის დასესხება მძიმე ტვირთად დააწვა მის დიდებულ სცენურ განხორციელებას.
მსგავსი პერსპექტივა მელოდება წინ 10 მაისს, როდესაც ბატონი რობერტის სპექტაკლის ალაყაფის კარებს შევაღებ და თვალნათლივ ვიხილავ თუ რა ენაზე საუბრობენ მისი გმირები, რამდენად რუსთველისეულია ტექსტი და რამდენად ეხმიანება თანამედროვეობას ჩვენსას.
თემურ ჩხეიძის, თენგიზ აბულაძის, რობერტ სტურუას შემოქმედების ანალიზისას თვალშისაცემი ხდება ერთი უეჭველი რეალობა - ჩვენ ქართველებს ესთეტიკური მადლით მოსილი დრამატურგიული ძეგლი, ფაქტობრივად, არც კი გაგვაჩნია, თვით ესოდენ გახმაურებული „ყვარყვარე თუთაბერის“ ჩათვლით. არ მინდა, ახლა გვარების ჩამონათვალით კონკრეტულ პიროვნებებს გული ვატკინო, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ ეს კორიფეები, უმეტესწილად, შემთხევით როდი მიმართავდნენ უცხოელ დრამატურგებს, მიმართავდნენ იმიტომ, რომ საკუთარი საბრდღვნელადაც კი არ ღირდა. ამისთანა ვითარებაში იაპონელი გენია აკირა კუროსავა რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედებაში გადაეშვებოდა ხოლმე, თავად ასცენიურებდა მას და ბამბუკის ტევრში აღძრული სულისშემძვრელი დრამით აღაფრთოვანებს მსოფლიოს. ჩვენ კი, ქარველები, კუდაბზიკური პატროფილიით „მუხრანულ“ ლექსში „ქალი წავიდა სხვისასას“ ნაცვლად ვწერთ – „ქალი წავიდა ძმისასაო“, თითქოს ძმასთან მყოფი ვერ გაიხედავს ორღობისკენ, საჭიროებამ თუ მოსთხოვა!
რობერტ სტურუას ბოლო ნამუშევარი ექსილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ ერთხელაც მიგვანიშნებს ქართული დრამატურგიის აქილევსის ქუსლზე. მოკლედ, ამისთანა რეალობაში შეეჭიდო რუსთველის ფენომენს, მართლაც აურწყავ შემოქმედებით გამბედაობასთან უნდა იყო წილნაყარი. აკი, მისი ეკრანიზაცია ვერავინ გაბედა მიწიერთაგან; იგივე ითქმის მის თეატრალიზებაზეც. მიანიშნებენ საამისოდ სტურუასეულ 30-წლიან სამზადისს და, ამავდროულად, პასკვილური ნიჰილიზმით მოსავენ მის რუსულ განათლებას, თუ რუსთაველოფობიას, რითაც ეჭვის ქვეშ არის დაყენებული ამ ცითმოვლენილი გენიის უმაღლესი სამკაული ეროვნული რეკვიზიტი – ზოგადქართველობა; თითქოს ბოლქვაძის ქალბატონს არ შესძენოდა იგი ოთხმოცდარვა წლის წინათ და ორი ქართველი ბოკვერი არ ეჩუქებინოს სრულიად საქართველოსთვის!
ჩვენ გვიხილავს ბრიტანულ გასტროლებზე სახელდახელო რეცენზიები, „სკამის ხრიგინისმაგვარი ხარხარი“, თუ სხვა ცინცხალი ჟურნალისტური ხელწერა.
„კავკასიური ცარცის წრე“ მისი მთარგმნელის, კარლო ჯორჯანელის თქმით, ბევრად გააქართველურა თურმე, რადგანაც ბრეხტი მწყრალად ყოფილა ჩვენეულ სინამდვილესთან. თუმცა უმთავრესი პასაჟი ხელუხლებლად დარჩენილა, რაც ცარცის წრეში ჩაყენებული მიშიკოს გადაქაჩვებს ეხება. ამ გაწამაწიაში დედინაცვალი ყოველთვის ჯაბნის ხოლმე მშობელ დედას, და აზდაკის გადაწყვეტილებაც სრულიად სამართლიანია, გადაძალვაში დამარცხებულ დედაკაცს მიაკუთვნებს პატარას, ვინაიდან უეჭველი დამაჯერებლობის შემცველია მისი ამოკვნესებული ფრაზა: „შუაზე ხომ არ გავხლიჩავთ პატარასო!“
წლების განმავლობაში რუსთველის ოთხი გამოცემისთვის მირედაქტორია. მე დღესაც გადამწერთა ხელგარჯილობად მიმაჩნია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საფინალო ქორილომანიები. მაშინ, როცა „ილიადაში“, ტროას ათწლიანი ომისთვის მიძღვნილ პოემაში ილიონის ხის ცხენით დაქცევის სცენას ჰომეროსი საერთოდ არც კი გვთავაზობს, აქილევსის მიერ ტროას ბურჯი ჰექტორის მოკვდინებით შემოიფარგლება.
შოთა რუსთაველი ხელოვნურად რომ ჩამოაშორა სამღვდელოებამ ევროპულ პროცესებს, არახალია, ამის თაობაზე ფილოსოფოსი გოჩა გვასალიაც სადაგად მიუთითებს „თუბაიდის ვარდში“;
მოვა 10 მაისიც და ამის თაობაზეც თვალნათლივ მეცოდინება თუ რამდენად თანამედროვეა სიტყვის ფენომენის ზეციური კრებსითობა - „ვეფხისტყაოსანი“ სტურუასეულ სცენაზე; როგორ ხდება ვერბალური გენიის აგლუტინაცია დინამიკაში, როგორიცაა: „რასაცა გასცემ შენია, რას არა - დაკარგულია“; „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“, ან კიდევ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“.
ზერელენი და ძალადექიმები დროა, შეეშვან ადამიანის ყველაზე ამაღლებული ასაკის, ხანსვიანობის წამოყვედრებას გონებასისუსტის, სალოსობის ბრალდებით; ეს ტენდენცია აუტანელი და ამაზრზენია საერთოდ ნებისმიერ სიტუაციაში; ვერავინ შეჰბედა მსოფლიოში 83 წლის გოეთეს მარაზმულობა „ფაუსტის“ მეორე ნაწილის გამო, სადაც ლამის იგნორირებულია საქვეყნოდ აღიარებული ესთეტიკური დოგმები. დიახაც, კარლო ჯორჯანელმა წამაკითხა ორიგინალში ეს გენია. რომ არა მისი მეორე წიგნი, პირველის ანაბარა „ფაუსტი“ დარჩებოდა ერთ, ნიჭიერულ გარჯილობად იმ მრავალათეულს შორის, ბიურგერულ გერმანიას რომ მოუგროვდა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ გენია გენიაა ყველგან და ყოველთვის და აქაც ჩვენმა ვოლფგანგმა, დიახაც, სიცოცხლის სასრულს ახალ სიმაღლეებს აზიარა ფაუსტის დაუდგრომელი სული, როცა უხილავი ხიდები გასდო ანტიკურ მითოლოგიასთან და ელენე მშვენიერთან წილი აყრევინა მის მშფოთვარე გმირს. ასე, ნერეიდებისა და ნიმფების ქორალში გამოსტაცა მეფისტოფელს ადამიანებისთვის დამაშვრალი მისი სული, რომელიც ბოროტებასთან მოწილეობით მოიმოქმედებს კაცობრიულ საქმეებს; რომელმაც თავისი ღვაწლის კენწეროში დიდებული წერედიანის წყალობით შესძახა ერთგან: „წამო შეყოვნდი, ხარ მშვენიერიო!“ (და არა „შეჩერდიო“ ონიაშვილის „ბუკვაედური“ თარგმანით).
ბატონი რობერტის შინაგანი ესთეტიზმი და სცენიური მაგია მინდა ვაჟას სიტყვებით დავასრულო, ასევე გენიალური აკაკის მკვახე შეძახილის კვალდაკვალ: ჭორები მოაშორეთ-მეთქი!
დიახ, დიახ, მეგობრებო, ჭორები მოაშორეთ ზეზეური ფენომენის სარბიელს!
გური ოტობაია
მწერალი, საპატიო დოქტორი,
ჟურნალ „კირბის“
(ოქროს საწმისი)
მთავარი რედაქტორი

