პოლონეთი აიჯაგრა - გაწყრა ღვთისმშობელი...

პოლონეთი აიჯაგრა - გაწყრა ღვთისმშობელი...

პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის სურს, რომ უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოერთვას პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „თეთრი არწივის ორდენი“ (Oრდერ ოფ ტჰე ჭჰიტე Eაგლე).
მიზეზი გახდა ზელენსკის 27 მაისის გადაწყვეტილება, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ერთ-ერთი ელიტური დანაყოფისთვის მიენიჭებინა „UPA-ს გმირების“ (უკრაინის მეამბოხე არმიის) სახელი. უკრაინაში UPA-ს ბევრი ადამიანი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად მიიჩნევს, მაგრამ პოლონეთში ეს ორგანიზაცია დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის რეგიონებში პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებთან. პოლონელი ისტორიკოსების შეფასებით, იმ მოვლენებს დაახლოებით 100 000 პოლონელი ემსხვერპლა.
ნავროცკიმ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება „მწუხარებით“ მიიღო და თქვა, რომ „ასე არ შენდება ურთიერთობები ერებს შორის“. მისი თქმით, UPA-ს განდიდება ასევე აძლიერებს რუსულ დეზინფორმაციას. ამიტომ მან წამოაყენა წინადადება, რომ ზელენსკის ჩამოერთვას „თეთრი არწივის ორდენი“. საკითხი 8 ივნისს ორდენის საკონსულტაციო საბჭოს უნდა განეხილა, თუმცა, ამ დროისთვის ჯერ არ ვიცი, როგორ გადაწყდა ეს ამბავი.
ეს ჯილდო ზელენსკის 2023 წელს პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გადასცა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავებისა და უკრაინის თავდაცვისთვის გაწეული ძალისხმევის აღსანიშნავად.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გააკრიტიკა ზელენსკის ხსენებული გადაწყვეტილება, თუმცა გააფრთხილა ორივე მხარე, რომ ისტორიულმა დავამ არ უნდა დააზიანოს პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობა, რადგან ასეთი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში შედის.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უკრაინის ელჩი დაიბარა, რათა ოფიციალურად გაეპროტესტებინა გადაწყვეტილება და უთხრა, რომ ეს ნაბიჯი ბევრი პოლონელისთვის ძალიან მტკივნეული იყო.
პოლონეთის პრეტენზიაზე გამახსენდა _ ზელენსკიმ და მისმა ბანდამ რაც ჩაიდინეს მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და სიწმინდეებთან დაკავშირებით, ხსენება არ მინდა, მხოლოდ იმას გავიხსენებ, რაც გასახსენებლად მიმაჩნია.
რაგინდ ურწმუნო ან სხვა რელიგიის მიმდევარი იყოს ადამიანი, თუ ის უფლის მიერ შექმნილია ხატად თვისად, პატივისცემა ექნება სხვათა სიწმინდეების მიმართ თვით ბანდის წევრად ყოფნის დროსაც, მაგრამ ზელენსკი და მისი ბანდა, თვით ბანდის ცნებაშიც კი ანომალიაა... 
კიევ-პეჩორის ლავრა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ცნობილია მიწისქვეშა გამოქვაბულებით (მღვიმეებით), სადაც დასვენებულია წმინდანთა უხრწნელი ნაწილები და დაცულია მრავალი სასწაულმოქმედი ხატი თუ სულიერი საგანძური. 
მონასტრის მთავარი სიმდიდრეა მრავალი წმინდანის უხრწნელი სხეული, რომლებიც ორ ძირითად, მიწისქვეშა ლაბირინთში – ბლიჟნიესა (ახლო) და დალნიეს (შორი) მღვიმეებში განისვენებენ: წმ. ანტონ პეჩორელის, ილია მურომეცის, ნესტორ მატიანის, ექიმი აგაპიტისა და ალიპი ხატმწერის ნაწილები.
ლავრის ტაძრებში განთავსებულია საუკუნეების ისტორიის მქონე სასწაულმოწმედი ძვირფასი ხატები. ღვთისმშობლის მიძინების ხატი _ მთავარი სიწმინდე, რომელიც უშუალოდ ლავრის დაარსებასა და ღვთისმშობლის გამოცხადებას უკავშირდება.
ქართული კვალი _ ეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე): კიევ-პეჩორის ლავრაში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და იქვეა დასაფლავებული ქართველი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი ანტონი (ერისკაცობაში _ თავადი ილია აბაშიძე). 
დედამიწაზე არის ოთხი ადგილი, სადაც უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევა გადმოდის. ესენი ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილებია: ივერია, ათონის ნახევარკუნძული, კიევის მღვიმევის მონასტერი და დივეევოს დედათა მონასტერი. ეს კურთხეული ადგილები ერთმანეთთან უხილავი, მტკიცე ჯაჭვით არის დაკავშირებული. 
მაცხოვრის ზეცად ამაღლების მერე უფლის მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. ივერია ღვთისმშობელს ხვდა წილად. „ერთ-ერთი საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ივერია ღვთისმშობელს სამგზის წილის ყრით ერგო“ (ე. ბუბულაშვილი).
კიევი. XI საუკუნეში ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ჩერნიგოვის გუბერნიის ქალაქ ლუბეჩის მკვიდრი, წარმოშობით მდიდარი ოჯახის შვილი, ბერი ანტონი. წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა. წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, მაგრამ საცხოვრებლად არც ერთი არ მოეწონა და უკანვე დაბრუნდა. მრავალი წლის შემდეგ, საღვთო გამოცხადებით, იღუმენმა ანტონი კვლავ კიევში გამოგზავნა. იქ ერთ ბორცვზე მან ღირსი ილარიონის მიერ გამოთხრილი მღვიმე ნახა, მოეწონა და მასში დასახლდა. გავიდა ხანი. გამრავლდა ანტონის საძმო. თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი, აქ რომ მოვიდა სამოღვაწეოდ, სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქმნა.
ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა – ბიძამისს მამამისის სიკვდილის შემდეგ სამშობლოდან გამოეძევებინა. შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა. ახლა სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა. შიმონს ხმა მოესმა თურმე: ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო. ამავე გამოცხადებით, სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ წმინდა მამებს, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.
გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვის მთლელები ჩამოვიდნენ, ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებმა იქ დედოფალთან ერთად უამრავი მეომარი ნახეს. დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა: მსურს, ეკლესია ავაგო რუსეთში, კიევში, თქვენ გავალებთ ამ საქმეს, წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო. ღვთისმშობელმა მათ თან თავისი მიძინების ხატი გამოატანა, რომლის სახელობისაც უნდა ყოფილიყო ეს ტაძარი. უფლის დედამ ბოლოს მათ თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო. ტაძრის მშენებლობაც იმ ადგილას დაიწყეს, სადაც უფალმა მინიშნებით გამოუცხადა ღირს ანტონს.
ტაძარი აშენდა, ღირსმა ანტონმა და თეოდოსიმ შეისვენეს. მამა ნიკონის წინამძღვრობისას მღვიმის მონასტერში კონსტანტინოპოლიდან მხატვრები მოვიდნენ და ამბობდნენ, – ორი ბერი, ანტონი და თეოდოსი, შეგვითანხმდა აქაური ტაძრის მოხატვაზე. მცირე ეკლესია გვაჩვენეს, იმაზე მოვრიგდით და ეს ეკლესია ძალიან დიდია. ოქრო უკან დაიბრუნეთ, ჩვენ კი კონსტანტინოპოლში მივდივართო.
მამა ნიკონმა ღირსი ანტონისა და თეოდოსის ხატები აჩვენა მათ. „ესენი იყვნენო“ – თქვეს მხატვრებმა. ესენი, შვილო, დიდი ხანია, გარდაიცვალნენ, მაგრამ გვწამს, სიკვდილის შემდეგაც შეგვეწევიანო. მხატვრებმა მოინანიეს თავიანთი საქციელი, დარჩნენ მონასტერში, ტაძარიც მოხატეს და ბერადაც აღიკვეცნენ მღვიმევის სავანეში. ასევე, სასწაულებრივად უპოვიათ დაკეტილ ტაძარში წმინდა ტრაპეზისთვის გამზადებული ქვის ფილა. ათონიდან გამოხმობილი წმინდა ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი. კიევის მღვიმევის მამათა მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მესამე წილხვედრ ადგილად მიიჩნევა.
უამრავი ამბის გახსენება შეიძლება ღვთისმშობელზე და მის წილხვედრ ადგილებზე. საგულისხმო ის არის, რომ მისი სამგზის წილხვედრი ქვეყანა მხოლოდ ივერიაა...
გაუწყრა უკრაინას ღვთისმშობელი...
არ გაგვიწყრეს ჩვენც...
შეგვიწყალოს ღვთისმშობელმა და გვიმფარველოს!..

მაკა ჯაყელი