თინა ტურძილაძე: აფთიაქების სიმრავლე წამლების ფასს ზრდის
გვესაუბრება ფარმაკოეკონომიკის და პოლიტიკის კონსულტანტი თინა ტურძილაძე:
_ ქალბატონო თინა, ხელისუფლების პრიორიტეტების ნუსხაში მედიკამენტების ფასების დაწევის საკითხიც მოხვდა. რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას რეალური შედეგის მისაღწევად, მედიკამენტებზე ფასები დაწიონ? სადაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წამლებზე ფასების კლების რესურსი არ არსებობს. 10%-იანი კლების შემთხვევაში, ბიზნესი, უბრალოდ, გაჩერდებაო. რა გამოსავალია?
- მედიკამენტის ფასი მიწოდების მთელ ჯაჭვში ფორმირდება. მიწოდების ჯაჭვის ნაწილი ქვეყნის გარეთ (მწარმოებელი), ხოლო ნაწილი ქვეყნის შიგნითაა (იმპორტი, დისტრიბუცია, რითეილი). სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, ქვეყნის შიგნით ფასის ფორმირების ნაწილში ჩაერიოს. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერვენციები, მაგალითად, ფასების რეგულაცია: კონკურენციის გაძლიერება, ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის, ვერტიკალური ინტეგრაციის შეზღუდვა, ფასნამატების გამჭვირვალობის გაზრდა.
მთავარი გამოწვევა საქართველოში ბაზრის სტრუქტურაა. ბაზარზე მაღალი კონცენტრაციაა და რამდენიმე მსხვილი მოთამაშე მიწოდების ყველა ეტაპს - იმპორტს, დისტრიბუციას და საცალო გაყიდვებს აკონტროლებს. ამ პირობებში ფასის შეკავება ადმინისტრაციული ჩარევით შესაძლებელია, მაგრამ ეს შედეგი ნაკლებად მდგრადი და მოკლევადიანია, ვიდრე კონკურენციის შედეგი. რადგან გრძელვადიანი გამოსავალი გვჭირდება, მაშინ ტექნიკური ამოცანები შემდეგია: ფასებით კონკურენცია, გამჭვირვალე ფასნამატები და გენერიკებისადმი ნდობის და ხელმისაწვდომობის ზრდა.
ბიზნესის განმარტება, რომ 10% ფასის კლება არ შეუძლიათ, ნაწილობრივ გასაგებია მათი ოპერაციული მოდელის ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიაფება ეკონომიკურად შეუძლებელია, უბრალოდ, ეს მათ არ სურთ.
_ როგორც ითქვა, შემოსული მედიკამენტების 75%-ზე მეტზე რეფერენტული ფასი მოქმედებს. როგორ მუშაობს რეფერენტული ფასი?
_ რეფერენტული ფასწარმოქმნის დიზაინი ბევრნაირია, EღP-ის ქართული მოდელი ადგენს მაქსიმალურ საბითუმო ფასის ზედა ზღვარს (არა ფიქსირებულ საბითუმო ფასს) და კონკურენციის სივრცეს ქმნის. თუ ბაზარზე ფასები რეფერენტულ ფასთანაა გათანაბრებული, ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია ძალიან სუსტია, ან საერთოდ არ არის. ამიტომ პრობლემა EღP-ში კი არ არის, არამედ არაკონკურენტულ ბაზარშია.
_ ვთქვათ, საფრანგეთში წარმოებული მედიკამენტი ლატვიაში 10 ლარის ეკვივალენტი თუ ღირს, აქ მისი ფასი 30 ლარი რატომ არის?
_ ზოგად პრინციპს ავხსნი: თუ საუბარია საქართველოს ზომის ბაზარზე და ასეთ მნიშვნელოვან ფასთა სხვაობაზე, ეს, როგორც წესი, მიწოდების ადგილობრივი ჯაჭვის სტრუქტურასა და კონკურენციის დონეზე მეტყველებს, და ნაკლებად — მწარმოებლის საწყის ფასზე. მედიკამენტის ფასი არ განისაზღვრება მხოლოდ მწარმოებლის მიერ — ეს არის მხოლოდ საწყისი კომპონენტი. საბოლოო ფასზე გავლენას მთელი მიწოდების ჯაჭვი ახდენს, მათ შორის: იმპორტისა და ლოჯისტიკის ხარჯები, დისტრიბუციის მარჟა, საცალო (აფთიაქის) მარჟა, კომერციული პირობები (ფასდაკლებები, ბონუსები, რებატე-ები) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ბაზრის სტრუქტურა და კონკურენციის ხარისხი
შესაბამისად, ამ საკითხზე რეალური სურათის დასადგენად აუცილებელია არა ზოგადი შეფასებები, არამედ: მიწოდების ჯაჭვის დეტალური, დოკუმენტურად დადასტურებული ანალიზი, ანალოგიურად რამდენიმე ათეულ, თუ არა მეტ მედიკამენტზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ანალიზი ეფუძნებოდეს: რეალურ ტრანზაქციებს, მარჟების ფაქტობრივ განაწილებას და არა საშუალო მაჩვენებლებს ან დეკლარირებულ მონაცემებს, რადგან საშუალო მარჟებით და აგრეგირებული ციფრებით ხშირად რეალური სურათი იფარება ან დეფორმირდება.
_ ფარმაცევტულ სფეროში ზედმეტ დანახარჯს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი განაპირობებს. ჭარბი მედიკამენტების გამოწერა რომ არ მოხდეს, ეს სახელმწიფომ როგორ უნდა დაარეგულიროს?
_ ეს სისტემური პრობლემაა და ფარმაცევტული ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის ზრდის პროპორციულად მწვავდება. იმ პირობებში, როცა ფარმაცევტული ინდუსტრია პირდაპირ არის შესული ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლების სტრუქტურაში, როცა ინდუსტრია მართავს ჯანდაცვის სპეციალისტების სტიმულებს, ამის სათანადო მართვა ძნელად წარმოსადგენია; ის, რისი ადმინისტრირებაც რთულია, იქ, როგორც წესი, მეტი მზის სხივი და გამჭვირვალობაა საჭირო, ამიტომ იყენებენ წამყვანი ქვეყნები ე. წ. „სანშაინის აქტს“, რომლითაც ავალდებულებენ ინდუსტრიას, ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის (და არა მარტო) ყველა დაფინანსების გასაჯაროებას.
_ იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ბრენდების საწყობებში აღმოაჩინეს მედიკამენტები, რაც თაროებზე დეფიციტი იყო. რამდენად არსებობს რისკი, რომ მეტმა რეგულაციამ დეფიციტი შექმნას?
_ ხელოვნური და რეალური დეფიციტი გავმიჯნოთ; არასწორმა რეგულაციამ შეიძლება დეფიციტი გამოიწვიოს, მაგრამ არსებული გლობალური სტატისტიკით, უმკაცრესი რეგულაციის პირობებშიც კი, რეგულაციით განპირობებული დეფიციტის ოდენობა 2%-ს არ აღემატება. დეფიციტის ძირითადი მიზეზი არის იაფფასიანი გენერიკების საწარმოო სიმძლავრეებში ინვესტირების შემცირების ტენდენცია და მიწოდების გარე ჯაჭვზე დამოკიდებულების ზრდა. საქართველოს ბაზარი თითქმის მთლიანად გარე მოწოდების ჯაჭვზეა დამოკიდებული. აქ იმპორტით შემოდის მზა მედიკამენტებიც და ადგილობრივი წარმოებისთვის საჭირო აქტიური და დამხმარე ნივთიერებები, ამიტომ დეფიციტის რისკები კრიტიკულია და მისი პრევენციის და შედეგების შერბილებისთვის სერიოზული სამუშაოებია შესასრულებელი. ეს არის ესენციური და კრიტიკული მედიკამენტების სიები, მარაგები, დეფიციტის შეტყობინების პლატფორმები, თერაპიული ალტერნატივებით და ალტერნატიული თერაპიებით ჩანაცვლების პრაქტიკა, საკანონმდებლო ცვლილებები და საჯარო მომსახურეობის ვალდებულებების რეგლამენტირება და ა. შ. რაც შეეხება ხელოვნურ დეფიციტს, თუკი ასეთი ფაქტები დადასტურდება, ეს უკვე აღარ არის ბიზნესსტრატეგია, სერიოზული სამართალდარღვევაა და მისი მოკვლევა უნდა მოხდეს.
_ მედიკამენტებზე ფასების კლების შემთხვევაში (თუმცა, ამაზე ფარმაცევტულმა კომპანიებმა კატეგორიული უარი განაცხადეს), რამდენად შეეცდებიან კომპანიები, ჭარბი მოგების მოთხოვნა სხვა გზებით დაიკმაყოფილონ და ეს რა საფრთხეებს შექმნის?
_ ეს რისკები რეალურია, მათი ნაწილი ხილვადიც არის. კომპანიებმა განახორციელეს ფასწარმოქმნის შიდა ჯაჭვში მარჟების გადანაცვლება - ფასი ბრენდების მიხედვით აწიეს, ან დაწიეს ზღვრულ რეფერენტულ ფასამდე, არარეგულირებულებზე ფასი აწიეს.
ვერტიკალური ინტეგრაციის პირობებში რჩება შესაძლებლობა, კომპანიებმა მოგება გადაანაწილონ ჯაჭვის სხვადასხვა ნაწილში ისე, რომ ფორმალურად დაიცვან რეგულაცია. ამიტომ: ფასის რეგულაცია ეფექტურია მაშინ, თუ მას თან ახლავს ბაზრის სტრუქტურული გამჭვირვალობა და ფუნქციური გამიჯვნა.
სასურველია, კომისიამ ამ მიმართულებით იმუშაოს და შეისწავლოს, სად მიდის ფასდაკლებების ფინანსური რესურსები: რიბეითები, მოცულობითი ფასდაკლებები, სხვადასხვა ბონუსები, პრომოუშენის ფინანსური მხარდაჭერა და ა. შ.
_ ალბათ, ამ საკითხზე მუშაობისას გასათვალისწინებელი იქნება მედიკამენტის ხარისხობრივი რეგულირებაც, რათა ფასების კლებამ უხარისხო მედიკამენტების შექმნა არ გამოიწვიოს.
_ რა თქმა უნდა, რეგულირება უნდა იყოს სისტემური, ფასი და ხარისხი უნდა ერთად რეგულირდებოდეს, რომ არ შეიქმნას დაბალი ხარისხის მედიკამენტების შემოსვლის სტიმულები და შესაძლებლობა.
– რა გზას ხედავთ ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად?
_ საქართველოში ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მთავარი გამოწვევა არის მასშტაბის ეკონომიის, რეგულაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის პრობლემები. დღესდღეობით, ბიზნესისთვის იმპორტი უფრო რაციონალური არჩევანია. ადგილობრივი წარმოება მხოლოდ მაშინ გახდება კონკურენტუნარიანი, თუ ის ექსპორტზე და საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას როგორც საინვესტიციო მხარდაჭერა, ისე მარეგულირებელი კანონმდებლობის EU/IჩH ჰარმონიზაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივ წარმოებებს ძალიან გაუგრძელდებათ, გაურთულდებათ და გაუძვირდებათ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. დაუშვებელია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ხარისხის კონტროლის შერბილებით და ამ გზით მათი სახელმწიფო შესყიდვების მხარდაჭერით.
_ ფარმაცევტულ ბაზარზე, ძირითადად, სამი მონოპოლისტია. ხშირად გვესმის, რომ ევროპაში ამდენ აფთიაქს გვერდიგვერდ ვერსად ნახავთ. რამდენად საჭიროა აფთიაქების ასეთი სიმრავლე საქართველოში?
_ აფთიაქების რაოდენობა მართლა პარადოქსია. ბევრი აფთიაქი არ ნიშნავს მაღალ კონკურენციას, იმ პირობებში, როცა მათი უმეტესობა საბაზრო ძალაუფლების მქონე სამ კომპანიას ეკუთვნის. ჩვენი მოცემულობაა აფთიაქების დიდი რაოდენობა და დაბალი კონკურენცია. ბაზრის წამყვანი აქტორები კონკურენტობენ მხოლოდ სივრცის გეოგრაფიულ დაფარვაში და არა ფასებით.
საქართველოში აფთიაქები საბაზრო ძალაუფლების მქონე დისტრიბუტორების სარკმელია, საიდანაც პერსონალზე აგრესიული მარკეტინგული ზეწოლით ხდება წამლების გაყიდვა, ასეთი არცერთი არ გვჭირდება; მაგრამ გამოსავალი არის არა მათი რაოდენობის მხოლოდ შემცირება, არამედ ყოვლისმომცველი სააფთიაქო რეფორმა!
აფთიაქების სიმრავლე კი არ ამცირებს ფასს, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ ზრდის. წამალზე მოთხოვნა იქმნება სამედიცინო საჭიროებებით, რომელიც თავის მხრივ კავშირში არ არის აფთიაქების რაოდენობასთან. თუ ამ საჭიროებას მომხმარებელს პირობითად ასი აფთიაქი მიაწვდის, მათ საოპერაციო ხარჯებისთვის და განვითარებისთვის გარკვეული თანხა რჩებათ, მაგრამ თუ იგივე რაოდენობას გასცემს ათასი აფთიაქი, მათ შემოსავალი უმცირდებათ. ამიტომ ხორციელდება აგრესიული მარკეტინგი, რათა მეტი გაყიდონ. ამ მოდელირებაში რაციონალურ მოხმარებაზე საუბარიც ზედმეტია.
_ ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს არ დაწევენ, სახელმწიფო აფთიაქებს შექმნიან და ფასებს ასე დაარეგულირებენ. ეს რამდენად რეალურია და რა შედეგის მომცემი იქნება?
_სახელმწიფო აფთიაქები — მოკლევადიანი ინსტრუმენტია, გაცილებით უფრო ეფექტურია ბაზრის კონკურენციის გაუმჯობესება. ჩვენ გვჭირდება, პრობლემის სისტემური გადაწყვეტა და ბაზარზე კონკურენციის დამკვიდრება. თუ ამ ნაწილში სახელმწიფო აფთიაქები საჭირო იქნება, ეს უნდა დასაბუთდეს. ცალკე ამ ინსტრუმენტის შემოღება შეიძლება წამგებიანიც აღმოჩნდეს, ვინაიდან სახელმწიფო მენეჯმენტის ეფექტურობა სადავოა.
თამარ შველიძე

