ერეკლე მეორეს ხმალი არ აქვსო... თურმე ჰქონია!
2025 წლის 24 სექტემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგა. ამ ძეგლის ესკიზი ცნობილ მოქანდაკეს, აწ გარდაცვლილ მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის, რომელიც ავტორი გახლავთ თელავში 54 წლის წინათ დადგმული ერეკლე მეორის ძეგლისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნაცებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა კვლავაც ატეხეს უსაგნო ჯღავილი და ქოთქოთი - ერეკლე ხმლის გარეშე რატოაო? ეგა ერეკლეს კი არა, მიხეილ ყაველაშვილს ჰგავსო... არა, ყაველაშვილს კი არა, ბინ ლადენსა ჰგავსო... ,,ქართული ოცნება“ ,,გეორგიევსკის ტრაქტატ-2“-საც მოაწერს ხელსო. მოკლედ, ყველაფერი ითქვა და იმაზე მეტიც ითქვა, რის თქმაც შეიძლებოდა... ისაო, ცხენი ლურჯი რატომ არისო? ,,ქართული ოცნების“ ფერია საარჩევნოდო? არაო, თქვა ზოგიერთმა, ლურჯი კი არა, ეგ მწვანეაო. მთავარი კი მაინც ის იყო მთელ ამ აურზაურში, რომ რუსეთუმე ,,ოცნებამ“ რუსეთუმე მეფეს ძეგლი დაუდგა. თუ აქამდე მხოლოდ ლევან ბერძენიშვილი ლანძღავდა საქართველოსთვის სხეულდაფლეთილ მეფეს, ახლა ყველამ აიშვა და ყველამ გამოაჩინა ე. წ. ევროპიული ღოჯები.
ესენი იმ მეფეზე ღლიცინებენ, რომელმაც 60 დიდი ომი გადაიტანა და ტანზე 80-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. იცით, ვინ იბრიქება დღეს და ლანძღავს ერეკლეს? ცხოვრებაში ერთი ხე რომ არ დაურგავთ ...
აი, რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:
„თავის დროზე, როდესაც ყველზე დიდი ზეწოლა იყო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ელჩი შეხვდა ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს და დაიწყო მასთან სრულიად გაუგებრად ერეკლე მეორის ლანძღვა. ამის შემდეგ, მე მქონდა შეხვედრა ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან, იმავე საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენელთან და იმანაც უცბად დაიწყო ერეკლე მეორის ლანძღვა. აქედან ერთ კვირაში გამოიყვანეს ბატონი ბერძენიშვილი, ფსევდო მოაზროვნე და მას გაალანძღვინეს ერეკლე მეორე. აქედან ჩანს, თუ როგორი კოორდინაციაა აქაურ აგენტებსა და მათ პატრონებს შორის. ძალიან დიდი აგრესიაა ერეკლე მეორის მიმართ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო და ამას ვერ ეგუებიან ჩვენი უცხოელი აგენტები და მათი პატრონები“.
რატომ ლანძღავენ ასე თავგამოდებით უცხოელი პოლიტიკანები ერეკლე მეორეს? ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ასე მიგვანიშნებენ, რომ, ვისაც რუსეთთან რაიმე კავშირი ჰქონდა წინა საუკუნეებში, ის აუცილებლად უნდა შევიძულოთ და ჩავდოთ მიწაში. მეორე - ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს სალაყბოდ გამოშვებული ჰყავთ საკუთარი ენის მღეჭავი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ერეკლე მეორე დეგენერატი იყო. თან პროვოკატორობს, ეს სიმართლეა, რამდენიც უნდათ, იმდენი იხტუნაონო... კაცი, რომელიც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობას გაყიდის, მოღალატეც არის და იდიოტიცო. უყურებთ, ეს კრეტინი რამდენს ბედავს? რატომაც არა? დაავალეს და ბედავს. მისი გონება ვერ ხარშავს იმ დროის პერიპეტიებს, ვერ აცნობიერებს, რა საფრთხე ააცილა ერეკლე მეორემ საქართველოს მაშინ, როცა აღა-მაჰმად ხანი წასალეკად იყო მომდგარი. რა, არ გამოეკიდნენ უკან გაბრუნებულ აღა-მაჰმად ხანს და არ მოახსენეს, ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო? მარტო მეზარბაზნეებზე მიუტანეს მოღალატეებმა აღა-მაჰმად ხანს ამბავი? განა ისიც არ უთხრეს, 35-ათასიანი არმიით ხარ მოსული, ერეკლეს მაგის ნახევრის ნახევარიც არ ჰყავს, უკან რად იხევო? შემობრუნდა მოღალატეების მიერ შეგულიანებული მტარვალი და საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგა. რამდენიც უნდა იბოდიალოს ლევან ბერძენიშვილმა, ეს იყო საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი. აკი გამოაპანღურეს ლევან ბერძენიშვილი თელავიდან, მაგას კახეთში საერთოდ აღარ ჩაესვლება, მახსოვს, ტუალეტის კართან ,,საპატიო დაფაც“ დაუკიდეს, მაგრამ ეს მაინც განაგრძობს პატრონების დავალებით ქართველი მეფეებისა თუ ღირსეული ადამიანების ე. წ. გაცამტვერებას. ეს არის საქართველოს ისტორიაზე თავდასხმა, ქართული კულტურის წაშლის მცდელობა. ისიც მახსოვს, 2003 წლამდე ილია ჭავჭავაძეს იყო გადაკიდებული, ყველგან ამტკიცებდა, მე ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტს, არ ვიცნობო. მერე დავით აღმაშენებელსაც გადაეკიდა, მაგისი შთამომავლები დეგენერატები იყვნენო. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ზის ეს უმიჭო მწიგნობარი ახალგაზრდებთან და ასე ურეცხავს ტვინებს. მერე გვიკვირს, საიდან ჩნდებიან ასეთი შტერი გოგო-ბიჭები?
ჰო, კინაღამ დამავიწყდა... ჩვენს ყოვლად განსწავლულ საზოგადოებაში ისიც შეუნიშნავთ, მეფე ერეკლე მოქანდაკეებს ცხენზე უნაგირის გარეშე შეუსვამთო. როგორც ჩანს, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე წინა ცხოვრებაში ერეკლეს ეჯდა ცხენზე ჟამთააღმწერლად და იცის, უნაგირის გარეშე რომ არ ჯდებოდა ცხენზე. ბევრმა ისიც კარგად იცის, როგორი სახე და ტუჩ-ბაგე ჰქონდა იმ დროის მბრძანებელს, როგორი აღნაგობისა იყო და როგორ უთამაშებდა წარბ-წამწამი.
ერეკლე მეორეს ხმალი პირველ დღეს არ ჰქონდა, ეგ მერე გამოაჩინესო. ერთმა სურათიც კი დადო სოციალურ ქსელში, ნახეთ, ზუსტად თემურ ლენგის ასლიაო. მეორემ - ცხენს ფეხი რაღაცნაირად აქვს აწეული, მეფე უხერხულად აჩერებსო. მესამემ - არა, ეგ ცხენის გაჩერება კი არა, ,,დატორმუზებააო“. მეოთხე შეეკამათა, კი არ ,,ატორმუზებს“, ,,რაზგონს“ აღებინებსო.
მეგობრებო, ერეკლე მეორის ძეგლმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის ,,ყველაფერჩიკობა“, განსწავლულობა და აზრიანობა. არ გჯერათ? გააჩერეთ ნებისმიერი გამვლელი ქუჩაში და უთხარით, იმუშავებს თუ არა პრემიერ-მინისტრად ან პრეზიდენტად? ჯერ ერთი, ეგრევე დაგთანხმდებათ და თან დაგემდურებათ - რატომ დააგვიანეთ, აქამდე რატომ არ შემომთავაზეთო. თქვენ გგონიათ, ვაჭარბებ? ამას წინებზე დაწერა ერთმა... უფრო სწორად, იკითხა და თვითონვე უპასუხა - 4 ოქტომბრის მერე საქართველო ვინ უნდა მართოსო? ვინ და მათ, ციხეში სინდისის პატიმრები რომ სხედანო, მაგათ გავათავისუფლებთ და ეგენი დაინიშნებიან წამყვან თანამდებობებზეო. მშვენივრად შეუნიშნავთ ჩვენს წინაპრებს, ცარიელ თავთავი მაღლა იწევს, სავსე კიდევ დაბლაო. ცარიელმა თავთავებმა ყველაფერი იციან ერეკლეს ძეგლის ნაწიბურებისა და გადაბმის ადგილების შესახებაც კი, თან ისე იციან, წვეთი არ გაუვა.
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ბევრმა თავისი ადგილი არ იცის და ბევრი კიდევ შეუძლებელს ეპოტინება. ეს სიტუაცია მაჭრის დუღილს მაგონებს, ჯერ დურდო ზემოთ იწევს, შემდეგ კი აუცილებლად დაიწმინდება და თავანკარა ზემოთ წამოვა.
დიდება ერეკლე მეფის ხსოვნას!
გელა ზედელაშვილი

