ბოლომდე მაინც ვერ გავიგე...

ბოლომდე მაინც ვერ  გავიგე...

ტრამპი ძია ჩემი ჯილაა _ დავაჯახებ, ვისაც უნდა!
მოჩვენებებთან მოსაუბრე მთვლემარე ჯო არ მომწონდა, სამთავრობო შეკრებებზე ძალზე ხმამაღლა იცლებოდა გაზებისგან. ამას აღარაფერი ეშველებოდა, მაგრამ ომის გარდა სახელმწიფო გადატრიალებები რომ მოსწონდა, მე მაგრად არ მომწონდა. იქნებ, არც თვითონ მოსწონდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ისიც აღარ იცოდა, რა მოსწონდა, ფასონად დაფარფატებდაა. ის კი ახსოვდა, რომ ბიძამისი (ემბროუზ ფინეგანი) პაპუა გვინეელებმა შეუჭამეს და ეს მაიცდამაინც მაშინ გაახსენდა, როცა სტუმრად იყო პაპუა გვინეაში. გადაირივნენ სტუმრები _ კი, ბატონო, ავიაკატასტროფაში მოკვდა, თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბიძაჩვენებმა შეჭამეს 1944-ში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვჭამთ ყველაფერ თეთრს, რაც ციდან ცვივაო. გამართო ჯომ, მაგრამ ჩემი ჯილა ვერ გახდა.
ობამა იყო და ისეთებს აბრეხვებდა მომღიმარი, იფიქრებდი, კაიფარიკებისა და ჰომოსოქსუალებისგან პირდაპირ აშშ-ის პრეზიდენტებად ყალიბდებიანო. აქაოდა, 19 საათის შემდგ აღარ ვჩანვარო, გაექანა და მოაოხრა ლიბია-სირია. რათა, შვილო, რათა!
არც ჯორჯ ბუში მომწონდა - ისე გააქნ-გამოაქნია კურტუმო „შალახოს“ ჰანგზე, რომ როსტომ-ხანმა თავი წამოსწია საიქიოდან. ჯანდაბას, ვაპატიებდი, მაგრამ ფაქტ-ჩეკერებმა იმის გამო დამსაჯეს, რაც ჩემი თვალით ვნახე _ 2005 წელს საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსს თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე ქართული ხალხური ცეკვა „შალახო“ არ უცეკვია. ვიზიტისას შესრულდა ქართული მუსიკალური ნომრები, თუმცა ბუშის ცეკვა, მათ შორის შალახოზე, სიმართლეს არ შეესაბამებაო. იმათ კი მივუწერე, რატომ მსჯით, მაშ რაზე გაიქნია გავა, „კინტაურზე“-მეთქი? მაგრამ დამსაჯეს და ეგეც „არ მევასება“ ტიპია _ თუ გეცეკვება, იცეკვე, რას ასჯევინებ ჩემს დიდებულებას? ამასაც წამოუფრინა და ხან ერაყს ეცა, ხან ავღანეთს...
ისე, ეს კვიცი გვარზე ხტოდა, რა ექნა _ მამამისი ერაყს ეცა და ეს იყო სპარსეთის ყურის პირველი ომი. დაოკდა? - არა. პანამაში შევარდა და ოპერაციის სახელი დაარქვა: ოპერაცია „სამართლიანი მიზეზი“.
მიზანი თქვი, თორემ მიზეზს თითიდანაც გამოწოვს მიზეზიანი კაცი. მიზანი პანამის დიქტატორის, მანუელ ნორიეგას დამხობა იყო, რომელიც თურმე ჩართული იყო ნარკოტრაფიკში და საფრთხეს უქმნიდა პანამის არხის უსაფრთხოებასა და იქ მყოფ ამერიკელებს. ვერ გავიგე, ნარკობარიგობა არხთან რა კავშირშია? კარგი, არის _ ჰოდა, გაიყვანე ის ამერიკელები იქიდან! ან სულაც, იქ რა უნდათ ამერიკელებს?
შედეგი: ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ნორიეგა დაატუსაღეს და აშშ-ში გაასამართლეს. 
 აი, თურმე, ვისი წამხედურობით ატეხეს ჩემი ჯილა!
დაოკდა, რო? იშვლიპა და სომალიში შევარდა! და თან „მისია“ და „ოპერაცია“ დაარქვა ამ შევარდნას _ ოპერაცია „იმედის აღდგენა“-ო. თურმე აშშ-ში, ვაშინგტონში მყოფი ბუში უფროსი მაგრად წუხდა, რადგან მოგადიშოში და მთლიანად სომალიში, რომელიც აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, სამოქალაქო ომითა და შიმშილით დაზარალებულთათვის გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა ზეციდან ნაკარნახევი მისი მისია იყო, მაგრამ ადგილობრივი მეომარი დაჯგუფებები „აჩმახებდნენ“.
ქლინტონი იყო და, მთლად აშშ-ის შემარცხვენელი გამოდგა და აქ მე შემრცხვა _ ბიჯო, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რომ არ იცელქო, ოთხკუთხედი ოთახები დაილია? ამ სექსუალურად აღტკინებულმა საქსოფონისტმა იფიქრა, ახლა რა ჩავიდო პირში საქსოფონის ტუჩის ნაცვლადო და ვნებამოძალებულმა ისე დაჯიჯგნა ბოსნია და კოსოვო, სტატისტიკაში გადავიდა მათზე ჩამოყრილი ბომბების რაოდენობა;
მაგარი მსახიობები არიან აშშ პრეზიდენტები, მაგრამ ჩემ ჯილასთან ვერავინ მოვა, თვით შეჭმარიტად მსახიობი რონალდ რეიგანიც კი! 
მე და ედუარდ შევარდნაძეს ერთნაირად გვესიმპათიურებოდა რეიგანი, მაგრამ ჩემი ტესტი ჯილობაზე ვერ გაიარა _ შევარდა ხან ბეირუთში და ხან გრენადაში. ერეკლესა და ყურებიანი ქუდისა არ იყოს, სად ლიბანი და სად გრენადა, მაგრამ ჭეშმარიტი ამერიკული ჩვეულება _ სხვადასხვა ქვეყნებში შევარდნა, რჯულზე უმტკიცესია.
აშშ-ის ყველა პრეზიდენტის  ჩამოთვლა კი არ მეზარება, მათ მიერ მშვიდობის სახელით ჩადენილი ბოროტებების ჩამოთვლა მთელ გაზეთში არ ჩამეტევა და ტყუილად რატომ გავიხსენო? 
 ჯორჯ ვაშინგტონი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი, ჯეიმს მონრო, ჯონ ქვინსი ადამსი, ენდრიუ ჯექსონი, მარტინ ვან ბურენი, ვილიამ ჰენრი ჰარისონი, ჯონ ტაილერი, ჯეიმს პოლკი, ზაქარი ტეილორი, მილარდ ფილმორი, ფრანკლინ პირსი, ჯეიმს ბუქენენი, აბრაამ ლინკოლნი, ენდრიუ ჯონსონი, იულიუს გრანტი, რუტერფორდ ჰაიესი, ჯეიმს გარფილდი, არტურ ჩესტერი, კლევლენდ გროვერი, ბენჯამინ ჰარისონი, ვილიამ მაკკინლი, თეოდორე რუზველტი, ვილიამ ჰორვარდ ტაფტი, ვუდროუ ვილსონი, ვარენ ჰარდინგი, კალვინ კოლიდჯი, ჰერბერტ ჰუვერი, ფრანკლინ რუზველტი, ჰარი ტრუმანი, ვაით ეიზენჰაუერი, ჯონ კენედი, ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, ჯერარდ ფორდი, ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ უფროსი ბუში, ბილ კლინტონი, ჯორჯ უმცროსი ბუში, ბარაკ ჰუსეინ ობამა, ბაიდენი _ ამათგან თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება მშვიდობის მტრედისმაგვარი...
ტრამპიც კაი ხვითოა ამ მხრივ, მაგრამ ისეთი ორიგინალური ტუტუცია, მსგავსი არ ურევიათ პრეზიდენტების გალერეაში. ცირკი დღემდე მიყვარს, მაგრამ დღემდე ვერ ვიგებ კლოუნების ხუმრობებს, ტრამპის ხუმრობებს, თვით საომრსაც კი, ადვილად აღვიქვამ და ამიტომაც გახდა ჩემი ჯილა. 
 აბა, ამას რომ იტყვის ტიპი, აშშ-ის პრეზიდენტი ირანული გემების დაკავებაზე: დავაკავეთ გემი, დავაკავეთ ტვირთი, ნავთობი, ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია _ ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც მეკობრეებიო, - არ დარჩები ყურებამდე გაღიმებული და საინტერესოდ გაოგნებული? ამის თქმიდან ორი ნაბიჯია დარჩენილი იქამდე, რაც მე აქამდე მოკლედ ვთქვი აშშ-ის პრეზიდენტებზე.
ან ეს რად ღირს, პირდაპირ ათიანში გაარტყა!
რეპორტიორი: გაბრაზებული ხართ ჩინეთზე, ირანს რომ ეხმარება?
ტრამპი: არა... არა... არა! ჩვენც იგივეს ვაკეთებთ სხვა ქვეყნებთან, ასე არ არის? ვერაფერსაც ვერ იზამ.
ეს მხოლოდ პასუხი არ არის. ეს ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი პასუხია. მწარე სიმართლეა, მაგრამ ტრამპმა ეს ყოველგვარი დიპლომატიის, პირფერობისა და შიშის გარეშე გააკეთა.
სიმართლე სიცრუის ეპოქაში _ ეს დაუძლეველი ძალაა! ჰოდა, მთლად ბოლომდე რომ ვერ ვიგებ, ტრამპი სიმართლისმოყვარეა თუ ტუტუცი, ამიტომაც გახდა ჩემი ჯილა!
მე ხომ ცნობილი ბუტია ვარ, ჰოდა, ეტყობა, ქვეცნობიერად გახდა ჩემი ჯილა ჩემსავით ბუტია ტრამპი _ ჰოდა, ამიტომ, გერმანიის მსგავსად, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც არ გამორიცხავს. იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით, რეალურად, არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი: „კი, ძალიან მსურს თქვენგან დახმარება“. მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ, თუ არა ამას“, ჰოდა, ვნახე და სულ კარგად ბრძანდებოდნენო.
ჩემი ჯილას ფესვები უეროვნებო, ანუ ამერიკული არ არის, გერმანულია, მაგრამ ეს უფრო აუხსნელს ხდის მის სიპათიებს პუტინისა და სი ძინპინისადმი. პოლიტიკა და ეკონომიკა გვერდზე გადავდოთ, მხოლოდ მე მეჩვენება, რომ პირადი სიმპათიები აქვს ამ ორისადმი? 
კარგად მახსოვს, აგერ ახლახან რომ მოუწოდა სი ძინ პინმა აშშ-ს: ნატო-მ ომი და კატასტროფა მოუტანა ამ რეგიონებსა და მათ ხალხებს, უკრაინიდან ავღანეთამდე, ერაყიდან ლიბიამდე. შეერთებულმა შტატებმა უნდა დატოვოს ნატო, ის სავსეა აბსოლუტურად გიჟებით. აშშ-ს არანაირი უსაფრთხოება არ აქვს იქ, მხოლოდ დიდ ომში ჩათრევის შესაძლებლობააო. ახლა რაც წამოიწყო ტრამპმა, სი ძინპინის რჩევის დასაწყისის დასაწყისი არ არის?
ჩემი ჯილა!
რეპორტიორი ეკითხება: ხომ არ მიდის საუბარი იმაზე, რომ მომავალში ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროთ, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მიმართ სროლა განხორციელდაო?
ტრამპი პასუხობს: არ ვიცი, რამდენად შევძლებ 20 ფუნტით (დაახლოებით 9 კგ) უფრო მსუქანი გამოვჩნდე. ამ ბიჭებიდან [მცველები] ზოგიერთი ნამდვილი ათლეტია. ზოგიერთი მათგანი ისეთი დაკუნთულია, რომ მათ გვერდით დგომაც კი არ მინდა. არა, არ ჩავიცვამ, მირჩევნია მესროლონ, ვიდრე თქვან, რომ გავსუქდიო. 
ვაჰ, რა „მასტია“! ჰო, სიმსუქნე მხოლოდ ენაზე განთავსებული რეცეპტორების ჰობია...
რა ამ სიტყვის პასუხია და, ტრამპთან შეხვედრამდე, რომ ითქვა, ნიუ-იორკის სოციალისტმა მერმა, ზოჰრან მამდანიმ ბრიტანეთის მეფეს მოუწოდა კოლონიური წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოს, „კოჰინურის“ ბრილიანტის დაბრუნებისკენო, ჩემი ვაჭრული სულის მქონე ჯილას „ნაკოლი“ მგონია. მამდანს კი ეცოდინებოდა ამ ბრილიანტის ამბავი, მაგრამ „მწვანეს“ ტრამპი აუნთებდა, ასე მგონია. 
ეს ფასდაუდებელი ბრილიანტი (105,6 კარატი. თავდაპირველად უფრო დიდი იყო, მაგრამ მოგვიანებით გადაამუშავეს და დაპატარავდა) აღმოაჩინეს ინდოეთში, დაახლოებით XIII–XIV სს. სახელი „კოჰინური“ სპარსულად ნიშნავს „სინათლის მთას“. ბრილიანტი საუკუნეების განმავლობაში გადადიოდა სხვადასხვა მმართველის ხელში - ინდოეთის, სპარსეთის, ავღანეთისა და სიქჰთა იმპერიის ლიდერებს შორის. 1849 წელს, ბრიტანეთის იმპერიის მიერ ინდოეთის დაპყრობის შემდეგ, ბრილიანტი მიიტაცეს და ბრიტანეთის სამეფო ოჯახს გადასცეს. ამჟამად ის ინახება ბრიტანეთის სამეფო საგანძურში და ჩასმულია ჩარლზის ბებიის, ელისაბედ (დედა) დედოფლის გვირგვინში, რომელიც ლონდონის ტაუერშია გამოფენილი.
ტიპს ფეხებზე ჰკიდია „ბალი ათი შაური“, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და როგორც საჭიროდ თვლის, ისე იქცევა, მერე კი სძინავს სუფთა სინდისით, სრულებით არ აინტერესებს, ადრესატებისგან ვის როგორ დაეძინა იმ ღამეს. 
თვითონ ხომ შედევრია და აშშ ომის მინისტრიც თავისნაირი იპოვა, ფაქტობრივად, მის სტილზეა გადაწყობილი:
მოულტონი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი:
_ ფიქრობთ, რომ ირანთან ომს მოვიგებთ?
ჰეგსეთი: ნამდვილად.
მოულტონი: ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვას გამარჯვებად მიიჩნევთ?
ჰეგსეთი: ბლოკადა, რომელიც ჩვენ გვაქვს…
მოულტონი: ანუ მათ დაგვბლოკეს და ჩვენ მათ ბლოკადას ვუბლოკავთ? ეს ჰგავს იმას, თითქოს პრეზიდენტი მედისონი ამბობდეს, ბრიტანელებმა ვაშინგტონი გადაწვეს, მაგრამ ნუ ნერვიულობთ, ჩვენც დავწვავთო.
„პრიკოლები“ არიან, ოღონდ, რაღაც სხვანაირები, ხან ჭრიან და ხან კერავენ... 
კორეას დასცინიან, მზეზე ვითომ კოსმონავტები დასვესო და, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ბარონ მიუნჰაუზენს ეჯიბრებიან ფანტაზიებში, თან არც ის ანაღვლებთ, რომ გაციფრულებულ მსოფლიოში ოხუნჯობენ. 
უკვე მეორედ გაიმარჯვა აშშ-მა ირანზე... დილას ომს ამთავრებს, საღამოს ისევ ომს იწყებს, ან პირიქით და დამნაშავე მაინც ირანია, „ცუდად იქცევა“! 
ის უკვე წვრილმანებია, ბლოკადებს რომ ბლოკავენ... ტრამპზე ტომებს დავწერდი გლახაობა-გლახაობით, მაგრამ არ მცალია, იმას ვარკვევ, 8-ლარიანი საქონლის ხორცი როგორ ხდება 32 ლარიანი.
ჩემი შემაჯამებელი სიტყვა ასეთია _ ტრამპი ჩემი ჯილაა, მაგრამ გაუმარჯოს დენ კეინს!
 აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა გენერალმა დენ კეინმა ბირთვული კოდების მიცემაზე სამი თითის კომბინაცია უჩვენა ტრამპს, თორემ ახლა ამას ვერც მე დავწერდი და ვერც თქვენ წაიკითხავდით, კარგი იქნებოდა, თავშესაფრებში თუ ვისხდებოდით აბაბანებულები...
ზურა ოშხერელი