ღიმილით გავაცილოთ 2025 წელი
პირველი ნაწილი
ძალიან მინდოდა, სერიოზულად შემეჯამებინა გასული წლის ავკარგიანობა, მაგრამ რომ გავიხსენე, როგორ დაიწყო, _ უსამშობლოები ამდენი ახალი წლისა და სხვა საზეიმო დღეებისგან აშკარად მძიმე გამოყოლილში რომ იყვნენ, ჰანგმა გვერდზე გადაუხვია.
ვაჰ, ბიჯო, წლის დასაწყისშივე რამდენი ვიცინე, იაგო აღშფოთებული რომ იყო, საპროტესტო აქციებზე მდგომებს ჯარში იწვევენო; ეტყობა, „ოცნებას“ პატრიოტები ჰგონია დასავლეთის შნირ-აგენტობა _ რა უნდა ჯარში ლიბერალს, ის ასო-ზე უნდა იჯდეს და ხელში „გრანატა“ კი არა, გრანტი უნდა ეკავოსო: წინადადება მაქვს, „ტვ პირველის“ ეზოში დადგათ ხაზარაძის დიდი ძეგლი და ჟურნალისტებს დავავალოთ, რომ დილა-საღამოს ემთხვიანო,…_ მე რა ვიცი სადა!..
ამ ამბავზე არ მქონდა მოთავებული სიცილი და ეგვიპტური მუმიის სწორფერმა ლანა ღოღობერიძემაც ფეხი გამოჰყო, დოისთან, მეც ნახირ-ნახირაო. ამ ამბავთან დაკავშირებით ბატონმა დავით ქართველიშვილმა ისეთი თქვა, ვეღარ ამოვისუნთქე იმ ყველაფრის წარმოდგენაზე: „ის ძველი ისტორია მახსენდება, რუსეთის როკმუსიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, სტას ნამინმა (ანასტას მიქოიანის შვილიშვილმა) 80-იანებში მიხეილ გორბაჩოვს რომ მიმართა თხოვნით, ჩემი როკჯგუფით მსოფლიო ტურს ვგეგმავ განახლებული სსრკ-ის, „პერესტროიკის“ და „გლასნოსტის“ პოპულარიზაციის მიზნითო. მაინცდამაინც არ გვიცნობენ, ამიტომ ტრიბუნებზე ანშლაგის მიღწევის მიზნით, ამ ტურნეში, იქნებ, ლენინის ფიტული გამოგვატანოო. სცენაზე გვეყოლება, სხვა არაფერი, გასტროლების მერე უკან, მავზოლეუმში დავაბრუნებთო. კომერციული თვალსაზრისითაც „პროფიტი“ იქნება _ შემოსული თანხიდან ნახევარს ან პირდაპირ ბიუჯეტში, ან სოციალისტური ანგოლას მშრომელი ხალხის დასახმარებლად ჩავრიცხავთო. არაო, _ გორბაჩოვმა.
ახლა, დაახლოებით ამისთვის, ლიბერალური ფაშიზმის პოპულარიზაციის მიზნით, „დოის“ რეგიონებში ქალბატონი ლანა გაჰყავს, რომელსაც, ლენინისგან განსხვავებით, მას ატანენ, რა თქმა უნდა, ასევე, უკან დაბრუნების პირობით“-ო.
რას სვამენ ამისთანას და ასე გაბმით, რომ ვეღარ ფხიზლდებიან, ვერც მაშინ დავადგინე და არც ახლა ვიცი, მაგრამ თორნტონ-უილსონის იმედად ყოფნა რომ დღემდე არ არგიათ და სანამ თავის დასაკლავ დანას ბოლომდე არ გამოთხრიან, არ უნდა მოისვენონ?
საწყალი ანტონიო გუტიერეში, კაცს თავი კიტრად მოჰქონდა, გაერო-ს გენერალური მდივანი ვარო და ესენი კიდევ კინაღამ მუგუზლებით დაერივნენ, გაიარე, შე ყაველაშვილის, კობახიძისა და საქართველოს უკანონო პარლამენტის შნიროო.
სხვა აღარაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ვინ დამაცადა? გამახსენდა ლენაჩკა ხოშტარიას ლოთი ძმაკაცები ცალკე პრიკოლები რომ იყვნენ _ მოვკვდი ინტერესით, ვინ შეკრიბა ის პატიოსანი ცხვირგაწითლებული და სახედაფიჟვინებული თბილისელი რუსები?
ვერ გავიგე და მახსოვს _ მტკიცებულებებით დაკავებულები მტკიცებულების გარეშე დაკავებული როგორ იყვნენ, როცა მტკიცებულების გარეშე ამტკიცებდნენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა? დაიფრინეს ქუჩიდან და _ ყველას მოგაკითხავთო!
ამასობაში ტრამპმა აკრეფვა დაიწყო კომპანია „მეტა“-ს 25 მლნ დოლარი შეაწერა. ჩვენი უსამშობლოების პატრონები, ეტყობა, არხეინად იყვნენ და ამათაც ისევ განაგრძეს დოლის რახუნით ქუჩაში წანწალი...
უცბად ხმა გავარდა, მზია კვდებაო და კვდება კი არა, რაღაც ორდენი თუ მედალი უწყალობეს შიგ ევროპიდან. აქეთ დაიბნენ, ვერ გაიგეს, მზია მკვდრად ერჩივნათ, წამებულ გმირად თუ ჯანმრთელ გმირად.
სრულებით არ მეცოდინებოდა, ბობ მენდესი ვინ არის, მაგრამ ეგეც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იყო ჩაციკლული და უცხოეთის აგენტობის გამო ქრთამის აღებისთვის 11 წელი რომ მიარჭვეს, მეამა.
ამასობაში, ყაზახეთმა კაშაგანის საბადოდან ნავთობის პირველი პარტია გამოუშვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენებისთვის და საქართველოში, თბილისსა და გონიოში 6-მილიარდიანი ინვესტიციაც ჩაიდო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ბიჯოო, ისეთი ამბავი ატყდა, ბლეფიადან რომ დაიწყო, პაპაჩემის პაპის ფილთა თოფის ძებნაღა დავიწყე, არაბების შემოსევა ისე თვალნათვლივ დახატეს.
სტრასბურგში ერთმანეთს რომ ჩაეხუტნენ ყარა-მურზა და შოთიკოს თინიკო, ეს რაღამ გამახსენა, მაგრამ ეტყობა, ძალიან გამიკვირდა ეს ჩვენი თეთრყირმიზი ქალი იმ ჩვენის ბაიდენის გადანგრეულს რომ ეხუტებოდა.
საქართველოს დელეგაციამ, მიუხედავად უფლებამოსილებისა, საპარლამენტო ასამბლეა რომ დატოვა და საქმიანობა იმ დრომდე შეაჩერა, სანამ ევროსივრცეში ის ფასეულობები არ დაბრუნდება, რისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს სწრაფვა ევროოჯახისკენ _ ამას რა დამავიწყებს. სათენიკამ, ცხვირს რომ აცმაცუნებდა, სიბრძნე გამოსცრა _ „ქოცებმა“ მასე იციან, სანამ საიდანმე გამოაგდებენ, იძახიან, „მე მივდივარო“, მიტოვებული მიჯნურივით იტყუება, მე მივატოვეო. არადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ლამის თვითმფრინავის კუდზე უტაცა ხელი საქართველოს დელეგაციას, გეხუმრე, არისტაფან, გეხუმრე, კაცოო! გეხუმრე, თეა, შენ რაღა დაგემართა, „შუტკა“ არ გესმისო? მოდით, „სასტავო“, აქა, სად მიდიხართო, მოსვლა თქვენი ნება იყო, წასვლა ჩვენი ნებააო, მაგრამ განაწყენებულმა ქართველებმა „ნწუ“-ო, „ბატკასი“ არ იყოს, Фиолетово-ო.
ეს, კარგი საღადაო ამბავი იყო და ესეც გამახსენდა, _ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო გზის გადაკეტვის დრო მოვიდაო, ხელისუფლების დატესტვა რომ გადაწყვიტეს უსამშობლოებმა და „ბეეე!“ დაუდასტურეს სამსხვერპლოდ განწირულმა ცხვრებმა. არადა, ისინი დიდ მისიას ასრულებდნენ, მე კიდე, ვერთობოდი. გაგახსენებთ _ ფარა სულ ნოტო-ნოტო მირეკ-გარეკეს ტრასიდან, ვაცები ხელწერილების დასაწერად წააბაცბაცეს, მაგრამ მაისურშემოღეღილი მელია რკინის ხელკავით გააცუნცულეს სადღაც. ნანუკა ლობიანიანმა შეიცხადა, „ჩელიაბინსკში კი არა, ტრ***ში ვართო“.
სად მიგყავართო? _ უკითხავს მელიას.
ზღვაზეო, _ უპასუხიათ წესრიგის დამცველებს.
ახლა ზღვაზე რა მინდა, ცივა, ისედაც მომეყინა თავიო, _ შეუცხადებია ნიკანორს.
ნადა, ნიკალაი, ნადაო, _ დაყვავებით უთქვამთ ჩელიაბინსკელ სამართალდამცავებს.
ზოოპარკის მშენებლობა ჯერ არ დაუსრულებიათო, _ გაუპროტესტებია გაკავებულს.
მაშინ, მინდორში გაგიშვებთო, _ დაუყვავებიათ ფორმიან უგულოებს.
ბოლო-ბოლო, სად და როდის გაუშვეს, ვეღარ გავიგე, მაგრამ აფხანიკები ისე ეძებდნენ მთელი საღამო, ეტყობა, ლაგოდეხის ნაკრძალში გაუშვეს და თბილისისკენ გზას ვეღარ იგნებდა...
სხვას უწოდებენ უნიათოებს და, როგორც დიდი ქალთამპყრობელი გოგი იტყოდა, _ თვითონ ერთი ფიორა სიგანის გზა ვერ გადაკეტენ!
მოკლედ, იმდენი იგმირეს და გადაპოლიტპატიმრდნენ, მგონი, თვით უჩა და მისი ცოლიც პოლიტპატიმრებში გაიყვანეს, მამლუქისა არ იყოს, ბუნდოვნად მახსოვს. სექსუალურად აღტკინებული „შპანა“ ატყდა, ყველა დაპატიმრებულის საქმე სტრასბურგის სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს, ჩვენი მოსამართლეები მონები და მოსყიდულები არიანო და იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე მხარემ გამოსძახა, სტარსბურგში კი არა, კანის ფესტივალზე გაასაჩივრეთ, პორნოფილმების განყოფილებაშიო.
ელონ მასკი რომ იყო ის პირველი მერცხალი, რომელმაც ქრონიკული ფაღარათი გაუჩინა საენჯეოეთს, როგორი დასავიწყებელია _ აშშ-ის ლობისტური და იურიდიული კომპანიების საქმეები, რომლებიც უცხოური შემოწირულობების გათეთრებაში არიან ჩართულნი, უნდა გამოიძიონ და დახურონო. საერთოდ რომ აღარ მახსოვდა მისი არსებობა, მაშინ კაკო-ყაჩაღივით გამოხტა დავით დარჩიაშვილი, „მასკი დედა***ნლი იდიოტიაო“.
კარგი რაღაცებიც ხდებოდა 2025 წელს.
_ აჯანყდით! _ იკივლა ეკა კვესიტაძემ და დაჯანყდა, მიხაილ როთიზეღა გადაეწყო, როცა სამშვიდობოს გავალთ, მიხაილ როთს ნამდვილად ეკუთვნის საპატიო თბილისელობაო.
მოკლედ, ისეთი „წკირნოი პალაჟენია“ იყო, ნიკა გვარამიამ არ გამორიცხა, რომ მიმდინარე ქუჩის აქციები, მომავალში, ემიგრაციაში გაეხსენებინა ცრემლების ღვარღვარით. მაშინ ჯერ არ გეგმავდა ციხობანას.
ისეთ რამეებს აკეთებს და მასკი ისეთ რაღაცებს ამბობს, ასე თუ გააგრძელეს, ბოლოს ყველა პუტინის და შალვა პაპუაშვილის დასაცინები გავხდებით, თუ დაცინვა გვაკმარეს, რა თქმა უნდაო, _ კვისინებდა „დიდი ბენზინკალოშიკი“ მერაბა.
კარგი დრო იყო. აწ რევოლუციონერი პაატა ბანის გარშემო რომ აგორდა ვნებათაღელვა, ნახეთ, რეპრესიები სადამდე ავიდა, რას ჰქვია, ოპერისა და ბალეტის თეატრში 70 წლის იუბილეს გადახდის უფლება არ მისცესო, _ აღშფოთებული „ნაცშპანა“ რუსთაველზე დაიძუძგებოდა და „ბურჭულაძეობდა“, თვით მსოფლიო ბანი მამუკა ხაზარაძის სადღეგრძელოს ნეტარად ყლურწავდა და სულ რუსულნომრიანი მანქანებით „ტასაობდნენ“ გადი-გამოდი „სასტავი“.
ის დრო იყო, რომ მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. „ენმ“-მა განცხადება გამოაცხო, დიფ-სტეიტი რეალურია, მაგრამ საერთაშორისო კონგლომერატია, რომელიც დემოკრატიის დასრულებას და ავტოკრატიის დამყარებას აპირებს ყველგან, რათა მხოლოდ ოლიგარქებმა გაიხარონ და ამის ნაწილია ბიძინა ივანიშვილიო. მახსოვს, გაოცებისგან კარგახანს რომ ვაკვარკვალე თვალები და ბოლოს ზეცასღა შევძახე გაოგნებულმა: ყოჩაღ, ბიძო-მეთქი!
უსამშობლო გვარამია და ისედაც უსამშობლო გირჩი ისე ამაყად აცხადებდნენ, ევროპაში მივდივართ საქართველოსა და იმ ხალხისთვის საჩივლელად, ვისაც საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათო, რომ სირცხვილით მე დავიწვი.
ისე განვლო 2025-მა წელმა, რომ ვერაფრით მივხვდი, უკრაინის დროშისფრად გადაღებილი მატრაბაზები დღემდე რატომ არ მიდიან აშშ-ის საელჩოსთან და რატომ არ აპროტესტებენ ყველაფერ იმას, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ჩაიდინა და სჩადის და მხოლოდ თავისთვის რომ იბრიქებიან.
ფიტულების დამწველები, სიაფანდი ჯადობაზები, შემლოცველები და მეგაფონიანი დოლების მრახუნებლები აღარ გამახსენოთ _ მაგათ შეიწირეს ჩემი სახლისკენ მიმავალი ნერვები!
ლაშა ბუღაძე რომ ადგილს ვერ პოულობდა, ზელენსკის კბილებით უჭირავს პლანეტაო და ეშინოდა, სტომატოლოგმა ტრამპმა იმ კბილის ამოღება არ გადაუწყვიტოს და პირი არ დააღოს უცბადო, _ ესეც კარგი იყო.
ვის რა სადარდებელი ჰქონდა, ვეღარ ვიგებდი, მაგრამ „ტაბულა ბოცოლამ“ იგივე თამარ ჩერგოლეიშვილმა ვედრება რომ აღავლინა გირჩ-ჯაფარაზე: ვინმემ შეიზილეთ ეს. უპატრონოდაა, რაც „კეზერამ“ მოიწყინა და ძალიან გვაწუხებს, უპატრონო უსამშობლო, ნამეტანიაო, _ აი, აქ გავთავდი.
იქით ტოპ-ტვინმა დამცა, რა ვქნათ თუ „ფარა“ ამერიკულია, საქართველოში ის არის რუსულიო.
რა სახის ავადობასთან გვაქვს გეგელიას შემთხვევაში საქმე, იმას ვარკვევდი და ბატონმა ზურაბ ქადაგიძემ გამარკვია: ტვინში ჰიპოფიზის ჯირკვალია პასუხისმგებელი ადამიანის განვითარებაზე, თუმცა მის შემთხვევაში, აშკარად კუდუსუნის ძვალია პასუხისმგებელიო.
ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, – მდარე ჩინური წარმოების რევოლუციონერებმა დიდიან-პატარიანად იტინგიცეს და პითაგორასთან იჟღმურტლავეს, მაგრამ უწყვეტი პროტესტის დღეების დათვლამ ფშუტე კვირტები გამოისხა...
ამასობაში, აკოფასი არ იყოს, კოკა-ჭყონიმ შეკრების დასრულებამდე სამი სამზე გაამრავლა და იმდენჯერ უარჰყო „ნაცმო“, მიაფურთხა განვლილ წლებს და 2026 წელს გაუღიმა...
მეორე ნაწილი
მეორე ნაწილი ფრიად მძიმეა, რადგან, ფაქტობრივად „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები“ ჰქვია.
მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩვენს უსამშობლოებს ამერიკის მზე ზღვაში ჩაუვარდათ და გველაშაპმა ტრამპმა გადაუყლაპა!
ესეც კარგი იყო _ აშშ-ის ელჩს საქართველოს თავდაცვის „არალეგიტიმური მინისტრის“ ნახვის და მასთან ლაპარაკის სურვილი ისე მოეძალა, თვითონ ესტუმრა სამინისტროში. ოფიციალურ ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ, „ჩვენი“ კმაყოფილი იყო, „იმათი“ _ მთლად ზელენსკი... ჩაცმულობითაც... _ ტარი აკლდა და სსრკ-ის დროშა იქნებოდა. ჰოდა, კი იჯდა პროტოკოლით გათვალისწინებულ სტუმართა მისაღებ ოთახში და არა მინისტრის კაბინეტში.
ქალბატონი თეა წულუკიანის კომისიამ მთლად წინსწრებით გამოწელა ყველა...
ამას რა უჭირს _ ბატიბუტის მოხალვის დროს, მარცვლებმა ერთმანეთის მიყოლებით რომ იციან გასკდომა, ისე დაიწყეს ციხეში გაქცევა ე. წ. პოლიტიკოსებმა. კი, წალკოტ საქართველოში ციხეც წალკოტი გვაქვს, მაგრამ მაინც ციხეა და ასეთი სიხარულით ციხეში ძალადობით შევარდნა თუ სადმე გამეგოს, მე ვიყო ქუვეითის შპიონი!
ნუ, ახლა, ზოგი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც შეასახლეს, მაგრამ ყოველგვარი გაძალიანების გარეშე დაყაბულდნენ. სხვა კი არა, „დიდი ვივამედელიც“ კი უხმოდ „ჩაჯდა“ და ხუმრობს კიდეც „ციხის მაყურებლად“ დამნიშნეს მგონი და არ ვიციო.
პრეზიდენტის სასახლის რკინის მესერი რომ ხალხს გამოეკიდა და სნეული, მოხუცი პროტესტანტები რუსთაველის გამზირიდან, ცალ-ცალკე კატეგორიაა, მაგრამ მაინც ერთი ფარაა.
საახალწლოდ მთლად კონა-კონა დააწყვეს „შტაბელებად“ საციხე ხალხი და ჩაახუტეს „შკონკას“. ხალხი ამბობდა, დასაჭერი კიდევ ბევრიაო. დასაჭერი იმდენია, ციხეები არ იქნებოდა საკმარისი და კიდევ კარგი, არ მოისმინეს, თორემ პირიქით მოიქცეოდნენ, სად ვაშენოთ ციხეებიო და არასაციხოებს ჩაგვსხამდნენ ციხეში, ესენი ხომ დაეტევიანო...
ეს არ გამომრჩეს _ წლის ტერმინად „აკაცუკი“ გამოაცხადეს და ტერმინშემოქმედად რომ არ დამასახელეს, გული და პაპაჩემის ნაქონი არყის ჭიქა ერთად გამიტყდა...
მოკლედ! მოკლე სალაღობო შემაჯამებელი ოქმი ეს იყო, თორემ წვრილ-წვრილი საოხუნჯო ამბები იმდენი დამიხვავდა დაკოროზიავებული ქვების, ბუმბულგაცვენილი თუთიყუშებისა და გაბუტული ძაღლების სახით, გაზეთის ორი გვერდი კი არა, მთლიანი ნომერი არ მეყოფა...
ზურა ოშხერელი

