მამუკა ხაზარაძის ძველი ჩვენება

მამუკა ხაზარაძის ძველი ჩვენება

„დილეგში“ მყოფი მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების გასაღები ანაკლიაშია და იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს. ლონდონის არბიტრაჟში წააგო, აშშ-ში სასამართლო პროცესი წააგო, საქართველოში პროცესები წააგო, ხანდაზმული თაღლითის იარლიყი მიიწება, მაინც არ ჩერდება, მისი ოცნებაა ანაკლიის პორტის აშენება, ბიუჯეტიდან მილიარდნახევარი ლარის წაღება, პორტის საქმეში გარანტად სახელმწიფოს დადგომა და მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ოქროს სარაიებს აიშენებს, მერე მიხედავს ტერიტორიების დაბრუნების საკითხსაც. ოღონდ ჯერ არ იცის, ანაკლიის პორტით სოხუმი და ცხინვალი რანაირად უნდა დაიბრუნოს. 
კაცო, რაღა დაგიმალოთ და... ამას, ამ მამუკა ხაზარაძეს რომ ვუყურებ, აკაკი წერეთელი მახსენდება. განა აკაკის ჰგავს? მააშ, ცოტაღა დაუკლდება!
ერთხელ „დროების” რედაქციაში ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზედ ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც „ლელოს’’ ფსევდონიმით წერდა. ამ დროს რედაქციაში შევიდა აკაკი და ეგრევე მიაძახა მეუნარგიას:
- სუ, ლელო!
პრინციპში, ამის დანახვაზე აკაკი წერეთელი კი არა, იონა მეუნარგია უნდა მახსენდებოდეს, მაგრამ აქ მთავარი მაინც აკაკის შეძახილია - სუ, ლელო!
ესეც ეგრეა - სუ, ლელო და სუ, ლელო!
ბიჯოოოოოო!
თბილისში წააგო, ლონდონში წააგო, აშშ-ში წააგო, ანაკლიაში წააგო, სართიჭალაში წააგო, ცლუნკაანში წააგო, ხანდაზმული თაღლითის „წოდება’’ აირტყა, ვითამ რატომ აღარ ჩერდება? 
იმიტომ აღარ ჩერდება, ჩემო ძვირფასებო, რომე ეს კაცი სუ ლელოა!
გეგონება ამდენი თაღლითობა არ ეყოფოდა, ახლა კიდე ერთი გაუსკდა - გერმანიის წერას ატანილი ელჩისთვის, სულ ერთ ადგილს რომ აწვალებს, სახლი მიუქირავებია (ავი ენები ამბობენ, თვეში 15 ათას ევროდო) და თურმე არც საშემოსავლოს იხდის, არც არაფერს. თან იძახის, ეგა გაუგებრობა იყოვო. რა გაუგებრობა, კაია 15 ათასი ევრო? არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ელჩი მაგ ფულს ჯიბეში იდებდა და სამაგიეროდ „სუ, ლელოს’’ „აპადერჟკებდა’’. 
გაიგონეთ, რა ყოფილა?
აბა, ახლა მითხარით, რაში ტყუოდა აკაკი იონა მეუნარგიასთან და რაში ვტყუივარ მე მამუკა ხაზარაძესთან?!
კიდევ ერთს გეტყვით: შარშან იყო თუ შარშანწინ, ჩემთან სოფელ მაღაროდან (სიღნაღის რაიონშია ეგ სოფელი) გლეხები მოვიდნენ საჩივრით, იორზე ხაზარაძემ სახნავ-სათესი მიწები წაგვართვა, ცოტა არ არი, ათეულობით ჰექტარია, აზერბაიჯანელებს საძოვრებად მიაქირავაო. აზერბაიჯანელებს რამდენს ართმევს-მეთქი? 21 ათას დოლარს ართმევს წელიწადშიო. ესე იგი, მამუკას ქვა რომ მისცეთ, გაწურავს და ფულს გამაადენს, ბიუჯეტს რანაირად დაინდობს? მაგ ტერიტორიების დაბრუნებაზეც იმიტომ ლაპარაკობს, პორტი უნდა თავისი სახელმწიფო გარანტიებით, რომ მერე უფრო კარგად წველოს მთელი საქართველო.

გელა ზედელაშვილი