ლევან მამალაძე: ყვარყვარეს სინდრომი ქართულ პოლიტიკაში
გვესაუბრება „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:
_ ბატონო ლევან, „სახალხო ხელისუფლება“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. რატომ გადაწყვიტეთ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება?
_ „სახალხო ხელისუფლების“ გუნდმა გადავწყვიტეთ, სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი შევქმნათ. ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების მცდელობა პირადად მე, საპარლამენტო არჩევნებისას მქონდა, თუმცა, უშედეგოდ. ეს რომ შემდგარიყო, ახლა პარლამენტს ალტერნატიული პოზიციის მქონე ძალა ეყოლებოდა, რომელიც მას სხვა დატვირთვას შესძენდა _ საკითხების განხილვისას სხვა თვალთახედვაც გამოიკვეთებოდა, რაც კლასიკური პარლამენტარიზმისთვის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში მიგვეღო. შედეგად, პოლიტიკური პლატფორმა „სახალხო ხელისუფლება“ განვაახლეთ, რომელიც 1996 წლიდან არსებობს, უბრალოდ, აქტიური არ იყო.
დღეს ხელისუფლებაში მოსვლა, არჩევნებში ჩართვა, ერთმანეთის განადგურებაზე, ქიშპობაზე, დაპირისპირებაზე გადის. ამიტომაც შევქმენით ახალი პლატფორმა, რათა ხელისუფლებაში ყოფნა, არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთის განადგურებისთვის კი არა, არამედ ხალხის პრობლემების მოგვარებისთვის გამოვიყენოთ. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ყოფის შემსუბუქებაზე, კომუნალური გადასახადების, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრებოდეს, ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას სთავაზობს. აქვე მინდა, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაგახსენოთ: „ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ სახალხო ხელისუფლება და შევქმნათ პრეცედენტი, როცა ხელისუფლება მოემსახურება ხალხს, როცა ხელისუფლების ჩინოვნიკები, მერები, გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოს წევრები საშუალო მოქალაქეზე უკეთ ვერ იცხოვრებენ“. ბატონ ბიძინას ასე წარმოედგინა ხელისუფლება, თუმცა რატომ ვერ მოხერხდა ამის გაკეთება? _ იმიტომ, რომ ჩინოვნიკებს ხელისუფლებაში მოსვლა საკუთარი ინტერესებისთვის სურდათ და არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. მაღალჩინოსნების დაპირება მხოლოდ ეს იყო: ჩვენ მოვალთ, წინამორბედს გავაგდებთ, გავანადგურებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ანუ, ესაა ყვარყვარეს სინდრომი, რასაც სააკაშვილი ნერგავდა _ მე მოვედი და განათდა, რასაც ხალხს აჯერებდა.
„სახალხო ხელისუფლების“ დევიზია, ხელისუფლებაში ყოფნა მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, მათზე ზრუნვას მოხმარდეს და არა მეტოქის განადგურებაზე ფიქრს. ჩვენ შეგვიძლია, ხალხს ხელისუფლება დავუბრუნოთ. ეს ლოზუნგი კი არა, რეალობაა. დღეს ხელისუფლება იმ პოლიტიკური პირების ხელშია, რომლებიც თავიანთი ინტერესებით მოქმედებენ, არადა, მათი შექმნის წყარო ხალხია. ხალხს რომ მოემსახურო, ამისთვის საკრებულოში მისი წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ და არა დანიშნული პირები, რომლებიც პრობლემებს კაბინეტიდან აგვარებენ, მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან და თავად წყვეტენ, რაში სჭირდებათ დახმარება. ამისთვის კი ათას ტენდერს, კონკურსს იგონებენ, ხარჯავენ ბიუჯეტის თანხას, შედეგი კი არ დგება. დააკვირდით, რამდენი სამუშაო ტარდება, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა. მიზეზი ის არის, რომ ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხალხის ჩართულობას ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და მის მონაწილეობას თავისივე პრობლემების მოგვარებაში.
ტყუილად როდი ვახსენე, ხელისუფლება ხალხს უნდა დავუბრუნოთ-მეთქი. ბიზნესმენები საკრებულოებში შედიან, ტენდერებს ატარებენ, მერე ათას კორუფციულ გარიგებაში შედიან და ხალხი შედეგს ვერ იღებს, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. „სახალხო ხელისუფლების“ ჩართულობის შემთხვევაში კორუფცია არავის ეპატიება. საკრებულო მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს. ჩვენი პლატფორმა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ხალხის სამსახურში იყოს. ხალხს საკრებულოში უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, რომელსაც ენდობა მისი პრობლემების მოგვარებაში. „სახალხო ხელისუფლების“ მოსვლა, ეს ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომელიც ხაზგასმით ამბობს: ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდესო. სხვათა შორის, „სახალხო ხელისუფლების“ გააქტიურება ბევრს არ მოეწონა. კერძოდ, იმ ხალხს, ვინც „ქართული ოცნების“ მანტია მოისხა და ჰგონია, რომ პასუხისგებას აცდება.
დააკვირდით, რა ხდება: მიშას ზონდერებს ჩვენი პლატფორმა არ მოსწონთ. ესენი სააკაშვილის დროინდელი ზონდერები არიან, მერე ახალ ხელისუფლებაში შეძვრნენ და ახლა იქ განაგრძობენ ზონდერობას. ეს ხალხი ცდილობს, მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განაწყოს. მიშას ზონდერები ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ. როცა სისტემის ცვლილებაზე ვსაუბრობ, ამაში ამ ზონდერების მოშორებასაც ვგულისხმობ. ეს არის ჩვენი ძირითადი ფუნქცია. სწორედ ისინი უწყობენ ხელს გაუცხოებას ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
დააკვირდით, როგორ ვითარდება პროცესები: ვინმეს ეგონა, რომ სუს-ის და შსს-ს მინისტრს გაათავისუფლებდნენ, ან თავდაცვის მინისტრს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტი გამოხრა, დაიჭერდნენ?! ან ვინ იფიქრებდა, რომ ვანის საკრებულოს მოქმედი წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ სიაშია, ბიუჯეტის თანხის მითვისების გამო ძებნილად გამოცხადდებოდა? ივანიშვილმა კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გააჩაღა, რასაც მივესალმები. მიშას ზონდერებს ეგონათ, ხელისუფლებაში შევძვრებით და ხელს ვეღარავინ გვახლებსო. აღმოჩნდა, რომ ხელშეუხებელი არავინაა. პრემიერმა განაცხადა: ბატონი ბიძინა, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით რჩევებს გვაძლევს და ჩვენც ვახორციელებთო. კორუფციასთან ბრძოლა, მათ შორის, გუნდის შიგნითაც მიმდინარეობს. როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროზეა ლაპარაკი, იმედია, მალე გაირკვევა, რა ტენდერები ჩატარდა რაიონებში, რა თანხები დაიხარჯა და შედეგი თუ დადგა. კაბინეტებში მოკალათებულებს ეგონათ, პასუხს არავინ მოსთხოვდა. მაგალითად, გადარაბანში კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ იქ რომ ჩახვალ, საშინელი სუნი დგას. სად წავიდა ფული?!
სხვათა შორის, აქამდე არავის დაუყენებია საკითხი _ ტენდერები რომ ჩატარდა და შედეგი არ დადგა, ეს ყველაფერი სახელმწიფო აუდიტს შეესწავლა. ესაა მთელი ფილოსოფია. რა საკითხიც ჩვენ დავაყენეთ და რასაც ივანიშვილი ახორციელებს. ადგილობრივი არჩევნები ხალხის კეთილდღეობას და მისი პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს. „სახალხო ხელისუფლება“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ამ საკითხსაც დააყენებს _ ტენდერებზე სახელმწიფო აუდიტის შესწავლას მოითხოვს. პასუხი ყველას მოეთხოვება. კორუფციას წერტილი დაუსვეს ივანიშვილმა და კობახიძემ. მათ ყველას დაანახეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ.
_ გაერო-ს საიუბილეო მე-80 ასამბლეაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ საქართველო უკვე დაკარგა და ის რუსეთზეა დამოკიდებული.
_ ზელენსკი უზურპატორია, რომელსაც არჩევნების ჩატარების ეშინია. მან ქვეყანა გააუბედურა, ომში ჩართო, ხალხი დახოცა და დღესაც ამ პოლიტიკას განაგრძობს. დიახ, მას არჩევნების ეშინია, ამიტომ ურჩევნია, ომი გაგრძელდეს. ბუნებრივია, მას უადვილდება თავისი ქვეყნის პრობლემების ნაცვლად, საქართველოზე საუბარი. ეს სასაცილოა. თავად კომიკური სფეროს წარმომადგენელმა, უკრაინის თემაც კომიკურ სფეროში გადაიტანა და ეს საქართველოს დაუკავშირა. აქვე, გულდასაწყვეტია, როცა სხვა ქვეყნებიდან დაქირავებული მართული ჯგუფები გაერო-ში ყაველაშვილის ქართულ ენაზე გამოსვლას იწუნებენ. მან ინგლისური რომც იცოდეს და ზედ კიდევ ათი ენა, გაერო-ში საქართველოს პრეზიდენტი ქართულად უნდა საუბრობდეს _ მე ასე მიმაჩნია. მეამაყება, რომ ყაველაშვილმა ქართულად ილაპარაკა და გაერო-ში ჩვენი ძირძველი ენა ჟღერდა, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
_ ახლახან ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ახსენა, რომ ერდოღანს მიმდინარე გლობალურ კონფლიქტებთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. ეს შეფასება სტრატეგიული ხედვის ნაწილია?
_ თურქეთი მსოფლიოში, განსაკუთრებით რეგიონში, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ერდოღანის ქმედებებს ნეიტალურს ვერ დავარქმევდი. ის საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი, გამოცდილი ადამიანია, რომელიც თავის ინტერესებს ახორციელებს. მან რეგიონშიც და ახლო აღმოსავლეთშიც პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმაგრა. არ ვიცი, ტრამპმა ასე რატომ თქვა. ნეიტრალური ნიშნავს, რომ არაფერში ერევი, შენი პოზიცია სხვების ინტერესების გადაკვეთას არ უკავშრდება. ასე ნამდვილად არ არის. ერდოღანი იმდენად ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს, თურქეთი ძლიერდება.
_ ბოლოს, გვითხარით ოთხ ოქტომბერს რა მოლოდინი გაქვთ?
_ ვფიქრობ, ადგილი ექნება პროვოკაციებს, შეტაკებებს, რათა მძაფრსიუჟეტიანი სცენარი დაიდგას.
აქვე გეტყვით, რომ ხელისუფლების მინუსად მივიჩნევ, რომ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა სტრატეგიული ურთიერთობები ევროპასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, მეზობლებთან, რასაც დავეყრდნობოდით.
სუსტი წერტილები გამოყენებული იქნება, რათა შემკვეთს მოქმედების საშუალება მისცენ. ანუ, დასავლეთს, ვაშინგტონს საშუალება მიეცეთ, რათა თქვან: აი, სამასი დღეა, აქცია მიმდინარეობს, ქართველმა ხალხმა ოთხ ოქტომბერს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა და ჩვენც იძულებული ვართ, სანქციები დავაწესოთო. სანქციების ტალღა კი საკმაოდ სახიფათოა, რამაც შეიძლება, მართლა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს. ევროპის მიერ უვიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, ამერიკას შეუძლია, მძიმე საფინასო სანქციები დაგვიწესოს, რაც სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს. ვფიქრობ, გათვლა ამაზეა. რამდენად მოხდება ამ გეგმის რეალიზება, დრო გვიჩვენებს.
თამარ შველიძე

