ველოსიპედი გამოგონებულია, გამოგონება არ სჭირდება!

ველოსიპედი გამოგონებულია, გამოგონება არ სჭირდება!

ამასწინათ, ქალბატონმა ირმა ზავრადაშვილმა თქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ მხოლოდ იმიტომ არის გასასამართლებელი, რომ მან განათლების სისტემაში ისეთი დიდი დანაშაული ჩაიდინა, თაობები გააფუჭა. განათლების სისტემაში ჰიზმეტივით ჩანერგა ისეთი მეთოდოლოგია, რასაც ახალი ქართველი უნდა გამოეყვანა, რომელსაც არც სამშობლო ეყვარებოდა, არც ქართული იდენტობის, რელიგიისა და მართლმადიდებლობის მიმართ ექნებოდა რაიმე სენტიმენტებიო.
აბსოლუტური სიმართლეა! ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც და სწორედ ამაზე დაგვცინა გიგი თევზაძემ, ისე აგაცალეთ თვალწინ თაობები, ვერც კი მიხვდითო. კულუარებში რა ხდებოდა, განათლების სამინისტროში იმ დროს მომუშავე პირებმა იციან, მაგრამ „60 წუთი“ რომ ბატონ ალექსანდრე კარტოზიას დაესხა თავს, იმ წუთიდან ჩემთვისაც მოიხაზა სავალალო მომავლის კონტურები საქართველოს განათლების სისტემაში.
ყველას, ვისაც მართლა შესტკივა გული საქართველოს განათლების სისტემის გადაკეთებაზე გაუნათლებლობის სისტემად, ატანა აღარ აქვს ფრაზისა „განათლების რეფორმა“.
დაახლოებით ორი თვის წინათ იქნებოდა, სოციალურ ქსელში ინფორმაცია დაიდო, რომ ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა. ახლა მოძიება დავაპირე და ინფორმაცია წაშლილია, ალბათ, ფაქტჩეკის მიერ. ეს პოლიტიკურად მიკერძოებული საზოგადოებრივი აზრის ხორცმეტი რაღა გახდა, რომ ვერ მოგვიშორებია? ტყუილი აქედანვე იწყება _ ე. წ. საბჭოთა მოდელი არ იყო საბჭოთა მოდელი, ის პრუსიული მოდელი იყო, რომელსაც დაერთო საბჭოთა ელემენტები, მათ შორის „ოქტომბრელის“, „პიონერისა“ და „კომკავშირელის“ სახით.
შეკითხვაზე, როგორი იყო ქართული განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის დროს? ვიღაცისთვის პასუხი ცალსახაა _ საშინელება! მაგრამ რეალურად კარგი იყო, ყველა შემთხვევაში კი, იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს _ დიდებული!
რა არ იყო მოწესრიგებული? სასკოლო განათლება სავალდებულო იყო. სკოლაში დადიოდა ყველა, უმიზეზოდ არ აცდენდნენ გაკვეთილებს, მობილიზებული იყო დირექცია და პედკოლექტივი. მეტწილად ჭკვიანი, კვალიფიციური, საგნის მცოდნე პედაგოგები იყვნენ, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სახელმძღვანელოებიც ნორმალური იყო როგორც შიგთავსით, ისე წონით. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ესა თუ ის საგანი საფუძვლიანად აეთვისებინა, თუ განვითარებაში ერთგვარი, ყოვლად უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ჩამორჩენა არ ჰქონდა. თითო კლასში საშუალოდ 30 მოსწავლე სწავლობდა და ერთი მასწავლებელი მშვენივრად აუდიოდა ამდენ ბავშვს. მე-9 კლასიდან ხელობის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეეებისთვის არსებობდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი პროფესიას ეუფლებოდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა არავის ჰქონდა „წიკი“, რომ აუცილებლად უმაღლესი სასწავლების დიპლომი უნდა სჭეროდა ხელში. „პოლიტიკა სკოლაში“ უძახეთ და, ის „მარშიროვკებიც“ გვიხაროდა, მოგვწონდა გაკვეთილების გაცდენა და თანატოლების გაცნობა. ეს ბავშვები ვიყავით შემდეგ ის თაობები, რომლებიც გაზეთითა და მხატვრული ლიტერატურით ხელში დავდიოდით ქუჩაშიც და დასასვენებლადაც _ კითხვა და წიგნი გვიყვარდა. „დილა“, „ნორჩი ლენინელი“ და „ახალგაზრდა კომუნისტი“ ჩემთან ერთად იზრდებოდნენ; „კომუნისტი“ ყრილობის მასალების დასაწერად მჭირდებოდა, მაგრამ „სოფლის ცხოვრებასაც“ რატომ გადავავლებდი ხოლმე თვალს, ახლაც არ ვიცი. საკონტროლო წერა მათთვის იყო უინტერესო, ვინც პროფსასწავლებლისკენ იყო მიმართული, თორემ უმაღლესი სასწავლებლისკენ მომართულები უპრობლემოდ ვაზროვნებდით, ვმსჯელობდით და ვწერდით.
არასრულად, მაგრამ ამდენი იმიტომ გავიხსენე, რომ ახლა მოკლედ ვთქვა _ ველოსიპედი გამოგონებულია, ახლიდან გამოგონება არ სჭირდება! რა „განათლების რეფორმა“! მოაშორონ პოლიტიკური დატვირთვა და ხელოვნურად მიკრული საბჭოთა ელემენტები პრუსიულ, ე. წ. საბჭოთა განათლების სისტემას, დაიყვანონ ერთი ერთზე ყოველმხრივ და მივიღებთ იდეალურ განათლების სისტემას. 
ხომ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ე. წ. „განათლების რეფორმა“ წამოიწყეს და დაამთავრეს კიდეც, საბოლოოდ მოეღო ბოლო ყველა მომავალი თაობის განათლებას.
სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს, დაიკაპიწოს ხელები, გამოიბერტყოს ყურები და განათლების სისტემას სერიოზულად მიხედოს, თორემ კიდევ მრავალჯერ მოისმენს სიტყვებს: „მე უცხოეთი მარჩენს პროექტებით და რასაც მომთხოვენ, იმას ვიტყვიო“...
ინტერნეტსივრცეში მრავლად არის ვითომდა სახალისო სხვადასხვა გამოკითხევები _ სიცილი კი არა, ტირილი მოგინდება, ისე პასუხობენ ქუჩაში გამვლელი ტკვარცალა გოგო-ბიჭები _ სულ ერთი თაობაა. შეკითხვაზე: „რა მოხდა 9 აპრილს თბილისში“? პასუხი როგორ უნდა იყოს „არ ვიცი, ჩვენ თბილისელები არ ვართ“, ან რატომ უნდა გეგონოს ნილოსი სვანეთში და წარმოგედგინოს შესაძლებლად დათა თუთაშხიას თურქეთიდან გადმოსვენება... ბოლოს და ბოლოს, რანაირად უნდა თქვა აღშფოთებულმა, რომ ხელისუფლებას, უაზროდ ფულის ფლანგვას, ურჩევნია, რომელიღაც აუტანელ ზაფხულში მზეს დაუწიოს 5 გრადუსით, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. 
რომელი აქცია იყო, რა გამახსენებს, მაგრამ მახსოვს, გადაკეთებული ხატები ჰქონდათ და ერთ-ერთი მომიტინგის დედამ წიგნები მიიტანა, შეშის გამოყენების უფლებას არ აძლევენ და საბჭოთა პერიოდში დაბეჭდილი წიგნები მაინც დაწვან, ცოტა გათბებიან, წიგნი მაინც აღარ სჭირდებათ, ამათ ცოდნა თავში აქვთო და „მოზრდილ შეშად“ ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ამოაძვრინა... დედა ვნახეთ, მამა არ გვინახავს, შვილი გამონახული იყო... 
მრავალჯერ ვიკითხე და ვერავინ მიპასუხა, რა საჭიროებისთვის ჩატარდა სასკოლო განათლების დამანგრეველი რეფორმა _ სწავლის ხანგრძლივობა გაიზარდა 12 წლამდე, როდესაც სასწავლო პროგრამები ნორმალური მე-7 კლასის განათლების დონეს არ აღემატება? 
პრაქტიკულად, გაუნათლებელი ახალგაზრდა 18 წლის ასაკში ამთავრებს „საჯარო სკოლას“ არაფრისმაქნისი არარსებული ატესტატით, რომელსაც საზღვარგარეთის არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ცნობს უბადრუკი სასწავლო პროგრამების გამო. შემდეგ, ეს ახალგაზრდა უნდა მოხვდეს ქართულ „სუროგატ უმაღლეს სასწავლებელში“ უბადრუკი „ეროვნული გამოცდებით“, ან პირდაპირ ჯარისკაცად განმწესდეს _ ამ სასწავლებლების დიპლომსაც არ ცნობს საზღვაგარეთის არცერთი ქვეყანა. 
ენის მოჩლექის, მოფერებისა და დაყვავების დრო ჩავლილია. ახლა ის დროა, სისტემის შეკეთებაზე რომ უნდა ზრუნავდეს ყველა, თორემ მოკლულს აღარაფერი ეშველება სანამ ახალი სული არ შთაებერება. ეს კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ყველას და ყველაფერს ის სახელი დაერქმევა, რაც რეალურად არის!
სანამ „ბოლონიის პროცესს“ (არა მხოლოდ) ვართ მიერთებული „საჯარო სკოლებით“ დაბალი ხარისხის სადენად, მანამდე ივლის ამ სადენში დაბალი სიმძლავრის ცოდნა და უკიდეგანო უწიგნურობის განათლება! 
პროფესორი გაეტანო ფერანტე: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა. მათ გადაწყვიტეს, რომ იტალია ტურიზმის განთვითარებით აღდგებოდა და განათლებაში მთავარი აქცენტები იმ საგნებზე გადაიტანეს, რომლებიც ტურიზმის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო და ყურადღება ტექნიკურ მეცნიერებებზეც გადაიტანეს, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა...“
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა საქართველო, რა გახდა ჩვენი განათლების სისტემის პრიორიტებები? ზვიად გამსახურდიას არაფერი დასცალდა. შევარდნაძის ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრმა ჯორბენაძემ აკადემიკოსები „დააკვალიანა“: ჩვენ ის მეცნიერებები უნდა განვავითაროთ, რომლებიც ნავთობსადენებს მოემსახურებაო. რა „ნავთობსადენთმცოდნეებიც“ განვითარდნენ, ვნახეთ;
სააკაშვილის ხელისუფლებამ საერთოდ „ჩარეცხა“ მეცნიერებაც და აკადემიკოსებიც _ ჩვენ განათლების ისეთი სისტემა გვჭირდება, რომელიც რესტორნებში მიმტანებსა და სასტუმროს მომსახურე პერსონალს გამოზრდისო (ის სხვა საკითხია, საქართველო რომ პოლიციური ქვეყანაც გახადა).
მაშასადამე, „ნავთობსადენმთცოდნეობა“ უნდა გადასულიყო „მოჯამაგირეობათმცოდნეობაზე“. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: „მოჯამაგირეობათმცოდნეობის“ ხაზი აუცილებლად უწიგნურობასა და ინგლისურ ენაზე უნდა გასულიყო _ ალბათ, კონკრეტულად ანგლოსაქსების მოჯამაგირეობა იყო გამიზნული. რაღა „ალბათ“ _ განათლების სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსანმა (შემდგომში, „ილიაუნის“ რექტორი) მიეთ-მოეთეს გარეშე თქვა, რომ განათლების რეფორმის მიზანი საქართველოში ინგლისური ენის სახელმწიფო ენად დამკვიდრება ყოფილა. 
ამერიკაში მონათმფლობელობის დროს, კანონი მოითხოვდა, რომ მონები უვიცები ყოფილიყვნენ. 
სამოქალაქო ომის დაწყებამდე, სამხრეთში, თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც შეეცდებოდა, მონისთვის კითხვა ესწავლებინა, მკაცრ სასჯელს ექვემდებარებოდა. 
„იმისთვის, რომ მონა კმაყოფილი იყოს თავისი პოზიციით, ის არ უნდა აზროვნებდეს“, _ დაწერა მოგვიანებით ბეილიმ. _ „მისი გონება და ეთიკური გრძნობა მიძინებული უნდა იყოს, მიზანშეწონილია, მასში გონების სინათლე მთლიანად ჩაქრეს“. 
ამ მიზეზით, მონათმფლობელები ცდილობდნენ, გაეკონტროლებინათ თუ რას ისმენდნენ, ხედავდნენ და ფიქრობდნენ მონები. 
უსამართლო სოციალურ სისტემაში წიგნიერება და კრიტიკული აზროვნების საფუძვლები საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ დააჩლუნგეს ახალგაზრდები და მიიღეს ის ახალი ქართველები, რომლებსაც რუსთაველზე ვხედავდით და ვხედავთ _ სტუდენტი ყმაწვილი რომ თავს მულტფილმის პერსონაჟთან აიგივებს და არა ეროვნულ გმირთან...
განათლება ამსხვრევს ბორკილებს, მაგრამ მონადქცეული ვერ ხვდება, რომ ბორკილებით არის დამძიმებული _ მას უთხრეს, რომ ის საქართველოს მომავალია და მართლა ასე ჰგონია...
 ფუი, ეშმაკს!
 
მაია ჭელიძე