გმირები და ფსევდოგმირები

გმირები და ფსევდოგმირები

ადრე, ჩემს ბავშვობაში და ცოტა იქითაც, გმირობამდე რომ მიგეღწია,  ან გამარჯვების დროშა უნდა აგეტანა რაიხსტაგზე, ან ტანკს შევარდნოდი, ან ჩაი უნდა მოგეკრიფა რეკორდული რაოდენობით, ძროხები უნდა მოგეწველა ასევე რეკორდული რაოდენობით, რთველი უნდა ჩაგეტარებინა ილუზიონისტური მეთოდებით. მახსოვს, ანეკდოტივით დადიოდა ხალხში, თურმე კახელმა მეღვინეებმა შემოუთვალეს შევარდნაძეს, როცა ცეკას პირველი მდივანი იყო, ყურძნის კრეფას მოვრჩით და რთველი გავაგრძელოთო? იცით, რთველის გაგრძელება რას ნიშნავდა? მოსაკრეფი ყურძენი თუ აღარ იყო და ზემოდან „დაბრო“ იქნებოდა, უკვე ჩაწურულს ღვინის მარნებში წყალსა და შაქარს დააყრიდნენ. მერე შევარდნაძე იქ, ზემოთ, პოლიტბიუროში უპატაკებდა, წელს ყურძნის კრეფის გეგმა 150 პროცენტით შევასრულეთო, ცოტა ხანში მიიწვევდნენ კრემლში, დაჰკიდებდნენ „მენდალსა“ და ბრეჟნევიც ჩაჰკოცნიდა ტუჩებში. ეგეთებიც იყო, მაგრამ გმირობამდე რომ მიგეღწია, მაინც დიდი შრომა და ოფლის ღვრა იყო საჭირო. ყველა არ თაღლითობდა, ყველა არ მაიმუნობდა, ექიმი ექიმობდა, მეცნიერი მეცნიერობდა, მშენებელი თავის საქმეს აკეთებდა, ინჟინერი ინჟინრობდა, კოლმეურნე დოვლათს ქმნიდა, მსახიობი მსახიობობდა, მწერალი წერდა და ყველა სფეროდან არჩევდნენ საუკეთესოებს. რაც მთავარია, ყველგან არსებობდნენ მისაბაძი ავტორიტეტები, რომელთაგანაც ჩვენ ცხოვრებას ვსწავლობდით, მათ სანიმუშო ქცევას ვაკვირდებოდით და ვცდილობდით, დავმსგავსებოდით. შეიძლება ზოგმა თქვას, სხვას რატომ უნდა დავემსგავსო, მე ხომ მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელიო? კი, ბატონო, ყველა ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია, მაგრამ მოზარდს, თუნდაც გაზრდილს, დაუღვინებელს, თუნდაც დაღვინებულს აუცილებლად სჭირდება სამაგალითო წინაპარი, თანამედროვე ავტორიტეტი, რომელთაგანაც სასარგებლოს გადმოიღებს. ჩვენ ისეთებისგანაც ვსწავლობთ, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, რომლებიც საუკუნეების წინათ ცხოვრობდნენ და ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ.
უნივერსიტეტში ჩარიცხვის დღიდან სულ ავტორიტეტულ ადამიანებთან მქონდა საქმე და მათგან ვსწავლობდი. შემდგომში ხშირად მესმოდა, ამ ადამიანებს რომც არაფერი ესწავლებინათ, უბრალოდ, მათ სიახლოვეს ყოფნაც კი იძლეოდა დადებით შედეგსო. ეს იყო სიმართლე, ადამიანი ისე იზრდება, რომელ წრეშიც ტრიალებს. ჩვენ ვისხედით ნოდარ ტაბიძის  ლექციებზე და მხოლოდ საგანს არ ვსწავლობდით. ვისხედით ნიკო ლეონიძის ლექციებზე და მხოლოდ ჟურნალისტიკის თეორიას არ ვსწავლობდით. ჩვენ ვსწავლობდით ადამიანობას. სხვებიც იყვნენ, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ჩვენ შორის კორიფეები დადიოდნენ. შემდეგ იყო გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“, საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობა, იყო სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ავტორიტეტებს გავიცნობდი? ვიმეორებ, თავს არ ვიქებ, უბრალოდ, მინდა ვთქვა, როგორი გავლენა აქვთ ცნობილ, ანუ ავტორიტეტულ ადამიანებს საზოგადოებაზე. ამას წინებზე მურთაზ ხურცილავას ვუთხარი, ჩემთვის ავტორიტეტი ხართ-მეთქი. კაცი გაწითლდა, ესიამოვნა, მაგრამ გაწითლდა, შერცხვა. ასეა, დიდ ადამიანს როცა შეაქებთ, ის უხერხულად იშმუშნება იმიტომ, რომ ძალიან თავმდაბალია. ის დიდთან დიდია, პატარასთან პატარა, საბედნიეროდ, უკვე 25 წლის ასაკში ისეთ ადამიანებთან დავმეგობრდი, ისეთებმა დამიმეგობრეს, მე თვითონ მიკვირდა, ხან არც კი მჯეროდა. აბა, გივი ბერიკაშვილი რომ გადაგხვევს ხელსა და ქუჩაში ჩაგატარებს, რანაირად უნდა დაიჯერო? ომარ კელეპტრიშვილი რომ დაგირეკავს, არიქა, სასწრაფოდ ამა და ამ ადგილზე მოდი, საქეიფოდ მივდივართო, ან ეს რანაირად უნდა დაიჯერო? გოდერძი ჩოხელი რაღაცას რომ წაგაკითხებს და აზრს გკითხავს, ან ეს რანაირად უნდა დაიჯერო?
 დღეს რა ხდება   _ ყველას გმირობაზე აქვს პრეტენზია, ვინც კი ორი დღით „კაპეზეში“ მოხვდა, ყველა გმირად შერაცხეს და მეტიც, აღარც უფროსი არსებობს, აღარც უმცროსი, აღარც ხანდაზმული, აღარც ღვაწლმოსილი, აღარც გავლენიანი, აღარც სამაგალითო, აღარც სანიმუშო. ამიტომაც გაირყვნა რამდენიმე თაობა და წაიბილწა საზოგადოების ნაწილი _ ვსაუბრობ დღევანდელი ახალგაზრდებისა და მოზარდების ნაწილზე. დღეს გმირობის მოპოვებას აღარ სჭირდება ოფლის ღვრა, წელებზე ფეხის დადგმა, ტვინის ჭყლეტვა და ფიქრი, გადი რუსთაველზე, შეაგინე პოლიციელს, დააპირე გზის გადაკეტვა, დაიჭირე ღვლარჭნილად დაწერილი პლაკატი, თუნდაც უკუღმა და მორჩა, უკვე გმირი ხარ. თუ პოლიციელებმა „კაპეზეში“ გაგაქანეს და მერე იქიდან რამდენიმე დღით ციხეში მოხვდი, გმირთა გმირი ხარ, მიჯაჭვული ამირანი, რომელმაც თავი თავადვე დაიხსენი. 
მაგალითად, ამას წინებზე ვინმე ნიკა კაცია, რომელსაც სახეზეც კი „ნაკოლკები“ ადევს, ტელევიზორში ყვება, როგორ აწამეს ციხეში. ესე იგი, ლობიოში კენჭები იყო, კინაღამ კბილი მომძვრაო. ისე, მაინც ბედი ჰქონია ამ კაცსა - კიდევ კარგი, ნინო დათაშვილივით ამასაც დაბალი „შკაფი’’ არ დაუდგეს და დღეში ცხრაჯერ წაკუზვა არ უწევდა. როგორც ჩანს, ჩვენთან ციხეებში წამების სხვადასხვანაირი მეთოდებია დანერგილი - ზოგან ლობიოა წამების იარაღი, ზოგან „შკაფი’’, ზოგან რუსული „კილკა’’. არ დაიჯერებთ, ამ ხელისუფლებამ წამების განსაკუთრებული მეთოდი საქალაქო სასამართლოშიც დანერგა - თურმე პროცესებზე მოქალაქეები მობილურებს ვეღარ შეიტანენ, მაგრამ სადაც ეს მობილურები უნდა შეინახონ, სპეციალურად დამონტაჟებულ კარადებში მარტო კლავიშებიანი „ნოკია’’ ეტევა. „ტვ პირველის’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მხოლოდ „ნოკიას’’ ზომები აიღო და კარადები ისე დაამონტაჟა. მოკლედ, მოქალაქეები ახალი ტიპის ტელეფონებს ვერ ინახავენ, ხან წაღმა დებენ, ხან უკუღმა, ხან გარდიგარდმო, მაგრამ მაინც არ ეტევა. არადა, მანდატურები ეუბნებიან, მანდ უნდა შეინახოთო. ციხეებში მაცივრებსა და ტელევიზორებს რომ არიგებენ, ეგ იცით, ხომ? თურმე ეგეც წამების ერთ-ერთი ფორმა ყოფილა.
 დიახ, აკაცუკები ამბობენ, ხელისუფლება გვიჩალიჩებს, თორემ ჩვენ თავისუფლებაზე გამოსვლისას არც ტელევიზორის გამოტანა გვინდა, არც მაცივრისა, არც „ფეჩისა’’, არც „ბლენდერისა’’, ძალით გვატანენ, რათა ჩვენი უმწიკვლო რეპუტაცია შელახონო. თუმცაო, დასძენენ ისინი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ, რადგან ჩვენ უკვე გმირები გახლავართო. 
ლაზარე გახსოვთ, ხომ? ეგეც გმირად შეარცხეს, მაგრამ ცხოვრებამ სასტიკი უარი თქვა, ვერ შეირაცხა. ასეთია ფესვდოგმირების ბედი, საპნის ბუშტებივით ქრებიან. „გმირი“, რომელსაც დრო არ მიანიჭებს გმირობას, ვერ იქნება რჩეული. მით უფრო ისეთი ადამიანი, რომელმაც ლობიოს ჭამაში კინაღამ კბილი მოიტეხა და ამის გამო ქვეყანა შეყარა.
 რამდენიმე დღის წინათ ამბობდა ვიღაცა, თუ არ ვცდები, სალომე ზურაბიშვილი იყო, ამდენს იჭერენ ყოველდღე, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრი გმირი გვყავსო, პოლიციელები ძალიან უხერხულ სიტუაციაში არიანო. რატომ არიან პოლიციელები უხრეხულ სიტუაციაში? იმიტომ, რომ გმირებს იჭერენ და არ უნდათ, რომ დაიჭირონ. როცა ისინი წმინდანებად შეირაცხებიან, მერე რა ნამუსით დაუნთონ სანთლები?
 აკაცუკებს რომ ჰკითხოთ, ამდენი გმირი საქართველოს არასდროს ჰყოლია, იბადებიან და იბადებიან ყოველდღე. აგერ, ამას წინებზე, ვინმე გორგი წიქარიშვილი, რომელსაც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმუშავია, უცებ, ერთი მოქმედებით გახდა გმირი. ამ „მოვლენას“ აკაცუკები ასე აღწერენ: „რუსთაველზე  რუსულნომრიან მანქანას გადაუდგა. იმდენად ახლოს იდგა, თითქმის მუხლებით ეხებოდა. ხელები ჯიბეებში ედო. მძღოლს თვალებში უყურებდა. მანქანა უკან არ იხევდა. არც - კაცი. იმდენად არ იხევდა, მდიდრული შავი ყუთი მალევე გაბრუნდა. კაცმა ხელები ზურგს უკან დაიწყო და კმაყოფილი შეუერთდა იქვე ჩამწკრივებულ ხალხს - მათ, ვინც ყოველ ღამე ულაწუნებს ღირსებისგან დაცლილ, მოღალატე რეჟიმს.
ეს კაცი აღმოჩნდა გიორგი წიქარიშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი. სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე დაწერა, ვალდებული ვარ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი და ეროვნული ინტერესები დავიცვაო“.
ხედავთ, როგორ მხატვრულ სტილშია დაწერილი წიქარიშვილის „გმირობა“? გავა დრო და, ალბათ, მის საქციელზე ბალადებსაც დაწერენ, ფილმებს გადაიღებენ. მან რუსი გააბრუნა უკან. უფრო სწორად, რუსულნომრიანი მანქანა, შეიძლება შიგ არც კი იჯდა რუსი, შეიძლება სულაც კამბოჯელი ჯიგიტი იყო. თუმცა მთავარი მაინც ერთია, მან რუსულნომრიანს დაახევინა უკან. ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. წიქარიშვილს 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თურმე მძიმე ყოფილა მისი ხვედრი, მაგრამ რას დაეძებს, ის ხომ უკვე ჩამოყალიბებული გმირია? 
ცხოვრება ასეთია, ხშირად კერპები და ავტორიტეტები იცვლებიან, ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა ფორმაცია იცვლება, მაგრამ არიან ისეთი გმირები, რომელთა სახელებსაც ტაბუ ადევს, ვერანაირად ვერ შეცვლი. კი ცდილობენ ვიღაც ვიგინდარები მათ დამცრობა-გაქრობას, მაგრამ ისინი თვითონ ქრებიან. მაგალითად, ბრიყვი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც უკვე არაერთ თაობას ღუპავს და ვერავინ აჩერებს, ჯერ ილიას მიადგა, ასეთ პოეტს მე არ ვიცნობო, მერე დავით აღმაშენებელს, მისი შთამომავლები დეგენერატები იყვნენო, მერე თამარ მეფეს, მერე ერეკლე მეორეს. კი მიიღო ბერძენიშვილმა ხალხის რისხვა, მაგრამ ის მაინც თავის ბლანტე ჭკუაზე დარჩა. 
 მაგალითად, ვინმე ვაჟა ექიმი, ვინმე მზია ამაღლობელი და სხვა ქარაქუცა დაპატიმრებულები არიან „ტუფტა“ გმირები, ზოგი ერთთვიანი, ზოგი - რამდენიმედღიანი და ეგეც მხოლოდ აკაცუკთა წრეში. და იცით, რატომ ხდება ასე? სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ავტორიტეტები, ჭკუასაკითხავი ადამიანები ჩარეცხეს, ცხოვრების ორომტრიალიდან გარიყეს, გააძევეს. 
ამჟამად ჩვენი საზოგადოება კალაპოტიდან არის ამოვარდნილი და ამიტომაც წამოვიდა ლექი ზედაპირზე. ვინ უნდა დალექოს ჭუჭყი ფსკერზე? გაზეთებმა, ტელევიზიებმა, წიგნებმა, ჭკვიანმა ადამიანებმა. აბა, დაუკვირდით, რა ხდება ტელევიზიებში, თითქმის ყველა არხი ჩაკეტილია საზოგადოების ფართო ფენებისთვის და მხოლოდ 4-5 კაცის სახეს ვხედავთ ყოველდღიურად. შეიძლება ისინი სულელები არ არიან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იმავეს ყურება დამღლელია, მოსაბეზრებელია. სხედან ეს ადამიანები, ლაპარაკობენ, ერთსა და იმავეს ნაყავენ. 
ამას წინებზე იყო, ერთ-ერთ ტელევიზიაში  წამყვანი არ მივიდა თავის გადაცემაში და რესპონდენტმა წაიყვანა. აეგრე, მივიდა, დაჯდა, საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვები და უპასუხა კიდევაც. თუ არ გაიხსნა სატელევიზიო ეთერები, ჩვენი საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო გამოლენჩდება და ცხვირწინ „პოლის ჯოხი“ რომ დაუყენო „გმირად“, იმასაც ტაშს დაუკრავს. 

გელა ზედელაშვილი